№40 რის გამო აპირებდა ლავრენტი ბერია თანამდებობიდან გადადგომას, რაც სტალინმა არ დააკმაყოფილა
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

მიუხედავად, ეგრეთ წოდებული, კომბინაციური აზროვნებისა, არ მგონია, ლავრენტი ბერიას განგებ დაეწერა ის განცხადება იმ იმედით, რომ დამაწინაურებენო. ან კი როგორ უნდა განესაზღვრა ასეთი რამ. უფრო ვფიქრობ, რომ ბერიამ გულწრფელად გააკეთა ეს. მას მართლაც უნდოდა უფრო მეტი განათლების მიღება, მაგრამ ბელადს ის თანამდებობაზე სჭირდებოდა და ამიტომაც არ გაუშვა. ბერია რომ ნამდვილად სწავლას იყო მოწყურებული და ცოდნის მიღებას ყველანაირად ცდილობდა, ისიც მეტყველებს, რომ მას მუდამ თან ჰქონდა რომელიმე წიგნი და თავისუფალ დროს კითხულობდა. მას უზარმაზარი ბიბლიოთეკა ჰქონდა, რომელიც 12 ათას წიგნს ითვლიდა. ბერიას შვილი, სერგო ბერია იხსენებდა: „მამა თავგამოდებული ბიბლიოფილი იყო. კითხვით იყო გატაცებული და როგორც კი თავისუფალ დროს გამონახავდა, მაშინვე წიგნს გადაშლიდა და კითხვას იწყებდა. ყოფილა შემთხვევები, რომ ფრონტის წინა ხაზზე მიმავალი მამა წიგნს ჩაჰკირკიტებდა. ძირითადად, მას ტექნიკური და სამეცნიერო ლიტერატურა უყვარდა. ჰქონდა ყველა მოწინავე მიღწევაზე გამოცემული წიგნები, თანაც სხვადასხვა ენებზე. მამა თავისუფლად კითხულობდა ინგლისურად, გერმანულად, ფრანგულად და ათვისების ფენომენალური უნარით იყო დაჯილდოებული. ნიშანდობლივი ფაქტია ის, რომ მამაჩემის ძალისხმევით, ქართულ ენაზე ითარგმნა ცნობილი მწერლების ნაწარმოებები, სამეცნიერო შრომები, წიგნები. თუ შეიძლება ითქვას, 30-იან წლებში საქართველოში თარგმანისა და წიგნის ბეჭდვის ბუმი იდგა. მამაჩემის მითითებით შეიქმნა კვალიფიციურ მთარგმნელთა ჯგუფი და საქართველო სწორედ მათი მეშვეობით გაეცნო იმ პერიოდისა და საერთოდ, მსოფლიოს შედევრებსა თუ სამეცნიერო მიღწევებს. იცოდა რა სტალინმა მამაჩემის ეს მისწრაფება, მას არაერთი წიგნი უსახსოვრა, თანაც, თავისი ავტოგრაფით. მათ შორის იყო აკრძალული წიგნებიც, რომლებსაც რამდენიმე ეგზემპლარად ბეჭდავდნენ – მხოლოდ სტალინისთვის. ერთი სიტყვით, ძალიან მდიდარი ბიბლიოთეკა გვქონდა, რომელიც მამის მკვლელობის მერე ჩამოგვართვეს...“
სტალინის მიერ ნაჩუქარი წიგნებიდან ყურადღებას იპყრობს ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტა“ და მასზე მიწერილი მიძღვნა. ბელადმა ლავრენტი ბერიას წაუწერა: „ვიცი, ამ წიგნის არსს ჩასწვდები და დარწმუნდები, რომ ხელნაწერები არ იწვის. ხრუშჩოვი და ბუდიონი ამას ვერ გაიგებენ, ისევე, როგორც სხვები. იმედი მაქვს, რომ არც ხელნაწერებს დააწვევინებ ვინმეს და არც თანამდებობიდან გადადგომის სურვილი გექნება, რათა ბოლომდე მიიყვანო მინდობილი საქმე. სტალინი“.
ზოგიერთ მკვლევარს მიაჩნია, რომ ეს მიძღვნა სტალინის ერთგვარი ანდერძი იყო, რომელიც ბერიას ასეთი ფორმით მიაწოდა და ნიშანდობლივია ისიც, რომ ბელადმა ეს ქართულ ენაზე გააკეთა. ეს წიგნი ბერიას თავის პირად სეიფში, სხვა საიდუმლო საბუთებთან ერთად ჰქონდა დაცული და მისი მკვლელობის მერე ამოიღეს. ამ ღონისძიებას კი მარშალი კონევი ხელმძღვანელობდა. ამ წარწერის შესახებ სწორედ ის მოყვა ვიწრო წრეში სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე. წარწერა კი ბერიას თანაშემწეს, ვანო მიქაიას ათარგმნინეს....
ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ბერიას თანამდებობიდან გადადგომა აღარ უცდია და ის, სავარაუდოდ, სტალინის ანდერძს ასრულებდა, რისი განხორციელებაც არ დასცალდა.“