№40 როგორ გადაიბირა სტალინმა მომავალი ამერიკელი მილიარდერი არმანდ ჰამერი
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
მიუხედავად გავრცელებული წარმოდგენისა, რომ სტალინზე თითქმის ყველაფერია ცნობილი, არსებობს უამრავი, ჯერ კიდევ გასაიდუმლოებული ისტორიები, რომლებიც ადრე თუ გვიან მაინც გახდება ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის... ისტორიის პროფესორი იულიან გარდეევი წერს: „1990 წელს, 92 წლის ასაკში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ცნობილი მილიარდერი არმანდ ჰამერი გარდაიცვალა. ეს ადამიანი განსაკუთრებით იმით იყო ცნობილი, რომ უდიდესი სიმპათია ჰქონდა საბჭოთა კავშირის მიმართ. თავად ჰამერი კი იმით ამაყობდა, რომ 1918 წელს ლენინს შეხვდა და ოქტომბრის რევოლუციის ბელადისადმი თავის აღფრთოვანებას ვერ მალავდა. ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში გამოცემულ მემუარებში არმანდ ჰამერი დიდ ადგილს უთმობდა საბჭოეთს და ამ ქვეყნის შესახებ ერთი აუგიც არ დასცდენია. ჰამერი, ასევე, არაფერს წერდა სტალინთან ურთიერთობების შესახებ. თუმცა, ძაღლის თავიც სწორედ აქაა დამარხული... როგორც ახლახან გაირკვა, მომავალი მილიარდერი არამც თუ იცნობდა სტალინს, არამედ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა საბჭოთა ბელადთან. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ჰამერი სწორედ პირადად სტალინის მიერ იყო გადაბირებული და მის პირდაპირ მითითებებს ასრულებდა. სანაცვლოდ კი უფლება ჰქონდა, შეეძინა ზოგიერთი ძვირფასი ანტიკვარული ნივთი. თუმცა, ამ კომბინაციას დიდი პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა და ეს გეგმა სტალინის მიერ იყო მოფიქრებული. საბჭოთა უშიშროების ლეგენდარული გენერალი პავლე სუდოპლატოვი იხსენებდა: „არმანდ ჰამერი ერთადერთი უცხოელი იყო, რომელსაც საბჭოთა კავშირში საკუთარი ცენტრი და ფაბრიკა ჰქონდა. ცენტრს „ჰამერ ცენტრი“ ერქვა. ფაბრიკაში კი, გრაფიტის გადამუშავების პარალელურად, ფანქრები მზადდებოდა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ჰამერი ამ ფაბრიკით კი არა, საბჭოთა კავშირში მდიდრდებოდა და ეს აბსოლუტური სიმართლე იყო. ამ ისტორიას კი ძირითადი, დაფარული მხარე ჰქონდა. საქმე კი ის იყო, რომ ამერიკელი მილიარდერი საბჭოეთზე მუშაობდა და ის პირადად სტალინმა ჯერ კიდევ 1918 წელს გადაიბირა. მაშინ ჰამერი, სულ რაღაც, 20 წლის იყო და მილიარდერობისკენ იკვლევდა გზას...“
როგორც ირკვევა, თურმე, ლენინთან შეხვედრის დროს იქ სტალინი და „ჩეკას“ უფროსი ფელიქს ძერჟინსკი იმყოფებოდნენ. ილიჩისგან (ლენინი) გამოსვლის შემდეგ (ჰამერს სტალინი და ძერჟინსკი გამოჰყვნენ) ეროვნულ საქმეთა სახალხო კომისარმა სტალინმა ჰამერი ძერჟინსკისთან ერთად, თავის კაბინეტში მიიწვია და სწორედ იქ შედგა მომავალი ამერიკელი მილიარდერის „ვერბოვკა“ (გადაბირება). ფელიქს ძერჟინსკი თავის ტაბუირებულ დღიურებში წერდა: „კობამ (სტალინის ძველი პარტიული ფსევდონიმი) ამ ამერიკელ ძუძუმწოვარას (ჰამერი მხოლოდ 20 წლის იყო) თავის ჩვეულ სტილში ესაუბრა. მისი პატივმოყვარეობის სიმებს შეეხო და შესთავაზა, რომ თუკი ახალგაზრდა საბჭოთა რესპუბლიკის ფეხზე დაყენებაში დაეხმარებოდა, მაშინ მიიღებდა ყოველივე იმას, რაზეც ამერიკელი, ბრიტანელი, ფრანგი, გერმანელი და სხვა მსხვილი საქმოსნები ვერც კი იოცნებებდნენ.
– მაინც, რას მთავაზობთ, ბატონო სტალინ? – ჰკითხა სავარძელში გადაწოლილმა ჰამერმა, რომელსაც პირში სიგარა ჰქონდა გაჩრილი.
კობამ თავისი ეშმაკური ღიმილით გადმომხედა და მივხვდი, რომ ხუთიოდე წუთიც და ამერიკელ ღლაპს თავის ქსელში გააბამდა. შემდეგ სერიოზული სახით შეხედა ჰამერს და გამართული ინგლისურით უთხრა:
– მერწმუნეთ, ბატონო არმანდ, რომ რასაც გთავაზობთ, იმაზე უარის თქმა ან დიდხანს ფიქრი თქვენთვის წამგებიანი იქნება. მე თქვენ საბჭოეთში დიდი ფულის შოვნას შემოგთავაზებთ. სამაგიეროდ კი, თქვენ ჩემს ქვეყანაში ის აუცილებელი რამ უნდა ჩამოიტანოთ, რაც ახლა ჩვენ სასიცოცხლოდ გვჭირდება.
ჰამერმა დააპირა ეკითხა, რას გულისხმობთო, მაგრამ სტალინმა ხელით ანიშნა, მომისმინეთო და დაამატა:
– თქვენ, როგორც მე ვიცი, ანტიკვარიატით, ბეწვეულითა და ძვირფასი ქვებით ხართ დაინტერესებული. ჩვენგან კი ამ ყველაფრის შესყიდვის უფლებას მიიღებთ, თანაც ძალიან შეღავათიან ფასებში. სამაგიეროდ, კი ვალდებულება უნდა იკისროთ, რომ ჩემს ქვეყანაში ჩამოიტანოთ საკვები პროდუქტები, მედიკამენტები და თანამედროვე ამერიკული ტექნოლოგიები. ვფიქრობ, ურიგო წინადადება არ უნდა იყოს. ჰამერს სახეზე შევატყვე, რომ უკიდურესად გაოცებული იყო და ამასთანავე დაბნეულიც. თუმცა, გონება უმალვე მოიკრიბა და მიუგო:
– შესანიშნავია. თანახმა ვარ!
ასე შედგა პირველი გარიგება. თუმცა, ეს მხოლოდ ფუნდამენტი იყო, რომელიც კობამ „ჩაყარა“ და მომავალში ჩვენ ძალიან გამოგვადგა...“
არმანდ ჰამერმა დაიწყო „ჩეკას“ მიერ ჩამორთმეული და სახელმწიფო საცავში შენახული ძვირფასი ნივთების ამერიკასა და ევროპაში გატანა და საკმაოდ მალე სოლიდური შემოსავალიც მიიღო. სამაგიეროდ, მის მიერ დაარსებულმა ფირმამ საბჭოეთში შემოიტანა ხორბალი, მედიკამენტები და ამერიკული ქარხნების მოწინავე ტექნოლოგიები, რასაც შეერთებული შტატები საბჭოეთს კატეგორიულად არ აწვდიდა (არანაირი ანაზღაურების სანაცვლოდ) და ეს პოლიტიკურ-ეკონომიკური ემბარგო სტალინის ამ სვლამ ნულამდე დაიყვანა. ამდენად, ჰამერი, როგორც ყველა ფულის მოტრფიალე ბიზნესმენი, ნებისმიერ შემოვლით გზას პოულობდა და საბჭოეთს იმ ყველა აუცილებელ ნივთსა თუ ტექნოლოგიას აწვდიდა, რაც შემდგომში გადამწყვეტი აღმოჩნდა საბჭოეთის აღორძინებისთვის.
პავლე სუდოპლატოვი იხსენებდა: „მას მერე, რაც სტალინმა ჰამერს დიდი ფული აშოვნინა, თავისი კომბინაციის მთავარი მომენტი განახორციელა – მას შესთავაზა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში კომუნისტური პარტია დაეფინანსებინა. ამაზე საბჭოეთზე მიბმულ ჰამერს უარი არ უთქვამს. ამერიკულ კომპარტიას ფარულად საკმაოდ მსხვილი თანხებით ამარაგებდა და თავადაც მისი აქტიური, თუმცა საიდუმლო წევრი იყო...“
კომუნისტი ამერიკელი მილიარდერი, ალბათ, ბუნებაში ასეთი რამ წარმოუდგენელია, თუმცა, არა სტალინისთვის, ვინც ეს შეძლო და ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ამერიკელ მილიარდერს საბჭოეთზე ამუშავებდა.“