კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 თმის ჩაბრუნების მიზეზები და ანთებითი პროცესები

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

კარბუნკული
  კარბუნკული თმის რამდენიმე მოსაზღვრე ფოლიკულის ერთდროული ანთებაა, რასაც კანზე ნეკროზის ფართო უბნის ჩამოყალიბება მოსდევს. ნეკროზული მასების მოცილების შემდეგ კარბუნკულის ადგილას ღრმა წყლული რჩება, რომელიც ზოგ შემთხვევაში კუნთებამდეც კი აღწევს. გამოფიტულ, დიაბეტიან და ხანდაზმულ პაციენტებთან კარბუნკული შესაძლოა, ავთვისებიანად წარიმართოს და სეფსისით ან სისხლდენით გართულდეს.
  კარბუნკულის გამომწვევი უმეტესად სტაფილოკოკია, შედარებით იშვიათად – შერეული სტაფილოკოკური და სტრეპტოკოკული ინფექცია. თმის ფოლიკულების ინფიცირებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოფლის გაძლიერებული გამოყოფა, ცხიმგამომყოფი ჯირკვლების სეკრეციის მომატება, კანის დაბინძურება სილის, ცემენტის, ნახშირის მტვრის ნაწილაკებით და სხვა. გამომწვევი ორგანიზმში შესაძლოა, მიკროტრავმიდან შეიჭრას. კარბუნკულის წარმოშობას ხელს უწყობს ორგანიზმის დასუსტება, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა შაქრიანი დიაბეტისა და სიმსუქნის დროს – ორგანიზმის გამოფიტვა და მძიმე დაავადებები. კარბუნკული, წესისამებრ, კისერზე (უკანა მხარეს), სახეზე, ბეჭებს შორის, დუნდულა კუნთებსა და წელზე ჩნდება. კიდურების კანი იშვიათად ინფიცირდება.
  მცირე ზომის კარბუნკულს ნაკლებად გამოხატული ინტოქსიკაციისა და საერთო თვითშეგრძნების მცირე დარღვევის დროს ამბულატორიულად მკურნალობენ. თვითმკურნალობა ამ დროს დაუშვებელია. თუ მკურნალობა კარბუნკულის მომწიფების სტადიაში დაიწყო, ის კონსერვატიული გზით ხორციელდება და შესაძლოა, ანთებადი ინფილტრატის გაწოვით დამთავრდეს. პაციენტს უნიშნავენ ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებს, პარალელურად, ინიექციითაც შეჰყავთ კარბუნკულის ირგვლივ. ტკივილის მოსახსნელად იყენებენ ანალგეტიკებს. კარბუნკულის ზედაპირს ამუშავებენ 70-პროცენტიანი სპირტით და ადებენ ასეპტიკურ ნახვევს. კარბუნკულის ნეკროზულ სტადიაში გადასვლისას მიმართავენ ქირურგიულ მკურნალობას.
თმის ჩაბრუნება
  კუდუსუნის მიდამოში განვითარებულ ჩირქოვან პროცესს ბევრი „თმის ჩაბრუნებას“ უწოდებს, მიუხედავად იმისა, რომ უმეტესად თმა არაფერ შუაშია. კუდუსუნის კისტა თანდაყოლილი პათოლოგიაა: ემბრიონული განვითარების პროცესში კუდუსუნის ნაკეცის არეში, კანქვეშ, რჩება ეპითელიუმით ამოფენილი არხი, რომელშიც შემდგომ შესაძლოა, ჩაიზარდოს ბეწვი, დაგროვდეს ცხიმოვანი ან საოფლე ჯირკვლების სეკრეტი, უფრო მეტიც – ქირურგებს ამ ადგილიდან ანომალიურად მდებარე კბილიც კი ამოუღიათ. ეს პათოლოგია არცთუ იშვიათია. მის არსებობას უმრავლესობა მანამდე ვერ ამჩნევს, სანამ ამ მიდამოს ტრავმას არ მიიღებს. გარდა ტრავმისა, პრობლემის მიზეზად შესაძლოა, ჰიგიენის დაუცველობა ან ჭარბთმიანობაც იქცეს. ჩამოთვლილი ფაქტორები იწვევს კუდუსუნის კისტის ანთებას, რომელსაც ჩირქოვანი პროცესი და კისტის აბსცესის ჩამოყალიბება მოსდევს. აბსცესი ზოგჯერ თავისთავად იხსნება. მართალია, ამ დროს ტკივილი იკლებს, მაგრამ ეს განკურნებას არ ნიშნავს. ზოგჯერ ქირურგები მხოლოდ ამოკვეთენ ჩირქგროვას, რაც ჩირქის თავისუფლად გამოდენას უწყობს ხელს და ძალზე იშვიათად სრული გამოჯანმრთელებითაც მთავრდება. საზოგადოდ კი „თმის ჩაბრუნების“ მკურნალობის რადიკალური მეთოდი ქირურგიული ოპერაციაა, რომლის დროსაც დაზიანებულ ნაწილს მთლიანად ამოკვეთენ.

скачать dle 11.3