№40 როდის და რატომ დგება ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში კრიზისული პერიოდი
ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე
მეცნიერები და ფსიქოლოგები დიდი ხანია, ცდილობენ, შეისწავლონ გრძნობა, რომელსაც სიყვარულს ვეძახით. სხვათა შორის, შეყვარებული ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე მოვლენებიც კი გამოიკვლიეს. თუმცა, საბოლოოდ, მკვლევართა დიდი ნაწილი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ შეუძლებელია, დაზუსტებული პასუხი გასცე, ერთი შეხედვით, ძალიან პრიმიტიულ შეკითხვებს: რა არის სიყვარული? რა უნდა გააკეთონ წყვილებმა, რომ ეს გრძნობა სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნონ... და საერთოდ, არის კი ეს შესაძლებელი? რა უნდა ვიცოდეთ წყვილის ურთიერთობის შენარჩუნებაზე, თუნდაც, განშორებაზე.
მარიკა (37 წლის): სულ მაინტერესებდა, რა ახსნა აქვს სიყვარულს. რა გვემართება დაქორწინების შემდეგ და უცებ რატომ ვხდებით სრულიად განსხვავებულები. შეყვარებული რომ ვიყავი, საკუთარ თავს არ ვეკუთვნოდი ცაში დავფრინავდი, მის დანახვაზე ჟრუანტელი მივლიდა. დღეს გვერდით ისევ ის კაცი მყავს, მაგრამ მსგავსი არაფერი. არადა, ძალიან მინდა, ზოგჯერ მაინც განვიცდიდე იმავეს, ამოუცნობ მიზიდულობას ჩვენ ორ შორის. ვეკითხები საკუთარ თავს, რა დაგვემართა-მეთქი, მაგრამ პასუხს ვერ ვპოულობ.
– მეცნიერები ამბობენ, რომ სიყვარული ოთხი წელი გრძელდება. რას ფიქრობთ ამაზე?
– არ ვეთანხმები. სიყვარული არ შეიძლება გაგრძელდეს ოთხი წელი. როცა ნამდვილად გიყვარს, გიყვარს სიცოცხლის ბოლომდე, ის, რაც სამიდან ხუთ წლამდე გრძელდება, ვფიქრობ, არის ვნება და გარკვეული დროის შემდეგ შეიძლება, გაქრეს. გონებით თუ არ გიყვარს, ეს აუცილებლად მოხდება. გონებით სიყვარული ნიშნავს, პარტნიორის ისეთად მიღებას, როგორიც ის სინამდვილეშია, ანუ იცი მისი ყველა ნაკლი, ღირსება და სწორედ ასეთი გინდა, „გადაკეთების“ გარეშე. ვერ დავიტრაბახებ, რომ ეს ყველაფერი თავიდანვე ვიცოდი. როცა კრიზისს მივუახლოვდი და ურთიერთობაში რაღაცების შეცვლის აუცილებლობა დავინახე, მერე გავაანალიზე და მივხვდი. ცუდია, რომ შეყვარებული ამდენს ვერ ხედავ. არც ფიქრობ და ვერ წარმოგიდგენია, რომ ხვალ, შეიძლება ყველაფერი სხვანაირად იყოს და კრიზისი დადგეს.
– როგორ გგონიათ, როდის და რატომ დგება ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში კრიზისული პერიოდი?
– ფსიქოლოგები ამბობენ, რომ როგორც ბავშვი იზრდება და ვითარდება, ისე ვითარდება ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა, ანუ უნდა განვითარდეს მუდმივად და ციკლურად. მე ვფიქრობ, რომ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში კრიზისული პერიოდები შეიძლება, ნებისმიერ ეტაპზე დადგეს. წლებსაც არა აქვს მნიშვნელობა. როცა რაღაც განახლებას ითხოვს. ყველა წყვილი თავისით, ინდივიდუალურად უნდა მიხვდეს ამას. ხშირად უნდა გადახედოთ ურთიერთობას და სიახლეები შეიტანოს.
– ანუ, იმას გულისხმობთ, რომ როდესაც ცოლ-ქმარი ერთმანეთისგან იღლება ან ვნება ნელდება, რა შეიძლება იყოს საუკეთესო გამოსავალი?
– ერთ-ერთმა პარტნიორმა მაინც უნდა იზრუნოს ურთიერთობაში სიახლეების შეტანაზე. როცა ოჯახს ქმნი, ბევრი რამე ჩარჩოებში ექცევა. მაგალითად, ჩვენ, ქალები, ხშირ შემთხვევაში, დიასახლისის როლს ვირგებთ, ეს კი კაცისთვის მოსაწყენია. თუმცა, ცხელ საჭმელზე, დაუთოებულ პერანგებზე უარს ვერ ათქმევინებ. ყველაფერი ერთად უნდათ. შენც ვალდებული ხარ, მის სურვილზე აეწყო. როცა ქალს აქვს უამრავი სხვა შესაძლებლობა და მისწრაფება, ასეთ დათმობაზე წასვლა უჭირს. მაგრამ სიყვარულიც ესაა.
– კრიზისია, როცა ქალისა და მამაკაცის ცხოვრებაში საცდუნებელი მომენტები ჩნდება...
– დიახ. მაშინ გამოჩნდება ხოლმე, რამდენად წრფელი და მტკიცე იყო სიყვარული. ზოგი უძლებს, ზოგი ვერ უძლებს. ქალი და მამაკაცი ერთმანეთისგან განსხვავდებიან. როგორც გინდათ, ისე გაიგეთ, მაგრამ ურთიერთობის აწყობის ტვირთი მაინც ქალმა უნდა აიღოს საკუთარ თავზე. უბრალოდ, უნდა გაიგო, რომ ეს ისევ შენი ბედნიერებისთვისაა. ქალია ოჯახის გული. ძველმოდურად ნუ ჩამთვლით, მაგრამ მჯერა, რომ კაცის ღალატი პრაგმატულია, ხოლო ქალის ღალატში გრძნობებია ჩართული, მარტივად რომ ვთქვათ, სიყვარულზეა დამყარებული. ოჯახისთვის კი დამანგრეველია, თუ დაქორწინებულ ადამიანს სხვა შეუყვარდება.
– გენდერის დამცველები ამას არ დაეთანხმებიან. მეც მიმაჩნია, რომ ღალატი ღალატია.
– ალბათ. მაგრამ თუ ამ აზრზე ჯიუტად ვიდგებით, ოჯახი ხელიდან გამოგვეცლება. ანუ, ორი არც ისე კარგი ვარიანტიდან უკეთესი უნდა ამოარჩიოთ. მაგალითად, არსებობენ კაცები, რომლებისთვისაც ფლირტი ბუნებრივი მდგომარეობაა. ასეთ ადამიანს ვერ მოსთხოვ, იყოს ზედმეტად სერიოზული. არც სკანდალის მოწყობა ღირს ამის გამო. ფლირტი ღალატი არაა, მაგრამ თუ პარტნიორს ძალიან „მიაწვები“, შეიძლება, მართლა გიღალატოს. ცოლი ყურადღებით უნდა იყოს – კაცის მიერ დაწყებული ფლირტი უკვე რაღაცის დეფიციტის, მოთხოვნილების გამოვლინებაა. შეიძლება, უნდა ერთმანეთს ისევ აწონებდეთ თავს. ისევ შეყვარებულებივით იყოთ. უნდა აჰყვე მას ამ თამაშში. მერე უკვე სინანული – ვის კარგავ – გვიანია.
– მინდა, გკითხოთ, ცოლქმრობა აქცევს თუ არა ადამიანებს ერთმანეთის საკუთრებად?
– ცოცხალი ადამიანი როგორ შეიძლება, ვინმეს საკუთრება იყოს. თუ სხვისი საკუთრება იქნები, განვითარებას შეწყვეტ. მაგრამ ამაზე არ ვფიქრობთ. სულ ვცდილობთ, მეუღლე, პარტნიორი ისე იქცეოდეს, როგორც ჩვენ გვინდა. მთავარი გვავიწყდება – ურთიერთშეთანხმების მნიშვნელობა. სხვათა შორის, ჩხუბი და კამათი კი არ არის კრიზისის ნიშანი, არამედ როცა ცოლ-ქმარს შორის რეალურად საერთო აღარაფერია. ეს საშინელებაა. თუმცა, ზოგჯერ საკმარისია, ცოტა ხნით დაისვენოთ ერთმანეთისგან, რომ გრძნობა კვლავ გაჩნდეს. უნდა მიხვდეთ, როდის გჭირდებათ რაღაც მასტიმულირებელი, რაც გამოაფხიზლებს და გაგიძლიერებთ გრძნობებს.