კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 როგორ დაკარგა თურქეთმა თავისი ისტორიული ფუნქცია, რის გამოც დამეგობრდა რუსეთთან და ირანთან და რატომ ცდილობს რუსეთი, გამოთიშოს საქართველო გლობალური თამაშიდან

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  ანკარაში უკვე მერამდენედ შეხვდნენ ერთმანეთს თურქეთის, რუსეთისა და ირანის პრეზიდენტები, კვლავ სირიაზე ისაუბრეს და ერთობლივი დოკუმენტიც მიიღეს, რომლის პათოსიც შემდეგნაირია: მხარი დაუჭირონ სირიის ტერიტორიულ მთლიანობას, არ დაუშვან სეპარატიზმის ზეობა, გაეროს პრინციპების თანახმად და ხელი შეუწყონ მშვიდობის დამყარებას ახლო აღმოსავლეთში. თუ  გავითვალისწინებთ, რომ რუსეთმა თავადაც აღიარა ჩვენი ორი სეპარატისტული რეგიონი, აღიარების პოლიტიკის სხვა ქვეყნებზე გავრცელებასაც ცდილობს და თვით სირიასაც კი ააღიარებინა, მეტად უცნაურია სირიის ტერიტორიული მთლიანობისთვის ღვწა. ასევე, გასაგებია, რა იზიდავთ თურქეთსა და ირანს რუსეთის ხელისუფალში, ოღონდ ისიც საგულისხმოა, რომ ეს ერთობა როგორც ამ ორთა, ისე, ზოგადად, სამთა სიტუაციურია. მამუკა გიორგაძესთან ერთად ვიმსჯელებთ ამ თემაზე და საქართველოს როლსა და პერსპექტივაზე ამ სამეულის ურთიერთობის ფონზე.
– ჩვენ ადამიანებად არ გვთვლიან, თუ რას მივაწეროთ რუსული ორმაგი სტანდარტის ასეთი აშკარა ცინიზმი?
– საერთოდ, პოლიტიკურ ცხოვრებაში, ძირითადად, არსებობს ინტერესი, რაც არის ამა თუ იმ ქვეყნის ისტორიულმასშტაბიანი ამოცანების შესაბამისი და, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, დაწერილი წესები არ არსებობს, მაგრამ ყველა, ფაქტობრივად, შეთანხმებულია, რომ პირველხარისხოვანია ამა თუ იმ ქვეყნის ინტერესი და ჩვენც უნდა მივეჩვიოთ, რომ დემოკრატია სჭირდება ქვეყანას შიდა განვითარებისთვის, ხოლო გარე ურთიერთობებში არსებობს ინტერესი. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ გამოვედით ჩარჩოდან: ვუყვარვარ-არ ვუყვარვარ, მეგობარია-მტერია, მაშინ, როდესაც მთელ მსოფლიოში არსებობს ინტერესი და ამის მიხედვით მოქმედებენ ქვეყნები.
– ეს მესმის და ისიც, რომ არც არავის სიყვარულია ეფექტიანი და არც სიძულვილი, მაგრამ, როდესაც სირია, რომელმაც აღიარა აფხაზეთი და ცხინვალი, მოელის, რომ უნდა დაიცვან მისი ტერიტორიული მთლიანობა, ცოტა არაადეკვატური მგონია, ჩვენ, მაგალითად, არ გვიღიარებია კოსოვო.
– ამას გარდა, მთელ მსოფლიოში არის დაწერილი და დაუწერელი კანონები, რომლებიც არეგულირებს ქვეყნებს შორის ურთიერთობას და ცდილობს, ერთიან სტანდარტებს მოარგოს. ცივილიზებული სამყარო მაქსიმალურად ცდილობს ამ დაწერილი თუ დაუწერელი კანონების დაცვას. ყოველ შემთხვევაში, ცდილობს, რომ ამა თუ იმ გადაწყვეტილების უკან იდგეს სერიოზული პოლიტიკური, სამართლებრივი არგუმენტები. რა თქმა უნდა, ზოგ საკითხზე თვალს ხუჭავენ, მაგრამ, ძირითადად, ამ პრინციპებზე თანხმდებიან, თუმცა არსებობს ქვეყნები, რომლებიც არ ითვალისწინებენ ამ ცივილიზებული სამყაროს ნორმებსა და სტანდატრებს. მათთვის არ არსებობს არანაირი შემზღუდავი ფაქტორი საკუთარი ინტერესების განხორციელებისას და, შესაბამისად, ცივილიზებული სამყაროს გადახვევებს იყენებენ იმისთვის, რომ გაამართლონ საკუთარი ანტიადამიანური ანტისამართლებრივი ქმედებები. ერთ-ერთი ასეთი არის რუსული სახელმწიფო, რომელიც ყოველთვის ასეთი იყო და, თუ მიეცემა საშუალება, რომ ცივილიზებული მსოფლიოსთვის მიღებული ურთიერთობები გადაქელოს საკუთარი ინტერესების დასაცავად, ამას აკეთებს და ამ საქმეში დღესაც მოწინავეა. სწორედ ამიტომაცაა რუსეთი საშიში ყველასთვის და ამიტომაც არის მთელი მსოფლიო, თუნდაც, მისი პარტნიორები მისგან დისტანცირებული, ამიტომაცაა, რომ მის სიტყვას არავინ ენდობა და ყველა ქვეყანა რუსეთს იყენებს საკუთარი ინტერესებისთვის.
– გასაგებია თურქეთისა და ირანის რუსეთთან სიტუაციური კავშირის ინტერესი, მაგრამ, თუ მათ პრობლემები მოუგვარა დასავლეთმა, რუსეთი ხომ საჭირო აღარ იქნება?
– სწორედ ესაა საქმე. ირანი და თურქეთი მთელი თავიანთი ისტორიის განმავლობაში თავიანთი ინტერესების, თავიანთი ისტორიულმასშტაბიანი ამოცანების შესაბამისად მოქმედებენ, დღევანდელი რუსეთი კი არის სახელმწიფო, რომელიც მოქმედებს თავისი პოლიტიკური ხელმძღვანელების პირადი და არა რუსეთის სახელმწიფოს ინტერესებით. განვიხილოთ, რა სახელმწიფოებრივი ინტერესი აქვს ირანს, იმისდა მიუხედავად, ვინ არის ირანის ხელისუფლებაში? რომ იმ რეგიონში, სადაც ის თავს დომინანტად მიიჩნევს, მისი პოლიტიკა გატარდეს, უპირველესად, რელიგიურ სფეროში, ირანი შიიტური სახელმწიფოა და მიიჩნევს, რომ შიიზმი მთავარია ისლამურ სამყაროში, ხოლო ირანი შიიზმის მედროშეა. ამიტომ რა ხელისუფლებაც უნდა მოვიდეს ირანში, ის თავის ისტორიულმასშტაბიან ამოცანად თვლის, გაავრცელოს ირანული ცივილიზაციის გავლენა მთელ მსოფლიოში და ეს ასე ათასწლეულებია და ირანი, როგორც ისტორიული მოთამაშე რეგიონში, ამ ამოცანით აფასებდა ურთიერთობას სხვა სახელმწიფოებთან. ირანის პოზიცია გასაგებია – მისთვის საფრთხეა სუნიტური საუდის არაბეთი და სხვა სუნიტური ქვეყნები, ამიტომ დღეს ის ებრძვის არაბული სამყაროს სუნიტურ ნაწილს, რომელიც ირანის კონკურენტია რეგიონში და სწორედ ამ ინტერესების გამო იყენებს რუსეთს.
– თურქეთს აქვს წინააღმდეგობა ირანთანაც, შიიზმი და სუნიზმი ერთად როგორ მოძოვენ, აღარც კი ვიცი.
– თურქეთის ინტერესიც გასაგებია: ისიც თავის ისტორიულმასშტაბიან ამოცანას ასრულებს. თურქეთი საუკუნეების განმავლობაში მუშაობს იმაზე, რომ მოაგვაროს ქურთისტანის პრობლემა, მუშაობს იმაზე, რომ, როგორც სუნიტურმა სახელმწიფომ, გავლენა მოახდინოს რეგიონზე და არის კონკურენტი იმავე ირანისაც. მაგრამ, ამავე დროს, თურქეთს აქვს პრეტენზიები საუდის არაბეთთან იმის გამო, რომ საუდის არაბეთი მისი მთავარი კონკურენტია სუნიზმის მიმართულებით. ამიტომ თურქული სახელმწიფო ყოველთვის მზად იყო და არის, რომ არაბული სამყაროს, ამ შემთხვევაში საუდიტების წინააღმდეგ დროებით დაზავდეს ირანთან. თურქეთსა და ირანს დღეს არ აქვთ მეგობრული ურთიერთობა, მაგრამ სჭირდებათ ერთმანეთი თავიანთი ინტერესებისთვის არაბული სუნიტური სამყაროს წინააღმდეგ. ასე რომ, ეს ლოგიკური ინტერესია, მაგრამ რატომ ერევა ამ საკითხებში რუსეთი, რომელსაც არანაირი სახელმწიფოებრივი დოქტრინა და პროგრამა არ გააჩნია ამ რეგიონში? იმიტომ რომ რუსეთისთვის მთავარია ორი რამ: პირველი – მთელ მსოფლიოს აჩვენოს, რომ პუტინი მაგარია და, მეორე – დაიცვას ამ რეგიონში რუსეთის მმართველი რეჟიმის ფინანსური ინტერესები ნავთობისა და გაზის სფეროში. ამიტომ, მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა, ირანი და თურქეთი თავიანთ ისტორიულ ამოცანებს ასრულებენ და იყენებენ ამისთვის რუსეთს, რუსეთი კი თანახმაა, გამოიყენონ იმ ორი მიზეზის გამო, რაც ზემოთ ვთქვი.
– მაგრამ თურქეთი, ასევე, არის დასავლეთის მოკავშირეც, ყოველ შემთხვევაში, ფორმალურად მაინც.
– აქ კიდევ იყოფა საკითხი. თუკი ირანი დასავლეთს განიხილავს თავის კონცეპტუალურ მოწინააღმდეგედ, თურქეთმა იცის, რომ ამერიკაზე უფრო მეტს ვერაფერს შესთავაზებს რუსეთი. შესაბამისად, თურქეთი თამაშობს დასავლეთის ფრონტზე, რომ აი, ვეფლირტავები რუსეთს, იმიტომ რომ რიგ საკითხებში გვაქვს გაურკვევლობა, ამიტომ ნუ მომთხოვთ პასუხს, მაგრამ კონცეპტუალურად ვარ „ნატოს“ წევრი.
– რაღა ფლირტაობა, შეიარაღებას იძენს რუსეთისგან, ეს უკვე ძლიერ სიყვარულს ჰგავს.
– გასაგებია, მაგრამ იმ შეიარაღებას იმ რეგიონში ათავსებს, სადაც ამერიკული ავიაციის ინტერესები არ არის, ანუ ეუბნება, არ არის ეს შენთვის საშიში და მაცალე რუსეთთან ფლირტი. არის მეორე მომენტიც: თურქეთმა დაკარგა თავისი ისტორიული ფუნქცია, მანამდე ის იყო „ნატოს“ მთავარი ფორპოსტი სამხრეთით და მთავარი ძალა „ნატო“-რუსეთის ურთიერთობაში. შესაბამისად, დასავლეთმა გარკვეულწილად დაკარგა მისადმი ინტერესი. აი, ამათ შორისაა გაჭედილი თურქეთი, ამიტომ ერდოღანი ეძებს ოქროს შუალედს, რომ თურქეთის სახელმწიფოებრივი ინტერესები, როგორც მას ესმის, დაიცვას. მაგრამ ყველაფერი აირია მას შემდეგ, რაც შავმა ზღვამ დაკარგა თურქეთ-რუსეთის დახურული სივრცის ფუნქცია, როდესაც რუმინეთში უკვე განთავსდა სამხედრო ბაზები, როდესაც „ნატოს“ ჯარები უკვე თურქეთის გარეშე მოძრაობს შავ ზღვაზე.
– და თუ ჩვენ მივამატებთ ღრმაწყლოვან პორტსაც ჩვენს ტერიტორიულ წყლებს, თურქეთის საჭიროება „ნატოსთვის“ კიდევ უფრო შემცირდება.
– ძალიან ბევრი პრობლემა შეექმნება და, თუკი აქამდე თურქეთსა და რუსეთს შეეძლოთ მოლაპარაკება შავ ზღვაზე, ახლა უკვე „ნატოს“ ჯარების თურქეთის გარეშე შემოსვლით შავ ზღვაზე, იძულებულს ხდის რუსეთს, დაიცვას საერთაშორისო ქცევის მაღალი სტანდარტი და შეიძლება, ითქვას, რომ შავი ზღვა უკვე აღარ არის იმ დატვირთვის, რაც თავის დროზე იყო და რაც რუსეთს დარტყმის ქვეშ აყენებს. უფრო მეტიც, რუსეთს არც ეკონომიკური ჭიდაობის ძალა შესწევს დასავლეთთან, რაც აისახება შეიარაღებაზეც და ვხედავთ, რომ შავ ზღვაზე დღეს დომინანტი უფრო ამერიკული, „ნატოს“ ფლოტია, ვიდრე რუსეთის ფლოტი.
– და ზრდის საქართველოს ფასს დასავლეთისთვის, რუსეთისთვისაც, თუმცა რუსეთს უჭირავს პოზა, რომ არ აინტერესებს საქართველო, რაც აბსურდია, მაგრამ ასე გვარწმუნებს.
– დიახ, ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ საქართველოს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და რუსეთს ძალიანაც აინტერესებს, რა ხდება საქართველოში და ამ სამეულის თამაშსა და რუსეთში განვითარებულ მოვლენებში მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს შეუძლია შეასრულოს თავისი მნიშვნელოვანი როლი. მხოლოდ საქართველოა, თავისი შინაგანი ბუნებით, დღევანდელი რეალობით, ქვეყანა, რომელსაც შეუძლია, ცივილიზებულ სამყაროს გაუწიოს პარტნიორობა რეგიონში, სულაც, შეცვალოს რეგიონის რუკა და გახდეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე, რაც განაპირობებს მისი მოსახლეობის კეთილდღეობას და არა მხოლოდ უსაფრთხოებას. ამიტომ რუსეთი ცდილობს, საქართველო გამოთიშოს ამ თამაშიდან, რომ ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ ვერ მოახერხოს პოლიტიკური აზრის კონსოლიდაცია და ვერ ჩამოაყალიბოს ერთიანი ეროვნული ამოცანა.

скачать dle 11.3