კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 ნანა ფაჩუაშვილი: ჩემი დევიზია – მატარებელს უნდა მიასწრო, თუკი დაიძრა, უნდა შეახტე

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

სახელი: ნანა.
გვარი: ფაჩუაშვილი.
პროფესია: მსახიობი.
– მოგონება ბავშვობიდან...
– ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ბავშვობაში სრულიად  საწინააღმდეგო  საქციელები მქონდა – უფრო ბიჭური. სულ ველოსიპედს ვატარებდი. მახსოვს, ერთხელ სამშენებლო ლიანდაგზე მინდოდა ველოსიპედით გავლა, მაგრამ გადმოვვარდი და კირიან, თეთრ გუბეში ჩავვარდი. მთლიანად დავსველდი. მკაცრი დედა მყავდა და მისი მეშინოდა. იქვე ახლოს მუშებს ცეცხლი ჰქონდათ დანთებული და მათთან მივედი გასაშრობად, რომ დედას ასეთ მდგომარეობაში არ დავენახე. ღამით ტემპერატურამაც ამიწია. დედამ, რა თქმა უნდა, გაიგო ეს ამბავი, მაგრამ არაფერი უთქვამს. როცა ბავშვობაზე ვსაუბრობ, ყოველთვის ეს ეპიზოდი მახსენდება. ისე, ბავშვობა ბუნდოვნად მახსოვს. ჩვენს დროს პიონერთა ბანაკები იყო და ერთხელ მითხრეს, თუ ჭკვიანად არ მოიქცევი იქ გაგიშვებთო. იმდენად მქონდა ამის შიში, რომ  ბევრ ისეთ რამეს ვაკეთებდი, რისი გაკეთებაც არ მინდოდა.
– პროფესია განაპირობა...
– ძალიან ცუდად ვსწავლობდი. ჰუმანიტარულს – ნორმალურად, მაგრამ მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია არ მიყვარდა. საბოლოოდ გადაწყდა, რომ ბიოლოგიურზე უნდა ჩამებარებინა და ვემზადებოდი გამოცდებისთვის. მოსამზადებელ გაკვეთილზე ყოველი წასვლა ჩემთვის ტრაგედია იყო. ერთ მშვენიერ დღეს ბატონი სიკო დოლიძე, ჩვენი ოჯახის მეგობარი, შემოვიდა ჩემთან ოთახში. დაინახა, რომ ვტიროდი და მიზეზი მკითხა, მეც ვუპასუხე, რომ არ მინდოდა მასწავლებელთან წასვლა. ჩემს მშობლებს მიუბრუნდა და უთხრა: მომეცით ეს ბავშვიო. მაშინ, ბატონი სიკო თეატრალურ ინსტიტუტში კინოფაკულტეტს ხსნიდა და ზუსტად 8 დღეში უღიმღამოდ ჩავაბარე თეატრალურში. ამით ჩემი ჩუმი ოცნებაც ამიხდა.
– ადამიანში ვაფასებ...
–  გულწრფელობას და ერთგულებას. ორივე სხვადასხვა ცნებაა, შეიძლება, ერთგული იყო, მაგრამ გულწრფელი – არა ან პირიქით. ჩემთვის მნიშვნელოვანია, თუ ადამიანს ეს ორივე თვისება აქვს.
– მეშინია...
– ცუდი მოულოდნელობების. ცოტა „პანიკიორი“ ვარ. შეიძლება, იმ წუთას კონკრეტული რამე სულაც არ იყოს საშიში, მაგრამ ვინაიდან ეს თვისება მაქვს, პანიკაში ვვარდები ხოლმე. ნებისმიერ რამეზე შიში მეუფლება. ჩემი ცხოვრება ცუდი მოულოდნელობებით იყო სავსე და სწორედ ამ ყველაფერმა ჩამომიყალიბა პანიკა.  მშიშარა ადამიანი ვარ.
– მაღიზიანებს...
– გადაჭარბებული თვითშეფასება და თავდაჯერებულობა. არ მიყვარს ნარცისობა – ცუდი ჩვევაა.
– ბედისწერის გჯერათ?
– არსებობს ბედი და მისი მჯერა. ადამიანს შეუძლია, მართოს თავისი ბედი. ბედისწერა რაღაც შემთხვევითობასთან არის კავშირში. ბედი და წერა ერთად ცოტა გაუგებარი მცნებაა. წერა რატომ არის? იმიტომ, რომ მოულოდნელობასთან აქვს კავშირი. ბედი შეგიძლია, აკონტროლო, მაგრამ მასთან შეწინააღმდეგება შესაძლოა, ნაყოფიერი არ გამოდგეს. ერთხელ ასტროლოგიური რუკა შემიდგინეს და ვიკითხე, რაზე იყო დამოკიდებული გამართლება, მაგალითად, როცა ვიღაც ლატარიაში იგებს. ასტროლოგმა მიპასუხა, ამას ვარსკვლავები მართავენო. თუ, მართლა ვარსკვლავები გვმართავენ, მაშინ ჩვენ ძალიან უსუსურები გამოვდივართ.  არ ვიცი, ეს რამდენად სწორია, მაგრამ რაღაც ძალა რომ არსებობს, ამის მჯერა.
– სიყვარული – ეს არის...
– ის, რაც არ არის სიძულვილი. ის, რაც შენთვის ფასეულია, რის გარეშეც რთულია ცხოვრება, ვისზეც გამუდმებით ფიქრობ, ზრუნავ – ეს არის სიყვარული. გიყვარდეს – ეს რთული არაა, მისი პოვნაა რთული. სიყვარულზე კარგი არაფერი მოუფიქრებია ღმერთს. ეს გრძნობა მხოლოდ ადამიანებს კი არა, ცხოველებსაც კი აქვთ. ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ზოგიერთ ცხოველს უფრო მეტი ადამიანური თვისება ახასიათებს.
– სიყვარულს წესები აქვს?
– არა, მას არანაირი წესი არ გააჩნია. შეყვარებული ადამიანი მოქმედებს საკუთარი სურვილისამებრ. ზოგადად, გვინდა, რაღაც ჩარჩოში მოვაქციოთ, მაგრამ რეალურად ასე არ ხდება.
– საყვარელი ადამიანის გარეშე ცხოვრება შესაძლებელია?
– კი. თუმცა, ძალიან რთულია. სიცოცხლე იმდენად მნიშვნელოვანია, რომ შესაძლებელია. შვილის სიცოცხლეზე საუბარი ძალიან რთულია. სხვა მხრივ, ნამდვილად შესაძლებელია. ადამიანს მარტო სიკვდილი არ კლავს.
– სიყვარული და დრო...
– გააჩნია სიყვარულის წონას – რამდენად ძლიერად გიყვარს. როცა უკვე  ავადდები და იფიტები, ბევრი რამის უნარს კარგავ, მათ შორის სიყვარულისაც.
– ოჯახის შექმნა აუცილებელია?
– გააჩნია, შენი იდეაფიქსი რა არის. ძალიან რთულია, იპოვო ის ადამიანი, ვინც შენთვის იქნება მეორე ნახევარი. იმ ადამიანის პოვნაა რთული, რომელსაც ეძებ და თუ ვერ იპოვი, მაშინ სულაც არაა აუცილებელი ოჯახი შექმნა, მით უფრო ოცდამეერთე საუკუნეში. ზოგჯერ პოულობენ ადამიანს, ჰგონიათ, რომ მათი ცხოვრების მეგზურია, მაგრამ ასე არ აღმოჩნდება. თუ ოჯახი შეიქმნება, შვილის გამო მაქსიმალურად უნდა ეცადო, შეინარჩუნო. მაგრამ თუ ერთად ყოფნა შეუძლებელია, მაშინ უნდა დაირღვეს კავშირი. ეს ძალიან ინდივიდუალური საკითხია და კატეგორიული ვერ ვიქნები.
– ყველაფრის პატიება შეიძლება?
– ბევრი რამის პატიება შეიძლება, მათ შორის ღალატის და მეც მიპატიებია. არასაპატიებელია: ქურდობა, მკვლელობა. ზოგჯერ იტყვიან, რომ კაცის მკვლელსაც აქვს გამართლება. მე ასე არ მიმაჩნია – შენ არ გაქვს უფლება, ვინმეს სიცოცხლე მოუსწრაფო.
– თქვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა?
– როცა ადამიანს შეხვდები და ის სამუდამოდ რჩება შენს ცხოვრებაში, ასეთ შეხვედრას დავარქმევ მნიშვნელოვანს და ღირებულს. ასეთი იყო ჩემს პირველ მეუღლესთან შეხვედრა. საოცრად საინტერესო პიროვნება იყო თავისი არსით, უზომოდ ვუყვარდი და ამას გამართლებას დავარქმევ. ეს ადამიანი გახლდათ თამაზ აფხაიძე. ორი თვის ფეხმძიმე ვიყავი, როცა ტრაგიკულად დაიღუპა და დავუტოვეთ მემკვიდრე – თამაზ აფხაიძე. ვფიქრობ, რომ მისი ბედისწერა ვიყავი. ცხოვრებაში მქონდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა – ჩემს მეორე მეუღლესთან, ტრისტან ყველაიძესთან. რომელთან ერთადაც ცხოვრების მნიშვნელოვანი პერიოდი გავატარე და მისი ნაადრევი წასვლით დიდი ტკივილი დამიტოვა. რაც გახსოვს, სწორედ ისაა შენთვის მნიშვნელოვანი.
– შეგშურებიათ?
– კი, როგორ არა. მთავარია, ამ შურმა არ გაგაბოროტოს. შური ისეთი რამეა, ზოგჯერ სტიმულსაც გაძლევს, ჩემს პროფესიაში – მით უმეტეს. მთავარია, ეს შური გულში არ ჩაიდო. ალბათ, ამას კეთილი შური ჰქვია.
– სამაგიერო გადაგიხდიათ?
– კი, გადამიხდია, ოღონდ დიდი ხნის შემდეგ. ჩემი სამაგიეროს გადახდა გამოიხატება სიტყვიერ დაუნდობლობაში, გამონათქვამში და არა რაიმე საქციელში. თუ ადამიანი ძალიან ცუდ რამეს გამიკეთებს, ის მრჩება, მელექება. ყოფილა შემთხვევა, როცა მსგავსმა ცუდმა საქციელმა მავნო.
– როდის ტირით?
– სულ ვტირი, გულჩვილი ვარ. შეიძლება ითქვას, მოტირალი ადამიანიც ვარ. ცუდი ცხოვრება მქონდა, ბევრი ტრაგედია შემხვდა, ბევრი რამ გადავიტანე, ამიტომ მიდრეკილი ვარ სიმძიმეებისკენ. მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ მძიმე ადამიანი და ვერთობი კიდეც, შინაგანად დათრგუნული ვარ.
– რისი გრცხვენიათ?
– როცა რაღაც მნიშვნელოვანი უნდა ვიცოდე და არ ვიცი.
– ბოდიშის მოხდა გიჭირთ?
– არა. ადრე მიჭირდა და ახლა – აღარ. წლების მატებასთან ერთად, იცვლება ადამიანის ბუნება, ხასიათი, შეხედულება. შესაბამისად, ჩემშიც შეიცვალა ბევრი რამ.
– ჭორაობთ?
– კი, მიყვარს ჭორაობა.
– რითი ამაყობთ?
– ჩემი პროფესიით, ოჯახით და იმით, რომ ვარ დიდი ბებია.
– იტყუებით?
– როცა საჭიროა, მაშინ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მატყუარა ვარ. მატყუარა არ უნდა იყო. არ მიყვარს მატყუარა ადამიანები. ხანდახან ტყუილი საჭიროა – კეთილი ტყუილი სასურველია. მქონია შემთხვევა, როცა ადამიანს ჩემთვის უთქვამს ჯანმრთელობის პრობლემის შესახებ და იმისთვის, რომ გამემხნევებინა მეც დამიმშვიდებია, რომ იგივე მქონდა გამოვლილი. ამიტომ ვამბობ, ზოგჯერ ტყუილი გამართლებულია.
– კმაყოფილი ხართ?
– არის შედარებითობა. ხშირად ვეუბნები ჩემს მეგობრებს, ავიღოთ დღევანდელი ყოფა და წარმოიდგინეთ, ჩვენ რომ  ვიყოთ სომალიდან, იმ ნავებში მსხდომი მიგრანტები, რომლებმაც არ იციან, რომელიმე სანაპირობზე ცოცხლები მივლენ თუ არა-მეთქი.
– რას ეძებთ?
– სიმშვიდეს, მაგრამ ვერ ვიპოვე. სიმშვიდე კავშირშია ბედნიერებასთან და სიყვარულთან. ბედნიერება კიდევ საკუთარი მიდგომაა ცხოვრებისადმი. ბედნიერება არ მოდის, მოდის ცოდნა მისი შეგრძნებისა. რაც უფრო ძლიერად გიყვარს და რაც უფრო მეტს გასცემ ამ სიყვარულს, მით უფრო მეტია ჩვენი ცხოვრების აზრი. ჩემი აზრით, ადამიანი მარტოსულია. ნებისმიერი ადამიანი საკუთარი თავის იმედად უნდა იყოს. მაშინ ბევრად გაუადვილდება ყოფა.
– რას ნანობთ?
– ბევრ რამეს, მაგრამ ამას საჯაროდ ვერ ვიტყვი. ეს ჩემი საიდუმლოებაა.
– საუკეთესო კომპლიმენტი, რაც მიგიღიათ?
– როცა უთქვამთ, რომ საინტერესო პიროვნება ვარ.  
– რა არის ახალგაზრდობა?
– ახალგაზრდობა არ არის ის მდგომარეობა, რომელიც უნდა შეინარჩუნო. ის უნდა გადალახო.
– რჩევა, რომელიც სულ გახსოვთ?
– პატიება. მედიკო ჩახავამ მასწავლა, რომ ადამიანის პატიება უნდა შევძლო და ეს ბევრ რამეში დამეხმარა. ჩემი დევიზია: მატარებელს უნდა მიასწრო. თუკი დაიძრა, უნდა შეახტე.

скачать dle 11.3