№39 მგლები 6
ნინო კანდელაკი გოჩა მანველიძე
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #38(977)
***
ხარკოვში არაერთმნიშვნელოვნად აღიქვეს ლუკას გადაწყვეტილება, ბევრმა არც კი დაიჯერა, რომ ეს სიმართლე იყო. პირველ რიგში ეს ეხებოდა ადგილობრივ კანონიერ ქურდებს. ისინი კარგად იცნობდნენ ლუკას და ბევრ მათგანს, უბრალოდ, ვერც წარმოედგინა, რომ ის საკუთრი სურვილით უარს იტყოდა წოდებაზე. მოგვიანებით საქმეში „სიომა“ და ოდესელი ქურდები ჩაერთნენ, რომლებიც ბოლო თავყრილობას ესწრებოდნენ. მათ დაადასტურეს, რომ ლუკამ მართლაც თქვა უარი „ქურდის“ წოდებაზე. თუმცა არაფერი იცოდნენ მისი გადაწყვეტილების მიზეზის შესახებ. ამ საკითხის გასარკვევად „სიომამ“ ყველა დაინტერესებული ქურდი ოდესაში მიიწვია. თავყრილობა ოდესის გარეუბანში მდებარე „სიომას“ მეგობრის აგარაკზე შედგა. დღის მიწურულს აგარაკზე ოცამდე ქურდმა მოიყარა თავი. იქ იყვნენ ხარკოველი, ოდესელი და როსტოველი ქურდები. ცალკე ჯგუფად ჩამოვიდნენ კიევის წარმომადგენლები. მათ უსიამოვნო შემთხვევის შესახებ აცნობეს თავყრილობას – კიეველი ქურდი, ზურაბ კოპაძე ოდესაში გამომგზავრების წინა დღეს მოეკლათ.
– როგორ დაიღუპა ზურა, – მოკლედ იკითხა „ვოლინამ“.
– სახლის წინ მანქანაში ჩაჯდომისას ქილერებმა დაცხრილეს, – უპასუხა კიეველმა ქურდმა, დიმიტრი კარპოვმა.
– გაარკვიეთ ვინ შეუკვეთა მისი მკვლელობა? – განაგრძო „სიომამ“.
– გავარკვევთ... ჩვენი ხალხი უკვე მუშაობს ამ საკითხზე... დანარჩენი დროის ამბავია... – თქვა დიმიტრიმ.
– ყველაფერი გაირკვევა. კოპაძის მკვლელი დაუსჯელი არ დარჩება. შემკვეთსაც მოვძებნით და შემსრულებლებსაც. მაგრამ ჩვენ აქ სხვა საქმეზე ვართ ჩამოსულები! – ცივად ჩაურთო მეორე კიეველმა ქურდმა, „ბესმა“.
„ბესის“ ცივი ტონი მოულოდნელი არ იყო „ვოლინასთვის“. მას განსაკუთრებით ცუდი ურთიერთობა ჰქონდა ლუკასთან. „ბესი“ წარმოშობით ხარკოველი იყო და მას თავის ქალაქად თვლიდა. მიუხედავად ამისა, მან ვერაფერი მოუხერხა სალტოვკელთა დაჯგუფებას. ისინი არაფრად აგდებდნენ ქურდულ ტრადიციებს და ანგარიშს მხოლოდ ძალას უწევდნენ. მათთან დაპირისპირებას კი „ბესი“ ვერ ბედავდა. ამას ქურდების წრეში მხოლოდ ერთი გარემოებით ხსნიდა – სალტოვკელებთან დაპირისპირება სისხლისღვრის გარეშე ვერ ჩაივლიდა. ეს კი სამართალდამცველების ამოქმედებასა და საერთო „პალაჟენიის“ გაფუჭებას გამოიწვევდა. მოგვიანებით ხარკოვში ლუკამ დაიდო ბინა. ცოტა ხნის შემდეგ კი მასსა და სალტოვკელებს შორის დაპირისპირება დაიწყო. ამ დაპირისპირებას სალტოვკელების რამდენიმე ლიდერი შეეწირა. დაჯგუფებამ უკან დაიხია და ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი რაიონი მთლიანად ლუკასა და მისი ხალხის განკარგულებაში აღმოჩნდა. რადგანაც იმ პერიოდში ლუკა ქურდი არ იყო, „ბესი“ დაუფიქრებლად წაეტანა სალტოვკას, მაგრამ ლუკასგან რაიონის დათმობაზე ცივი უარი მიიღო და დავის გადაწყვეტა ქურდების წრეში შესთავაზა. იმ თავყრილობას „სიომაც“ ესწრებოდა. ეს მისი და ლუკას პირველი შეხვედრა იყო.
ლუკამ მოკლედ და გასაგებად აუხსნა ქურდებს უარის მიზეზი. „ბესს“ წლების განმავლობაში არაფერი მოუმოქმედებია მოძალადე „ბესპრიდელშიკების“ შესაჩერებლად. ის სალტოვკელებისგან „ობშიაკში“ შესატან ფულსაც ვერ იღებდა და ახლა სხვის მიერ გაშლილი სუფრის თავში მოკალათება სურდა. ეს თავად ქურდებსაც ესმოდათ, მაგრამ ვიღაც გადამთიელის გამო, რომელიც ამასთან ერთად, მათი წრის წარმომადგენელიც არ იყო, „ბესთან“ დაპირისპირება არავის უნდოდა. მეორე მხრივ, კი ხვდებოდნენ, რომ „ბეროს“ აღზრდილი ქართველიც არ იქნებოდა იოლი საკბილო. საბოლოოდ ყველაფრის გადაწყვეტა თავად მოდავეებს მიანდეს. „ბესმა“, როგორც ადგილობრივმა კანონიერმა ქურდმა, „სალტოვკაზე“ კონტროლი მოითხოვა. ლუკამ ისევ უარით უპასუხა.
– „ობშჩიაკს“ რა პასუხს გასცემ?! – ხმას აუწია „ბესმა“.
– შენ წლების განმავლობაში კაპიკიც არ მიგიღია სალტოვკელებისგან. მაგრამ ამას ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს. „ობშჩიაკი“ ნებისმიერ შემთხვევაში შეივსება, მაგრამ ამას სხვა კაცი მოაგვარებს, – უპასუხა ლუკამ.
– ვინ?! – დაიძაბა „ბესი“.
– „დადა“... გსმენია მის შესახებ?
„ბესი“ პირადად არ იცნობდა „დადას“, მაგრამ თავყრილობაზე მყოფმა ქურდებმა დაადასტურეს, რომ ის ნამდვილად ქურდი იყო.
– მაგრამ ის რომ „სროკზეა“, – ჩაურთო „სიომამ“.
– გამოვიდა და ორ დღეში აქ იქნება, – გახედა ლუკამ.
– შენ რა „ავტონომიურ რესპუბლიკას“ ქმნი?! – ცივად წამოისროლა „ბესმა“, – ქალაქში ორ „ობშჩიაკს“ არ დავუშვებ!
– ეგ შენ და „დადამ“ გადაწყვიტეთ. მე მას ჩავაბარებ „ობშჩიაკის“ წილს, შემდეგ ის თავად მისცემს მიმართულებას.
– საქმოსნებიდან მიღებული წილების საკითხი ჩემთან უნდა შეათანხმო! – მკაცრად მოითხოვა „ბესმა“.
– არა, – თავი გაიქნია ლუკამ, – ვის როგორ შევუთანხმდი და მომავალში შევუთანხმდები, ჩემი პირადი საქმეა. თუ შენი რჩევა დამჭირდება, მე თვითონ მოგაკითხავ.
– შენ ახალი კაცი ხარ ქალაქში და ყველაფერში ვერ ერკვევი. არასწორი წილი ან „პალაჟენიას“ გააფუჭებს, ან კიდევ „ობშჩიაკს“ მოაკლებს თანხას!
– სალტოვკელების „ბრიგადამ“ ისე შეაწუხა ბიზნესმენები, რომ კისრისტეხით მორბოდნენ ჩემთან. მე მათ ყველა საკითხების მშვიდობიანად მოგვარების პირობა მივეცი და დავპირდი, რომ მომავალში ვერავინ შეაწუხებთ. ვინც ჩემს ნათქვამს არ გაიზიარებს, მოკლედ და გასაგებად „გავუიასნებ“ ყველაფერს! – მზერა გაუსწორა ლუკამ.
– მოიცა... მოიცა... შენ რა, იმის თქმა გინდა, რომ „საძმოს“ „სალტოვკაზე“ გამოჩენას უკრძალავ?! – აღელდა „ბესი“.
– არა... „სალტოვკაზე“ გამოჩენას ვერავის ავუკრძალავ. ამის არც სურვილი მაქვს და არც უფლება. იჩალიჩეთ, შეაბით, დააგოიმეთ, მოიპარეთ... ეს საქმე მოსულა. მაგრამ ძალადობას, ბიზნესმენების დატერორებას, დაშინებასა და მით უმეტეს, სისხლისღვრას არ დავუშვებ. სიტყვას სიტყვას დავახვედრებ, ძალას კი – ძალას! მე მგონი, გასაგებად ვთქვი ყველაფერი! – დაასრულა ლუკამ და „ბესს“ თვალი თვალში გაუყარა.
იმ თავყრილობის შემდეგ „ბესმა“ კიდევ რამდენჯერმე სცადა ლუკას „გვერდზე ჩაჩოჩება“. მაგრამ უშედეგოდ. „დადას“ ჩამოსვლამ კი მის მცდელობებს საბოლოოდ დაუსვა წერტილი. „ბესი“ მალე მიხვდა, რომ წყვილთან, რომელიც სწრაფად იკრებდა ძალას, ვერაფერს გააწყობდა. ის საერთოდ გაერიდა ხარკოვს. კიევში გადაბარგდა და „ბუცას“ „სასტავს: მიეკედლა. მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა. „დადა“ დაიღუპა. მისი სიკვდილის შემდეგ ლუკა „მგელოს“ სახით მოევლინა „საძმოს“. ახლა კი მან თავად თქვა უარი ქურდის წოდებაზე და „ბესს“ იმედი გაუჩნდა, რომ ახლა მაინც შეძლებდა ხარკოვული „სასტავების“ თავისი გავლენის ქვეშ მოქცევას.
– აქ ყველამ ვიცით, რა საქმეზეც მოვიყარეთ თავი, მაგრამ ლუკას გარეშე ბაზარს რა აზრი აქვს, – განაგრძო „სიომამ“, – მან თავად უნდა თქვას სათქმელი. მის გარეშე ვერაფერს გადავწყვეტთ.
„ბესმა“ აუჩქარებლად მოავლო მზერა ოთახში მყოფთ. შემდეგ „სიომას“ მიუბრუნდა, თეატრალურად გაშალა ხელები და ირონიით თქვა:
– თვალთ ხომ არ დამაკლდა. იქნებ ის აქ არის და მე ვერ ვამჩნევ?!
– არ გირჩევ ასეთ ბაზარს. წოდება ადამიანს ხასიათს არ უცვლის! – მშვიდად მიუგო „სიომამ“.
– მაგით რისი თქმა გინდა?! – შუბლი შეიკრა „ბესმა“.
– იმის, რომ მხედველობის პრობლემა არ გაქვს. შენ თავად ნახავ, როდესაც მოვა. სათქმელსაც ეტყვი და პასუხსაც მიიღებ!..
„ბესი“ რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ ვერ მოასწრო. სწორედ ამ დროს კარი გაიღო და სასტუმრო ოთახში ლუკამ შემოაბიჯა. მას უკან ჯაბა, ვოვა და ხარკოველი კანონიერი ქურდი, რომან ვეტროვი მოსდევდნენ.
ლუკამ სწრაფი მზერა მოავლო ოთახში მყოფთ. შემდეგ იკითხა:
– ყველა აქ ვართ?
– ჰო... მხოლოდ შენ გელოდებოდით, – თავი დაუქნია „სიომამ.“
– მაშინ დავსხდეთ, თქვა ლუკამ და მაგიდას მიუჯდა.
ქურდებმა აუჩქარებლად დაიკავეს ადგილები. იგივე მოიმოქმედეს ჯაბამ და ვოვამ. ისინი ლუკას გვერდით მიუსხდნენ მაგიდას.
– მოიცადეთ!.. ამათ რა უნდათ აქ?! – „ბესმა“ ჯაბასა და ვოვაზე მიანიშნა ქურდებს, – ჩვენი ბაზარი არიფების მოსასმენი არ არის! გარეთ დაელოდონ ჩვენს გადაწყვეტილებას!
ქურდებმა ლუკას გახედეს. ყველა მის რეაქციას ელოდა. მაგრამ მათთვის მოულოდნელად „ბესს“ ვოვამ გასცა პასუხი:
– შენ არ იცვლები. ძველებურად ენა გონებაზე წინ გაგირბის! ჯერ ვითარება გაარკვიე და შემდეგ გადაწყვიტე, ვინ უნდა დარჩეს აქ და ვინ გარეთ დაელოდოს ჩვენს გადაწყვეტილებას!
– რაა?! – წამოჭარხლდა „ბესი“, – რამსები ხომ არ აგერია „ჩუმა“?! შეგახსენო, რომ „სხადნიაკზე“ ხარ და ქურდი გელაპარაკება?!
– „ჩუმა“ „სახელითაა“... ქურდია. ასე გადაწყვიტა ხარკოვის საძმომ! – ჩაურთო რომან ვეტროვმა.
– ჩვენ არაფერი ვიცით ამის შესახებ! – უკმაყოფილოდ ახმაურდნენ ქურდები, – რატომ არ გაგვაგებინეთ?!
– „სხადნიაკი“ გუშინ შედგა, – განაგრძო ვეტროვმა, – „ჩუმას“ ყველა კარგად ვიცნობთ. სათქმელი ითქვა. „ჩუმა“ ქურდია!.. ზონებში „ქსივები“ დაიგზავნა. საძმო საქმის კურსშია. რადგანაც აქ ჩამოსვლას ვაპირებდით, ზედმეტი „დვიჟენიე“ აღარ დავიწყეთ. ახლა გაგებინებთ ბაზარის შესახებ. თუ ვინმეს პრეტენზია გაქვთ, თქვით!
ქურდებმა დუმილით უპასუხეს. ვოვას ყველა კარგად იცნობდა და მის მიმართ არავის გააჩნდა რაიმე პრეტენზია.
– ეს ყველაფერი არ არის... – საუბარში ლუკა ჩაერთო, – ამიერიდან ხარკოვის „ობშჩიაკიც“ ვოვას აბარია!
– ესე იგი ჩვენს გარეშე, ასე ვთქვათ შინაურულად მოაგვარეთ ეგ საკითხი?! – ირონიით ჰკითხა „ბესმა“.
– ვის გულისხმობ, როდესაც ამბობ, „ჩვენს გარეშე“? – გახედა ლუკამ.
– ქურდებს!
– შენ უკვე გითხრეს, რომ ყველაფერი „სხადნიაკმა“ გადაწყვიტა – ცივად უპასუხა ლუკამ, – აქ ისიც ითქვა, რომ, ნებისმიერს შეუძლია პრეტენზიის წამოყენება. რახან დაიწყე, ბოლომდე მიიყვანე სათქმელი. თქვი, რა არ მოგწონს?
– ხარკოვი ჩვენი საერთო საქმისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და...
– და შემოსავლიან ქალაქს წარმოადგენს!.. – დამცინავად ჩაურთო ლუკამ.
– რას ხედავ ამაში სახუმაროს?! – მოიღრუბლა „ბესი“.
– სახუმაროს რომ არ ვხედავ, იმიტომაც ჩაბარდა ღირსეულს!.. რა შეიცვლებოდა, „სხადნიაკი“ შენი მონაწილებით რომ გამართულიყო?
– აქ ყველამ იცის, რომ ხარკოვში შენ მიგყავდა „პარადი“. რაა საბაზრო?! შენ თქვი და დანარჩენებმაც თავი დაგიქნიეს.! – ვეტროვს გახედა „ბესმა“, – ბაზარი მოგვარებულია! სახელით თუ მის გარეშე, ხარკოვის „ობშჩიაკი“ ისევ შენს ხელში რჩება!
– „ბეს“!.. სახელით თუ მის გარეშე, მე ისევ იმ კაცად ვრჩები, ვინც აქამდე ვიყავი! ნუ ცდილობ ჩემს ძველ რელსებზე გადაყვანას, თორემ სხვა ვითარებაში მოგვიწევს ბაზარი!
– მაინც რა ვითარებაში?!
– პირველ რიგში „ჩუმასთვის“ მოგიწევს იმის ახსნა, თუ როგორ მოხვდება, ჩემი ანუ არიფის ხელში „ობშჩიაკი“, რომელიც ხარკოვის საძმომ მას ანდო!.. შემდეგ მე ამიხსნი, თუ რატომ არ შეიძლება ჩემი „ობშჩიაკის“ საქმეში ჩახედება!.. იმ „ობშჩიაკისა“, რომლის შესაქმნელად და გასაზრდელად ჩვენ ტონობით ოფლი და სისხლი დავღვარეთ!.. ხვდები საით მიდის ბაზარი?! – თქვა ლუკამ და „ბესს“ თვალი – თვალში გაუყარა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში