№39 როგორ უნდა შეაჩეროთ თმის ნაადრევი გაჭაღარავება და დამალოთ ის შეღებვის გარეშე
ნინო კანდელაკი ანი რევია
თმის ნაადრევ გაჭაღარავებაზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს. თუმცა, გენეტიკაზე მეტად, მისი მიზეზი შესაძლოა, იყოს სისტემატური ემოციური მღელვარება, უძილობა, არარეგულარული კვება, რაც უჯრედული ცვლილებების პროვოცირებას იწვევს. ამ დროს თმა არა მარტო ფერს, არამედ სტრუქტურასაც იცვლის, რაც ნაადრევი ჭაღარის მიზეზი ხდება.
ასე რომ, თუ გაჭაღარავება ადრეული ასაკიდან დაიწყო, ეს შეიძლება იყოს როგორც გენეტიკური განწყობის, ასევე გარემოს მავნე ფაქტორებისა ან რომელიმე დაავადების ბრალი. მაგალითად, ნაადრევი გაჭაღარავება შესაძლოა, გამოიწვიოს ანემიის ან ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევამ. თუ ნაადრევი გაჭაღარავების მიზეზი გარეგანი ფაქტორი ან ნივთიერებათა ცვლის დარღვევით მიმდინარე დაავადებაა, მაშინ შეგიძლიათ, მისი ბუნებრივი ფერის აღდგენა სცადოთ ან შეაჩეროთ მაინც თმის გათეთრება. ამისთვის, საჭიროა სრულფასოვანი და ბალანსირებული კვება და მავნე ფაქტორებისგან თავის დაცვა, პერიოდულად, წელიწადში 2-3-ჯერ, 1-2 თვის განმავლობაში A, B, E, C ვიტამინებისა და ფოლიუმის მჟავის მიღება. შეიძლება ადგილობრივი მოქმედების საშუალებების გამოყენებაც.
ჭაღარა უმეტესად, თმის ძირებში ჩნდება. თუ არ გსურთ მისი შეღებვა ან რაიმე მიზეზის გამო ვერ ახერხებთ, ამ დროს მის დასაფარად ეფექტურია, უბრალოდ, თმის სხვა მხარეს გაყოფა. მაქსიმალურად ეცადეთ, თქვენი თმა აფუებული იყოს და არა – დატკეპნილი. კარგი იქნება, თუ თმას დაიხვევთ, ასე ჭაღარა უფრო ძნელად შესამჩნევი გახდება. გამოიყენეთ შესაღები სპრეი. მართალია, სპრეი იმდენი ხნით არ ფარავს ჭაღარას, რამდენითაც ჩვეულებრივი თმის საღებავები, მაგრამ როცა მთელი თმის შეღებვის დრო არ გაქვთ, ძალიან ეფექტური და გამოსადეგი ხერხია. ასევე, ჭაღარაზე გადაისვით თმასთან მიახლოებული ფერის თვალის ჩრდილი და ფუნჯით გადაინაწილეთ.
არსებობს ხალხური მეთოდი, რომელიც ჭაღარა თმას ამუქებს. ამისთვის, 2 ცალი კარტოფილი გათალეთ, ნაფცქვენები ჩაყარეთ მდუღარე წყალში. ადუღეთ, სანამ წყალი ფერს არ შეიცვლის და მუქი ყავისფერი არ გახდება. ნახარში გააცივეთ და თმაზე ფუნჯის მეშვეობით წაისვით.
გაჭაღარავების პროცესის შეასაჩერებლად და თმის ღერის გასამუქებლად აიღეთ 1 ცალი მოზრდილი ხახვი, დააბლენდერეთ ისე, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ და შეიზილეთ თმაში ყოველდღიურად, მანამ, სანამ თმა არ გამუქდება. ან აიღეთ ერთი კოვზი თაფლი, ერთი კოვზი აბუსალათინის ზეთი, ერთი კოვზი კონიაკი, ერთი კვერცხის გული. ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ და შეიზილეთ თმის ძირებში. შეიფუთეთ ჯერ ცელოფნით, შემდეგ დაიფარეთ შხაპის ქუდი. გაიჩერეთ 2-3 საათი. შემდეგ, ჩამოიბანეთ შამპუნით. გაიკეთეთ კვირაში 2-ჯერ. 3-4 პროცედურის შემდეგ, ჭაღარა გამუქებას დაიწყებს.
გაჭაღარავების თავიდან ასაცილებლად, ყურადღება უნდა მიაქციოთ თქვენი ცხოვრების წესს: შეეშვით მავნე ჩვევებს, როგორიცაა მოწევა. ჭამეთ ცხოველური პროდუქტები, რადგან ისინი დიდი რაოდენობით შეიცავს B12 ვიტამინს. სწორედ ამ ვიტამინის ნაკლებობა იწვევს გაჭაღარავებას. ასევე, ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და პატარა დეტალებზე არ ინერვიულოთ.