№39 დრამის მონაწილეები
აგათა კრისტი
სერ ჰენრიმ, სკოტლანდ-იარდის ყოფილმა კომისარმა, ფეხი ფეხზე გადაიდო და დაიწყო:
– ამის შესახებ გაზეთებშიც იწერებოდა. საქმე ვერ გაიხსნა... ვახშმობდნენ სამნი. დაკონსერვებული ხამანწკები მიირთვეს და მალე სამივე ცუდად გახდა. ორი გამოძვრა, მესამეს გადარჩენა კი ვერ მოხერხდა. შემთხვევა, ერთი შეხედვით, ტრივიალურია – სიკვდილი ჩვეულებრივი საკვებით მოწამვლამ გამოიწვია. ასე ჩაწერეს გარდაცვალების მოწმობაშიც. მაგრამ ისტორია ამით არ დასრულებულა. ჭორები გავრცელდა.
ახლა დრამის მონაწილეებს გაგაცნობთ: ცოლ-ქმარი მისტერ და მისის ჯონსები და ცოლის კომპანიონი მის კლარკი. მისტერ ჯონსი – ფარმაცევტული ფირმის კომივიაჟორი, საინტერესო კაცი, 50 წლის. მისი ცოლი – 45 წლის წყნარი ქალი. მისი მეგობარი მის კლარკი კი – სიცოცხლის მოყვარული მსუქანა, 60 წლის.
საქმე მოულოდნელად გართულდა. წინა ღამით მისტერ ჯონსს ბირმინგემში დარჩენა მოუხდა. სასტუმროს ნომრებში კი პრეს-პაპიებზე იმ დღეს შეცვალეს საშრობი ქაღალდები. მისი გამგზავრების შემდეგ მოახლემ, რომელიც ოთახს ალაგებდა, უსაქმურობისგან სარკის დახმარებით საშრობზე გადასული სიტყვების ამოკითხვა დაიწყო. აღმოჩნდა, რომ მისტერ ჯონსი წერილს წერდა. როდესაც მისის ჯონსის გარდაცვალების შესახებ გაზეთებში განცხადება გამოჩნდა, მოახლემ პრესას უამბო იმის შესახებ, რაც წაიკითხა. „მთლიანად ცოლზე ვარ დამოკიდებული... მისი სიკვდილის შემდეგ მე... ვიქნები... ასობით და ათასობით...“ ჟურნალისტების წარმოსახვა მაშინვე ამუშავდა. მათ გადაწყვიტეს, რომ მისტერ ჯონსმა ცოლის მოშორება და ასობით ათასი ფუნტის დაპატრონება გადაწყვიტა. ეს ეჭვები ნაცნობებმა თავისებურად განავრცეს, დაუმატეს მითქმა-მოთქმა მისტერ ჯონსისა და ექიმის ოცდაცამეტი წლის ქალიშვილის ურთიერთობის შესახებ და სკანდალიც მომწიფდა.
პოლიციის სახელზე პეტიცია შემოვიდა და მათაც თანხმობა განაცხადეს მისის ჯონსის გვამის ექსჰუმაციაზე. განმეორებითმა ექსპერტიზამ მართლაც დაადგინა, რომ სიკვდილის მიზეზი დარიშხანით მოწამვლა გახდა. ახლა სკოტლანდ-იარდს აინტერესებდა როგორ მოხვდა დარიშხანი ქალის ორგანიზმში.
ბუნებრივია, მთავარი ეჭვმიტანილი ქმარი იყო, რომელიც მდედრობითი სქესის მიმართ გულგრილობით ნამდვილად არ გამოირჩეოდა. მართალია, ცოლის სიკვდილს მისთვის ასობით ათასი ფუნტი არ მოუტანია, მაგრამ რვა ათასი კი დარჩა. გაირკვა ისიც, რომ მას ექიმის ქალიშვილთან ურთიერთობა მართლაც ჰქონია, მაგრამ ისინი მისის ჯონსის გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე დაშორებულან. ექიმის განცხადებით, როდესაც ის ჯონსებთან გამოიძახეს, მუცელი სამივეს სტკიოდა, მაგრამ მისის ჯონსის მდგომარეობა ყველაზე მძიმე იყო და მან მაშინვე გააგზავნა სახლში ოპიუმის მოსატანად. რომ მისთვის ტკივილი როგორმე გაეყუჩებინა. ვახშამზე, ხამანწკების გარდა, სალათა, კრემიანი ნამცხვარი, პური და ყველი მოიტანეს. ექიმმა მოახლეც გამოჰკითხა, მაგრამ იგი მხოლოდ ტიროდა და იმეორებდა, რომ კონსერვები გარეგნულად სავსებით ნორმალურად გამოიყურებოდა.
თუ ჯონსმა ცოლს შხამი ჩაუყარა, საეჭვოა, ეს ვახშმის დროს გაეკეთებინა, რადგან სამივემ ერთი და იგივე ჭამა. და კიდევ, იგი ბირმინგემიდან მაშინ დაბრუნდა, როდესაც მაგიდა უკვე გაწყობილი იყო. შესაბამისად, ჯონსი ვერ შეძლებდა საჭმელში შხამის წინასწარ ჩაყრას.
– კომპანიონი? – იკითხა ბარმენმა, რომელიც ამ საუბარს ისმენდა, – ის სიცოცხლისმოყვარული ქალი?
– დიახ, ის ჩვენც არ დაგვიწყებია, – თქვა სერ ჰენრიმ, – მაგრამ მას არანაირი მოტივი არ ჰქონდა. მისის ჯონსმა ერთი ცენტიც კი არ უანდერძა. უფრო მეტიც, მისი გარდაცვალების შემდეგ მისის კლარკს ყველაფრის თავიდან დაწყება და ახალი სამსახურის ძებნა მოუწია. მალე ჩემმა ერთ-ერთმა თანაშემწემ ერთი საინტერესო ფაქტი აღმოაჩინა. ვახშმის შემდეგ, მისტერ ჯონსი სამზარეულოში შევიდა და განაცხადა, რომ მისი ცოლი თავს ცუდად გრძნობდა და ბრინჯის ნახარში მოითხოვა, რომელიც თავადვე წაუღო მას საძინებელში. მოკლედ, სახეზეა მოტივიც და შესაძლებლობაც. იგი ფარმაცევტულ კომპანიაში მუშაობდა და შხამზეც მიუწვდებოდა ხელი!
რეიმონდ ჰეტსმა სერ ჰენრის გახედა:
– მაშინვე რატომ არ დააპატიმრეთ?
– ერთი უსიამოვნო ფაქტი მოხდა, – გაიღიმა სერ ჰენრიმ, – უკვე ვაპირებდით მისტერ ჯონსის დაჭერას, რომ მის კლარკმა დაკითხვის დროს განაცხადა, რომ ნახარში არა მისის ჯონსმა, არამედ მან დალია.
გაირკვა, რომ იგი ჩვეულებისამებრ, საღამოს მისის ჯონსის საძინებელში შევიდა.
– რაღაც თავს ვერ ვგრძნობ კარგად, – თქვა მისის ჯონსმა, – ამ სოკოს ჭამა არ ღირდა. ალბერტს ნახარშის მოტანა ვთხოვე, მაგრამ აღარ მინდა.
– სულ ტყუილად, – უპასუხა მისის კლარკმა, – შესანიშნავი ნახარშია. გლედისი დიდებული მზარეულია. სიამოვნებით დავლევ. მისის კლარკმა მაშინვე დალია მთელი ნახარში და ჩვენი ვერსიაც იმის შესახებ, რომ მისის ჯონსი ქმარმა მოწამლა, ნამსხვრევებად აქცია. ამასთან ერთად ჯონსმა მოახერხა აეხსნა საშრობ ქაღალდზე აღბეჭდილი სიტყვების მნიშვნელობა. თქვა, რომ წერილს ძმას სწერდა ავსტრალიაში, რომელმაც ფულის სესხება სთხოვა. მან კი შეახსენა, რომ მთლიანად ცოლზე იყო დამოკიდებული და მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ თუ დაეხმარებოდა. ამან გამოძიების ვერსია მთლიანად გააქარწყლა. თუმცა, ერთი წლის შემდეგ, სკოტლანდ-იარდმა ამ თავსატეხის ამოხსნა, თუმცა შემთხვევით, მაგრამ მაინც შეძლო. მოვყვე?
– მოდი, ჯერ ჩვენ ვცადოთ მისი ამოხსნა, – თქვა ჯოისმა, – დამნაშავე კომპანიონია. რატომ უნდა ვიყოთ დარწმუნებულები, რომ მოტივი არ ჰქონდა? მსუქანი, ბებერი, ულამაზო... ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მას არ შეეძლო ჯონსი ჰყვარებოდა. წარმოიდგინეთ, როგორია იყო კომპანიონი – მუდამ უნდა ეცადო პატრონს ასიამოვნო, ზედმეტი არ უნდა წამოგცდეს, წყენა ხმისამოუღებლად უნდა გადაყლაპო. ბოლოს ვეღარ გაუძლო და უფროსი მოკლა. ალბათ, დარიშხანი ნახარშში ჩაყარა და მერე განაცხადა, რომ თავად დალია. რას იტყვით, მისტერ პეტერიკ?
– რთული სათქმელია, – წარმოთქვა ადვოკატმა, – მე მაინც ქმარი მგონია დამნაშავე. რაც შეეხება მისის კლარკს, როგორც ჩანს, რაღაც მიზეზით მას ხელს აფარებს. შეიძლება, მათ მოილაპარაკეს კიდეც და ამაში ფულიც კი გადაუხადეს.
– ვერცერთს ვერ დაგეთანხმებით, – წარმოთქვა რეიმონდმა, – თქვენ ექიმის ქალიშვილი დაგავიწყდათ! ჩემი ვერსია ასეთია: თავი ცუდად სამივემ იგრძნო. ექიმს დაუძახეს. მან, როგორც გახსოვთ, ბიჭი ოპიუმის მოსატანად სახლში გაგზავნა. და ვინ მისცა მას ოპიუმი? მისმა ქალიშვილმა. რომელსაც ჯონსი უყვარს და ხვდება, რომ შეუძლია, ჯონსი თავისუფალი კაცი გახადოს, ამიტომ დარიშხანის აბებს ატანს.
– სერ ჰენრი, ჩვენი ვერსიები უკვე ვთქვით. ახლა სინამდვილე გვითხარით.
– ერთი წუთით, – თქვა სერ ჰენრიმ, – ჩვენ ჯერ მის მარპლისთვის არ მოგვისმენია. მის მარპლმა თავი გადააქნია.
– რა სევდიანი ისტორიაა, – თქვა მან, – მე მაშინვე მისტერ ჰარდგრევი გამახსენდა. მისი ცოლიც ვერაფერს ხვდებოდა, ვიდრე ქმარი არ მოკვდა. სიმართლე მხოლოდ მაშინ გაირკვა, როცა კაცმა მთელი ქონება ვიღაც ქალს დაუტოვა, ვისთანაც ხუთი შვილი ჰყავდა. ოდესღაც ეს ქალი მათთან მოახლედ მსახურობდა. შემდეგ კი მისტერ ჰარდგრევმა მას მეზობელ სოფელში სახლი უქირავა...
– საყვარელო დეიდა, რა შუაშია აქ მისტერ ჰარდგრევი? – გააწყვეტინა რეიმონდმა.
– მომეჩვენა, რომ გარემოებები ერთმანეთს ემთხვევა... განა არა? – მორიდებულად იკითხა მის მარპლმა, – ვვარაუდობ, რომ გოგონამ ყველაფერი აღიარა.
– რომელმა გოგომ? – გაოცდა რეიმონდი.
– მზარეულმა, რა თქმა უნდა. იმედი მაქვს ჯონსს ჩამოახრჩობენ, რომ საცოდავი გოგო მკვლელად აქცია, უბრალოდ, ვშიშობ, რომ მასაც სიკვდილით დასჯიან.
– რაღაც გეშლებათ, მის მარპლ, – რბილად წარმოთქვა მისტერ პეტერიკმა.
– ყველაფერი ნათელია, – დარწმუნებით წარმოთქვა მის მარპლმა, – სიტყვები „ასობით და ათასობით“ საშრობ ქაღალდზე... შემდეგ კი ნამცხვარი დესერტად. ეს ხომ ცხადია.
– რა არის ცხადი? – გაოგნდა რეიმონდი.
– ჩვეულებრივ, მზარეულები ამ ხაშხაშის მარცვლებს კრემიან ნამცხვრებს აყრიან. როდესაც კრემიანი ნამცხვრების შესახებ გავიგონე, მაშინვე „ასობით და ათასობით“ გამახსენდა ჯონსის წერილიდან. დარიშხანი ხომ მარცვალში იყო. ჯონსმა ის გოგოს დაუტოვა და ნამცხვარზე მოყრა უბრძანა.
– მაგრამ როგორ? – წამოიძახა ჯოისმა, – ნამცხვარი ხომ ყველამ ჭამა.
– არა, – თქვა მის მარპლმა, – კომპანიონი დიეტაზე იყო. თავად ჯონსმა კი მხოლოდ ნამცხვრის ზედა ფენა მიირთვა, კრემი არ შეჭამა. ყველაფერი გათვლილი იყო, მაგრამ რა სისასტიკეა.
ყველამ სერ ჰენრის შეხედა.
– მის მარპლმა ათიანში მოარტყა, – თავი დააქნია მან, – გლედისი, როგორც ხდება ხოლმე, დაფეხმძიმდა და ჯონსმა ცოლის მოშორება გადაწყვიტა. მისი სიკვდილის შემდეგ ისინი დაქორწინებას აპირებდნენ. გლედის ლინჩი ცოტა ხნის წინ დაიღუპა. მშობიარობას გადაჰყვა. ბავშვიც ვერ გადარჩა. რადგანაც ჯონსმა იმ დროისთვის უკვე სხვა ქალი იპოვა, სიკვდილის წინ მან ყველაფერი აღიარა.
– მშვენიერია დეიდა! – წამოიძახა რეიმონდმა.
– საყვარელო, ჯონსისნაირები მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე ფიქრობენ, – თქვა მის მარპლმა, – როგორც კი გავიგე, რომ სახლში კოხტა მზარეული ქალი იყო, მაშინვე გავიფიქრე, რომ ჯონსს არ შეეძლო მისთვის გვერდის ავლა. საცოდავი პატარა გოგო... და ცოლიც, რა თქმა უნდა.
თარგმნა
ნინო წულუკიძემ