№39 როგორ აიძულებდა სტალინი ჩერჩილს დათმობებზე წასვლას
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

ამ ისტორიის კვანძის გახსნა 1945 წლის თებერვალში ყირიმის კონფერენციაზე მოხდა. იმ პერიოდში სტალინი უკვე ევროპაში ღრმად იყო შეჭრილი და შეუჩერებლად მიიწევდა წინ. როგორც რუზველტი, ასევე ჩერჩილიც მას უკვე გვერდით ედგნენ. მეორე ფრონტიც გახსნილი იყო და ჰიტლერის დამარცხება გარდაუვალი იყო. ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ საბჭოთა ბელადმა იცოდა ის, რასაც ჩერჩილი ვერ წარმოიდგენდა. ანუ, სტალინმა იცოდა, რომ უკვე 1941 წლის 20 მაისს, ანუ ჰიტლერის საბჭოთა კავშირში შემოჭრამდე ერთი თვით ადრე, ჰესმა ბრიტანელ პრემიერს უთხრა, რომ ჰიტლერს საბჭოეთზე თავდასხმის გეგმა, „ბარბაროსა“, დამტკიცებული აქვს და თუკი ხელს არ შეგვიშლით, მას ერთი თვის მერე ავამოქმედებთო. ჩერჩილმა კი ჰესს უსაყვედურა: სტალინისგან შეტყობინება მივიღეთ, რომ ერთი თვის მერე გერმანია დიდ ბრიტანეთში მასიურ შეჭრას გეგმავს და თქვენ ამას მიმალავთო. ჰესმა დაუდასტურა: მართალს ბრძანებთ, ასეთი გეგმაც არსებობს და ან ერთი ამოქმედდება, ან მეორე. მით უმეტეს, რომ სტალინთან თავდაუსხმელობის ხელშეკრულება გვაქვს დადებული, რომელსაც რუსები ასრულებენო... არა და, ჩერჩილს სწორედ სტალინი სთავაზობდა კოალიციას 1941 წლის მაისში და მზად იყო, რომ დიდ ბრიტანეთთან ერთად ჰიტლერისთვის დაერტყა კიდეც. თუმცა, ჩერჩილმა ამაზე სასტიკი უარი განაცხადა და თქვა, რომ კომუნისტებთან კოალიციას გამორიცხავდა... მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ჩერჩილი მოხიბლული იყო საბჭოეთის გაცამტვერების იდეით, რომელიც მას ჰიტლერმა ჰესის პირით შეუთვალა. ამიტომ სტალინი არ გააფრთხილა მომავალი ფაშისტური აგრესიის შესახებ და მოუთმენლად ელოდა მის დამარცხებას ჯერ კიდევ 1941 წლის ზაფხულში. თუმცა, 1945 წლის თებერვალში გაწბილებული ჩერჩილი უკვე იალტაში ეახლა სტალინს და იძულებული იყო თითქმის ყველა მისი პირობა მიეღო მსოფლიოს ომისშემდგომი მოწყობის თაობაზე. მართალია, ჩერჩილი ჭირვეულობდა, მაგრამ ბოლოს მაინც უკან იხევდა. მწვავე დისკუსია გაიმართა პოლონეთის საზღვართან დაკავშირებით და რომ იტყვიან, ჩერჩილი „კბილებით ჩააფრინდა“ და გაშვება არ უნდოდა, ბოლოს კი სტალინს უთხრა:
– ცოტა მაინც დათმეთ. რაც არ უნდა იყოს, 1941 წლიდან მოკავშირე-მეგობრები ვართო.
სტალინს გაეცინა და მიუგო:
– თარიღი გეშლებათ. ჩვენ მოგვიანებით, ორი წლის მერე დავმეგობრდითო.
ჩერჩილს ძალიან ეწყინა ეს სიტყვები და სტალინს შეუტია. თუმცა, საბჭოთა ბელადმა ჩერჩილს პირისპირ შეხვედრა შესთავაზა. ორიოდე საათის შემდეგ კი თავის კოლეგას ჰესთან მოლაპარაკებების ჩანაწერები მოასმენინა და უთხრა:
– იმედია, თქვენი ხმა იცანით და დანარჩენი კი ისტორიის საქმეაო...
მოლოტოვი ყვებოდა, რომ სტალინმა ჩერჩილს სიტყვა მისცა, რომ ამ ჩანაწერებს არ გაასაჯაროებდა და მაშინაც კი არ დაურღვევია ის, როცა ჩერჩილმა საბჭოეთს „ცივი ომი“ გამოუცხადა.“