№39 ჰიპერტონია – ვინ არის რისკ-ჯგუფში
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
უმეტეს შემთხვევაში, არტერიული ჰიპერტონიის კონკრეტული მიზეზების დადგენა ძნელია. მნიშვნელოვან როლს ასრულებს მემკვიდრეობითობა. ზოგჯერ დაავადებას მკვეთრი მიზეზი აქვს – საუბარია მეორეულ ჰიპერტონიაზე, რომელიც ჩნდება თირკმლის სისხლძარღვების დაზიანების, ენდოკრინული დარღვევების, მსხვილი სისხლძარღვების (აორტის) დაავადებების დროს.
ჰიპერტონიული დავადების შემთხვევაში იმატებს როგორც მინიმალური, ისე მაქსიმალური არტერიული წნევა, რაც კაპილარებთან ახლოს მდებარე არტერიოლებისა და არტერიების ტონუსის მომატებით არის განპირობებული. დაავადება ნაკლებად გვხვდება იმ პირებში, ვინც ფიზიკური შრომითაა დაკავებული, ვინაიდან ფიზიკური შრომა დაძაბვისა და სტრესისგან გათავისუფლების საუკეთესო საშუალებაა. ჰიპერტონიული დაავადების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი ქოლესტერინის ჭარბი რაოდენობაა. უმოძრაობის შემთხვევაში ენერგეტიკული დანახარჯები და საკვები ნივთიერებები შენელებულად იწვის, რის გამოც საკვები ადამიანის ორგანიზმში ცხიმის სახით გროვდება. ირღვევა ქოლესტერინის ცვლა.
ჰიპერტონული დაავადების სამი სტადია არსებობს:
1. პირველი სტადია: „ა“ – ფარული (ჰიპერტონიის წინა პერიოდი. „ბ“ – ტრანზიტორული (გარდამავალი), რომელიც მიმდინარეობს გულისა და სისხლძარღვების ორგანული ცვლილებების გარეშე. ამ დროს დამახასიათებელია სისხლის წნევის პერიოდულად აწევა და ნორმამდე დაწევა;
2. მეორე სტადია: „ა“ – ლაბილური (არამდგრადი), „ბ“ – სტაბილური, მდგრადი. ამ დროს აღინიშნება გულის ჰიპერტროფია. სისხლის მიმოქცევის ფუნქციის დაქვეითება, თვალსა და ფსკერში ცვლილებები, არტერიული სისხლძარღვების გამკვრივება. ასეთ შემთხვევაში არტერიული წნევა იმატებს, იწევს, მაგრამ ნორმამდე არ დადის.
3. მესამე სტადია მიმდინარეობს გართულებებით. პაციენტს დაქვეითებული აქვს შრომისუნარიანობა. დაზიანებულია გულის, ტვინისა და თირკმლების სისხლძარღვები.
ჰიპერტონიულ დაავადებას ახასიათებს ჰიპერტონიული კრიზი, რომელიც გამოიხატება თავის ტკივილით, თავის არეში სიმძიმისა და თავბრუს შეგრძნებით, კუნთებისა და სახსრების ტკივილით, მხედველობის მოშლით და ასე შემდეგ
ჰიპერტონიული დაავადების შემთხვევაში აუცილებელია სწორი კვება, შრომისა და დასვენების პირობების შეცვლა, თამბაქოსათვის თავის დანებება, მედიკამენტოზური მკურნალობა და სამკურნალო ფიზკულტურა.
ფიზიოლოგიური ჰიპოტონიის დროს ადამიანს ჩივილები არ აღენიშნება. შრომისუნარიანია. ასეთი წნევა, ძირითადად, დამახასიათებელია მათთვის, ვისაც დიდი ფიზიკური დატვირთვა აქვთ.
პათოლოგიური ჰიპოტონია ხასიათდება თავის ტკივილით, საერთო სისუსტით, გაღიზიანებით, უძილობით, დაქვეითებულია შრომისუნარიანობა. აწუხებს ტკივილი გულის არეში.
პათოლოგიური ჰიპოტონია დამახასიათებელია ტუბერკულოზის, ავიტამინოზის, ინფექციურ დაავადებათა დროს და დაძაბული ნერვული და ფიზიკური მუშაობის შემთხვევაში.