№39 კიტრის სამკურნალო თვისებები
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
კიტრში 95 პროცენტი წყალია, 5 პროცენტი – ნახშირწყლები, ცილები, ვიტამინები, ორგანული მჟავები და ნაცარი, აქედან 2-2,5 პროცენტი შაქრები, 0,4-5 პროცენტი კი მინერალური ნივთიერებებია. კიტრი შეიცავს C, B1, B2 ვიტამინებს და A პროვიტამინს, პექტინებს, მარილებს, მაგნიუმს, რკინას, ალუმინს, სილიციუმსა და ეთერზეთებს. კიტრი მდიდარია ფოსფორით, კალიუმითა და კალციუმით. მასში აღმოჩენილია ვერცხლის მარილებიც.
კიტრი დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე. მის სასწაულმოქმედ თვისებებს ჯერ კიდევ ჰიპოკრატე აღნიშნავდა. ეგვიპტელები კი კიტრის წვენს სიცხის დამწევ და ორგანიზმის გამაძლიერებელ საშუალებად იყენებდნენ.
კიტრი არის კარგი ნაღველმდენი და შარდმდენი საშუალება, აღვიძებს მადას, მოიხმარენ მუწუკების სამკურნალოდ. კიტრი აჩქარებს ჩირქოვანი ჭრილობის შეხორცებას. როგორც დაბალკალორიული პროდუქტი, ის გამოიყენება გასახდომი დიეტის დროს. კიტრის რაციონში ჩართვა, პრაქტიკულად, ყველანაირი დიეტის დროს შეიძლება. ასევე სასარგებლოა განტვირთვის დღეების მოწყობა, რომელთა განმავლობაში, დღეში 2 კილოგრამ კიტრს მიირთმევთ. ტარტარის მჟავა, რომელიც ამ პროდუქტის შემადგენლობაში შედის, ხელს უშლის ნახშირწყლებს ცხიმებად გარდაქმნაში. გასათვალისწინებელია, რომ ამგვარი განტვირთვის დღეებში სასურველია ფიზიკური დატვირთვის შემცირება.
კიტრის წვენი პაროდონტოზისა და თმის ცვენის სამკურნალოდ გამოიყენება, აუმჯობესებს მეხსიერებას, ახდენს ათეროსკლეროზის პროფლაქტიკას, დადებითად მოქმედებს გულის კუნთებზე. თუ კიტრის წვენს თაფლს დავამატებთ, სიცხის დამწევ საშუალებადაც გამოდგება, ხოლო სტაფილოსა და ჭარხლის წვენთან ერთად – რევმატიზმის საწინააღმდეგოდ იყენებენ.
კიტრი გამოიყენება კოლიტის დროს – არეგულირებს ნაწლავთა მოქმედებას. ასევე, სასარგებლოა ტუბერკულოზისა და პოდაგრის დროს.
გასათვალისწინებელია, რომ კიტრის მიღება გარკვეულ პირობებში უკუნაჩვენებიცაა. კიტრს უნდა მოერიდოს ის, ვისაც კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული აქვს ან გასტრიტითაა დაავადებული.
დამარილებული ან დამარინადებული კიტრის მოხმარება უნდა შეზღუდონ მათ, ვისაც ღვიძლი აქვთ დაავადებული. ეს ეხებათ ასევე ჰიპერტონიითა და ათეროსკლეროზით დაავადებულებს.
ასევე სახიფათოა არასეზონური კიტრის (ისევე, როგორც ყველა სხვა ბოსტნეულის) მიღება, რადგან მათში დიდი რაოდენობით ნიტრატები შედის. თუ მაინც გსურთ ამგვარი ბოსტნეულის ჭამა, აუცილებელია მათი გაფცქვნა და თავისა და ბოლოს მოჭრა.
კიტრით განტვირთვის დღეები კი სასარგებლოა როგორც ღვიძლის, ასევე თირკმლის პათოლოგიით დაავადებულთათვის. კიტრის დღეები შეგიძლიათ მოიწყოთ არა მხოლოდ სამკურნალო, არამედ პროფილაქტიკის მიზნითაც – მიირთვით დღეში 2 კილოგრამი კიტრი ცოტაოდენ მარილთან ერთად, 5 ჯერზე გადანაწილებით. გასტრიტისა (კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება) და წყლულოვანი პათოლოგიის გამწვავების, ასევე, რემისიის (ძირითად სიმპტომთა შენელება-შესუსტების) დროს რეკომენდებულია კიტრის თაფლნარევი წვენის მიღება (1 სადილის კოვზი 2-ჯერ დღეში ჭამამდე 30-40 წუთით ადრე, შეგიძლიათ მიირთვათ ერთი კიტრი თაფლით).