№39 მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: სამწუხაროდ, ხანდახან მიჩნდება უკეთური აზრები სარწმუნოების, უფლის, ღვთისმშობლისა და სხვა წმიდანების მიმართ. ამას ძალიან განვიცდი. ცოდვილი ვარ?
პასუხი: ასეთ აზრებს განსაკუთრებულ ყურადღებას ნუ მიაქცევთ. არ იფიქროთ, რომ თავად ხართ ამ აზრების გაჩენაში დამნაშავე, თუ, რა თქმა უნდა, მათ არ ეთანხმებით. უკეთური აზრები ბოროტისგან მოდის, რომლის მიზანი ის არის, რომ უიმედობაში ჩააგდოს ადამიანი, აფიქრებინოს – თითქოს იმდენად ბილწი და ცუდია, რომ სიწმიდეთა მიმართაც უკეთური აზრები უჩნდება და ხელი ააღებინოს ეკლესიაში სიარულზე.
კითხვა: ჩემი დაბადების დღე დიდ საეკლესიო დღესასწაულს ემთხვევა. მაინტერესებს, გადადის თუ არა განსაკუთრებული მადლი, როდესაც ადამიანი ასეთ დიდებულ დღეს დაიბადება?
პასუხი: უფლის მადლი ყველა ადამიანზე გადადის, თუ ის მზად არის მის მისაღებად. ზოგადად, ჭეშმარიტი ქრისტიანი თავმდაბალია და ერიდება თავისი გამორჩეულობის ძიებას. რა თქმა უნდა, კარგია, როდესაც ადამიანი ასეთ მადლიან დღეს დაიბადება, მაგრამ აქვე უნდა გახსოვდეთ, რომ ეს უდიდეს პასუხისმგებლობასაც გაკისრებთ, რომ იყოთ ნამდვილი, ჭეშმარიტი ქრისტიანი.
კითხვა: ზოგიერთმა ადამიანმა საუბრის დროს თავისი სიმართლის დასამტკიცებლად, ზოგჯერ ისედაც, იცის პირჯვრის გადაწერა. რამდენად საჭიროა ყველას დასანახავად ასეთი ქმედება?
პასუხი: უფლისადმი რწმენისა და სიყვარულის გამოვლენას თავისი წესი აქვს, როდესაც ის გადამეტებულ ფორმას იღებს, გარეგნული ეფექტებით გადაჭარბებულად ვლინდება, არასწორია. უფლისადმი სიყვარულსა და პატივისცემას ადამიანი, უპირველესად, შინაგანად უნდა განიცდიდეს. გარეგნულად კი ეს განცდა მოწიწებითა და რიდით უნდა გამოიხატოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ვინმესთვის ეს გამაღიზიანებელი და დამაბრკოლებელი აღმოჩნდეს – ამას უნდა ვერიდოთ.
კითხვა: აუცილებელია თუ არა აღსარების ხშირად თქმა?
პასუხი: აღსარების ხშირად თქმა აუცილებელია იმდენად, რამდენადაც მალე გვავიწყდება ჩვენი ცოდვები. აღსარებაზე მათი აღიარებით კი ვცდილობთ, ამოვძირკვოთ ისინი. გარდა ამისა, სინანული თვალს გვიხელს ცოდვებზე. ერთ ცოდვას რომ მოინანიებს ადამიანი, თვალი ეხილება მეორეზე, მესამეზე და ასე შემდეგ, რაც მისი სულიერი ცხოვრებისთვის აუცილებელია. ამგვარად, სულიერად განწმენდილი ადამიანი უფლის სამსჯავროზე შეურცხვენლად წარსდგება.
კითხვა: შეიძლება თუ არა, დიეტა ცოდვად ჩაითვალოს?
პასუხი: დიეტური კვება, თუ, მით უმეტეს, ადამიანის ჯანმრთელობისთვის სარგოა, ცოდვა არ არის, პირიქით, გადამეტებული ძღომა მიიჩნევა ცოდვად. თუმცა, აქაც ზომიერების დაცვა გმართებთ. დიეტით პრობლემა არ უნდა შეუქმნათ თქვენს ჯანმრთელობას და მისი მიზანი მხოლოდ ის არ უნდა იყოს, რომ ვინმეს მოაწონოთ თავი.