№39 რა წესი უნდა დაიცვან მეუღლეებმა ცოლქმრული სიყვარულის შესანარჩუნებლად
ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე
არც ისე ადვილია მეორე ნახევრის პოვნა. ძალიან უნდა გაგიმართლოს და თან, უნდა მოინდომო კიდეც. თუმცა, კიდევ უფრო რთულია ურთიერთობების ისე აწყობა, რომ ყოველდღიურმა ყოფიერებამ სიყვარული ნამსხვრევებად არ აქციოს. ამბობენ, რომ ყველაფერი ჩვენს ხელთაა: ანუ, მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია მოვკლათ ან გადავარჩინოთ სიყვარული, რომელიც ყველაზე და ყველაფერზე მნიშვნელოვანია. აუცილებელია, სულ ცოტა მაინც ვიცოდეთ სიყვარულზე, ის, რომ მას აქვს თავისი ფაზები: მოუსვენრობა და მღელვარება ყოველი პაემნის წინ, ვნების ქარიშხალი, სინაზის ზღვა, ხელჩაკიდებული სიარულის სურვილი... ფიქრობთ, თუ ყველაფერმა ამან ჩაიარა, სიყვარულიც გაქრა? ასე არ არის. სინამდვილეში თქვენ მხოლოდ პირველი ფაზის დასასრულს მიუახლოვდით. ეს ნამდვილად არ არის ტრაგედია. მთავარია, იცოდეთ წესები, რომლებიც უმტკივნეულოდ გადაგიყვანთ მომდევნო, არანაკლებ სასიამოვნო და ბედნიერების მომტან ფაზაზე. თუ წყვილმა ეს არ იცის, სკანდალი და დაშორების საფრთხე გარდაუვალია. ამ დროს წყვილს შორის თითქოს დისტანცია იზრდება, მამაკაცები ძველ მეგობრებთან ურთიერთობებს აახლებენ, ახსენდებათ „მივიწყებული“ ჰობი. ამ დროს მამაკაცს თავისუფლება უნდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, უფრო დაგშორდეთ.
თიკო (34 წლის): სამწუხაროდ, ქორწინება ია-ვარდით მოფენილი მწვანე ბილიკი არ არის. ოჯახის შექმნის პირველივე დღიდან პრობლემები სულ არის. ბევრი წყვილი ვერ ახერხებს კრიტიკული ეტაპის გადალახვას. რას აკეთებენ ქალები, როცა უკმაყოფილოები არიან საკუთარი ქმრით? დაახლოებით იგივეს, რასაც იზამდნენ მამაკაცები, ოღონდ სხვა მეთოდებით: იწყებენ პარტნიორთან კამათს, მერე – ჩხუბს, გაბუტვას... ჩემი აზრით, მთავარი პრობლემა არის ცოლისა და ქმრის სწრაფვა დამოუკიდებლობისა და ავტონომიისკენ.
– ცნობილია, რომ ეს ურთულესი პრობლემაა ოჯახში და ამ ეტაპზე ზოგი ცოლ-ქმარი საერთოდ წყვეტს ურთიერთობებს.
– დიახ, ადვილი ნამდვილად არ არის. ყველაფერზე რომ სიღრმისეულად იფიქრო, ეს მთელი ფილოსოფიაა. ერთად ცხოვრება, ერთმანეთზე დამოკიდებულება და მერე, რატომღაც, დამოუკიდებლობის სურვილი. სიახლოვე გვინდა და სიახლოვის შიში ვერ მოგვიშორებია, მათ შორის არის „მესამის“ გაჩენის შესაძლებლობა, სირცხვილისა და ეჭვიანობის განცდა.
– პარტნიორებისთვის, ალბათ, ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. ურთიერთობა დროდადრო აუცილებლად შევა ჩიხშიც.
– ჰოდა, საქმეც მაგაშია, რომ არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ კრიზისების დროს. ოჯახის ფსიქოლოგები გვირჩევენ: იკამათეთ და იჩხუბეთ – ეს ნორმალურიაო! მაგრამ ვიცით ამ კამათისა და ჩხუბის წესები? რამდენჯერ გვითქვამს ქმრისთვის: „რადგან ასე იქცევი, ესე იგი, არ გიყვარვარ“, რამდენჯერ დავმუქრებივართ წასვლით. არადა, ამის გაკეთება არ შეიძლება, მაშინაც კი, თუ ძალიან ნაწყენი და იმედგაცრუებული ხართ. ცუდია, რომ ოჯახურ შეხლა-შემოხლაში თვითშეფასების უნარიც ქვეითდება. ეს საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი. არ შეიძლება, ქმრისგან მუდმივად სიყვარულის მტკიცებასა და კომპლიმენტებს მოითხოვდე. მართალია, ქალებს გვინდა, სულ გვესმოდეს საყვარელი მამაკაცისგან თბილი, სასიყვარულო სიტყვები, მაგრამ ის თავისი ნებით უნდა აკეთებდეს ამას. პრეტენზიით მოთხოვნა და მერე წუწუნი, მხოლოდ აფუჭებს ურთიერთობას.
– ეს არის სიყვარულის შესანარჩუნებელი წესი, ანუ, როგორ მოვიქცეთ, ოჯახმა სიყვარული რომ არ „მოკლას?“
– არ უნდა „ჩაიციკლო“ ქმარზე... იმის თქმა მინდა, რომ საკუთარ თავზეც იფიქრეთ – გაიპრანჭეთ, იყავით მომხიბვლელი. დარწმუნებული იყავით, რაც უფრო მეტ ადამიანს მოეწონებით, მით უფრო მიმზიდველი იქნებით საკუთარი ქმრისთვისაც.
– მერე ქმარი არ იეჭვიანებს?
– ცოტა ეჭვიანობა ურთიერთობებს არ ავნებს, მთავარია, ზედმეტი არ მოგივიდეთ. თან, კარგად უნდა იცოდეთ, საკუთარი ქმრის ხასიათი. თუ პათოლოგიურად ეჭვიანია. მაშინ ცეცხლთან თამაშს არ გირჩევთ, არ უნდა გარისკოთ. არსებობს სიყვარულის შენარჩუნებისთვის ყველაზე მაგარი წესი – „დაივიწყეთ „მე“, ოჯახში არის მხოლოდ „ჩვენ“, ანუ საკუთარი თავი ერთი მთლიანის ნაწილად უნდა აღიქვათ, ასეც უნდა ილაპარაკოთ: ჩვენ მოვალთ, ჩვენ მოვიფიქრებთ და ასე შემდეგ. და კიდევ, მეტისმეტი დამოკიდებულებაც საფრთხეა სიყვარულისთვის. რაც მეტად დამოკიდებული ხართ, მით მეტს ეჭვიანობთ. რაც უფრო მეტად გრძნობთ, რომ საყვარელი ადამიანის გარეშე სიცოცხლე არ შეგიძლიათ, მით მეტად რწმუნდება მამაკაცი, რომ მალე „შინაპატიმრობას“ ვერსად გაექცევა
– არ უნდა გრძნობდეს, რომ გიყვართ?
– მთავარია, არ დაირღვეს ბალანსი. მასთან დაახლოებამდე თქვენ ხომ დამოუკიდებელი ადამიანი იყავით, გყავდათ მეგობრები, გქონდათ საკუთარი ინტერესები. არ დაკარგოთ ეს ურთიერთობები და საკუთარი თავი!
„თუ ვუყვარვარ, ესე იგი, უნდა მიხვდეს კიდეც, რა მჭირდება” – ეს წმინდა ქალური მოსაზრებაა და ძალიან ცუდიც. ამგვარმა დამოკიდებულებამ ბევრი წყვილის ურთიერთობა დაანგრია. ილაპარაკეთ ქმართან, ოღონდ არაფერი უსაყვედუროთ. მკაფიოდ და გასაგებად აუხსენით, თქვენ რა გჭირდებათ.
ჩვენ ხშირად გაბუტული ბავშვებივით ვიქცევით. არ არის საჭირო, ქმარს საკუთარი სიმართლე უმტკიცოთ. შეეცადეთ მისი განცდების გაგებას – ესეც სიყვარულის შესანარჩუნებელი წესია.