№39 რატომ იქცა პოლიტიკაში მოსვლა ქალებისთვის დაოჯახების გარანტიად და როგორ ყიდულობენ ქმრები ცოლებისთვის პოლიტიკაში ადგილებს
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
2020 წლის არჩევნებში შესაძლოა, ჩვენი თანამემამულე პოლიტიკოსი მამაკაცების კოჭიც დაჯდეს ალჩუზე და პოლიტიკოსი ან პოლიტიკოსობის მსურველი ქალებისაც. იმიტომ რომ ის საარჩევნო სუბიექტი, რომელსაც სიაში ყოველი მესამე ქალი ეყოლება, ბიუჯეტიდან დამატებით 30-პროცენტით დაფინანსდება, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ქალებს ფასი დაედებათ, ანუ დაგვედება ან სად უნდა მოვიძიოთ ამდენი პოლიტიკოსი ქალი (თუ ისევ გაგრძელდება პრაქტიკა, რომ პოლიტიკოსობისთვის პოლიტიკოსობა საკმარისი არ არის) და ქართული რეალობის გათვალისწინებით, პროცესი უნებლიეთ ტრეფიკინგს ხომ არ დაემსგავსება? – ამ თემას ზაალ კასრელიშვილთან ერთად განვიხილავთ.
– რამდენად უწყობს ხელს პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღებას ასეთი მიდგომა?
– ძალიან დელიკატური თემაა, ქალი, მანდილოსანი, რომანტიკა, ყვავილები, ემოცია, პოლიტიკა, ლანძღვა-გინება, პასუხისმგებლობა... ეს ყველაფერი ერთად ჩემთვის გაუგებარი აჯაფსანდალია, მაგრამ არა მიუღებელი.
– პასუხისმგებლობა ახსენეთ და ცნობილია, რომ ქალებს უფრო მეტად აქვთ განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა, რაც დედობრივ ინსტინქტს უკავშირდება და გამოვლინდა კიდეც ოჯახის რჩენის ფუნქციის თავის თავზე აღებაშიც. ქალებმა ძალიან იყოჩაღეს, სანამ მამაკაცები დეპრესიაში იყვნენ და არიან და იქნებ პოლიტიკაშიც გაამართლოს ამ ამბავმა?
– რა თქმა უნდა, როდესაც უსაქმური ქმარი გყავს, მუშაობა არ უნდა, არ შეუძლია ან უცბად უნდა, მილიონერი გახდეს, სოფლში მიწის დამუშავებას თბილისში ურჩევნია ნაქირავებში ცხოვრება, მაშინ იძულებული ხარ, წახვიდე, ღამის ქოთნები ათრიო და მოხუცებს უარო, იმიტომ რომ ლუკმა-პური ჰქონდეს შენს შვილს და სრულფასოვნად გაიზარდოს. სხვათა შორის, იქიდან გამოგზავნილი ფულებით ზოგიერთი უსაქმური მამაკაცები საყვარლებს იჩენენ და რაოდენ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, შვილები ამის შესახებ დედას არ ეუბნებიან, იმიტომ რომ ეშინიათ, ფულის გამოგზავნა არ შეწყვიტოს. ამ ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, ქალს, რა თქმა უნდა, სჭირდება უფრო მეტი ასპარეზი. თუ საქართველოს ისტორიას გადავხედავთ, გულწრფელად გეტყვით, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალობის გამო დაჩაგრულებზე არ მსმენია, ერთი ორბელიანის ქალი ვიცი, რომელიც ნიკოლოზის ძმას ძალით ჩაუწვინეს ლოგინში. ძალიან პოპულარულ სიტყვას ვიხმარ, სისტემური დანაშაულის მსხვერპლი ქალი არ მინახავს, თუმცა, რა თქმა უნდა, არიან პიროვნებები, რომლებიც ცუდად ექცევიან ქალებს და, რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომლებიც აღმერთებენ ქალებს.
– მე ასე ვიტყვი, არიან ადამიანები, რომლებიც თავისზე სუსტს ექცევიან ცუდად და სიტუაციურად, ასეთ როლში შეიძლება, აღმოჩნდეს ქალი, სუსტი მამაკაცი, ბავშვი, მოხუცი, ცხოველი...
– ცხადია, რაც უფრო არასრულფასოვანია ადამიანი, უფრო მეტად აგრესიულია და თავის შიშებს გარეგნული აგრესიით ფარავს. თუ იმის თავი არ აქვს, ძლიერს მოერიოს, ერევა თავისზე სუსტს და გაუცნობიერებლად თავის სიძაბუნეზე იყრის ჯავრს ამ აგრესიით. არის კიდევ სხვა მიზეზები, რატომ შეიძლება, მამაკაცი ქალის მიმართ იყოს აგრესიული და ეს პირდაპირ სქესსა და სექსუალურ პოტენციალს უკავშირდება, მაგრამ ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. უბრალოდ, ამ შესავლით იმის თქმა მინდოდა, რომ ქართული სახელმწიფოს ისტორიოგრაფიაში, ქართულ ყოფა-ცხოვრებაში სისტემის მიერ დაჩაგრული ქალების ჩამონათვალი არ არსებობს, დავუშვათ, ისე, როგორც ისლამურ სამყაროში.
– აქვე ვიტყვი, არა მხოლოდ ისლამურ, რუსულ სამყაროშიც. მე ხშირად ვეკამათები რუსებს, მათ შორის, ჩემი შეფასებით, ველაპარაკები ჩვეულებრივად და მათი ნაწილი შეურაცხყოფად იღებს, მამაკაცებს როგორ აგდებით, უპატივცემულოდ ელაპარაკებიო. ანუ ისინი ფიქრობენ, რომ უპირატესნი არიან სქესით. არადა, მე ჩვეულებრივად ვლაპარაკობ მათთან, არგუმენტებით და ხისტად.
– არ მინდოდა ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ რუსეთში რუს ქალებს რუსი კაცები საკმაოდ უბაგუნებენ.
– რუსული გამონათქვამია, ქმარი გცემს, ესე იგი, უყვარხარ.
– ზოგადად სლავურ სამყაროში მოდაშია ქალების ცემა, მაგრამ იქაც არიან ქალები, რომლებიც შემდეგ ქმრებს ურტყამენ და რაც უფრო მაგრად ურტყამენ ერთმანეთს, ითვლება, რომ უფრო მაგრად უყვართ ერთმანეთი. 1990 წლიდან დავიწყოთ ათვლა და იმ დროიდან დღემდე ძალიან ბევრი აქტიური ქალი, ზედმეტად აქტიურიც კი იყო და არის ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, პოლიტიკაში-მეთქი, ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ვერც ერთმა ქალბატონმა სახელმწიფოს განვითარებასა და ქართულ პოლიტიკაზე გავლენა ვერ მოახდინა და ვერც კვალი დატოვა. თავის პერიოდში მოდიან, ოთხი წლით არიან პარლამენტში, ჩხუბობენ, ვიღაცებს ლანძღავენ, ვიღაცებს თავს ალანძღვინებენ, ზოგიერთი მათგანი ძალიან გამომწვევადაც იქცევა და მათ შორის აგრესიული პრეტენზიული გოიმებიც არიან, მაგრამ მიდიან თუ არა პოლიტიკიდან, ისევე იკარგებიან, როგორც მოსვლამდე იყვნენ დაკარგულები.
– ოჯახდებიან კიდეც. გვქონია შემთხვევები ეგრეთ წოდებულად კარგად გათხოვების.
– შემთხვევები არა, ყველა ოჯახდება, ყველა პოულობს კარგ ქმარს, როგორც ჩანს, საქართველოში არიან მამაკაცები, რომლებსაც საზოგადოებრივად დაწინაურებული ქალები მოსწონთ, იმიტომ რომ მათზე დაქორწინების შემდეგ იჩენენ შემოსავლებს. ამას ვამბობ – მოიწყობენ პირად ცხოვრებას და მიდიან პოლიტიკიდან. მამაკაცი მაინც მტაცებელია ბუნებით და ასე იოლად არ მიდის პოლიტიკური ცხოვრებიდან. თუ ქალი მხოლოდ იმიტომ უნდა ჩაიწეროს სიაში, რომ ბიოლოგიურად ქალია, ეს ცოტა გაუგებარი და მიუღებელია.
– გამოდის, რომ ქალი არის ნაკლოვანი არსება.
– როგორც შეზღუდული შესაძლებლობის პირებს აძლევენ რაღაც შეღავათებს, ამას ჰგავს, მაგრამ, თუ ქალი ჭკვიანია, წესიერია და პროფესიონალია, მას შეღავათი არ სჭირდება, ასეთი ავტომატურად ხვდება სიაში. საუბედუროდ, ქართულ სიებში ასეთი ქალები ვერ ხვდებიან. ვიღაც პირებთან დაახლოებული და ღმერთმა უწყის, რის გამო დაახლოებული, ხვდებიან პარტიულ სიებში. არადა ჩვენ გვყავს გამორჩეული, პროფესიონალი ქალბატონები – ექიმები, კულტურის მუშაკები. თუ ასეთი ქალბატონები მოხვდებან სიაში, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით ამას. მაგრამ, თუ ყოფილი ან მოქმედი მეგობარი ქალი სიაში იმიტომ უნდა ჩაწერო, რომ კვოტა შეავსო და მერე ამ კვოტით აიღო ფული, დამატებითი 30 პროცენტი, ამის კატეგორიულად წინააღმდეგები ვართ.
– კლასიკურ ტრეფიკინგს ჰგავს, გამოიყენო ქალი ფულის წყაროდ.
– ამას ჰქვია სქემატური თაღლითობა. არიან თაღლითები, რომლებიც ერთჯერადად მოქმედებენ და არიან თაღლითები, რომლებიც სქემებით მუშაობენ და ეს სქემები მათ აძლევთ შემოსავლის ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიღების საშუალებას. ამასთან, შესაძლოა, გლობალური პროცესის დირიჟორებმა შემდეგ მოგვთხოვონ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ხალხის ჩაწერაც სიებში, ასევე, 30-პროცენტიანი კვოტით. დარწმუნებული ვარ, ჰეტეროსექსუალი მამაკაცები ცნობებს აიღებენ, რომ მოხვდნენ სიებში.
– საინტერესო იქნება იდენტიფიკაცია.
– ეგეცაა, შეხედავ, ქალია, მაგრამ პირს გააღებს და გაურკვეველი არსებაა. ვერ გეტყვით, ეს როგორ უნდა დარეგულირდეს. დავუშვათ, ცნობები აიღეს და 30 პროცენტი იქნა ქალი, 30 პროცენტი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანი, 30 არა, მაგრამ 10 პროცენტს მაინც ჩაწერენ და დანარჩენი პროცენტი როგორ განაწილდება?! რა ნიშნის მიხედვით არჩევს სახელმწიფო კანონმდებლებს?! ადამიანებს, რომლებიც უნდა იყვნენ სახელმწიფოს სახე?! აი, ეს პარამეტრები არსებობს საქართველოში. აქამდე იცოდი, რომ პარტიის ლიდერები იღებდნენ ფულს და წერდნენ სიაში, მათ შორის, რამდენიმე ქალბატონსაც უყიდეს ქმრებმა ადგილები პარლამენტში, ფულის 70 პროცენტი სახლში მიჰქონდათ, 30-ს მოახმარდნენ პარტიას ან სულ სახლში მიჰქონდათ. იტყვიან, რომ ქალი საჭიროა სიაში, ფულიც და ასე შემდეგ. ბევრი მიზეზის დასახელება შეუძლიათ პარტიის ლიდერებს თავის გასამართლებლად.
აშშ-ში არსებობს სტანდარტი, როგორი უნდა იყოს სახელმწიფო მოხელე და პოლიტიკოსი. თუ ფედერალური კანონი აქვს დარღვეული კანდიდატის მამას ან პაპას, ის ვერასდროს გახდება ვერც კონგრესმენი და ვერც სენატორი. შტატის დონეზე დარღვევები რამდენიმე წელიწადში ანულირდება, მაგრამ ფედერალური კანონმდებლობის დარღვევისთვის დამრღვევის შვილი და შვილიშვილი აგებს პასუხს. მათ ბიზნესის კეთებას არავინ უშლის, მაგრამ სახელმწიფო სტრუქტურებში ვერ მოხვდებიან. ფინანსურ მაქინაციებში, თაღლითობაში, აღარაფერს ვამბობ სისხლის სამართლის დანაშაულზე, კორუფციაში ეჭვმიტანილიც კი ვერასდროს მოხვდება ხელისუფლებაში, არათუ გასამართლებული. ევროპაშიც, დაახლოებით, იგივე სტანდარტია. ოღონდ ევროპაში იმდენად არ არის გამოკვეთილი სახელმწიფო ღალატი, მაგრამ გამოკვთილია ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. აშშ-ში კი, თუ ადამიანი შემჩნეულია უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან ლოიალურ დამოკიდებულებაშიც კი, იმას ვინ გააკარებს სახელისუფლო სტრუქტურებს?! გთხოვთ, ეს პასაჟი დატოვოთ. პაპა ეუცხოებათ ვიღაცეებს, არადა „პაპაა“ ქართული და არა „ბაბუა“. „ბაბუ“ ნაწარმოებია სელჯუკური ბაბასიდან და ოსმალეთიდან შემოვიდა მეჩვიდმეტე საუკუნეში, მანამდე საქართველოში სიტყვა „ბაბუ“ არ არსებობდა. ყველას აქვს უფლება, თავისი პროვინციული და კუთხური ტერმინები იხმაროს, მაგრამ არა – მედიასივრცეში. ერთმა ახალგაზრდამ მითხრა, „პაპა“ რუსული სიტყვაა და „მამას“ ნიშნავსო, მაშინ ქართული „მამა“ რუსულად „დედას“ ნიშნავს-მეთქი. ისევე, როგორც გამარჯვების ნაცვლად ერთმანეთს სალამს რომ ვეუბნებით, რადგან ქართველი ქართველს გამარჯვებას აღარ უსურვებს. საკუთარ წარუმატებლობასა და უბედურებაში სხვა ქართველს ადანაშაულებს ან გარემოს, თავის თავს კი არა. იმიტომ რომ ასე უფრო იოლია. სტანდარტებზე ვლაპარაკობდი და, გულწრფელად გეტყვით, ხელისუფლებაში მოსასვლელად ვერც მამაკაცისთვის გავიგე სტანდარტი და ვერც – ქალისთვის. ბოლოს და ბოლოს, გაბოროტებული, დაჯღანული და აყბედებული ჭორიკანა მამაკაცების ყურებას პარლამენტში ლამაზი ქალების ყურება სჯობია.