№39 როგორ მოახერხა რუსეთმა 2014 წლის სანქციების შემდეგ იმდენი რეზერვის შექმნა, რამდენიც ფარავს სახელმწიფო ვალს
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
გაირკვა, რომ 2019 წელს, პირველად 2014 წლის შემდეგ, როდესაც დასავლეთმა რუსეთს ყირიმის მიერთების გამო სანქციები დაუწესა, რუსეთის სუფთა სახელმწიფო ვალი განულდა, ანუ რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაგროვილი რეზერვები სახელმწიფო ვალს ფარავს, რასაც თავად რუსეთში უდიდეს წარმატებად მიიჩნევენ. აქედან გამომდინარე, ჩნდება ეჭვი, განზრახ დაუტოვა დასავლეთმა რუსეთს გამოსავალიც, თუ უბრალოდ, სანქციებმა არგო ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს, იმიტომ რომ, რაც არ კლავს, აძლიერებს?! სანქციების შედეგსა და რუსეთის ეკონომიკის მდგრადობაზე სანქციების პირობებში ეკონომიკის ექსპერტ იოსებ არჩვაძესთან ერთად ვიმსჯელებთ.
– რა ვალზეა ლაპარაკი, რუსეთის სახელმწიფოს საგარეო და საშინაო ვალზე ერთად?
– როგორც წესი, სახელმწიფოები გამოდიან, როგორც დონორების, ისე მსესხებლების როლში. სსრკ რომ დაიშალა, მაშინ მთელი საბჭოთა კავშირის ვალები, როგორც სამართალმემკვიდრემ, რუსეთის ფედერაციამ აიღო თავის თავზე. თავდაპირველად 132 მილიარდ დოლარზე იყო ლაპარაკი, შემდეგ, 1998 წელს, მათი ყველაზე დიდი კრიზისისას, ეს ვალი 98 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
– თუმცა, მათ საბჭოთა კავშირის ქონებაც დარჩათ, როგორც სამართალმემკვიდრეს და, როგორც ამბობენ, ქონება სჭარბობდა ვალს.
– დიახ, ეს ცალკე ისტორიაა და ქართული კვალი ამ ისტორიაში არც თუ ნაკლებად საინტერესოა, უბრალოდ, სხვა საუბრის თემაა. იმ დროისათვის რუსეთის ფედერაციის მიერ აღებული ვალის მოცულობა ორჯერ ნაკლები იყო საბჭოთა კავშირისგან დარჩენილ ვალების მოცულობაზე. მოხდა აგვისტოს კრიზისი, დეფოლტი, რუსული რუბლი ხუთჯერ გაუფასურდა, არ ჰქონდათ საკმარისი რეზერვები, რომ გაესტუმრებინათ დეპოზიტები. სხვათა შორის, რუსულ ბანკებს შორის ერთადერთი, რომელმაც პირნათლად შეასრულა თავისი ვალდებულება მეანაბრეების წინაშე, იყო „როსიისკი კრედიტი“, რომელსაც იმ დროს მართავდა და რომლის მფლობელიც იყო ბიძინა ივანიშვილი. ამან ასწავლა გაკვეთილი რუსეთს, რაც გამოადგა 2014 წლის შემდეგ, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციებმა შეუწყვიტეს კრედიტების მიცემა და რუსეთმა ორიენტაცია აიღო, საკუთარი ძალებით მოეგვარებინა პრობლემა. თუ გახსოვთ ალექსანდრე მესამის ცნობილი გამონათქვამი, რუსეთს ჰყავს ორი ერთგული მოკავშირე, არმია და ფლოტი. დაახლოებით, ასეთი დამოკიდებულება გამოამჟღავნა რუსეთის ფედერაციამ: საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან დახმარებას არ უნდა ელოდოს, თავად უნდა შექმნას იმდენი რეზერვი, რომ ნებისმიერ ასეთ რყევას, გამოწვევას, კრიზისს გაუძლოს და ამიტომ ინტენსიურად დაიწყეს შიდა სავალუტო რეზერვების ზრდა.
– რის ხარჯზე დაიწყეს? ნავთობის?
– ნავთობისა და ოქროს მოპოვების ხარჯზე. რამდენიმე ციფრს დაგისახელებთ: 2010 წლისთვის რუსეთის სახელმწიფოს ოქროს რეზერვების რაოდენობა შეადგენდა 650 ტონას, 2014 წელს – 1 110 ტონას, 2019 წელს შეადგენს უკვე 2 207 ტონას. ეს არის, დაახლოებით, 101,2 მილიარდი დოლარის ეკვივალენტი. რუსეთს რეზერვში აქვს როგორც ოქროს, ისე სავალუტო რეზერვები და ოქროს რეზერვი სავალუტო რეზერვის, დაახლოებით, 19,5 პროცენტია. რუსეთის მთელი სავალუტო რეზერვის ოდენობაა 532,8 მილიარდი დოლარი, ხოლო ვალი, როგორც სახელმწიფოს, ისე კერძო სტრუქტურების მიერ აღებული, ბოლო მონაცემებით, არის 539 მილიარდი, აქედან სახელმწიფო ვალი 308 მილიარდია. ანუ სახელმწიფო ვალდებულებებს რუსეთის სახელმწიფო რეზერვი აღემატება 1,6-ჯერ. მას შეუძლია ამ რეზერვებით საგარეო ვალდებულებების გასტუმრებაც, ქვეყნის შიგნით დეპოზიტორების გასტუმრებაც და მომხმარებლების სხვა მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაც. საქართველოსგან განსხვავებით, სადაც სახელმწიფო ვალის 82 პროცენტი საგარეო რესურსებითაა მობილიზებული და მხოლოდ 18 პროცენტი – შიდა რეზერვებით, რუსეთში პირიქითაა. რუსეთის სახელმწიფო ვალის დიდი ნაწილი შიდა რეზერვზეა გათვლილი, ამიტომ ქვეყნის შიგნით ვალდებულებების განაღდებაზეა ორიენტირებული, გარე შესყიდვის მოცულობა მის მთლიან ვალდებულებებში გაცილებით მცირეა. 2 207 ტონა ოქროს რეზერვი ბევრია თუ ცოტა? გადავავლე თვალი ისტორიულ მონაცემებს და აღმოჩნდა, რომ სტალინის დროს ოქროს რეზერვი გაცილებით მეტი იყო. მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინ საბჭოთა კავშირს ჰქონდა 2 600 ტონა ოქროს რეზერვი, ზოგი ამბობს – 2 800 ტონაო, მაგრამ ორივე ეს ციფრი რუსეთის დღევანდელ რეზერვზე გაცილებით მეტია. სტალინმა გარდაცვალების მომენტისთვის მემკვიდრეებს დაუტოვა 2 500 ტონა ოქრო – რეზერვის სახით, ხრუშჩოვი რომ მიდიოდა ხელისუფლებიდან, დატოვა მხოლოდ 1 600 ტონა ოქროს რეზერვი, ბრეჟნემა – 437 ტონა, ანდროპოვ-ჩერნენკოს ძალიან მცირე პერიოდის განმავლობაში 719 ტონა იყო ოქროს რეზერვის ოდენობა, მაგრამ გორბაჩოვის მოსვლის შემდეგ რეზერვი შემცირდა 290 ტონამდე, ელცინის წასვლის დროს, როდესაც მმართველობის სკიპტრა გადააბარა თავის მემკვიდრე პუტინს, რუსეთის ოქროს რეზერვი შეადგენდა 384 ტონას.
– ამ ოქროს ხომ ისინი თვითონ მოიპოვებენ, იმიტომ რომ აქვთ ოქროს საბადოები, ანუ რუსეთს ყოველთვის ექნება შესაძლებლობა, გამოვიდეს ნებისმიერი ეკონომიკური კრიზისიდან, თავისი ბუნებრივი სიმდიდრიდან გამომდინარე? ანუ საქმე მოპოვებაა, იმ ოქროს მიწიდან ამოღება?
– დიახ. მაგრამ არც იმ ოქროზე უთქვამთ უარი, რომელიც შეიძლებოდა, მსოფლიო ბაზარზე შედარებით შეღავათიანი ფასით შეეძინათ, მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის რაიხსკანცელარიაში აღმოაჩინეს ოქროს რამდენიმე ასეული ზოდი. მართალია, მათი ღირებულება დიდი არ იყო, მაგრამ სიმბოლური ხასიათი ჰქონდა. თუმცა რუსეთი უმეტესად გამოდის ოქროს გამყიდველის როლში. რატომ მცირდებოდა ოქროს მარაგი საბჭოთა კავშირისა და რუსეთის სხვა მმართველების დროს? იმიტომ რომ სჭირდებოდათ გარკვეული მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, მაგალითად, მოუსავლიანობის დასაფარავად. საბჭოთა კავშირში მოპოვებულ ოქროს იყენებდნენ მოწინავე ტექნოლოგიების შესაძენად, ამიტომ რეზერვი ისე სწრაფად არ იზრდებოდა.
– ყოველ შემთხვევაში, ეს პოტენციალი რუსეთს ყოველთვის ჰქონდა და ექნება.
– დიახ, მაგრამ ეს სჭირდება იმისთვის, რომ შეინარჩუნოს სტაბილური მდგომარეობა და არ აღმოჩნდეს ისეთ მძიმე ვითარებაში, როგორშიც აღმოჩნდა დეფოლტისას, მით უფრო, რომ ამჯერად მას ხელს აღარ გაუმართავენ ისე, როგორც გაუმართეს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.
– სულ მქონდა ეჭვი, ამ სანქციებმა დიდად ვერაფერი დააკლეს. ასე გამოდის?
– როგორ არა. თუ შევადარებთ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს და საწყის წერტილად ავიღებთ 2013 წელს, სანამ სანქციებს დაუწესებდნენ რუსეთს, ვნახავთ, რომ მსოფლიოს ეკონომიკა ამ წლებში გაიზარდა 17,4 პროცენტით, ამერიკის შეერთებული შტატების – 13,4 პროცენტით, საქართველოსი – 29,3 პროცენტით, ჩინეთის – 45,9 პროცენტით, ხოლო რუსეთის ფედერაციის ეკონომიკა კი შემცირდა და არის 99,8 პროცენტის დონეზე. თუ მოსახლეობის 2013 წლის რეალურ შემოსავლებს შეადარებთ 2019 წლის მონაცემებს, გამოვა 89,5 პროცენტი.
– ითვლება, რომ რუსეთის მოსახლეობას აქვს უნარი, იცხოვროს სიდუხჭირეში, ოღონდ იყოს იმპერია. გასაგებია, რომ მოსახლეობის ცხოვრების დონე გაუარესდა, მაგრამ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ამ სანქციებმა შეარყია რუსული სახელმწიფო? თუ იმის იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მოსახლეობა დაუპირისპირდება ოდესმე, იმიტომ რომ ცუდად ცხოვრება მობეზრდება?
– ხომ გახსოვთ მათი ალგორითმი, რომელიც გამოიხატება თბილისელი არბატელი ოკუჯავას ლექსით: „ნამ ნუჟნა ოდნა პობედა, მი ზა ცენოი ნე პოსტაიმ“. მაგრამ სხვა გათვლებიც გავაკეთე, ეს სანქციები რომ არ ყოფილიყო, რა სურათს მივიღებდით, ანუ რა უჯდება რუსეთს სანქციები და გაგიზიარებთ დიდი სიამოვნებით: 2014-დან 2019 წლის ჩათვლით რუსეთი აწარმოებდა, დაახლოებით, 980 მილიარდი დოლარის მთლიან შიგა პროდუქტს, ანუ სანქციების გამო ყოველწლიურად ზარალობს თითქმის 200 მილიარდი დოლარით. ანუ ვერ აწარმოებს ამ ღირებულების პროდუქციასა და მომსახურებას. ეს საკმაოდ დიდი ციფრია და რუსეთისთვის უზარმაზარი თანხაა გეოპოლიტიკური ამბიციების დაკმაყოფილებისთვის. შემთხვევითი არ არის, რომ რუსეთში ცხოვრების დონე არ გაიზარდა და, როგორც გითხარით, პირიქით, 11 პროცენტითაა შემცირებული.
– ფაქტია, რუსეთს აქვს რეზერვი, ანუ სწორად გათვალეს რისკები და გამოსავალიც იპოვეს. მეორეცაა, რომ დიდი გათვლაც არ სჭირდება, ალბათ, როდესაც ამდენი ოქრო გაქვს მიწაში, მაგრამ ფაქტია, სახელმწიფო ფუნქციონირებს საერთაშორისო ფინანსური ინიექციების გარეშეც, ოღონდ რატომ ვერ აისახება ეს მოსახლეობის კეთილდღეობაზე, ჩვენი არ იყოს, ეკონომიკა რომ იზრდება ციფრებში, ცხოვრების დონე კი – ვერა?
– რამდენიმე მომენტია. რუსეთში საკმაოდ დიდია ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი, ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს კი აკონტროლებენ ოლიგარქები, რომლებსაც მიღებულ შემოსავლებსა და მოგების დიდი ნაწილი ოფშორებში გააქვთ ან უცხოეთში აბანდებენ. 2014 წლამდე ლონდონს, ხუმრობით თუ ირონიით, ლონდონგრადსაც კი უწოდებდნენ, იმიტომ რომ იქ 30 000-მდე რუსი მილიონერი ცხოვრობდა, უძრავი ქონება ჰქონდათ შეძენილი. ახლა მდგომარეობა რამდენადმე შეცვლილია, რუსი მილიარდერების რაოდენობა ერთი მესამედით შემცირდა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ჩანს, რატომ გადადის მოსახლეობის ტყავზე სანქციები. გასათვალისწინებელია, რომ რუსეთი მიეკუთვნება იმ რამდენიმე სახელმწიფოთა რიგს, რომლებსაც იმდენი რესურსი აქვთ, რომ საგარეო კავშირების გარეშეც კი, თავიანთი რესურსის ხარჯზე შეძლებენ ფუნქციონირებას ჩაკეტილ სისტემაში. სხვა საკითხია, იქნება თუ არა ეფექტიანი, მაგრამ ამის რესურსი ნამდვილად აქვთ, რუსი ხალხიც შეჩვეულია გაჭირვებას და მათ მოთმინების დიდი პოტენციალი აქვთ ანგლოსაქსებთან შედარებით. ამდენად, იმის მოლოდინი, რომ უცებ დაიშლება რუსეთი, ჯერ არ ღირს.