№39 როგორ მონაწილეობდა ცისმარი ქშუტაშვილი ცნობილ იაპონურ სერიალში და რა რეგულაციები მიაღებინა მან იაპონიის ეკონომიკისა და განათლების სამინისტროებს
ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი
ცისმარი ქშუტაშვილის ისტორია საკმაოდ საინტერესოა. ის პირველი ქართველია, რომელიც იაპონიის წამყვან არხზე ორი წლის განმავლობაში მუშაობდა. გარდა ამისა, იაპონურ სიმღერის კონკურსში, რომელსაც მთელი იაპონია უყურებდა, მეორე ადგილი დაიკავა. მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ცისმარი, იაპონური სერიალების ვარსკვლავიც გახდა და მისი ინიცატივით იაპონიის ეკონიმიკისა და განათლების სამინისტრომ არაერთი რეგულაცია მიიღო.
ცისმარი ქშუტაშვილი: ბავშვობიდან ვგიჟდებოდი იაპონიაზე, ვუყურებდი ფილმებს მათ ტრადიციებზე, ვკითხულობდი წიგნებს და ძალიან მიზიდავდა – განსხვავებული იყო ჩემთვის. თუმცა არასდროს მიფიქრია, რომ იაპონიაში აღმოვჩნდებოდი, უბრალოდ, ყველაფერი ბუნებრივად მოხდა. მოკლედ, ქრონოლოგიურად მივყვეთ: ჩემი ოჯახი ტრადიციული და კონსერვატიულია და როდესაც ვთქვი, რომ თეატრალურში მინდოდა ჩაბარება, მითხრეს: ამაზე აღარ დაგველაპარაკოო. საბოლოოდ ჩავაბარე აზია-აფრიკის ინსტიტუტში დიპლომატიურზე და შემდეგ გავიგე, რომ იქ იყო იაპონური განყოფილება და რა თქმა უნდა, ავირჩიე. დავიწყე იაპონურის სწავლა, რომელიც უზომოდ შემიყვარდა. შემდეგ ვისწავლე იაპონიის რელიგია, კულტურა, ფილოსოფია, ისტორია, ყველაფერი და ეს იყო ჩემთვის ახალი სამყარო. მესამე კურსზე რომ გადავედით, იაპონიის განათლების სამინისტროს გამოცხადებული ჰქონდა კონკურსი, სადაც გავიმარჯვე, დამაფინანსეს და სასწავლებლად ერთი წლით ქალაქ კობეში, დასავლეთ იაპონიაში გავემგზავრე. ეს ერთი წელი ძალიან წარმატებული იყო ჩემთვის, ბევრი რამ ვისწავლე, სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობის, პოლიტიკის ლექციებს ვესწრებოდი. პლუს, მაღალ დონეზე შევისწავლე იაპონური ენა, გამოცდა ჩავაბარე, სერტიფიკატი ავიღე და დავბრუნდი საქართველოში.
– საქართველოში როგორ განვითარდა შენი კარიერა?
– დავამთავრე საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტი და უკვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ იაპონიაში უნდა დავბრუნებულიყავი. საქართველოში გავხდი იაპონური კომპანიის წარმომადგენელი, რომელმაც პირველმა დაიწყო ქართული მაწვნისა და ბორჯომის იაპონიაში შეტანა. დავდიოდი ლაბორატორიაში, ვარკვევდი მაწვნის დედოს შემადგენლობას, ვთარგმნიდი, ენციკლოპედიებში ვეძებდი, რადგან ისეთი თემები იყო, ქართულადაც არ ვიცოდი. საბოლოოდ მივაწოდეთ ფორმულა და დღემდე აწარმოებენ, საქართველოს იოგურტი ჰქვია და ძალიან პოპულარულია. პარალელურად, მაგისტრატურის გამოცდისთვის ვემზადებოდი, რომელიც ძალიან რთულია. მაგრამ, თუ ჩააბარებ, იაპონიის განათლების სამინისტრო ყველაფერს გიფინანსებს და პლუს გაძლევენ გრანტს – თვეში 1 800 დოლარს. რა თქმა უნდა, მოვიპოვე ეს გრანტი, ჩავაბარე ტოკიოს უნივერსიტეტში – „ტოდაიში“. გავაგრძელე სწავლა საერთაშორისო ურთიერთობაზე და პლუს ავირჩიე სპეციალობა: ადამიანის უსაფრთხოება, რომელიც ახალი კონცეფციაა. დავბრუნდი ტოკიოში, ჩავაბარე გამოცდები და შევედი ძალიან დიდ ელიტაში, რასაც „ტოდაის ელიტა“ ჰქვია. ნებისმიერ იაპონელს რომ უთხრა, „ტოდაი“ დავამთავრეო, სასწაული რეაქციები აქვთ: ვაიმე, შენ ძალიან ჭკვიანი იქნებიო, რადგან იაპონელებიც ვერ აბარებენ. პირველ კურსზე რომ ვიყავი, ჩვენს უნივერსიტეტში მოვიდა ცნობილი იაპონური არხის რეჟისორი, რომელიც ეძებდა ადამიანს, ვისაც შეეძლო იაპონურ ენაზე ესაუბრა მსოფლიოს ეკონომიკაზე და პოლიტიკაზე, პლუს უნდა ყოფილიყო სიმპათიური. ჩემმა პროფესორმა მითხრა: მიდი, დაელაპრაკეო. დაველაპარაკე, გაგიჟდა: აუცილებლად მოდიო. დამამტკიცეს და გადაცემის თანაწამყვანი გავხდი. მაგალითად, სტუმარი საუბრობდა საბერძნეთის ეკონომიკურ კრიზისზე და მე ვამატებდი: რა შედეგი შეიძლებოდა, გამოეწვია ამას, რა ეფექტს მოახდენდა ევროკავშირზე, საქართველოში რა გამოცდილება გვქონდა ამ მხრივ. სადაც შემეძელო, ყველგან საქართველოზე ვსაუბრობდი. გარდა ამისა, ჩემი სახელის გვერდით ყველა გადაცემაში ქართული დროშა ეხატა. შემდეგ სხვა პროდიუსერმა წამიყვანა გადაცემაში. სიუჟეტებს ვაკეთებდი. მაგალითად, მივდიოდი იაპონელთან, რომელიც დანებს ამზადებდა, ვაკეთებდი სიუჟეტს, შემდეგ ვიჯექი სტუდიაში და კომენტარებს ვაკეთებდი, ვუზიარებდი ჩემს გამოცდილებას. ძალიან მაღალი რეიტინგი ჰქონდა, მეუბნებოდნენ, შენ რომ მოხვედი, მას შემდეგ უფრო გაიზარდა რეიტინგიო. ორი წელი ვიყავი ამ გადაცემაში. ასევე, ვამზადებდი სიუჟეტებს კერძებზე. უცხოელი რომ იაპონური სიტყვებით გამოხატავდა ემოციებს, უკვირდათ და უხაროდათ.
– როდის დაიწყე იაპონურად სიმღერა?
– სიმღერა სულ მიყვარდა და როდესაც მეგობრები კარაოკეზე დავდიოდით, იქ ვმღეროდი ხოლმე და მოსწონდათ. ერთ დღესაც ჩემმა მეგობარმა მითხრა, „ნიჭიერში“ მიიღე მონაწილეობა, ჩანაწერი გააკეთე და გააგზავნეო. ამ კონკურსზე ძირითადად იაპონურ სიმღერებს ასრულებენ. მეც გავაგზავნე და ორი კვირის შემდეგ მითხრეს: თქვენმა ხმამ ძალიან დაგვაინტერესა, მოდით, მიკროფონთან უნდა მოგისმინოთო. მოკლედ, მომისმინეს და მითხრეს: მონაწილეობა უნდა მიიღოო. ცოტა შემეშინდა, რადგან პროფესიონალურად არასდროს მიმღერია. თან, მთელი იაპონია ნახავდა, სტუდიაში პროფესიონალი მომღერლები იქნებოდნენ, პლუს ჟიურიში – ყველაზე ცნობილი და დიდი მომღერლები. პირველი ქართველი ვიყავი ამ კონკურსში და საქართველოზეც გააკეთეს სიუჟეტი. ჩემ გარდა, რა თქმა უნდა, პროფესიონალი მომღელები მონაწილეობდნენ. მომცეს რამდენიმე სიმღერა, რომელიც უნდა დამემუშავებინა. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ კარგად მემღერა. რაც მთავარია, საქართველოს სახელი გაჟღერდებოდა, სასწაულ მომღერლებს შევხვდებოდი, გამარჯვებაზე არც მიფიქრია. მოკლედ სამი დღით ადრე მომცა სიცხე, ჩამეკეტა ხმა – ალბათ, ნერვიულობისგან. წამიყვანეს ექიმთან და როგორც იქნა, გამოვედი მდგომარეობიდან. პირველ ტურში ვიმღერე და არ ვიცი, სასწაული შეფასებები იყო. გაოგნებული ვიყავი, იმხელა ქულები დამიწერეს. გადამიყვანეს ფინალში, სადაც ვიმღერე იაპონიაში ყველაზე ცნობილი სიმღერა, ისეთი როგორიც ჩვენთან არის „თბილისო“. გაგიჟდნენ, მაქსიმალური ქულები დამიწერეს. ფინალში მე და ერთი მომღერალი გადავედით, რომელიც 15 წელია მღერის, თავისი ალბომები აქვს გამოშვებული.
– რა მოსწონდათ შენში ყველაზე მეტად?
– ძალიან მოსწონდათ, რომ ყველაფერს გულით ვმღეროდი. მეუბნებოდნენ: შენი ემოციები ბოლომდე იგრძნობა, 100 პროცენტით სცენაზე ხარ, გვითრევ სიმღერაში და შენ რომ გისმენთ, ვითიშებითო. გარდა ამისა, ძალიან კარგი ხმა გაქვს და შენი ხმა იაპონურ სიმღერას ძალიან უხდება, პლუს, უნაკლო აქცენტი გაქვსო. ვაიმე, წივილებით, კივილებით რომ გეუბნებიან ცნობილი ადამიანები: არასდროს დაგვავიწყდება, შენ ბავშვობაში დაგვაბრუნეო, უკვე ჩემთვის გამარჯვებას ნიშნავდა. რაც შეეხება ფინალს, მეორე ადგილი ავიღე, რადგან ის ტექნიკურად ჩემზე უკეთესი იყო და სულ რამდენიმე ქულით მეტი მიიღო. თუმცა, კონკურსი რომ დასრულდა, პროექტის ორგანიზატორები და ჟიური მეუბნებოდნენ: 2-3 ქულას ყურადღება არ მიაქციო, შენ ხარ გამარჯვებულიო, თან საქართველოს შესახებ მეკითხებოდნენ. დღემდე თავს გამარჯვებულად მივიჩნევ. ამ პროექტის შემდეგ ჩემი ცხოვრება შეიცვალა: მეორე დღეს ქუჩაში რომ გამოვედი, ხალხი საოცარი ემოციებით მხვდებოდა, მეუბნებოდნენ: შენ უნდა გაგემარჯვაო. ინტერნეტშიც წერდნენ: ამას უნდა მოეგოო. კონკურსის შემდეგ წამოვიდა შემოთავაზებები. ერთ-ერთმა ცნობილმა იაპონელმა გიტარისტმა შემომთავაზა: კონცერტი მაქვს და ძალიან მინდა, ჩემთან ერთად იმღერო. ბენდი დაუკრავს და შენ იმღერებო. ასეთ რამეს ვერასდროს წარმოვიდგენდი. დიდ სცენაზე გვქონდა კონცერტი, სადაც 20 ათასზე მეტი კაცი ეტევა. თან, გამოაცხადა: ახლა სცენაზე გამოვა გოგონა, რომელსაც ალბათ, უკვე იცნობთ. თუ არ იცნობთ, ახლა გაიცნობთო. შემდეგ მოყვა, რომ ვარ საქართველოდან. თქვა: რამდენ მომღერალთან ერთად მიმღერია, მაგრამ ასე არავის შევწყობივარ, მისი ხმა ჩემს სიმღერებს ძალიან უხდება, გულში ჩადისო. 4-5 სიმღერა ვიმღერე, თან ბენდთან, ცნობილ მუსიკოსთან ერთად, რომელიც არა მხოლოდ იაპონიაშია ცნობილი, არამედ ძალიან ბევრ ქვეყანაში აქვს ტურნეები. ხალხი ფეხზე წამოდგა, აპლოდისმენტებით გამომაცილეს. მოკლედ, სასწაული დღეები გამოვიარე. თან ის პეროდია, რომ ტელევიზიაშიც ვარ და პლუს, სწავლას ვამთავრებდი, თეზისს ვწერდი. 10 ოქტომბერს მქონდა კონცერტი და 13 ოქტომბერს ჩემი თემის დაცვა – უნივერსისტეტის დეპარტამენტის უფროსთან, ვინც აზანზარებს უნივერსიტეტს. დავიცავი ჩემი თეზისი და უცებ მეუბნება: სხვათა შორის, ძალიან კარგად იმღერე კონცერტზე, მომეწონა. ყოჩაღ, ორივე კარგად მოახერხეო. მოკლედ, დავასრულე სწავლა, ავიყვანე ახალი აგენტი და გადავერთე მსახიობობაზე. იაპონურ სერიალებში ვმონაწილეობდი. მოვხვდი დღემდე ერთ-ერთ ძალიან პოპულარულ სერიალში, სადაც ყველაზე ცნობილი მსახიობები, მოდელები მონაწილეობდნენ. მე ვთამაშობდი ინგლისელი მასწავლებლის როლს და იაპონელი ცნობილი მსახიობი გოგონა, რომელიც ასევე, ძალიან ცნობილია მთელ აზიაში, ჩემი კოლეგის როლს. ყველასთან დავმეგობრდი და დღემდე მაქვს ეს კონტაქტები. საქართველოშიც უნდათ ჩამოსვლა. ამის გარდა, სამ ცნობილ სერიალში ვითამაშე, თან, ძალიან კარგი როლები.
– ამ ყველაფრის გარდა კიდევ რით იყავი იაპონიაში დაკავებული?
– ამ ყველაფრის პარალელურად, მე და ჩემმა მეგობარმა დავაარსეთ არასამთავრობო ორგანიზაცია „იაპონიის ინტერნაციონალიზაციისთვის“, რომელიც გულისხმობდა იაპონიაში მყოფი სტუდენტების პრობლემების მოგვარებას. იაპონიის მთავრობამ იქაური სტუდენტების წარმომადგენლად დამნიშნა. ეკონიმიკის სამინისტროს კომიტეტის წევრი ვიყავი და რამდენიმე რეგულაცია მივიღეთ. ქართველებისთვის, ტურისტებისთვის ვიზის აღება რომ გამარტივდა, ეს ჩემი შეთავაზება იყო. რადგან ჩემს დროს ეს ძალიან რთული იყო და ვუთხარი: თუ გინდათ, ხალხი შემოვიდეს, დააინტერესოთ, უფრო გაამარტივეთ-მეთქი. ინტერვიუებიც აიღეს ჩემგან, რა უნდა შეცვალოს იაპონიის მთავრობამ, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ მიიღოს, უცხოელებმა აქ თავი კარგად იგრძნონო. მინისტრიც მეკითხებოდა: უცხოელები რომ ჩამოდიან, მოსწონთ ერთი-ორი წელი და მერე ვერ ფუძნდებიან, ამისთვის რა უნდა გავაკეთოთო. რეპორტი გავუკეთე, ყველაფერი დავუწერე. იმითაც ვამაყობ, რომ 10 წევრი ვიყავით ეკონომიკის სამინისტროს კომიტეტში, მე ვიყავი ერთადერთი ქალი და ისიც უცხოელი, დანარჩენი კაცები იყვნენ და თან რომ შემოგყურებენ: რა უნდა გავაკეთოთო. მეორე ჩემი პროექტი, რომელიც დღემდე გრძელდება, ეს არის დაფინანსებით ჩასული ხალხის მისაღები საღამო. მე რომ ჩავედი, ცოტა დავიბენი, არ ვიცოდი, სად წავსულიყავი, რა უნდა გამეკეთებინა. განათლების მინისტრს ვკითხე, ხალხი დაფინანსებით რომ ჩამოდის, მერე თუ გაქვთ მათთან ურთიერთობა, რას აკეთებენ, ამდენ ფულს რომ ხარჯავთ-მეთქი. არანაირი აღწერა არ გვაქვს, არაფერი ვიცითო. დროა, გააკეთოთ-მეთქი. ორგანიზება გავუკეთე ერთდღიან ივენთს, სადაც მოდიან სამინისტროების წარმომადგენლები, ხვდებიან სტუდენტებს, რომლებიც დაფინანსებით ჩადიან, ესაუბრებიან, აცნობენ იაპონიას. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ იწერენ სახელს, მონაცემებს, რაც შემდეგ შედის სისტემაში. ვებსაიტიც გავაკეთეთ, სადაც ყველა სტუდენტს შეუძლია დაფიქსირდეს, დატოვოს თავისი რეზიუმე და ექნებათ პლატფორმა, სადაც დაუკავშირდებიან მთავრობას ან კომპანიებს და შეძლებენ მუშაობის დაწყებას. მოკლედ, ორი წელი პარალელურად ვმუშაობდი და ძალიან ბევრი პროექტი გავაკეთეთ.
– რატომ წამოხვედი იაპონიიდან?
– ვფიქრობ, მენტალურად გადავიღალე. თითქოს, იაპონიაში ჩემი რესურსი ამოვწურე. თან, სულ მინდოდა ლოს-ანჯელესში წასვლა და სწავლა. ავარჩიე UCLA, რომელიც ერთ-ერთი პრესტიჟული სკოლაა. ინტენსიური პროგრამა ავირჩიე, გავაგზავნე მონაცემები, ვიდეოები, სამოტივაციო წერილი, გამომეხმაურნენ, ქასთინგები სკაიპით გავიარე, შემდეგ – ლექტორებთან. ჩავირიცხე და ჩავედი ლოს-ანჯელესში. დავიწყე სწავლა, ლექციები მქონდა, კამერასთან ურთიერთობას ვსწავლობდი და პლუს მასტერკლასებს მიტარებდნენ ცნობილი მსახიობები, პროდიუსერები, სცენარისტები. სწავლის პარალელურად, მოკლე ფილმებშიც მიღებდნენ, ვსწავლობდი იქაური მუშაობის პრინციპს. ასევე, მაინტერესებდა პროდიუსერობა და ორ ამერიკულ საპროდიუსერო კომპანიასთან დავიწყე თანამშრომლობა. ბევრი პროდიუსერი გავიცანი, თანამშრომლობის სურვილიც გაუჩნდათ, მაგრამ რადგან სამუშაო ვიზა არ მქონდა, ძალიან მნიშვნელოვან როლებზე ვერ მამტკიცებდნენ. ახლა საქართველოში ჩამოვედი და რა თქმა უნდა, უკან დავბრუნდები, რადგან მსახიობობა არის ის, რაც ძალიან მინდა, ვაკეთო. თან, დავწერე სცენარი – ქართველ გოგონაზე იქნება. მინდა, საქართველოშიც გადაიღონ და ამერიკაშიც. ამერიკული საპროდიუსერო კომპანიაა დაინტერესებული და იმედია, გადაღებები მალე დაიწყება.