№38 მამუკა ჩარკვიანი: ეჭვიანი ვარ და ეს სულ არ მიშლის ხელს ცხოვრებაში
ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე
სახელი: მამუკა.
გვარი: ჩარკვიანი.
პროფესია: მუსიკოსი.
– ბავშვობა...
– ბავშვობიდან მახსოვს შავი პიანინო და ნახატი, რომელზეც ქალი იყო გამოსახული და თვალს მაყოლებდა. მეშინოდა ამ ნახატის. პიანინოს თავზე ეკიდა და როცა ბავშვობას ვიხსენებ, სულ ეს ამომიტივტივდება ხოლმე გონებაში.
– მეშინია...
– მარტოობის. მაგრამ არავინ მტოვებს მარტო.
– სიყვარული – ეს არის...
– სიყვარული არის დაავადება, როცა გიყვარს, ავად ხარ, ჩამოყალიბებული გიჟი. ასეთი სიყვარული სამჯერ მქონდა, სამჯერ მიყვარდა გიჟივით. საყვარელი ადამიანის გამო აივნიდან აივანზე გადავდიოდი. ადამიანი იბადება სიყვარულისთვის, ოღონდ ყველას არ აქვს ამის უნარი. როგორც ჩანს, ზოგისთვის ამ გრძნობის ტვინში „ჩატვირთვა“ დაავიწყდათ. ასეთ ადამიანებს ჰგონიათ, რომ უყვართ, მაგრამ ეს არაა სიყვარული. ცოტა თუ არ „დაგცენტრა“, ის სიყვარული არ არის.
– დრო და სიყვარული...
– დრო არ გააჩნია ამ გრძნობას. უბრალოდ, რჩება შენში გრძნობა, რომელიც ავითარებს სხვა სიყვარულს. მეორედ, მესამედ თუ გეწვია ეს გრძნობა, ყოველ ჯერზე წინაზე ძლიერი იქნება. თუ ბევრჯერ შეყვარების უნარი გაქვს, გამოდის, რომ სიყვარულში ცხოვრობ.
– კაცის ბედნიერებისთვის ქალი აუცილებელია?
– ევამ და ადამმა ასე გადაწყვიტეს და ნამდვილად აუცილებელია.
– ყველაფრის პატიება შეიძლება?
– სიცრუეს ვერ ვაპატიებ ადამიანს.
– ბედისწერის გჯერათ?
– დიახ, რა თქმა უნდა. ადამიანი თავად განაგებს თავის ბედს, ის არის საკუთარი ბედის პატრონი. მჯერა ერთი რამის – სამყარო დიდია და ამ სამყაროს პატარა წევრები ვართ ჩვენ, რომლებიც შევდივართ რაღაც უსასრულობაში, სადაც ყველაფერი შვეიცარიული საათივითაა აწყობილი. ეს საათიც მუშაობს, მუშაობს და არასოდეს ჩერდება.
– სიზმრების გჯერათ?
– კი, მჯერა. მაგრამ ინტუიცია და წინათგრძნობა უფრო მაქვს. ამას წინათ დამემართა მსგავსი რამ, ჩემი შვილის ძმაკაცებთან ერთად ვუყურებდი ფეხბურთს, „იუვენტუსი“-„ნაპოლი“ თამაშობდა. მეც დავჯექი და დავიწყე ყურება, მერე ჩემს ბიჭს ვუთხარი: რას უყურებთ, ეს ხომ უკვე იყო დილით, 4-ით 3 დამთავრდება-მეთქი. ეს „ლაივია“, მამაო. არა, ნანახი მაქვს ეს თამაში, 4-ით 3-ს მოიგებს „იუვენტუსი“-მეთქი. მართლა ამ ანგარიშით დამთავრდა თამაში. გადაირივნენ ბავშვები, დაიწყეს დარეკვა ახლობლებში, მართლა ხომ არ იყო სადმე ნაჩვენები ეს თამაშიო. მართლა ვნახე ეს თამაში, საკუთარი თვალით. პირველად დამემართა მსგავსი რამ და არ მინდა, რომ კიდევ განმეორდეს. ამას თავისი უკურეაქციებიც აქვს – როცა ერთხელ გამოიცნობ რაღაცას, შეიძლება, შეჰყვე და კიდევ გქონდეს ამის განმეორების სურვილი და უნარიც. შემეშინდა ამ ყველაფრის. რაც შეეხება სიზმრებს, მიხდება რაღაცები. მამა მესიზმრება მაშინ, როცა მიჭირს, მაგრამ ის სიზმარი ყოველთვის კარგად მთავრდება.
– სამაგიერო გადაგიხდიათ?
– კი, ძალიან უწყენინებიათ ჩემთვის და მეც გადამიხდია სამაგიერო, ოღონდ მსუბუქად. ეს არის ერთგვარი პროფილაქტიკა – რომ იცოდეს, ვინ ხარ და არ დაავიწყდე.
– ეჭვიანი ხართ?
– კი, ვარ და სულ არ მიშლის ხელს ცხოვრებაში.
– როდის ტირით?
– მიტირია, სამშობლოს გულისთვის. მამაჩემის ლექსებს რომ ვკითხულობ, მაშინ ვტირი, ვერ ვკითხულობ ისე, რომ არ ამეტიროს.
– მარტივია თქვენთან ურთიერთობა?
– არ ვიცი, ებრაული გაგებით, „უცხოებს“ ვერ ვიტან. კაცი რომ გამოვა ქაჯი, იმას არაფერი ეშველება. არ მიყვარს ქაჯები. მამაჩემმა თქვა – „ქაჯობამ გვაჯობაო“ და რატომ უნდა გვაჯობოს.
– ბოდიშის მოხდა გიჭირთ?
– არა. როცა საჭიროა ყოველთვის ვიხდი ბოდიშს.
– რითი ამაყობთ?
– ჩემი დისშვილით – ირმა გიგანით. ასევე, ყველა იმ ქართველით, რომელიც ერთ აგურს დადებს სამშობლოსთვის.
– როდის ზარმაცობთ?
– სულ ვზარმაცობ, მარტო პიანინოზე ვუკრავ, ესაა ჩემი სამყარო. შრომისმოყვარე არ ვარ, მთელი ჩემი ცხოვრება ვიქეიფე.
– ბოლო თეთრს რაში გადაიხდიდით?
– სამოგზაუროდ წავიდოდი. იტალია და საფრანგეთი არ მაქვს ნანახი – სიამოვნებით წავიდოდი. სადაც სიბინძურეა, იქ ვერ წავალ, ამის გამო, ინდოეთს მარტო სურათებით ვნახავ (იცინის).
– უფალს რომ პირისპირ შეხვდეთ, რას ეტყოდით?
– უფალი ჩემშია და არ ვიცი, მოვიფიქრებ, როცა მაგის დრო დადგება. მადლობას აუცილებლად გადავუხდი.
– როდის გაგჭირვებიათ?
– შვიდი ოპერაცია გამიკეთეს, ხელი დამიზიანდა ნარკოზისგან და მაშინ ძალიან გამიჭირდა. იმ პერიოდში, მთელი თბილისი დამიდგა გვერდში, სიკვდილს გამომგლიჯეს ხელიდან. ეს იყო ჩემთვის ყველაზე რთული პერიოდი, მაგრამ გადავრჩი, უფალმა გადამარჩინა, ალბათ, არ ვიყავი მზად იმისთვის, რომ წავეყვანე.
– კაცებს ძლიერი ქალების ეშინიათ?
– არა, მე სულ ძლიერ ქალებთან მქონდა საქმე და არაფერია საშიში. უნდა მოექცე მათ ისე, როგორც თავად გექცევიან.
– არასოდეს დამავიწყდება...
– პირველი კონცერტი, მიკროფონი ვერ გამაშვებინეს ხელიდან. რომ დავდექი სცენაზე და მოვუჭირე მიკროფონს ხელი, ვეღარ მართმევდნენ, მეუბნებოდნენ, დამთავრდა შენი სიმღერა, გამოდი სცენიდანო (იცინის). მაშინ 40 წლის ვიყავი. დაუვიწყარი ემოციები იყო.
– მოგონებები მამაზე...
– დედაჩემმა გაიკეთა ოპერაცია. არ ვიცოდი, თუ იკეთებდა და დამაგვიანდა. ბოლოს მივედი და მამაჩემი მეუბნება, გაიკეთა უკვე. დედაშენი გადავარჩინეთ სამ კილომდე სიმსივნური წარმონაქმნი ამოაჭრეს, მაგრამ შენ რა დაიბადე ხუთი კილო და ავთვისებიანიო (იცინის). ჩვენს ოჯახში ყოველთვის იყო იუმორი.