№38 როგორ აიღეს იერუსალიმი ქართლის, კახეთისა და იმერეთის მეფეებმა ოსმალეთის სულთნის თხოვნით
ნინო კანდელაკი გიორგი მახობეშვილი
ქართლის მეფე დავით მეათემ ვერ შეძლო კახეთის შეერთება მისი სამეფოსთვის. კახეთში გამეფდა ავ-გიორგის ვაჟი ლევანი. 1525 წელს დავით მეათე მეფობიდან გადადგა და ბერად აღიკვეცა. ტახტზე ავიდა მისი ერთ-ერთი ძმა – გიორგი.
ლევან მეფემ ცოლად მოიყვანა გურიის მთავრის, მამია პირველის ასული თინათინი. „და შვა ორ ძე: ალექსანდრე და ვახტანგ. და მიიცვალა თინათინ და დაემარხა ეკლესიასა თვისსა შენებულსა. ამისთვის არა დაეფლა ქმრისა მისისა თანა, რამეთუ იყო ლევან კაცი მეძავი. და შემდგომად ისუა ლევან სხუა ცოლი, ყარა მუსალის შამხლის ასული, მანცა უშვა ძე სამი: გიორგი, ელიმირზონ და ქაიხოსრო“.
იმ დროს, 1510 წლიდან იმერეთის სამეფოს ხელმწიფე იყო ბაგრატ მესამე, დიდი სახელმწიფო მოღვაწე და შესანიშნავი სარდალი. ბაგრატ მეფე შესანიშნავი პიროვნება გახლდათ, ებრძოდა ტყვეთა სყიდვას. ჩაატარა საეკლესიო კრება, რომელსაც აფხაზეთ-იმერეთის კათალიკოსის, ევდემონის გარდა მცხეთის კათალიკოსი, მალაქიაც ესწრებოდა. კრებაზე დაადგინეს, ტყვეთა სყიდვისთვის სიკვდილით დაესაჯათ, ჩამოეხრჩოთ დამნაშავენი. მეფე ბაგრატი ცდილობდა დასავლეთ საქართველოს გაერთიანებას. მისი ფრესკა გამოსახულია გელათში, სადაც მას ისეთივე საიმპერატორო გვირგვინი ადგას, როგორიც დავით აღმაშენებლის გელათურ და სინას მთის ფრესკებზეა გამოსახული. ალბათ, დავითისეული საიმპერატორო გვირგვინი იმერეთში, გელათში ინახებოდა ან ბაგრატ მესამის ფრესკის შემქმნელმა სპეციალურად დახატა, მისი დიდი წინაპრის, დავით აღმაშენებლის მსგავსად, რათა ბაგრატ მეფის დიდებულება ეჩვენებინა.
1520 წლიდან ოსმალეთის სასულთნოს სათავეში იდგა სულეიმან პირველი, კანუნად წოდებული, სულთან სელიმ პირველის მამისმკვლელი ვაჟი. ოსმალეთი ძალიან გაძლიერებული იყო და მაშინდელ მსოფლიოში მისი ძალმოსილების სახელმწიფო, ფაქტობრივად, არც არსებობდა. სულეიმანმა განაგრძო მამისა და წინაპრების საქმიანობა და ყველა მიმართულებით დაპყრობით ომებს აწარმოებდა.
„ახალ ქართლის ცხოვრებაში“ ერთი უჩვეულო ამბავია მოთხრობილი. თითქოს, სულთანმა მეფე გიორგის, იმერეთის მპყრობელს ბაგრატს და კახეთის მპყრობელ ლევანს გამოუგზავნა ელჩი და მოსწერა: „საფლავი ქრისტესი და ადგილნი წმიდათანი სჯულისა თქუენისანი დაიპყრეს უსჯულოთა და შეაბილწეს, მოვედით სპითა თქუენითა და განაძეთ ესენი და თქუენდა მიმიცემიაო“. ესე იგი, იერუსალიმის გარნიზონი გააძევეთ და თქვენ გადმოგცემთო. არც „ახალი ქართლის ცხოვრება“ და არც ვახუშტი ბაგრატიონი, რომელსაც ასევე აქვს მოთხრობილი ეს ამბავი, არ აზუსტებენ, თუ რომელი ეროვნების გარნიზონი იდგა მაშინ იერუსალიმის ციხეში.
ქართველების იერუსალიმისადმი დამოკიდებულება მთელი მსოფლიოსთვის იყო ცნობილი. იერუსალიმი იუდეველებისთვის, მაჰმადიანებისთვის და ქრისტიანებისთვის წმიდა ქალაქია. იერუსალიმი ყოველთვის განსაკუთრებულად აინტერესებდა სამივე რელიგიის წარმომადგენლებს. იერუსალიმისთვის რელიგიური ომებიც ხდებოდა. გავიხსენოთ, რამდენი ჯვაროსნული ომი იქნა წამოწყებული იერუსალიმის გასათავისუფლებლად. რამდენჯერ წამოიწყეს მაჰმადიანებმაც იერუსალიმისთვის ბრძოლა, ქრისტიანების იქიდან გასარეკად. მაჰმადიანების სხვადასხვა სახელმწიფოებს შორისაც ხდებოდა ომები პალესტინა-იერუსალიმის გამო და ასე შემდეგ.
ზემოთ აღნიშნული გადმოცემა კიდევ ერთხელ გვამცნობს, ქართველების იერუსალიმისადმი განსაკუთრებული სიყვარულის შესახებ და ქვეტექსტში, ალბათ, იგულისხმება, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მაჰმადიანი მბრძანებლების მიერ ქართველებისთვის იერუსალიმში დაწესებული შეღავათები და პატივისცემა.
მეფე გიორგი რამდენიმე წელი მართავდა ქართლის სამეფოს. ქართლის კათალიკოსი იყო მისი ძმა, მელქისედეკი. ეს უნდა მომხდარიყო 1528 წლამდე, შემდეგ მეფე გიორგი უკვე გადამდგარი იყო ტახტიდან და ქართლის მეფე გახლდათ ლუარსაბ პირველი, დავით მეათის ძე.
სულთნის წინადადება რომ მოისმინეს მეფე გიორგიმ, მეფე ბაგრატმა და მეფე ლევანმა და მათმა ქვეშევრდომებმა, ძალიან გაუხარდათ. შეკრიბეს სამივე ქართული სამეფოს გაერთიანებული, მაგრამ, მცირერიცხოვანი ჯარი და გაემართნენ უფლის საფლავის გამოსახსნელად.
ქართველები იერუსალიმს რომ მიადგნენ, იქ მდგომ მაჰმადიანთა მეციხოვნეებს გაუკვირდათ, გამოუგზავნეს ქართველებს კაცი და შემოუთვალეს: „უკეთუ სტუმარი ხართ, მაშ მტერობა რა არისო“? გაოცებულები იყვნენ მაჰმადიანები: „სტუმრობისთვის ბევრი ხართ და თუ საბრძოლველად მოხვედით, ძალიან ცოტა ხართო“. მაშასადამე, ქართველ მეფეებს მცირერიცხოვანი ჯარი ჰყოლიათ წაყვანილი იერუსალიმში.
ქართველთა სიმცირით გულმოცემულნი იერუსალიმის მაჰმადიანი დამცველები გამოვიდნენ ქალაქის ციხიდან და შეებნენ ქართველთა ჯარს. „და იქმნა ბრძოლა ძლიერად“. ღმერთმა გაამარჯვებინა ქართველებს ქრისტეს საფლავთან. მაჰმადიანები გაიქცნენ, შეირბინეს ქალაქში, ჩაკეტეს ჭიშკრები და გამაგრნენ გალავანთან.
ქართველები მიჰყვნენ, შეუტიეს და წაართვეს ციხე და ქალაქი იერუსალიმი. ბრძოლაში ბევრი მაჰმადიანი მომკვდარა. გაათავისუფლეს ქართველებმა ქრისტეს საფლავი და სხვა წმიდა ადგილები.
შეატყობინეს ეს ამბავი ხონთქარს. სულთანმა ძალიან გაიხარა და გამოუგზავნა ქართველთა მეფეებს ხალათები და უამრავი საჩუქარი „და მოსცა ქრისტეს საფლავი, გოლგოთა, ბეთლემი, ჯუარის მონასტერი და სხუანი მონასტერნი ყოველნივე ხონთქარმან მათ სიგლითა მტკიცითა“.
ძალიან გაიხარეს მეფეებმა გიორგიმ, ბაგრატმა და ლევანმა და გამოემართნენ სამშობლოსკენ გამარჯვებულები და ბედნიერები.
სინამდვილეში, იერუსალიმი ოსმანებმა აიღეს 1517 წელს, სულეიმანის მამის, სელიმ პირველის სულთნობისას. ჰიპოთეტურად რომ დავუშვათ, ევროპაში სალაშქროდ მყოფ სულთან სულეიმანს შეიძლება, რაიმე პრეტენზია ჰქონოდა იერუსალიმში მის ან მამამისის მიერ დანიშნული მმართველისადმი და ის შესაძლებელია, ქართველების ხელით მოეშორებინა. ან, ჩვენს რეგიონში ირანელები რომ არ მომძლავრებულიყვნენ, ქართველების კეთილგანყობის მოპოვება სურდა. თუმცა, ეს მხოლოდ თეორიაა. პრინციპში, ასეთ თეორიას გადმოგვცემს ვახუშტიც: „ესე ჰყო ხონთქარმან, რამეთუ ბრძოდა დასავლით; მეორედ, ვინაითგან შიხის ძე ყეენი (ირანის შაჰი) და იგი მტერობდნენ; რათა ამით დაიპყრას მან ყოველი საქართველო და არა მიერთნენ შიხსა“.
შესაძლოა, ქართველთა ჯარი სულთან სელიმს ეხმარებოდა იერუსალიმის აღებაში, როცა ქართლში ჯერ კიდევ დავით მეცხრე მეფობდა, ხოლო კახეთში ლევანი ჯერ არ ასულიყო ტახტზე, მამამისი, ავ-გიორგი კი მოკლული იყო უკვე და ის ამბავი ცოტა შეცდომით იქნა აღწერილი. რაღაც საფუძველი ამ ცნობას უნდა ჰქონდეს.
დაზუსტებით ძნელი სათქმელია რის გამო, მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ სულეიმან პირველის დროს იერუსალიმში რელიგიური თავისუფლება იყო დაშვებული და სხვადასხვა სარწმუნოების წარმომადგენლებს შეეძლოთ, თავისუფლად ელოცათ.