№38 ცოლი უცხოეთში სამუშაოდ გავუშვი და გამითხოვდა
მე და ჩემს ცოლს პირად ურთიერთობებში პრობლემები არასდროს გვქონია. პირიქით, ისეთი თბილი და მოსიყვარულე ცოლქმრობა გვქონდა, ყველა ჩვენ შემოგვნატროდა და ვხუმრობდით ხოლმე, თვალი არ გვეცეს, გიშერი დავიკიდოთო. ბოლო წლებში სამსახურში სიტუაცია აირია., დავკარგე ის თანამდებობა, სადაც წლები ვმუშაობდი, დეპრესიაში ჩავვარდი და სახლში ჩავჯექი. ისეთ სიტუაციაში ვიყავი, გარეთ გახედვა არ მინდოდა. ცოლ-შვილის მერიდებოდა, უფულოდ რომ დავრჩი, თვალებში ვერ ვუყურებდი. დანაზოგი კი მქონდა, მაგრამ როდემდე გვეყოფოდა. გოგონა სკოლას ამთავრებდა, უმაღლესში ჩასაბარებლად ვამზადებდით, ბიჭი კი მეათე კლასში უნდა გადასულიყო, თან, სპორტზე დადიოდა და ეს ყველაფერი კი საკმაოდ დიდი თანხა ჯდებოდა. სიმართლე გითხრათ, იმის გამო, რომ სამსახური არ მქონდა და ფული ვერ შემომქონდა, ოჯახში არავის გამოუთქვამს საყვედური. პირიქით, გვერდით დამიდგნენ, მაიმედებდნენ. განსაკუთრებით ჩემი ცოლი მიფრთხილდებოდა. მეუბნებოდა: ოღონდ შენ ნერვიულობით გულმა არ დაგარტყას და რამეს ვიზამ, ვიშოვი დამატებით სამსახურს და გარჩენთ, მერე შენთვისაც გამოჩნდება რამეო. ერთ დღესაც, ჩემი ბიძაშვილის ცოლი მოვიდა სტუმრად. წლების განმავლობაში იტალიაში იყო, მოხუცს უვლიდა და მთელ ოჯახს იქიდან გამოგზავნილი ფულით ინახავდა. რომ გაიგო ჩვენი სიტუაცია, ჩემს ცოლს შესთავაზა: აქ რაც არ უნდა იფაფხურო, იმდენს მაინც ვერ იშოვი, რომ ოჯახი არჩინო. იტალიაში რომ დავბრუნდები, ყველაფერს გაგირკვევ, მაღალანაზღაურებად სამსახურს გიშოვი, გზისა და საბუთების ფულსაც გასესხებ და იქ ჩამოდიო. მე არ მინდოდა, მაგრამ ჩემი ცოლი შემიჩნდა: მართალია ეს ქალი, წავალ ცოტა ხნით, ბავშვებისთვის დავაგროვებ ცოტა თანხას, შენც მშვიდად იქნები და მეც, რომ ბავშვებს გვერდით ეყოლები, ყურადღებას მიაქცევ. ორ კაპიკს ვიშოვი და სად წავალ, ისევ აქ დავბრუნდებიო. მოკლედ, იმდენი ქნა, მაინც დამითანხმა. საბუთები ნასესხები ფულით გააკეთა და იტალიაში სამუშაოდ წავიდა. ახალი ჩასული რომ იყო, ხშირად გვირეკავდა, გვეკონტაქტებოდა, ფულსაც გვიგზავნიდა, მაგრამ რამდენიმე თვის მერე, მხოლოდ ბავშვებს ეკონტაქტებოდა, მე თავს მარიდებდა. ფულის გამოგზავნაც შეამცირა. ამბობდა, აქაც კრიზისია და ხელფასი დამიკლესო. მეცოდებოდა, ვფიქრობდი, ეს ახალგაზრდა ქალი როგორ გავუშვი მოხუცის მომვლელად და მე, ჯან-ღონით სავსე კაცი როგორ დავჯექი სახლში უმუშევრად-მეთქი. გულხელდაკრეფილი არ ვმჯდარვარ, მეც ვეძებდი სამსახურს, მაგრამ ვერაფერი ვიპოვე. ერთ დღესაც ბავშვმა მითხრა: დედამ დამირეკა და ასე მითხრა, მამაშენმა საბუთები გაამზადოს, „სკაიპით“ ჩავერთვები ნოტარიუსთან ერთად, განქორწინება მინდაო. დავიბენი, ვიფიქრე, ეს ბავშვი ხომ არ გაგიჟდა, რეებს მეუბნება-მეთქი. მაგრამ ზუსტად ასე მოხდა – ოფიციალურად გამშორდა, ვიღაც ასაკოვან იტალიელ ბაბუაზე იქორწინა და დამტოვა პირში ჩალაგამოვლებული. იმდენად შემელახა თავმოყვარეობა, თავის მოკვლა მინდოდა, მაგრამ შვილების გამო, ვერ გავბედე. მამშვიდებდა, გულმა არ დაგარტყასო და ისეთი რამ გამიკეთა, საერთოდ აღარ მახსოვს, სად მაქვს. სამი წელი იცხოვრა იმ კაცთან და ერთი თვის წინ გავიგე, თურმე, ის კაცი გარდაცვლილა, ბინა და ქონება ჩემს ცოლზე დაუმტკიცებია და ახლა ქალბატონს შვილების წაყვანაც სურს. მე, რასაკვირველია, წინააღმდეგი ვარ, მაგრამ უფულობის გამო ვერ ვიღებ ხმას. ხანდახან ვფიქრობ, წაიყვანოს, იქ მაინც ნახავენ ცხოვრებას, აბა, მე რაღაში ვჭირდები-მეთქი. აღარ ვიცი, რა ვიფიქრო, რა წყალში გადავვარდე. ცოლი დავკარგე და ახლა შვილების დაკარგვაც არ მინდა, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. ამათაც დედის გვერდით უნდათ. თან, იმასაც ვფიქრობ, ესენი იყვნენ კარგად და ჩემს თავს აღარ დავეძებ, ვიქნები მარტო, ნათესავების იმედზე-მეთქი.
თენგო, 57 წლის.