№38 როგორ დაიწყო „ცივი ომი“ და რატომ შეადარა სტალინმა ჩერჩილი ჰიტლერს
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
მავანთა მტკიცების მიუხედავად, რომ თითქოს იოსებ სტალინი იყო სოციალისტურ და კაპიტალისტურ სისტემებს შორის გლობალური დაპირისპირების მოთავე, ოფიციალური დოკუმენტები სრულიად საპირისპიროზე მიგვითითებს... პუბლიცისტი ეგორ ჩინაროვი წერს: „სამოცდაათ წელიწადზე მეტია, დასავლეთის პროპაგანდისტული საშუალებები მსოფლიოს ამცნობენ, რომ „ცივი ომი“, ანუ გლობალური სისტემური დაპირისპირება საბჭოთა კავშირმა, ანუ მისმა ბელადმა სტალინმა დაიწყო. ეს კი მტკნარი სიცრუეა. ოფიციალურად „ცივი ომის“ დაწყების თარიღად 1946 წლის 5 მარტი ითვლება, როდესაც დიდი ბრიტანეთის ექსპრემიერ-მინისტრმა (იმ პერიოდში ის ოპოზიციის ლიდერი იყო), უინსტონ ჩერჩილმა შეერთებული შტატების ქალაქ ფულტონში, ვესტმინისტერის კოლეჯში წარმოსთქვა სიტყვა, სადაც ლაპარაკი იყო საბჭოთა კავშირთან დაპირისპირებაზე ინგლისურ ენაზე მოლაპარაკე ხალხების მხრიდან. 9 დღის მერე კი სტალინმა გაზეთ „პრავდაში“ გამოქვეყნებული ინტერვიუს საშუალებით პასუხი გასცა ჩერჩილს. საბჭოთა ბელადმა ჩერჩილი ჰიტლერს შეადარა და „ბრიტანელი ლომი“ რასიზმში დაადანაშაულა. ამის მერე კი მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად დაიძაბა და მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ჩამოყალიბებულმა კავშირმა რღვევა დაიწყო. არა და, ჯერ კიდევ 1946 წლის დასაწყისში სტალინმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჰარი ტრუმენს მოკავშირული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და ძალიან მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური და სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობა შესთავაზა. საბჭოთა ბელადმა თავის ამერიკელ კოლეგას ეს წერილი ვიაჩესლავ მოლოტოვმა ჩაუტანა, რომელიც ჰარი ტრუმენს „თეთრ სახლში“ შეხვდა. ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „სტალინის გზავნილი ტრუმენისადმი ასე ფორმირდებოდა: მიუხედავად ჩვენს დიად ქვეყნებს შორის იდეოლოგიური განსხვავებებისა, მოდი, შევთანხმდეთ და სავაჭრო-ეკონომიკურად და სამხედრო-პოლიტიკურად ბევრად უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთო... ტრუმენმა ეს გზავნილი ჩემ წინ წაიკითხა და სახე გაუბრწყინდა. აშკარა იყო, რომ ეს იდეა მოეწონა და თქვა: შესანიშნავიაო, რაც ფაქტობრივად, თანხმობას ნიშნავდა. თუმცა, იქვე მყოფმა ვიცე-პრეზიდენტმა, ოლბენ ბარკლიმ ტრუმენს სწრაფად გადაუჩურჩულა რაღაც (ჩემი აზრით უთხრა, არ დათანხმდეო), რის შემდეგაც, ცოტა ხანში, პრეზიდენტმა მითხრა, – ვფიქრობ, დაფიქრებაა საჭირო და პასუხს მოგვიანებით გეტყვითო... სამწუხაროდ, ტრუმენის პასუხი იყო ჩერჩილის 5 მარტის ფულტონში გამოსვლა, რომელშიც ბრიტანეთის ექსპრემიერ-მინისტრმა მიწასთაან გაასწორა საბჭოეთი, სტალინი და ჩვენი მოკავშირეები. ჩერჩილის გამოსვლა არაოფიციალური ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა. ლექციის ხასიათს ატარებდა და ის (ჩერჩილი) ამერიკის შეერთებულ შტატებში კერძო პირის სტატუსით იმყოფებოდა. თუმცა, ჩერჩილს თან ახლდა ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი ჰარი ტრუმენი. მეტიც, ტრუმენი არ გაემიჯნა ჩერჩილის გამოსვლას და ჩვენ (იგულისხმება საბჭოთა კავშირი) ეს ტრუმენის თანხმობად ჩავთვალეთ. თუმცა, სტალინს „პრავდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში არ უხსენებია ტრუმენი და მხოლოდ ჩერჩილს გასცა საკადრისი პასუხი. ტრუმენს კი დიპლომატიური შანსი დაუტოვა. მიუხედავად ამისა, ტრუმენი დუმდა და სხვა არაფერი დაგვრჩენოდა, რომ უინსტონ ჩერჩილის პროვოკაციული გამოსვლისა და ანგლო-ამერიკელების ქმედებებისთვის შესაბამისად გაგვეცა პასუხი...“
უკვე დადასტურებული ფაქტია, რომ ოლბენ ბარკლიმ ჰარი ტრუმენს გადაუჩურჩულა, არ დათანხმდეთო. შემდეგ კი ამ შეთავაზებებს უსერიოზულესი განხილვა მოჰყვა ვიწრო წრეში და ჩერჩილიც საქმის კურსში იმიტომ ჩააყენეს, რომ აშკარა იყო, ის ბრიტანეთის პრემიერობას დაუბრუნდებოდა და შეერთებულ შტატებთან ერთად გამოვიდოდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. სავარაუდოდ, ფულტონის პროვოკაციაც ერთობლივად დაიგეგმა, თუმცა, როგორც თავად ტრუმენი თავის მემუარებში აღნიშნავს, ნანობს, რომ ისტორიული შანსი ხელიდან გაუშვა და სტალინის წინადადებაზე შემხვედრი ნაბიჯები არ გადადგა...
ისტორიკოსი როი მედვედევი წერს: შეთქმულების თეორიის მომხრეები ამტკიცებენ, რომ ჰარი ტრუმენს სტალინის წინადადების მიღება საერთაშორისო ოლიგარქიულ-პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა გადააფიქრებინა და მას აგრძნობინეს (ტრუმენს), რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ფიზიკურადაც კი მოსპობდნენ... არ ვიცი, რამდენად მართალია ეს ყოველივე, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება და აშკარაა, რომ შეერთებულმა შტატებმა მაშინ შეცდომა დაუშვა, რასაც თავის მემუარებში ტრუმენიც აღიარებდა და ნანობდა...“
არსებობს მოსაზრება, რომ ტრუმენის უარი სტალინის წინადადებებზე შიშით იყო გამოწვეული. შესაძლოა, ანგლო-ამერიკელებმა იფიქრეს, რომ სტალინი მჭიდრო ურთიერთობებთან ერთად მათ იდოლოგიურ დოგმებსაც შეუცვლიდა, მათ მყარ წყობაში დეზორგანიზაციას შეიტანდა და „კომუნიზმით გახრწნიდა“. არა და, სტალინი სავსებით რეალურად სთავაზობდა ამერიკელებს საბჭოთა სიმდიდრით სარგებლობას (ციმბირისა და ურალის საბადოები), თუმცა კომუნიზმისადმი შიში იმდენად დიდი იყო, რომ ასეთ „მსუყე ლუკმაზეც“ კი უარი განაცხადეს.
ასეა თუ ისე, ფაქტი ფაქტად რჩება, რომ სტალინი მართლაც რეალურად აპირებდა იმ პერიოდში არსებული დაპირისპირების აღმოფხვრას, თუმცა ამან ანგლო-ამერიკელების წყალობით უფრო გლობალური ხასიათი მიიღო.“