№38 როდის შეიძლება ყურძნის მიღება
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
ყურძნის წვენი ხელს უშლის რაქიტის განვითარებას, ეხმარება კუჭ-ნაწლავის დაავადებების, ფილტვის ტუბერკულოზის, სურავანდის, გულის დაავადებების მკურნალობას. ყურძენი სასარგებლოა სისხლნაკლებობის დროს, ის შეიცავს სამ ვიტამინს, რომლებიც ხელს უწყობს სისხლის წარმოქმნას: ფოლიუმის მჟავა (აძლიერებს მას), K ვიტამინი (მოქმედებს სისხლის შედედებაზე) და P ვიტამინი (ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, აბალანსებს სისხლის წნევას).
ყურძნის გამხმარი ფოთლებისგან ამზადებენ ფხვნილს და იღებენ დღეში 2-4 გრამს – შინაგანი, განსაკუთრებით კი საშვილოსნოს სისხლდენის დროს.
წითელი ან თეთრი ღვინის ზომიერი გამოყენება (50-60 მილილიტრი) ორგანიზმში ზრდის „კეთილი“ ქოლესტერინის დონეს (მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს), რაც თავის მხრივ, მკვეთრად აქვეითებს „ცუდი“ ქოლესტერინის დონეს (დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს), რომელიც ბლოკავს არტერიებს და იწვევს გულის შეტევას.
ყურძენი სასარგებლოა ნერვული დაავადებების, უძილობის დროს.
გაციებისა და სასუნთქი გზების დაავადებების დროს ამზადებენ ქიშმიშის ნახარშს და იღებენ ამოსახველებელ და ხველების საწინააღმდეგო საშუალებად: 100 გრამი ქიშმიში 1 ჭიქა წყალში იხარშება, შემდეგ გადაიწურება და მიიღება 70-100 მილილიტრი დღეში 3-4-ჯერ.
ყურძენი სასარგებლოა სასუნთქი გზების მწვავე ანთებითი პროცესების დროს, ბრონქული ასთმისა და პლევრიტისას, ასევე ფილტვების ტუბერკულოზის სამკურნალოდ საწყის სტადიაზე.
ყურძენს აქვს ასევე ანტიბაქტერიული მოქმედება. ის კლავს ნაწლავის ჩხირს და ქოლერის ვიბრიონს.
ანტიბაქტერიული თვისებებით ხასიათდება ყურძნის ფოთლებიც და კარგია დაჩირქებული ჭრილობებისა და წყლულების შეხორცებისთვის. ფოთლების ნაყენით ჩამოიბანეთ ჭრილობა და წყლული; ჭრილობასა და ფურუნკულზე დაიდეთ ახალდანაყილი ფოთლები.
ყურძნის წვენი, წითელი ღვინო და ქიშმიშის ჩაი ეწინააღმდეგებიან პოლიოვირუსს, მარტივი ჰერპესის ვირუსს (მჰვ-1 და მჰვ-2) და რეოვირუსს.
რადგან ღვინოსა და ყურძნის წვენს ყველა არ სვამს, იმუნური სისტემის გასაძლიერებლად დააყენეთ ქიშმიშის ჩაი: 750 მილილიტრ წყალს დაუმატეთ 250 გრამი ქიშმიში, 1 ჩაის კოვზი სიროფი, დაახურეთ თავზე და დატოვეთ 1 საათი. გადაწურეთ და შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ 200-250 გრამი ყოველდღე.
ყურძნით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა, ეწვიოთ ექიმს, რადგან ყურძნით მკურნალობას ან მის გადაჭარბებით მიღებას უკუჩვენებები ახასიათებს შაქრიანი დიაბეტისა და გაცხიმოვნების დროს, რადგან ის ფრიად მაღალკალორიულია შაქრების, კერძოდ კი, გლუკოზის დიდი შემცველობის გამო.
ასევე, ყურძნის მიღება არ შეიძლება:
* კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის გამწვავების დროს. რემისიის პერიოდში შეგიძლიათ მიირთვათ ნაზი, წვნიანი ჯიშის ყურძენი;
* კოლიტისას, რომელსაც თან ახლავს დიარეა;
* ქრონიკული ფარინგიტისა და ფილტვების ქრონიკული ანთების დროს;
* გულის მწვავე უკმარისობის დროს, რომელსაც თან ახლავს შეშუპება და მომატებული წნევა;
* ღვიძლის ქრონიკული უკმარისობისას კალიუმის ცვლის მოშლის დროს;
* კარიესის დროს ყურძენი აჩქარებს კბილის ქსოვილის დაშლას, ამიტომ ყურძნით მკურნალობის დაწყებამდე კბილები სრულად უნდა განკურნოთ. კბილების დასაცავად ყურძნის ყოველი მიღების შემდეგ პირის ღრუში კარგად გამოივლეთ სასმელი წყალი.