კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 როკფელერმა ამერიკის ბალეტის განვითარებისთვის ცხრა მილიონი დოლარი პირადად ჯორჯ ბალანჩინს გადასცა

ნინო კანდელაკი ეკა პატარაია

  „გიორგი თავის მიერ ჩამოყალიბებულ „ახალგაზრდულ საბალეტო ჯგუფთან“ ერთად პეტროგრადთან ახლომდებარე ქალაქებში მოგზაურობდა და ასე შოულობდა რაღაც კაპიკებს. ხან კინოთეატრებში აკომპანიმენტს უკრავდა, თურმე. გასამრჯელოდ პურს, საპონს, ასანთს აძლევდნენ. ძლივძლივობით გაჰქონდათ თავი. დიდი შიმშილობა გადაიტანეს... ერთი სიტყვით, ბევრ გაჭირვებას გაუძლეს“... – გიორგის ძმის, ანდრია ბალანჩივაძის ეს მოგონება, სხვა მრავალ საინტერესო დეტალთან ერთად, შეტანილია ვენაში მცხოვრები მუსიკათმცოდნე ნონა ლომიძის წიგნში. იგი 20 წელიწადია იკვლევს სახელოვანი ბალეტმაისტერის, ჯორჯ ბალანჩინის ცხოვრებასა და შემოქმედებას.
სტატიაში დიდ ბიძას გაიხსენებს ძმისშვილი – ცისკარი ბალანჩივაძე, აგრეთვე, შემოგთავაზებთ ანდრია ბალანჩივაძისა და „ნიუ-იორკ სიტი ბალეტის“ ყოფილი პრიმა-ბალერინის, კარინ ფონ აროლდინგენის მოგონებებს აღნიშნული წიგნიდან.
  კარინ ფონ აროლდინგენი: „რუსეთის ერთ-ერთი გაზეთის თუ ჟურნალის კორესპონდენტმა ჰკითხა ბალანჩინს, თუ რატომ დატოვა რუსეთი. ბალანჩინმა ძალიან შეწუხებული სახით და ძალიან მშვიდად უპასუხა: „მდაა, მე ისე დამწუხრებული ვიყავი ლენინის სიკვდილით, რომ აუცილებლად უნდა წავსულიყავი აქედან“... დიდი იუმორი ჰქონდა“.
  ანდრია ბალანჩივაძე: „იმ პერიოდში ლუნაჩარსკის მეოხებით მოხერხდა ლენინის თანხმობის მიღება, რომ საბჭოთა მსახიობთა ჯგუფები საგასტროლოდ საზღვარგარეთ გაეგზავნათ. ასე მიდიოდნენ მომღერალთა, მუსიკოსთა ჯგუფები. ასე წავიდა გიორგის დასიც მარიის თეატრიდან. დასში იყო ათი-თორმეტი კაცი, მათ შორის გიორგის პირველი ცოლი – ტამარა ჟევერჟეევა (ჟივა). ცოლი სრულიად ახალგაზრდამ შეირთო. საგასტროლოდ რომ წავიდნენ, გიორგის უკვე ტუბერკულოზი სჭირდა. პირველი გამოსვლები მონტე-კარლოს საოპერო თეატრში ჰქონდათ. წარმოდგენას სერგეი დიაგილევიც ესწრებოდა. უჩვენეს სკრიაბინის „პა-დე-დე“ და რამდენიმე ნაწყვეტი სტრავინსკის „ფასკუნჯიდან“. დიაგილევს ძალიან მოეწონა თურმე ჩემი ძმის ქორეოგრაფიული სცენები და ცეკვები. თავისთანაც მიიწვია, რომ იქ დაედგა რამე. დიაგილევს ძალიან უყვარდა გვარების გადასხვაფერება, მით უფრო, როცა დარწმუნებული იყო, რომ ამ გვარის პატრონი სახელს გაითქვამდა... 1924 წლის 21 დეკემბერს კი მოხდა გიორგის გვარის ისტორიული ტრანსფორმაცია – ბალანჩივაძე ბალანჩინად იქცა. ათეული წლების მერე, როცა გიორგი თბილისში მესტუმრა, ვუთხარი, რომ აკაკი შანიძემ, ჩემი თხოვნით, გამოიკვლია ჩვენი გვარის წარმომავლობა და მივიდა დასკვნამდე, რომ შუა საუკუნეებში ბალანჩი მეფის კარის მასხარას ერქვა. ბალანჩის მოვალეობა მარტო მეფეთა გამხიარულება კი არ იყო, არამედ მუსიკის თხზვა და ლექსების კითხვაც. გიორგი აღაფრთოვანა ამან. თანაც, ამბობდა „ბალანჩის“ მრავლობითი ფორმა – „ბალანჩნი“, ანუ „ბალანჩინი“ იტალიურად ჟღერსო... კი გადაუკეთა დიაგილევმა გიორგის გვარი, თავისთანაც მიიწვია, მაგრამ ავადმყოფობა ისევ გაურთულდა, იძულებული გახდა, უარი ეთქვა. დიდი სიკეთე გამოიჩინა მაშინ დიაგილევმა: ჩემი ძმა თავისი ხარჯით შვეიცარიაში გაგზავნა სამკურნალოდ. იქ გიორგის ოპერაცია გაუკეთეს,ნახევარი ფილტვი ამოაჭრეს. ამისთვის ორი ნეკნის ამოღება გახდა საჭირო. ეს ყველაფერი შვეიცარიიდან მომწერა გიორგიმ. ის წერილი დღესაც მაქვს შენახული. ოპერაციის შემდეგ გიორგიმ თავი დაანება ცეკვას. ძალიან ადრე წავიდა სცენიდან – 18 წლის ბიჭი იყო. შვეიცარიის საავადმყოფოში გიორგი თვე-ნახევარი დარჩა და მთელი ამ ხნის განმავლობაში დიაგილევს მზრუნველობა არ მოუკლია. დაბრუნდა გიორგი პარიზში და დასი სამშობლოში წამოსული დახვდა. მაშინვე გაგზავნა წერილი თეატრის დირექციაში: უხსნიდა თავის მდგომარეობას, წერდა, რომ ავადმყოფობის გამო იძულებული გახდა საზღვარგარეთ დარჩენილიყო და ითხოვა, რომ თვე-ნახევრით კიდევ გაეგრძელებინათ მისთვის უცხოეთში ყოფნის ვადა. წერილი კი გააგზავნა, მაგრამ პასუხად ასეთი დეპეშა მიიღო: „დაბრუნდით სასწრაფოდ, პასუხს აგებთ!“ რაღა თქმა უნდა, სამშობლოში დაბრუნებაზე ფიქრიც აღარ შეეძლო. თუმცა, მისი სული აქ იყო... დედა, მამა, და-ძმა აქ ვიყავით. აქ ეგულებოდა თავისი დასი, მეგობრები, ყველა ახლობელი... რაღას იზამდა, დარჩა დიაგილევთან და მისი თხოვნით საბალეტო დადგმებზე დაიწყო მუშაობა. მართალი გითხრათ, მე და ჯორჯი ერთმანეთს რომ შევხვდით, ამ ტელეგრამის შესახებ მიამბო. ვუპასუხე: ბედი შენი, რომ ტელეგრამა მიიღე, თორემ აქ არც ასეთი ბალეტმაისტერი გამოხვიდოდი ან, სულაც, საპყრობილეში დალევდი სულს-მეთქი“.
  ცისკარი ბალანჩივაძე: „ბებია – მარია ნიკალაევნა განსაკუთრებული ქალბატონი იყო. ბევრი გადაიტანა... საქართველოში ისე ჩამოვიდა საცხოვრებლად, რომ ქართული არ იცოდა. მამა გერმანელი ჰყავდა, მაგრამ დედ-მამა გაცილებული იყვნენ და დედის გვარი ჰქონდა აღებული. თბილისში იმ პერიოდში ბევრი გერმანელი ცხოვრობდა, ბებიასთან მეგობრობდნენ და სტუმრადაც მოდიოდნენ. თუმცა ბებია იმდენად ჩაიკეტა და სხვანაირი გახდა, რომ აღარაფერი ახარებდა. სიკვდილის წინ განუწყვეტლივ იმეორებდა – ამერიკა არ დაგვითმობს... მაშინ მიკვირდა და ვერ ვხვდებოდი, რას ამბობდა, მოგვიანებით მივხვდი, რომ ბალანჩინს გულისხმობდა“...
  ანდრია ბალანჩივაძე: „ამერიკაში გიორგის ჰქონდა თავისი სკოლა, საბალეტო დასი, მაგრამ არ ჰქონდა საკუთარი თეატრი. წარმოდგენებს „მეტროპოლიტენ ოპერაში“ დგამდნენ. პირველად რომ ჩამოვიდა თბილისში, 1962 წელს, მაშინ ჯერ კიდევ არ ჰქონდა თავისი თეატრი. მერე, უფრო გვიან, პრეზიდენტ კენედის დროს, როკფელერმა თორმეტი მილიონი დოლარი გაიღო ამერიკის ბალეტის განვითარებისთვის. აქედან სამი მილიონი პერიფერიებისთვის იყო განკუთვნილი, ცხრა მილიონი კი მან პირადად გიორგი ბალანჩინს გადასცა. გადაწყდა თეატრის აშენება. ასე აშენდა „ნიუ-იორკ-სიტი-ბალეტი“ ბროდვეიზე“.
  ცისკარი ბალანჩივაძე: „ჯორჯ ბალანჩინი 1962 წელს ჩამოვიდა პირველად საქართველოში. 45 წელი მას და მამას – ანდრია ბალანჩივაძეს ერთმანეთი არ ენახათ. მაშინ იყო ბალანჩინი ყველაზე გახსნილი. საქართველოში რომ ჩამოვიდა, უკვე ძალიან დაძაბული იყო. სულ ეგონა, რომ ვიღაც დასდევდა.
რა იყო მასში ქართული? – ქართული ტალანტი ჰქონდა. ქართველები ნიჭიერები არიან, მაგრამ ამ ნიჭს განვითარება უნდა. ბალანჩინმა რუსეთში მიიღო ცოდნა, ევროპაში – კულტურა და ამერიკაში შეძლო ყველა იდეა განეხორციელებინა. აქედან გამომდინარე, ბალანჩინი კულტურაში მსოფლიო გამაერთიანებელია. ქართული სიმღერები და ცეკვები იცოდა. ქართული ცეკვებიდან ილეთები გამოიყენა თავის დადგმებში. ქართულად ვერ ლაპარაკობდა, მაგრამ თუ მის დასში ვინმე საუკეთესოდ იცეკვებდა, ბალანჩინი შესძახებდა – შენი ჭირიმე!.. მისი დევიზი იყო – ცეკვაში ხედავდე მუსიკას. უსმენდე ცეკვას და ხედავდე მუსიკას – ანუ პირიქით... მისი სპექტაკლები პირველად 1962 წელს ვნახე. მაყურებლის აღფრთოვანებას საზღვარი არ ჰქონდა. ეს სულ სხვა სამყარო იყო. ჩვენ სრულიად განსხვავებულ დადგმებს ვიყავით მიჩვეულები, უფრო რომანტიკულებს, რომლებიც ასევე საუკეთესო იყო. თუმცა ბალანჩინის დადგმები უკვე სრულიად ამაღლებული რამ იყო. ახლა, სამწუხაროდ, ბალანჩინის ბალეტები მთელ მსოფლიოში ისე იდგმება, რომ ბალანჩინისას არ ჰგავს. თავად ამბობდა, ჩემი სიკვდილის შემდეგ მოძრაობები დარჩება, მაგრამ სული აღარ იარსებებსო...
ბალანჩინს ბევრი ცოლი ჰყავდა. ჩვენ მხოლოდ პირველი მეუღლის ფოტო დაგვრჩა, რომელიც ბებიას გამოუგზავნა. ულამაზესი ქალი იყო – ტამარა ჟევერჟეევა. მახსოვს, ბავშვობისას აღტაცებით დავცქეროდით ამ ფოტოს... როდესაც ბალანჩინი ჩამოვიდა, ფოტო მივუტანე და ვუთხარი, თქვენი და თქვენი მეუღლის ფოტოა, ბებიას რომ გამოუგზავნეთ-მეთქი... სათვალე მოირგო, ეს რომელი მეუღლეაო?.. ბალანჩინის ყველა ცოლი მისი მუზა იყო. ამბობდა, ქალები თავად მტოვებდნენ, მე არავისგან მივდიოდიო... არ ვიცი, რამდენად გულწრფელი იყო მაშინ. ბოლოს სიუზან ფარელი შეუყვარდა. ფარელი ძალიან მაღალი, ლამაზი და გასაოცარი ბალერინა იყო. სხვა მოცეკვავეები ბრაზობდნენ, თურმე, ყველა სპექტაკლი სიუზან ფარელისთვის იდგმებაო...
ყველას ეგონა, აუცილებლად წამიყვანდა ამერიკაში. მეზობლები მოდიოდნენ და ეუბნებოდნენ, ჩასვით ეს გოგო ჩემოდანში და როგორმე წაიყვანეთო. იმ პერიოდში წასვლა ადვილი არ იყო. თავად ბალანჩინი სულ კედლებს შეჰყურებდა და გვეუბნებოდა, აქ ხომ არ არის რამეო? მეცინებოდა, მაგრამ მეც შევცქეროდი კედლებს. სხვათა შორის, ცოტა საეჭვოდ ერთი ამერიკელიც დაჰყვებოდა. თითქოს ძველი მოცეკვავე იყო, წუთითაც არ ტოვებდა ბალანჩინს მარტო... ჩვენ აზრადაც არ მოგვსვლია, ჩემი წაყვანა გვეთხოვა. ეს მისთვის ძალიან დიდი ტვირთი იქნებოდა და უკმაყოფილებასაც გამოიწვევდა დასში ჩემი გამოჩენა. სადღაც დაწერეს, ბალანჩინმა თავისი ძმისშვილი არ წაიყვანაო, მაგრამ ასე არ იყო. ბალანჩინმა მითხრა, რომ წამიყვანდა და ორ-სამ წელიწადში მის სკოლას ავითვისებდი... ზოგჯერ ვსაუბრობდით ძალიან თბილად და ახლობლურად, ზოგჯერ კი ძალიან დაძაბული ხდებოდა. გარეგნობაზეც ეტყობოდა, რომ ჩვენსავით ლაღი არ იყო... სანამ საბჭოთა კავშირში ჩამოვიდოდა, ძალიან აკრიტიკებდნენ. თავად ყვებოდა, მოსკოვში რომ ჩამოვედი, ჩემს დანახვაზე ეცინებოდათ, ყელზე რომ „ბანტიკები“ მქონდაო... მოსკოვში მისი სპექტაკლები რომ ნახეს, ყველა აღფრთოვანდა, მაგრამ კრიტიკაც ისმოდა, სპექტაკლებში სული არ იგრძნობაო... ბალანჩინი ამბობდა, ამ ხალხს ვეუბნებოდი, თქვენ ღმერთი გწამთ, სულზე რომ ლაპარაკობთო?!“ (წყარო: ჟურნალი „ისტორიანი“).
  კარინ ფონ აროლდინგენი: „იგი ძალზე რელიგიური იყო, დადიოდა ეკლესიაში, აღდგომა მისთვის ბევრს ნიშნავდა. ერთხელ დავეხმარე, ბევრი საჭმელი მოამზადა და წავედით მართლმადიდებელ ეკლესიაში, სადაც ახლა ბალანჩინის მემორიალია და სადაც ყოველ წელს აღვნიშნავთ მის ხსოვნას. ძალიან უყვარდა შემწვარი ხბოს ხორცი, ლორი, საჭმლები ნიგვზით, ქინძით და ყვითელი ყვავილით. თვითონაც ამზადებდა კერძებს. ძალიან გემრიელი იყო მისი ბორშჩი და მჟავე კომბოსტო. ისევე, როგორც მისი ქორეოგრაფიული დადგმები, ბალანჩინის მიერ მომზადებული კერძებიც გამორჩეული იყო. ბალეტი ჩემთვის ბიზნესი არ არისო, ხშირად ამბობდა. დიახ, ეს სიმართლე იყო. მე ვიტყოდი, რომ ბალანჩინი ღარიბი მილიონერი იყო. იცხოვრა, როგორც მილიონერმა, მაგრამ ფული არ ჰქონდა. რაც ჰქონდა, ყოველთვის გასცემდა. დიახ, ბალანჩინი ღარიბი მილიონერი იყო“.

скачать dle 11.3