კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 როგორი წარმატებით ახორციელებენ ოსები თავიანთი ახალგაზრდობის ქართველთმოძულეებად აღზრდას და რატომ არ უპირისპირებს ქართული სახელმწიფო კონტრღონისძიებებს

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  სამხრეთელი ოსები მეტად მომზადებულები შეხვდნენ ქართული საგუშაგოს მშენებლობას იმ ტერიტორიაზე, რომელსაც თბილისი აკონტროლებს და სსრკ-ს დროინდელი არც ერთი რუკით არ ეკუთვნის სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიას (რომლის ადმინისტრაციულ საზღვარსაც „სახელმწიფო საზღვრად“ ავლებენ სეპარატისტები და ოკუპანტები). მათ ძლიერი საინფორმაციო შტურმი წამოიწყეს საქართველოს წინააღმდეგ და რამდენიმე დღის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ უხეშად შევიჭერით მათ ტერიტორიაზე, საშველად მოუხმობდნენ საერთაშორისო დამკვირვებლებს და ულტიმატუმიც კი წამოაყენეს, რომელიც შემდეგ, რამდენიმე დღეში დაივიწყეს. საბოლოოდ კი, გაარკვიეს, რომ „საზღვარი“ არ დარღვეულა. აჟიოტაჟს იმთავითვე ეტყობოდა, რომ კონკრეტულ მიზნებს ემსახურებოდა და მშვენივრად მოეხსენებოდათ ოს სეპარატისტებს, რომ ქართველებს არაფერი დაურღვევიათ. თუ რას ისახავდა მიზნად ცხინვალურად ტანზე შემოხევა, ამის შესახებ მამუკა არეშიძესთან ერთად ვისაუბრებთ.
– საკმაო დრო გავიდა საიმისოდ, რომ მეტ-ნაკლებად რეალური სურათი გამოკვეთილიყო, რა მიზნით მოაწყო ცხინვალმა ის ისტერიკა, რაც მოაწყო, მით უფრო, იცოდნენ, რომ მათ მიერ მითვისებულ ტერიტორიაზე არაფერი ხდებოდა?
– რამდენიმე ვერსია შეიძლება, გამოითქვას, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ საერთაშორისო ფორუმზე, რომელშიც მონაწილეობს ოსური მხარე და ასეთია ჟენევის ფორუმი, მუდმივად სდებენ ბრალს ბორდერიზაციაში. მოგეხსენებათ, რომ ჩვენდა სამწუხაროდ, ჟენევის ფორმატში რუსები არ იღებენ მონაწილოებას, როგორც მხარე, არამედ, როგორც შუამავლები. ამდენად, ის, რაც ხდება ქართულ-ოსურ, ეგრეთ წოდებულ, პირობით საზღვარზე, არის ქართველების ან ოსების ბრალი. აქედან გამომდინარე, ოსები მუდმივად იღებენ საყვედურს და ძალიან უჭირთ კონტრარგუმენტების მოტანა. ახლა მიეცათ შანსი, რომ იგივე პრეტენზიები წაუყენონ ქართულ მხარეს და არ აქვს მნიშვნელობა საგუშაგო პირობითი საზღვრიდან მოშორებითაა თუ არა. 2012 წლიდან ქართული მხარე მანევრირებას, ლმობიერ პოლიტიკას არჩევდა და, ამდენად, ასეთი ტიპის აქტივობები არ განუხორციელებია. პირიქით, მაქსიმალურად ამცირებდა პოლიციელებისა და საგუშაგოების რაოდენობას, რომ პროვოკაციის საშუალება არ მიეცა არავისთვის და პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართულმა მხარემ ასეთი ნაბიჯი გადადგა. ამან გამოიწვია ჩუმი სიხარული ცხინვალში, რადგან შანსი მიეცათ, ეს საკითხი წარმოეჩინათ, როგორც ქართული მხარის სამზადისი აქტიური საომარი მოქმედებებისთვის.
– მაგრამ მათ ხომ იცოდნენ, რომ ეს ჩვენი საგუშაგო არ ხვდება იმ სივრცეში, რასაც ისინი მოიაზრებენ „იუჟნაია ოსეტიას“ ტერიტორიად?
– რა მნიშვნელობა აქვს ამას?! მთავარია, ითქვა.
– მაგრამ ხომ გაირკვა, რომ ტყუილს ამბობდნენ?
– დიახ, მაგრამ პირველი ინფორმაციაა მთავარი. გაიხსენეთ 2008 წლის ომის დროინდელი ვერსია, რომ თითქოს დაიღუპა 2 000 მშვიდობიანი ოსი. ეს ციფრი დღესაც სეირნობს სხვადასხვა გამოცემაში, თუმცა ევროკავშირის კომისიამ დაადგინა, რომ სულ, მებრძოლებიანად, 300 ადამიანი დაიღუპა. ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა, როგორაა სინამდვილეში. თანამედროვე მეთოდოლოგიით, მთავარია, დაასწრო თქმა და შემდეგ დაბრალებულმა იმართლოს თავი. ვიცი, რომ ოსი სეპარატისტები მასალებს ამზადებენ საერთაშორისო ორგანიზაციებში წარსადგენად. მიუხედავად იმისა, რომ საწინააღმდეგო დოკუმენტაცია აქვთ გამზადებული საერთაშორისო დამკვირვებლებს, ისინი მაინც თავისას გაიძახიან. უბედურება ისაა, რომ სხვადასხვა ტიპის რუკებია, რომელთა მიხედვით, ზოგან ახლოსაა ეს ჩვენი საგუშაგო პირობით საზღვართან, ზოგან – შორს. არავის უზრუნია საბჭოთა საქართველოში იმისთვის, რომ დაედგინა ზუსტი ადმინისტრაციული საზღვრები. სხვათა შორის, ჩვენი მწარე გამოცდილება გაითვალისწინეს რუსეთში, თუმცა იქ სხვა გარემოებებიც უწყობდა ხელს ამას და დღეს ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკები და, ზოგადად, რუსეთის ფედერაციის სუბიექტები სკურპულოზურად ადგენენ თავიანთ ადმინისტრაციულ საზღვრებს.
– თავიანთი ინიციატივით?
– თავიანთი ინიციატივით. მაგალითად, ჩეჩნეთსა და დაღესტანს, ჩეჩნეთსა და ინგუშეთს შორის დაპირისპირებას ეს კონტექსტი ჰქონდა. ანალოგიური დაპირისპირებაა ყარაჩაევო-ჩერქეზეთში, ყაბარდო-ბალყარეთში და სხვაგან. ეს სხვა თემაა და შორს წაგვიყვანს, მაგრამ ერთ-ერთმა ჩრდილო კავკასიელმა პოლიტოლოგმა მითხრა, რომ გაითვალისწინეს ჩვენი შეცდომა.
– აქტიურად ვადევნებდი თვალს სამხრეთელი ოსების ქმედებებს სოციალურ ქსელებში, მას შემდეგ, რაც ამტკიცებდნენ, რომ ქართველებმა მივიტაცეთ მათი ტერიტორია, თქვეს, რომ შეცდნენ. ანუ აღიარეს, რომ მათ ტერიტორიაზე არაფერი ხდება, თუმცა საკითხის შესწავლა აუცილებელიაო. იმის თქმა მინდა, რომ ხომ არ დაიხიეს უკან?
–  მეც ამის თქმას ვაპირებდი. ეს აჟიოტაჟი არის სეპარატისტი ოსების ინიციატივა ვითარების გასამძაფრებლად. ეს, თუნდაც, თქვენ მიერ მოტანილი მაგალითით გამოჩნდა, მაგრამ მანამდეც გარკვეულ მომენტში დაამუხრუჭეს და მაინც წამოვიდნენ მოლაპარაკებაზე, თუმცა თავიდან უარზე იყვნენ და ერგნეთში ოთხმხრივი შეხვედრა ამაზე მეტყველებს, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს. თავიდან არ აპირებდნენ მოლაპარაკებას, მაგრამ, როგორც ჩანს, მოსკოვში ერთ-ერთმა ჯგუფმა, რომელიც კურირებს ცხინვალს, მოქაჩა აღვირი. რასაკვირველია, ეს მყიფე ვერსიაა, რომ ბიბილოვის გუნდმა გამოიჩინა ინიციატივა, მაგრამ არსებობის უფლება აქვს. ამას მოწმობს ისიც, რომ უცებ ძალიან აქტიურად დაიწყეს წერილების გაგზავნა საერთაშორისო ორგანიზაციებში. ორი აპელაციით მიმართეს მოსკოვს და ერთ-ერთი აპელაციით მოსთხოვეს, რომ ეგრეთ წოდებული, საზღვარი დაიცვან  მათთან ერთად. არადა მათ უკვე აქვთ გაფორმებული ხელშეკრულება მოსკოვთან, რის მიხედვითაც, „საზღვარი“ უნდა დაიცვან ერთობლივად და იქ დგანან რუსი მესაზღვრეები. მაგრამ ხმაურისთვის მაინც გაამზადეს ასეთი მიმართვა, არიქა, გადავხედოთ ძველ ხელშეკრულებას, იმიტომ რომ „საზღვარი“ არ არის დაცული იმ ხარისხით, როგორც საჭიროაო. ერთი სიტყვით, აჟიოტაჟი სჭიდებოდათ და შექმნეს. სეპარატისტ ოსებს აქვთ აფხაზების მაგალითი, რომლებიც მცირე მიზეზის გამოც კი აჟიოტაჟს ტეხენ მოსკოვში, სხვადასხვა კაბინეტში და ამათაც მოინდომეს თავის გამოჩენა.
მესამე ვერსიაცაა, რომ არ არის გამორიცხული, იყოს ვიღაც შეძლებული ოსი, რომელიც დააინტერესეს იქაური საბადოებით, ქართულმა მხარემ ეს გაიგო და საგუშაგო დააყენა, ანუ არ არის გამორიცხული, რომ ჩვენმა სადაზვერვო არხებმა კარგად იმუშავეს. ეს პასიური ვერსიაა, მაგრამ იქ ასეთი ვერსიაც აქვთ. ერთი სიტყვით, ასეთ მდგომარეობაში ვიქნებით სულ, დამოკიდებული ვიღაცის ახირებაზე ან რუსეთის პოლიტიკაზე, სანამ ვერ მოვახერხებთ ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნას სეპარატისტული რეგიონების ხელმძღვანელობასთან.
– სეპარატისტები საკმაოდ მომზადებულები იყვნენ, ზუსტად ჰქონდათ გაცნობიერებული მიზანი და წერტილოვნად ავრცელებდნენ ინფორმაციას მიზნობრივი აუდიტორიისთვის. მე გამიჩნდა ასეთი ვერსია: ხომ არ იყო ეს ერთგვარი მოთელვა ულტიმატიმით და საინფორმაციო შტურმით, რომ მოესინჯათ რეაქცია საქართველოს ხელისუფლების, საზოგადოებისა და ჩვენი დასავლელი პარტნიორების?
– ეს ვერსია შეიძლება, იყოს, მაგრამ, თუ ასეთი ტესტირების რეჟიმში გადავიდა ოსური მხარე, ორი ვარიანტია: ერთი, რომ არა მხოლოდ ქართული მხარისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ტესტირებაზე იყო გათვლილი მათი აქტივობა, არამედ რუსეთისაც, თუ როგორ მოიქცეოდა.
– და როგორ მოიქცა რუსეთი?
– რუსეთმა დამუხრუჭება არჩია, ოღონდ ემოციის, მაგრამ არა ქმედების. იმიტომ რომ რუსეთი ქართველებისგან ასეთი ტიპის აქტივობას არ ელოდა.
– და, ალბათ, ასეთ პრინციპულობასაც.
– დიახ, ესეც ერთგვარი ტესტირება იყო სიტუაციის ქართული მხრიდან და ახლა რუსეთს სჭირდება დრო, რომ გაიაზროს ეს ტესტირება. მაგრამ მე უფრო ვიხრები ვერსიისკენ, რომ ამ წუთას რუსეთი მავთულხლართების გავლების პოლიტიკას მიჰყვება, მაგრამ საგუშაგოსთან დაკავშირებული აჟიოტაჟი განვითარდა ოსური დრამატურგიით.
– რუსულ დირექტივას ნაკლებად ხედავთ?
– დიახ, იმიტომ რომ რუსეთი მავთულხლართებს ნაბიჯ-ნაბიჯ ავლებს პასუხად ნებისმიერი იმ ქმედების, რასაც ახორციელებს საქართველოს ხელისუფლება დასავლეთისადმი, როგორიცაა „ნატოს“ სტანდარტის ბაზის გახსნა ან ისეთი საერთაშორისო პროექტი, რომლის განხორციელებაში საქართველო, ნებსით თუ უნებლიეთ, ჩართულია. ანუ რუსეთი ყოველთვის სცემს პასუხს ქართული მხარის ან დასავლეთის აქტივობებს და ყველაზე ცუდი ვარიანტია მესამე, როდესაც დასავლეთი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ისეთ ქმედებებს სჩადის, რომელიც ლახავს რუსეთის ინტერესებს, რუსეთი ცდილობს, დასავლეთის მოკავშირე დასაჯოს აქ. ყველაზე სუსტი მოკავშირე, რომელიც, იმავდროულად, დასავლეთის ყველაზე ახლო მოკავშირეა, არის საქართველო და ამიტომ საქართველოზე ტყდება ხოლმე ჯოხი. მაგრამ რუსეთი ამ მიზნისთვის იყენებს მავთულხლართებს. ქართული მხარის მიერ საგუშაგოს გახსნის შემთხვევა იყო პირველი, ამიტომ მგონია, რომ იყო სამხრეთ ოსური ინიციატივა და ძალიან კმაყოფილად გრძნობენ თავს, იმიტომ რომ საინფორმაციო სივრცეში აქტიურად მოხვდნენ.

скачать dle 11.3