№38 უწამლეთ
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
ანუ სა-წამლავი?!
თავის დროზე, სანამ ჯანდაცვის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდებოდა, მოსახლეობის გაღარიბების ერთ-ერთი მთავარი წყარო სწორედ ჯანდაცვის ხარჯი იყო, იმიტომ რომ გაჯანსაღებაზე ჯიბიდან გადახდილი თანხა საერთო თანხის 60 პროცენტზე მეტს შეადგენდა (იმას გარდა, რომ მოსახლეობის ნაწილი საერთოდაც ვერ ახერხებდა ამ ხარჯის გაღებას) და მათი დიდი წილი სწორედ მედიკამენტებზე მოდიოდა.
მიუხედავად პროგრამისა, წამლების შესაძენად ჯიბიდან გადახდილი თანხის ოდენობა ისევ მაღალია, იმას გარდა, რომ ზედმეტი და ძვირად ღირებული წამლების გამოწერის პრაქტიკაც მოქმედია.
ისიც ცნობილის, რომ მედიკამენტები მეზობელ სომხეთსა და თურქეთში გაცილებით იაფი ღირს, აღარაფერს ვამბობ ევროპულ ქვეყნებზე (მათ შორის, სომხეთში უფრო იაფია საქართველოდან შეტანილი მედიკამენტებიც), რაც კვლევების გარეშეც კი ნათელყოფს, რომ წამლებზე ფასნამატი ჩვენთან გონივრულზე საკმაოდ მაღალია. ამის მიუხედავად, მშობლიური ფარმაცევტული კომპანიები ირწმუნებიან, რომ საქართველოში წამლების ფასი მაღალი არ არის. აქედან გამომდინარე კი, რაკი მათ შუბლის ძარღვი გასწყვეტიათ, სხვა რა დაგვრჩენია: უნდა ვუსურვოთ, რომ ცხოვრების ბოლომდე თავიანთივე შემოტანილი და, როგორც თავად ამბობენ, არც თუ ძვირად ღირებული მედიკამენტები უთვალავი რაოდენობით დასჭირვებოდეთ, თუნდაც, იმის დასტურად, რომ წამლები იაფია.