№38 მაძღარი მშივრები
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
სანქციების ხიბლი
მაშინ, როდესაც იმედით ვუცქერთ, თუ როდის ჩამოშლის დასავლური სანქციები რუსეთის ფედერაციის ეკონომიკას, რაც მის მტაცებლურ ჟინს დააოკებს, რუსული ეკონომიკური მედიის ცნობით, რფ-ს პირველად სანქციების დაწესებისა და ნავთობზე ფასის ვარდნის პერიოდში აღარ აქვს სუფთა ვალი, იმიტომ რომ რეზერვებს სრულად დაუფარავს ის.
ამბავი ჩვენთვის არც თუ სასიხარულოა, თუმცა, როგორც თავად ირწმუნებიან, ეს შესაძლებელი გახდა რეკორდული ოდენობის რეზერვების გამო, რომელთა მეშვეობითაც სრულად დაიფარება სახელმწიფო ვალი.
იქვე განმარტავენ მაგალითითაც, რუსეთს რომ მოულოდნელად დასჭირდეს თავისი ვალების დაფარვა, ამის გაკეთება შესაძლებელია სახელმწიფო ორგანოების დეპოზიტებით ცენტრალურსა და კომერციულ ბანკებში.
აქედან გამომდინარე კი, ამბობენ, რომ ეს ხაზს უსვამს რუსეთის უნიკალურობას განვითარებად ქვეყნებს შორის და დარწმუნებულებიც არიან, რომ, რის გაკეთებაც მოხერხა რუსეთის ხელისუფლებამ 2014-2019 წლებში, აუცილებლად უნდა შევიდეს სახელმძღვანელოებში, როგორც ექსკლუზიური მაგალითი.
არ არის გამორიცხული, საქმე უფრო სხვაგვარად იყოს, ვიდრე ამას რუსული მედია აშუქებს, მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ სანქციები რფ-ს 2014 წელს ყირიმის მიერთების გამო დაუწესეს, მას შემდეგ კი 5 წელიც გავიდა, ხოლო ამასობაში ევროპარლამენტშიც აღუდგინეს ხმის უფლება, დიდ რვიანშიც ეპატიჟებიან, რიგითობით გაეროს უშიშროების საბჭოს თავკაცობამაც უწია და რუსული ეკონომიკის ჩამოშლის მასშტაბი ჯერჯერობით მთლად სასურველიც არ არის, ჩნდება ეჭვი, რომ დასავლეთს არ სურს მართლაც სანქციების დაწესება, რაც რუსეთზე მუშაობს პრინციპით – რაც არ გკლავს, გაძლიერებს?!