№37 როგორ გააშენა მიკროსოფლები დაჩი გრძელიშვილმა და სად უთმობს ის პოზიციებს მეუღლეს
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
ჟურნალისტ დაჩი გრძელიშვილს უკვე რამდენიმე წელია, სოფელ ღულელებში საკუთარი სახლი აქვს. მეუღლესა და ექვს შვილთან ერთად, სახლ-კარის გალამაზებაზე თავად ზრუნავს და არაჩვეულებრივადაც გამოსდის.
დაჩი გრძელიშვილი: ძალიან ლამაზ სოფელ ღულელებში, საბადურთან ახლოს პატარა სახლი გვაქვს, თავისი ბაღით, სადაც ყველაფერი ჩვენი ხელით გავაკეთეთ. დროთა განმავლობაში ყველაფერმა დაგვაინტერესა და შეგვიყვარდა – ჩხირკედელაობაც, მებაღეობაც, მეურნეობაც. სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა ინტერესი გვაქვს. მაგალითად, შარშან ყვავილებზე გვქონდა განსაკუთრებული აქცენტი. აი, წელს ერთი პატარა გორაკი გვქონდა და ვაწესრიგებდით. ამასობაში იდეა გაგვიჩნდა: კრავაიმ პატარა სახლი გააკეთა ხისგან, მე მოკირწყლული გზა მივიყვანე სახლამდე და ძალიან მოგვეწონა. მერე იოს ახალი იდეა გაუჩნდა, მოდი, ტბა გავაკეთოთო და მოკლედ, ეს გორაკი პატარა სოფლად გადაიქცა.
– ახლა უკვე რამდენიმე მიკროსოფელი გაქვთ.
– კი. მერე ნელ-ნელა განვვითარდით. ინტერნეტში სრულიად შემთხვევით წავაწყდი მოხატულ ქვებს. შევისწავლე ეს ამბავი. აღმოჩნდა, რომ აკრილის საღებავით ქვაზე არაჩვეულებრივად იხატება. სპეციალური ფერადი მარკერებიც კი აღმოვაჩინე თიხაზე, მინაზე და ქვაზე სახატავად. ეს ყველაფერი აქ წამოვიღე, დავირიგეთ და დავიწყეთ ქვებზე ხატვა. სახლების, პერსონაჟების, ჭიამაიების... მოკლედ, დიდი ციებ-ცხელება გვქონდა. ჩვენივე დახატული სახლებით მოვაწყვეთ სოფლები. ახლა უკვე ოთხი სოფელი გვაქვს და რომ შეხედავთ, ძალიან თვალსაჩინოდ დაინახავთ ჩვენს ევოლუციას. მეოთხე უკვე ყველას ჯობს.
– ფუნქციები განაწილებულები გაქვთ?
– რა თქმა უნდა. მაგალითად, კრავაი და მარიამი – კრავაის ბიძაშვილი, რომელიც ამ ზაფხულს ჩვენთან იყო, მოკირწყვლასა და გზების დაგებაზე იყვნენ პასუხისმგებლები. ხარება ელექტრიფიცირებაზეა პასუხისმგებელი.
– მიკროსოფლებში ელექტროენერგიაც გაქვთ?
– კი, ამ სოფლების განათებაზე ხარება ზრუნავს. ჩვენი სოფლები მზის ენერგიის დახმარებითაა განათებული. იო და ანდრია ხატავდნენ. დახატულს შემდეგ გალაქვა სჭირდება და ამაზე პასუხისმგებელი უკვე ანდრიაა.
– ეს ყველაფერი ხომ ეზოშია და ზამთარში რა ბედი ეწევა?
– საფრთხე არ ემუქრება. წვიმაც გამოსცადა, ქარიც და ყველაფერს გაუძლო. ადაპტირებულია გარემოსთან.
– რამდენი წელია, რაც აქ თქვენი სახლი გაქვთ?
– დაახლოებით, ექვსი წელი იქნება. აშენებული სახლი ვიყიდე. უფრო სწორად, მხოლოდ კედლები დაგვხვდა და მერე ყველაფერი ჩვენი გემოვნებით თავად გადავაკეთ-გადმოვაკეთეთ და აქაურობა რაღაცას დაემსგავსა. მთელ ზაფხულს აქ ვატარებთ, საუკეთესო ადგილია არდადეგებისთვის. თუმცა ძირითადად, თბილისში ვცხოვრობთ, ვსწავლობთ და ვმუშაობთ. ჩემი მეუღლის დედა ამ მხრიდანაა და მასთან რომ მოვდიოდით ხოლმე, ძალიან მოგვწონდა. მართლა ულამაზესი მხარეა, არაჩვეულებრივი ხალხით და სულ გვინდოდა, აქ ჩვენი სახლიც გვქონოდა. თან, თბილისთან ახლოა, მაგრამ მასთან შედარებით ზღვის დონიდან 2-ჯერ უფრო მაღლაა, 1 200 მეტრზე ვართ. ამიტომ ვცდილობთ, მცენარეც ისეთი დავრგოთ, ამ ტემპერატურასა და კლიმატს გაუძლოს. სხვათა შორის, ბევრმა ისეთმა მცენარემ დასძლია ღულელების ჰავა, რომ არ ველოდი, მაგალითად, გლიცინიამ, ასევე, სხვა პატარ-პატარა მარადმწვანე მცენარეებმა, მათ შორის – ხვიარებმა. აქედან თბილისში ჩამოსასვლელად სულ ორმოცი წუთია საჭირო და სამსახურშიც შეგვიძლია სიარული, ასე რომ, არც ესაა პრობლემა.
– თქვენი მოყვანილი პროდუქტებით იკვებებით?
– კიტრი, სალათის ფოთლები, მწვანილი გვაქვს, გოგრაც გვეზრდება. მომავალ წელს ვგეგმავთ, რომ პომიდორიც გავაშენოთ. აქაც მარტო მე არა, მეუღლეც და შვილებიც ყველაფერს აკეთებენ. ხეზე სახლი გავაკეთეთ, საქანელაც და კიდევ ბევრი დეტალი.
– გამორჩეული ოჯახი გაქვთ, ექვსი შვილი გყავთ. გაგვაცანით.
– შვილების ასაკი სულ მერევა. ბავშვები ხშირად მავარჯიშებენ, მაგრამ მაინც (იცინის). უმცროსი – იოანე შვიდი წლისაა, კრავაი – თორმეტის, ანდრია თოთხმეტის ხდება, ხარება თექვსმეტის მალე იქნება, თათა თვრამეტისაა და ნიკა – ოცდაორის. სახელების შერჩევაში მე ვაქტიურობდი. კრავაის და თამარის ამბავი ვიცით საქართველოს ისტორიიდან, სულ მინდოდა, რომ სახლში კრავაი და თამარი გვყოლოდა და გვყავს. იოს რომ შეხედავ, ნამდვილი იოანეა, ანდრიას დედამ შეურჩია სახელი, ხარება მე შევარჩიე და ნიკოლოზიც – ძალიან მიყვარს ეს სახელები.
მეურნეობაში ყველა ერთმანეთს ვეხმარებით. ხარებას თავის პიტნაპოლისი აქვს. ესე დაარქვა – პიტნების ბაღჩა აქვს, რომელსაც თავად პატრონობს. სხვადასხვა ჯიშის პიტნა აქვს, სხვადასხვა ადგილიდან მოაქვს და უგემრიელეს ჩაის ამზადებს. ჩვენც შეძლებისდაგვარად ვუფრთხილდებით მის პიტნაპოლისს, იმიტომ რომ ყველას გვიყვარს მისი დაყენებული ჩაი. თათასა და კრავაის მეყვავილეობა იზიდავთ.
– მშობლების პროფესიების ფონზე მაინტერესებს, მათ რა ინტერესები აქვთ?
– ნიკას გადაღებები, მონტაჟი აინტრესებს და უკვე მუშაობს კიდეც ამ მიმართულებით. თათამ სოციოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა. ჟურნალისტიკის მიმართაც არაა გულგრილი. იო ფორტეპიანოზე უკრავს. კრავაი და ანდრია ვიოლინოზე უკრავენ, თან სწავლით არიან დაკავებულები.
– ხომ ამბობენ, შვილებთან ერთად საზრუნავიც იზრდებაო და როცა ექვს შვილს ეხება საქმე, მასშტაბები ალბათ, გაცილებით დიდია.
– რა თქმა უნდა, მეტი საზრუნავი და პასუხისმგებლობაა, ციდან არაფერი მოფრინავს. გაჭირვებულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი ისე გვაქვს, როგორც გვინდა და გული არაფერზე გვწყდება, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ, ვისაც რა შეუძლია და აინტერესებს, ის ინტერესი დავაკმაყოფილოთ. მაგრამ კარგი იქნება, სახელმწიფოში უკეთესი მდგომარეობა გვქონდეს, რომ თავისუფლად შეგეძლოს ბავშვები სხვადასხვა აქტივობებზე ატარო, იქნება ეს ცურვა, სპორტის ნებისმიერი სახეობა, ხელოვნება და ასე შემდეგ, რაც მათი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
– თქვენს სოციალურ ქსელში კერძების ფოტოები მომხვდა თვალში, საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურებოდა. თქვენი შემოქმედების შედეგი ხომ არაა?
– არა, ეს უკვე ირმას სფეროა. მისთვის ეს ჰობიცაა და პროფესიაც. ბავშვებსაც ასწავლის და სხვათა შორის, უკვე ამათაც მშვენივრად გამოსდით მზარეულობა. მეც ვიცი მომზადება, მაგრამ ჩემს ოჯახში, ამ მხრივ, დიდი კონკურენციაა და ნაკლებად მაქვს შანსი, თუმცა დრო თუ ვიხელთე, მეც ვერთვები ხოლმე.