№37 რის გამო დაეწყო ნიკა ქაცარიძეს „ეიფორიული სიგიჟეების“ პერიოდი და რამდენჯერ ატირა ის ცოლმა
ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე
მსახიობ ნიკა ქაცარიძის ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებებია – მეორე შვილის მამა გახდა. მას „ჩემი ცოლის დაქალების“ მერე, ახალ სერიალშიც ვიხილავთ, რუსთაველის თეატრში პრემიერებისთვის ემზადება და დასთან ერთად ჩინეთში გასტროლებზე მიდის. როგორც თავად ამბობს, მისთვის მამობა ყველაზე დიდი პროფესიაა და შვილების გამო, ყველაფრის დამთმობი და ყველაფერზე წამსვლელია.
ნიკა ქაცარიძე: პირველად რომ გავიგე, მამა ვხდებოდი, პულსი ამიჩქარდა, ცრემლები წამომივიდა და ცოლი გადაირია – ვერ გაიგო, მეწყინა თუ გამიხარდა (იცინის). ის ბედნიერი შეგრძნება რომ მახსენდება, ახლაც მეტირება. მინდოდა, დიდხანს მეტირა და ამ ბედნიერი ცრემლების შეგრძნებით დავმტკბარიყავი. მოკლედ, მოვიწმინდე ცრემლები და ვთქვი, რა მაგარია-მეთქი (იცინის). და, გაჩნდა მარიტუნა – მამას საოცარი გოგო და ცხოვრება გამიფერადა, გამილამაზა, გამიხალისა.
– უკვე მეორე შვილის მამა ხარ. რომ გაიგე, ბიჭის მამა ხდებოდი, იგივე შეგრძნება გქონდა?
– ექოსკოპიაზე რომ მივყვებოდი ცოლს და ბავშვის გულისცემას ვისმენდი, ისევ ცრემლები მადგებოდა და ექიმმა მითხრა: ძალიან სუსტი ნერვები გაქვთო (იცინის). როგორ შეიძლება, ახალი სიცოცხლის დაბადება საოცარ შეგრძნებებს არ აღძრავდეს, მით უმეტეს, როცა შენი შვილია. რაც შეეხება სქესს, არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, მეორეც გოგო იქნებოდა თუ ბიჭი გაჩნდებოდა. ახლაც, რომ მეკითხებიან, ბიჭის მამობა როგორიაო, კითხვის აზრს ვერ ვხვდები. ორივე ერთნაირად მიყვარს, რა მნიშვნელობა აქვს, ბიჭია თუ გოგო? ვცდილობ, მარიტუნამ არ იეჭვიანოს ოჯახის ახალ წევრზე, ლაზარეზე და ვცდილობ, სიყვარული ორივეს ერთნაირად გავუნაწილო. მარიტუნას რომ მივეფერები, ერთი კვირის ლაზარე ისეთი თვალებით მიყურებს, მრცხვენია და თვალს ვარიდებ (იცინის). მე მჯერა, ბავშვები იქიდან რაღაც ინფორმაციით მოდიან. ზუსტად იციან, სად უნდა მოვიდნენ და ვისთან... ამას რომ ვამბობ, ზოგს გიჟი ვგონივარ. ვფიქრობ, ბავშვის თვალებით ღმერთი გვაკვირდება. მეუბნებიან, რაც მამა გახდი, გიჟური ინსტინქტები ჩაგერთო და მეორე შვილზე ეს უფრო გაგიმძაფრდაო (იცინის).
– საოცრად რბილი, მოსიყვარულე და მზრუნველი მამა ხარ. ამას ბევრი აღნიშნავს.
– დედაჩემი ამბობს, არ მეგონა, ასეთი მამა თუ დადგებოდიო. ამაში მამაჩემს ვგავარ, ისიც ასეთი იყო შვილების მიმართ. მე მგონია, ჩვეულებრივი მამა ვარ და თუ იმას განვიცდი, ბავშვს რამე არ მოაკლდეს, დროულად ჭამოს, გამოვუცვალო, ჩავაცვა და სუფთა ჰაერზე ვასეირნო, ეს ყველა ნორმალური მამის მოვალეობაა. რომ წამოვწვები და აქეთ-იქიდან შვილები მეხუტებიან, საოცარი გრძნობაა. ჩემს ცოლს ვეუბნები, სხვა საქმე რომ არ მქონდეს, გადასარევი ძიძა ვიქნებოდი-მეთქი.
– ლაზარეს დაბადებას დაესწარი?
– არა, რას ამბობთ? ისეთი ემოციური ვარ, სამშობიარო ბლოკში ვინ შემიყვანდა? ცუდად გავხდებოდი. გაფითრებული ვიდექი სამშობიაროს ეზოში, ფერი არ მედო სახეზე. ვეღარ ავიტანე ცოლის ტკივილები, გარეთ გავედი სიგარეტის მოსაწევად და ცოლმა რომ დამირეკა, სად ხარ ამოდი ბავშვი გავაჩინეო, ჩემდა უნებურად ვუპასუხე: ჩემ გარეთ გამოსვლას ელოდებოდით-მეთქი (იცინის). ლაზარე დილის ექვსის ნახევარზე დაიბადა, ისეთი შოკი მივიღე და სამშობიაროს ეზოში იმხელა ხმაზე ვიყვირე, ჩაძინებული ხალხი გამოვაფხიზლე (იცინის). თქვენ წარმოიდგინეთ, წონაშიც კი დავიკელი ნერვიულობით. ასე რომ, ლაზარემ ფორმაში ჩამაყენა. ექიმს ვეუბნებოდი, ყოველ სამ წელიწადში გაწუხებთ და ჩემი ემოციები, ყოველ სამ წელიწადში უნდა აიტანოთ-მეთქი (იცინის), ანუ, ყოველ სამ წელიწადში ერთხელ სამშობიაროს დარაჯად უნდა ვიდგე. პირად ცხოვრებაში ეს სამწლიანი „სროკები“ გარდაუვალია (იცინის).
– ლაზარე ძალიან გგავს. შენც იმსგავსებ?
– კი, ფიზიკურად ჩემი ასლია და თან, ჩემსავით გურმანია. ერთი კვირისაა, 50 გრამს უნდა ჭამდეს და 90 გრამს ისე ცლის, თვალს არ ახამხამებს. ერთმა მკითხა, ბავშვი ვის ჰგავსო და რომ ვუპასუხე, ჩემი ასლია-მეთქი, იმ დეგენერატმა მითხრა: ასეთი მახინჯიაო? (იცინის) არადა, ბავშვობაში, ძალიან ლამაზი და საყვარელი ვიყავი. ბავშვის დაბადებას მარტო ველოდებოდი, სამშობიარო სახლის კართან ვიდექი, ყველას დარაჯი ვეგონე და რომ მაკვირდებოდნენ და მცნობდნენ, ეღიმებოდათ (იცინის). იცით, რა შევამჩნიე? გოგოს მამები მორიდებულად იდგნენ, ბიჭის მამები კი „გასწორებულში“ (იცინის). ვფიქრობდი, ნეტა, ამათ ტვინში ჩამახედა-მეთქი. რა მნიშვნელობა აქვს ბავშვის სქესს, მთავარია, ჯანმრთელი იყოს. იმათიც არ მესმის, გოგოს მამებს რომ ამხნევებენ: კაი, ბიჭო, გული არ გაიტეხო, მეორე ბიჭი გეყოლებაო ან კაი ბიჭებს პირველი გოგო ჰყავთო. რა გამოდის მათი ლოგიკით? კაიბიჭობის პერიოდი გავიარე და ახლა, „გასწორებულის“ ეტაპზე გადავედი? (იცინის) ზოგადად, ბევრი, გვარის გამგრძელებლის დაბადების მერე, წელში იმართება, იჭიმება და სუფრასთანაც თამამად წევს ყანწს... ასე ჰგონიათ, თავი ქუდში აქვთ. არ მესმის იმ ადამიანების, სამშობიაროში, ემოციებში მყოფ მამას რომ ეუბნებიან: არ იდარდო, მესამე ბიჭი იქნებაო.
– ვისი სახელი დაარქვი შვილს?
– ბავშვის სახელის შერჩევა მართლაც რთული პროცესია. მამაჩემის სახელს ვერ დავარქმევდი ან რატომ უნდა დამერქმია? არ ვიცი, სად მოძებნა ბებიაჩემმა და ბაბუაჩემმა შუა იმერეთში რუსული სახელი იგორი და რატომ დაარქვა მამაჩემს. ლაზარეს დარქმევა იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ ბიბლიურად, იესოს მეგობარი იყო, ქრისტეს ძალიან უყვარდა... და მეორე, გახსოვთ, ალბათ: „დამარხულ არს ენაი ქართული... და მას ლაზარე ჰქვია“. აი, ამ ორმა ფაქტმა განაპირობა, რომ ჩემს შვილს ეს ლამაზი სახელი – ლაზარე დავარქვით.
– გარდა პირადი ცხოვრებისა, ბოლო პერიოდში შენს კარიერაშიც საკმაოდ კარგი სიახლეებია. ახალ სერიალშიც გიხილავთ?
– დიახ, ახალ სერიალზე დამამტკიცეს, რომელიც „იმედზე“ გავა, „ღამის სტუდია“ აკეთებს და იუმორისტულია. მანამდე კი, რუსთაველის თეატრიდან ჩინეთში მაქვს გასტროლები. იქიდან დაბრუნებულებს კი პრემიერები გვაქვს თეატრში. ადრე, სიხარულით გავრბოდი უცხოეთში გასტროლებზე, ახლა კი, შვილების გამო, ფეხები უკან მრჩება. ეს ერთადერთი გასტროლია ჩემს ცხოვრებაში, როცა ეიფორიულ მდგომარეობაში ვიქნები და მთელ ჩემს ემოციას სახლში ვტოვებ. ასე რომ, საგიჟეთი პერიოდი მეწყება და ამდენი განცდითა და სიხარულით, მეშინია, ფსიქიატრიულში არ მოვხვდე (იცინის). მაგრამ იმასაც ვფიქრობ, ალბათ; ღმერთს უნდოდა ასეთ მდგომარეობაში ვყოფილიყავი და ის თავად დამილაგებს სიტუაციას-მეთქი. ახლა, ყველაზე მაგარ მდგომარეობაში ვარ – აწყობილი ოჯახი, შვილები...