№37 რატომ არ გააჩინა სალომე ქათამაძემ შვილი საქართველოში და ვინ არის ბავშვის მამა
ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე
მომღერალი სალომე ქათამაძე რამდენიმე წელია, ნიუ-იორკში ცხოვრობს. მან სასიმღერო კარიერა ამერიკაში გააგრძელა და მუშაობს კიდეც ამ მიმართულებით. სალომეს ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა, მას ვაჟი შეეძინა, სახელად – გიორგი, რომელიც სულ რაღაც ოთხი თვისაა. როგორ მოირგო მომღერალმა დედის როლი, ინტერვიუდან შეიტყობთ.
სალომე ქათამაძე: რაც ამ ქვეყანაში ჩამოვედი, სულ ვცდილობ, რაღაც გავაკეთო. ვამბობ ხოლმე, ახლა დავიწყებ საქმეს, ახლა მივხედავ ყველაფერს, მაგრამ ბოლოს მაინც ყოველთვის სამომავლოდ გადადება მიწევს ხოლმე. ეს პირობებისა და ნაწილობრივ ჩემი ბრალიც არის, ასევე, იმ ქალაქის, სადაც ვარ. ძალიან რთულია აქ ცხოვრება. ბევრ რამეს სხვანაირად ხედავ და აკეთებ. სამსახური, ხარჯები, ადამიანებთან ურთიერთობა აქ უფრო გირთულდება. შესაბამისად, ნიუ-იორკში ჩამოსული ადამიანები ცოტა იცვლებიან, შესაბამისად, მეც შევიცვალე. ოღონდ, არ ვიცი, კარგის მხრივ თუ პირიქით. საკუთარ თავში ბევრი რამ აღმოვაჩინე – რაც მეგონა, არ შემეძლო, დღეს შემიძლია, ასევე, ბევრი სისუსტე და სიძლიერეც ვიპოვე.
– უფრო კონკრეტულად, რას გულისხმობ სირთულეებში?
– აქ ყველა დეტალი უნდა გაითვალისწინო, ისიც კი, სად ჩაისუნთქო ჰაერი. ყველა ცენტი წინასწარ უნდა გათვალო. მე ამას ვერ ვაკეთებ, არ გამომდის. ხარჯების მხრივ, მსგავს რამეს ბავშვობიდან არ ვარ მიჩვეული. ამ ქვეყანაში კი ეს ძალიან გჭირდება. მეგონა, ვერ გავართმევდი თავს, მაგრამ შევძელი. გარკვეული თანხის შეგროვება მომიწია, რომ ბინა ცალკე ამეღო, რათა მე და ბავშვი მარტო ვყოფილიყავით. ეს მართლა რთული იყო. აქ ფულის შეგროვება წარმოუდგენელია. შევძელი და გავაკეთე. ბინის გადასახადი ჩემს შესაძლებლობებს აღემატება და არ ვიცი, საიდან ვიხდი. სწორედ ეს არის სირთულე და მარტო როცა ხარ, ორმაგად რთულია. თუ გვერდით იმედად პარტნიორი გყავს, დედა ან ვინმე, ეს ყველაფერი ბევრად გიმარტივდება.
– ბავშვთან ერთად მუშაობას ახერხებ? გაგვაცანი შენი პატარა.
– ჩემი პატარა არის გიორგი კლდიაშვილი და ოთხი თვისაა. ისეთი თბილი, საყვარელი და კეთილია, რომ არანაირად არ გამოსდის დედას გაბრაზება (იცინის). მის სიცილს რომ დავინახავ, ყველაფერს აზრი ეკარგება – დაღლილობასაც და უძილობასაც. ამ ეტაპზე ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი შვილია და მისი აღზრდით ვარ დაკავებული. სამსახური მეორეხარისხოვანი გახდა, თუმცა, პარალელურად, მაინც მიწევს მუშაობა. სამუშაოდ რომ გავედი, ბავშვი თვე-ნახევრის იყო.
– გიჭირს ბავშვის მარტო გაზრდა?
– კი. რთულია, მით უმეტეს, ბუნებრივ კვებაზე მყავს და ამ მხრივ, უფრო მიჭირს. რაღაცნაირად ისე ვახერხებ ყველაფერს, რომ მეც მიკვირს ჩემი თავის, საიდან შემიძლია ამდენი. ბავშვთან მარტო რომ ვარ, საკუთარი თავისთვის ვერაფერს ვახერხებ, საჭმლის მომზადებასაც კი. ხანდახან, დილით რომ ვისაუზმებ, მერე მთელი დღე ვეღარ ვჭამ. ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს, ყველას უკვირს, როგორ შევძელი და ბავშვი მარტომ გავაჩინე. სრულიად მარტო ვზრდი, როცა სამსახურში მივდივარ, მაშინ მოდის ძიძა, დანარჩენი პერიოდი სულ ბავშვთან ვარ. შემიძლია, საქართველოში წამოვიდე, მანამდეც შემეძლო ეს გამეკეთებინა, მაგრამ რატომ? გიორგის აქ ექნება თავისი მომავალი. რაც შეეხება საქართველოს, მანდაც აუცილებლად ექნება საკუთარი სახლი და ეცოდინება ყველაფერი, რაც საქართველოსთან არის დაკავშირებული.
– სიურპრიზი იყო გიოს გამოჩენა შენს ცხოვრებაში? როგორი ორსულობა გქონდა?
– კი, ნამდვილად სიურპრიზი იყო. არ ვფიქრობდი, რომ შვილი გამეჩინა, დაგეგმილი არ მქონდა, თუმცა, ისე მოხდა, რომ ცხოვრებაში ყველაზე კარგი გადაწყვეტილება მივიღე. ეს რომ არ გამეკეთებინა, არ შეიძლებოდა, უნდა გამერისკა და გავრისკე კიდეც. დედაჩემმა ძალიან ბევრჯერ შემომთავაზა საქართველოში ჩამოსვლა. ისიც მითხრა, მე გავზრდი, შენ მანდ ისწავლეო, მაგრამ უარი ვუთხარი. ბავშვი იმისთვის გავაჩინე, რომ ჩემ გვერდით იყოს. არც ისეთი რთული ორსულობა მქონდა. ერთადერთი სარეცხი საშუალებების სუნს ვერ ვიტანდი: ყველა მოლეკულას ვგრძნობდი, გარეცხილ ტანსაცმელს ვერ ვიცვამდი, ვინმეს თუ ახალი გარეცხილი მაისური ეცვა, გვერდით ვერ ვუდგებოდი. ასეთი შეწუხებული დავდიოდი დაახლოებით სამი თვე (იცინის). სხვა ყველაფერი მშვენივრად მიდიოდა. 30 კილოგრამი მოვიმატე, თუმცა, 15 უკვე დავიკელი.
– გიოს მამაზე რას გვეტყვი?
– ბავშვის მამა ჩემი ძალიან ახლო მეგობარი იყო, კარგი ადამიანია. ერთად არ ვართ, მაგრამ არა უშავს, ხდება ხოლმე.
– როგორი დედა ხარ?
– თავიდან ყველაფრის მეშინოდა, ყველაფერზე ვკრთებოდი. რომ დაიბადა, ხრუტუნებდა, მსუქანაა, ღაბაბი აქვს და ცოტა სუნქვის პრობლემა ჰქონდა. დროთა განმავლობაში დავიხვეწე და ახლა პანიკები აღარ მჭირს. ჩემი მეგობრები ამბობენ, რომ გიჟი დედა ვარ. პედიატრთან, სადაც დავდივართ, მეუბნებიან, გაანებე ბავშვს თავი, ნუ უმოწმებ ყველაფერსო (იცინის). მინდა, რომ ჩემი შვილი ჯანმრთელი იყოს და ამაში დარწმუნებული უნდა ვიყო, ამიტომ ვუმოწმებ ყველაფერს. ვინც რა უნდა, ის მითხრას, მე მაინც ჩემსას გავაკეთებ.
– სახელი თავად შეურჩიე?
– საერთოდ არ ვიცოდი, რა უნდა დამერქმია. მერე ჩემი დისა და დედაჩემის რჩევით, ნიკოლოზი გადავწყვიტე. მოკლედ, მთელი ცხრა თვე ნიკი და ნიკლასი იყო. ორსულობის განმავლობაში, როცა გაინძრა, შემთხვევით დავუძახე გიორგი, თან, ერთი ხუთჯერ მაინც მქონდა ასეთი შემთხვევა. მერე ჩავფიქრდებოდი ხოლმე, ვაიმე რატომ დავუძახე გიორგი. რეალურად ამ სახელზე იდეაშიც არ მიფიქრია, რადგან ძმას და ბიძას ჰქვიათ გიორგი და გიორგი მესამეს აღარ ვაპირებდი (იცინის). თავისით ამოდიოდა პირიდან ეს სახელი და დედაჩემს ვეკითხებოდი, რატომ მემართება ასე-მეთქი. გიო ხუთ მაისს დაიბადა ამერიკაში, საქართველოს დროით უკვე გიორგობა იყო. სამშობიაროში ვთქვი, ყველაფერმა კარგად ჩაიაროს და ბავშვს აუცილებლად გიორგის დავარქმევ-მეთქი.
– ბუნებრივად იმშობიარე?
– კი, ბუნებრივად ვიმშობიარე. თავიდან ვფიქრობდი, არ გავიყუჩებ ტკივლის-მეთქი. თითქმის ბოლომდე ჩემით ავიტანე ყველაფერი, მაგრამ ბოლოს ვეღარ გავუძელი. სადღაც ვუშვებ, რომ შემეძლო ეს ყველაფერი გადამეტანა, უბრალოდ, ვერ მოვითმინე. მქონდა ტკივილები, მაგრამ ისეთი, რომ რაღაც გაუსაძლისი ყოფილიყო – არა. პალატაში ვცეკვავდი კიდეც (იცინის). დაიბადა გოლიათი და ახლაც გოლიათია, ოთხი თვის არის და ცხრა თვის ბავშვის ტანსაცმელი აცვია.