№37 როგორ აალაპარაკეს ამერიკა გიორგი პაპაშვილმა და მისმა მეუღლემ და რა გარდატეხა მოახდინეს მათ მსოფლიო ლიტერატურაში
ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე
უღარიბეს სოფელ კობიანთკარში, ვანო და იამზე პაპაშვილების ოჯახში, 1898 წლის 23 აგვისტოს ვაჟი – გიორგი პაპაშვილი დაიბადა. მაშინ ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე, რომ 21 წლის შემდეგ ნიუ-იორკში ემიგრანტის სტატუსით ჩასულ გიორგი (ჯორჯ) პაპაშვილის წიგნი უოლტ უიტმენის, მარკ ტვენის, იულიამ ფოლკნერის, ერნესტ ჰემინგუეის და სხვა გამოჩენილი ადამიანების წიგნების გვერდით ამერიკის რჩეულთა ბიბლიოთეკაში აღმოჩნდებოდა. 1945 წელს გიორგი (ჯორჯ) პაპაშვილის წიგნმა, Anything Can Happen – „ყველაფერი შეიძლება მოხდეს,“ კიდევ ერთი გარდატეხა მოახდინა მსოფლიო ლიტერატურაში. ერთ წელიწადში, ათგზის გამოცემული წიგნი ბესთსელერად იქცა.
1952 წელს „ჰოლივუდში“, ცნობილმა რეჟისორმა ჯორჯ სიტონმა გიორგი პაპაშვილის ნაწარმოებზე, „ყველაფარი შეიძლება მოხდეს,“ ამავე სახელწოდების მხატვრული ფილმი გადაიღო. მოგვიანებით ფილმი „ოქროს გლობუსით“ დაჯილდოვდა. პარალელურად, მის, როგორც მოქანდაკის, შესახებ დოკუმენტური ფილმიც – Beauty in Stone – „სილამაზე ქვაში“, შეიქმნა.
მისი მონაყოლის მიხედვით, დედა ტრაგიკულად გარდაეცვალა, მამას კი არ ჰქონდა სახსრები, რათა ის სკოლაში შეეყვანა. ამიტომ მას ტყავზე მუშაობა და ხანჯლების კეთება შეასწავლა. 1921 წელს ის ჯარში მსახურობდა. როცა წითელი არმია საქართველოში შემოვიდა, გიორგი მენშევიკებთან ერთად კონსტანტინოპოლში აღმოჩნდა. იქ მან ორი წელი დაჰყო, სადაც თხრიდა ჭებს, მუშაობდა ტაქსის მძღოლად და ანატოლიის ველებზე ტახებზე ნადირობდა. შემდეგ სხვადასხვა გზით მოახერხა ვიზის შოვნა და ამერიკაში ჩასვლა. ნიუ-იორკში რამდენიმე ღამე სიმონ სიდამონ-ერისთავის ოჯახთან ერთად ნაქირავებ ოთახში გაათია. შემდეგ კალიფორნიისკენ აიღო გეზი. პაპაშვილმა მრავალი სხვადასხვა სამუშაო გამოიცვალა – იყო მზარეული, ჭურჭლის მრეცხავი, მუშაობდა ლითონჩამოსასხმელ საამქროში. ერთხანს „ჰოლივუდშიც“ კი მოღვაწეობდა. როგორც თავად წერდა: როცა კაზაკი დასჭირდებოდათ, მხოლოდ მაშინ დამიძახებდნენ ხოლმეო. მსახიობობაზე მალევე აიყარა გული: „ცხენის ჭენება და ჩოხის და ბუხრის ქუდის ტარება თუ მინდოდა, ბარემ შინ, კობიანთკარში, დავრჩენილიყავ. მე სხვა რაღაცის საძებნელად ჩამოვედი ამერიკაში და სჯობს, ის ვიპოვო-მეთქი“.
თხუთმეტწლიანი ხეტიალის შემდეგ გიორგი პაპაშვილმა ცოლად შეირთო ამერიკელი მწერალი და მომავალი თანაავტორი, ჰელენ უაიტი. წყვილმა ჰელენის მზითევით პენსილვანიის შტატში პატარა ფერმა იყიდა და გიორგიმ მამა-პაპის ხელობას – ხვნა-თესვას მიჰყო ხელი. ტანდემი შედგა და მალე მთელი ამერიკა მათზე ალაპარაკდა.
გიორგი პაპაშვილი ცნობილი იყო არა მხოლოდ მწერლობით, არამედ სკულპტურული ნამუშევრებითაც. ძირითადად, ცხოველთა სკულპტურებს ქმნიდა. 1979 წელს პენსილვანიაში მისი ქანდაკებების ფოტოალბომები გამოიცა. პაპაშვილი მოხსენიებულია მე-20 საუკუნის ამერიკული მწერლობისა და ხელოვნების ანთოლოგიაში.
მისი ავტობიოგრაფიული წიგნი – „ყველაფერი შეიძლება მოხდეს“ – Anything Can Happen (1945), რომელიც მან ამერიკელ მეუღლესთან, ჰელენთან ერთად დაწერა, ნამდვილ ლიტერატურულ სენსაციად იქცა, მისი 1.5 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა და დაახლოებით, 20 ენაზე გადაითარგმნა. „სულ რამდენიმე წიგნმა შეძლო, შეერთებული შტატები ასე ეგზოტიკურად დაეხატა”, – წერდა ჟურნალი TIME.
საკუთარ მწერლურ გამოცდილებაზე ის მწერალ აკაკი ბელიაშვილს ასე უყვებოდა: „მე რისი მწერალი ვარ. ჩემი ცოლო სწერამს, მე ვუამბობ ხოლმე და ეგაა მწერალი, მე კი არა“. „ყველაფერი შეიძლება მოხდეს” გამოსვლისთანავე თვის საუკეთესო წიგნად აღიარეს. როცა ეს სიახლე ჰელენს შეატყობინეს, გიორგი სახლის სახურავს არემონტებდა. „შემეშინდა, ამ ამბავს როცა გაიგებდა, სიხარულისგან სახურავიდან არ ჩამოვარდნილიყო, ამიტომ ვუთხარი, ჩამოდი ახალი ამბავი უნდა გითხრა-მეთქი“, – იხსენებდა ჰელენ პაპაშვილი.
60-იან წლებში გიორგი პაპაშვილმა, მეუღლესთან ერთად, პირველად იმოგზაურა საქართველოში. შემოქმედს სამშობლოში დარჩენაც შესთავაზეს. თუმცა, მან ამაზე იმჯერად უკვე უარი თქვა.
ჟუჟუნა ნიჟარაძე-მაჭავარიანი (საზოგადო მოღვაწე და ჟურნალისტი): 1960 წელს ჩინეთიდან დიდი შთაბეჭდილებებით დაბრუნებულებს, ჩვენს უსაყვარლეს ქალაქ თბილისში ამერიკიდან ჩამოსული საპატიო სტუმრები დაგვხვდნენ. ესენი იყვნენ ცნობილი მწერალი და მოქანდაკე გიორგი პაპაშვილი და მისი მეუღლე – ქალბატონი ელენე. მათ თავიანთი წიგნი – „ყველაფერი შეიძლება მოხდეს“ მაჩუქეს, რომელიც უკვე მთელ მსოფლიოში იყო აღიარებული. ჩემმა მშობლებმა ჩვენი სტუმრების შესახებ შეიტყვეს და მთხოვეს, საპატიო სტუმრები მათთან, მცხეთაში ჩამეყვანა, რაზეც გიორგი პაპაშვილი და მისი მეუღლე სიამოვნებით დამთანხმდნენ. სანამ მცხეთაში, ჩვენს სახლში მივიდოდით, მამულაშვილის ცნობილ ბაღს ვესტუმრეთ. ბაღის ნახვამ ორივე ცოლ-ქმარი ძალიან მოხიბლა. ბატონმა გიორგიმ შთაბეჭდილების წიგნი მოითხოვა, რადგან სურდა მასაც ჩაეწერა, თუ რამდენად აღფრთოვანებული იყო ნანახით. მახსოვს, მისი სიტყვები: „მე დღეს უბედნიერესი კაცი ვარ, რომ ვესტუმრე ამ ულამაზეს ბაღს და დავტკბი ამ საოცრების ნახვით“.
ჩემს მშობლებთან როდესაც მივედით, იქ უკვე პატივსაცემ სტუმრებს მოეყარათ თავი – ირაკლი აბაშიძე, სტეფანე ჯაფარიძე, ოთარ ღუდუშაური, თავის მეუღლესთან ერთად, ასევე ბიძაჩემი, კომპოზიტორი ლევან ყარანგოზიშვლი. ჩვენს ეზოში მაშინ 30-მდე ჯიშის ვარდი ჰყვაოდა და ირგვლივ საოცარი სურნელი იდგა. იქვე, თონეში პურები ცხვებოდა, დიდ აივანზე სუფრა იყო გაშლილი, ქართველებს რომ გვაქვს ცნობილი გამოთქმა – სუფრას ჩიტის რძეც არ აკლდა... მამამ თამადად ირაკლი აბაშიძე აირჩია. ირაკლი ბიძიამ ოჯახის სადღეგრძელოს შემდეგ ჩვენი სტუმრები – გიორგი პაპაშვილი და მისი მეუღლე ადღეგრძელა და დასძინა, დღეს ბედნიერი დღეა – ამერიკაში სახელგანთქმულ მწერალს და მის მეუღლეს ვმასპინძლობთ. ბევრმა შეიძლება, არც კი იცის, რომ იგი მეოცე საუკუნის ცნობილი მწერალი და თანაც, მოქანდაკე გახლავთო. როგორც ირაკლი აბაშიძე ამბობდა, მაშინ უკვე პენსილვანიის ცნობილ მუზეუმებში გიორგი პაპაშვილის 600-მდე ნამუშევარი იყო განთავსებული და პენსილვანიაშივე, სკულპტორის უზარმაზარი ეზო მისი ნამუშვრებით იყო მოფენილი. ყველამ გულითადად შესვა გიორგი პაპაშვილის სადღეგრძელო. სკულპტორს სთხოვეს, საქართველოშიც ყოფილიყო მუზეუმი მის მიერ შექმნილი ქანდაკებებით. გიორგი პაპაშვილის მეუღლემ ძალიან მომხიბლა და გიშრის მძივი ვაჩუქე, რომელიც ტყიბულის საბადოდან იყო ჩამოტანილი. ბატონ გიორგის კი მამამ მოვერცხლილი ყანწი უსახსოვრა. დეიდა ვენერამ მწერალს „ვეფხისტყაოსანი“ და ინგლისურ ენაზე გამოცემული ქართული ანთოლოგია გადასცა საჩუქრად. გიორგი პაპაშვილის მეუღლემ მთხოვა, შემეგროვებინა ყვავილებზე შექმნილი ლექსები, ზღაპრები, ლეგენდები და მისთვის გამეგზავნა. მისი თხოვნა შევასრულე, დავწერე წიგნი „ყვავილით შთაგონებული“ და ამ წიგნის ნათლიად ქალბატონი ელენე ავირჩიე. ქალბატონი ელენე აღტაცებული მიყვებოდა: გიორგი მეუბნებოდა, რომ ზღაპრული ქვეყნიდანაა და მართალი ყოფილაო. ამდენი სილამაზე, ასეთი საკვირველი ხალხი არსად მინახავსო. ბატონი გიორგი მამას უყვებოდა, რომ ამერიკაში ჩემი ჩასვლის შემდეგ მაწონმა დიდი დახმარება გამიწიაო და პირველ პერიოდს იხსენებდა, როცა ძალიან უჭირდა. ცოლ-ქმარი მთხოვდა, მათთან სტუმრად ჩავსულიყავი. გარკვეული დროის შემდეგ მართლაც მომიხდა ამერიკაში ჩასვლა და პაპაშვილების ოჯახის მონახულების დიდი სურვილი მქონდა. ჩავედი პენსილვანიაში, მაგრამ სამწუხაროდ, ბატონი გიორგი ცოცხალი აღარ იყო...
კანადაში გავიცანი გიორგი ლოლუა, რომელმაც გიორგი პაპაშვილის შესახებ საინტერესო ამბები მიამბო. მითხრა, რომ მას იცნობენ, როგორც ემიგრანტს საბჭოთა კავშირიდან, მსოფლიოში გამოჩენილ მწერალსა და სკულპტორს. მის შესახებ დოკუმენტური ფილმიც გადაიღეს, იქ ჩანს, როგორ მუშაობს გრანიტზე და მისი სიმღერა ისმისო. გიორგი ლოლუამ შესანიშნავი ლექსი წამიკითხა და მისახსოვრა, რომელიც გიორგი პაპაშვილს ეძღვნებოდა. გიორგი პაპაშვილს ამერიკაში „გაამერიკელებულ ფიროსმანად“ მოიხსენიებდნენ. ცნობილი ფალავანი კოლა ქვარიანი რომ გავიცანი, მითხრა: ამერიკაში დაბრუნების შემდეგ გიორგი პაპაშვილმა საქართველოს ხელოვნების მუზეუმს სამი ნამუშევარი გადასცაო.