კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 დიდი ცოდვა

ნინო კანდელაკი დასასრული

დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #34-36(975)

***
– ყველაფერი მზადაა  და ხვალ უკვე საქმეზე წასვლა შეიძლება,  – უთხრა მამა თომამ „ქოსას“ ზუსტად ორი დღის შემდეგ.
„ქოსამ“ უზარმაზარ მაგიდაზე განლაგებულ სხვადასხვა ელექტრომოწყობილობას თვალი გადაავლო და მამა თომას უთხრა:
– კარგად იცი, რომ ელექტრომოწყობილობებში ვერ ვერკვევით და იმის დიდი შანსია, რომ ისევ სცადო ჩვენი გაცურება, მაგრამ ხომ ნახე, რაც მოხდა? მეორედ უკვე დანდობის იმედი ნუ გექნება.
– სისულელეს ამბობ, „ქოსა“, – სიტყვა გააწყვეტინა გივი გეგეშიძეს მამაომ და დაამატა, – ბანკის საცავიდან ფულს ერთად წამოვიღებთ. ყყველანი შეიარაღებული ხართ და თვალს არ მაშორებთ. რაც ყველაზე მთავარია, კოტიკო თქვენთანაა და სად და როგორ უნდა გავიქცე?
– ეგ არ ვიცი, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის მაინც გაგაფრთხილე, – კბილებში გამოცრა „ქოსამ“.
– კარგი, კარგი, „ქოსა“, რაც იყო, იყო. ვაღიარებ, რომ მივქარე, – თქვა მამაომ და დააყოლა, – ახლა კი ყველანი აქ მოდით და ყურადღებით მომისმინეთ. დაწვრილებით აგიხსნით, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ.
„ქოსამ“ და დანარჩენებმა უზარმაზარი მონიტორის წინ მოიყარეს თავი, რომელიც კომპიუტერზე იყო მიერთებული. მამაომ „ფლეშკა“ შეაერთა, კომპიუტერი ჩართო და ეკრანზე „DB ბანკის“ საცავის გამოსახულება გამოჩნდა. მამაო თხუთმეტი წუთის განმავლობაში ლაპარაკობდა. ყველაფერი დაწვრილებით ახსნა და ბოლოს თქვა:
– როგორც გითხარით, ყველაფერი ზუსტად ისე უნდა გაკეთდეს. ამ უზარმაზარი სეიფის გახსნაზე უფრო რთული დროში ჩატევაა. როგორც გითხარით, სეიფის გახსნიდან ოცი წუთის შემდეგ სასიგნალო მოწყობილობა ამოქმედდება, რომელიც დაცვის პოლიციის ოფისთანაა დაკავშირებული და ისინი, მაქსიმუმ, 2 წუთში მოვლენ. ამიტომ ფულის გამოზიდვა და გამოსვლა თხუთმეტ წუთში უნდა მოვასწროთ, რომ შვიდი წუთი მარაგში გვქონდეს. ეს ჩვენი მიმალვისთვის საჭირო დროა. ამგვარად, რამდენ ფულსაც და ოქროსაც გამოზიდავთ თოთხმეტ წუთში, ჩვენი ნადავლიც ის იქნება. ერთი წუთი კი ბანკიდან გამოსასვლელადაა საჭირო და ამ დროისთვის წამის გადაცილებაც არ შეიძლება. გასაგებია?
ოთო მიქაძე დიდი ყურადღებით უსმენდა მამა თომას და ბოლოს ჰკითხა:
– შენ ამბობ, რომ თოთხმეტ წუთში თუ ვერ მოვასწარით მთელი „მაყუთის“ და ოქროს გამოტანა, რაც იქ დარჩება ხელი აღარ უნდა ვახლოთ და „მოვტყდეთ“?
– კი. სწორედ ასეა, მაგრამ ამ დროში ბლომად თანხისა და ოქროს გამოტანას მოვახერხებთ, – თქვა მამაომ.
– ექვსნი ვიქნებით. ნუნუკაც მიგვყავს, – თქვა „ქოსამ“.
ნუნუკა ის „ნარკომანკა“ „ნაკოლშიცა“ იყო, რომელიც „DB ბანკის“ ერთ-ერთ მეწილეზე იყო გათხოვილი და „ქოსას“ ჰყავდა გამოჭერილი.
საძულველი ნუნუკას ხსენებაზე, რომელიც, რა თქმა უნდა, რიტა ბრუნსის აგარაკზე ვერ „იჩითებოდა“, რიტას სახე აელეწა და „ქოსას“ ზიზღით უთხრა:
– ვერ ეშვები, ხომ, იმ ძუკნას?
– კარგი რა, რიტაჩკა, გეყოფა. ხომ იცი, რომ საქმეს ასე სჭირდება და „ნაკოლი“ ნუნუკამ მოგვცა. მინდა, ეგ „ნარკომანკა“, რომ არ გვჭირდებოდეს? – თქვა „ქოსამ“. ქალი კი არ ცხრებოდა:
– თუ არ  გინდა, რას დაათრევ თან?
– არსადაც არ დავათრევ, უბრალოდ, ხალხი გვჭირდება, – „ქოსამ“ მამა თომასკენ გაიშვირა ხელი, – ხომ გაიგე, რა თქვა „ზარომ“, თოთხმეტ წუთში უნდა გამოვზიდოთ ყველაფერი და ნუნუკა ცოტას მაინც შეგვეშველება.
– ეგ დატოვე და მე წამიყვანე. მაგ ძუკნაზე სამჯერ მეტს წამოვიღებ და უფრო გამოგადგებით, – მოულოდნელად თქვა რიტამ და „ქოსას“ ანთებული თვალებით მიაჩერდა.
– კარგი, ქალო, დამშვიდდი. ნუ გეშინია, ბანკის საცავში არ ვაპირებ იმ „ნარკომანკას“ „გაჟიმვას“, – თქვა „ქოსამ“ და ხელი აიქნია, თან გააბოლა.
მამაოს გარდა, ოთახში მყოფმა მამაკაცმა ქოსას სიტყვებზე ხმამაღლა გაიცინა. რიტამ კი თავი გააქნია, „ქოსას“ თითი დაუქნია და სანამ ოთახიდან გავიდოდა, უთხრა:
– გივი, იცოდე, ვალში ხარ ჩემთან. რიტა ბრუნსმა სიყვარულიც იცის და შურისძიებაც. ისე ნუ გაიხდი საქმეს, რომ ჩემი დამცირება ცხვირში ამოგივიდეს.
რიტა რომ ოთახიდან გავიდა, სახეწამოჭარხლებულმა „ქოსამ“  თქვა:
– გიჟია ეს ჩემისა, ეჭვიანობამ ტვინი დაუბნელა და რას ბოდავს, თვითონაც არ იცის, – შემდეგ თავი გააქნია და დაამატა, – „ატბოი“! ძილის დროა, ხვალ საქმეზე მივდივართ.
„ქოსა“ და ოთო მიქაძე ოთახიდან გავიდნენ. „გორილამ“ და მძღოლმა კი მამა თომა ორივე ხელით საწოლის რიკულებზე მიაბეს და სადარაჯოდ ოთახში დარჩნენ.
***
„DB ბანკის“ ერთ-ერთმა მმართველმა, რომლის ცოლიც „ნარკომანკა“ ნუნუკა იყო, უთენია გაიღვიძა და ჩვეული რიტუალი თანმიმდევრულად ჩაატარა: ჯერ დილის ტუალეტი მოითავა და შემდეგ ტრენაჟორებზე ივარჯიშა. წყლის პროცედურების მერე მსუბუქად ისაუზმა და სახლიდან გასვლის წინ მძინარე ნუნუკას წამოადგა თავზე, რომელსაც არ ეძინა, მხოლოდ და მხოლოდ თავს იმძინარებდა. ბანკის მმართველი დაიხარა, ცოლს ყურთან აკოცა და უჩურჩულა:
– წავედი, ნუნუკ, – ტკბილად იძინე, ჩემო კუდრაჭა.
– კარგი, რა, რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ დილით არ გამაღვიძო-მეთქი, – ნამძინარევი ხმით თქვა ნუნუკამ.
ბანკის მმართველი ცოლს ჩაეხუტა.
***
ბანკის მმართველის „ნარკომანკა“ ცოლს ძარცვის ოპერაციაში მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა და ოპერაცია მას უნდა დაეწყო. წინა დღით „ქოსამ“ ნუნუკა მკაცრად გააფრთხილა:
– იცოდე, ოპერაცია არ ჩაგვიშალო და ყველაფერი ზუსტად შეასრულე. არაფერი აგერიოს. არავითარ შემთხვევაში არ იკაიფო და მოითმინე. გაიგე?
– ჰო, გავიგე. დებილი ხომ არ ვარ? – უხალისოდ თქვა ნუნუკამ. „ქოსამ“ კი გაუღიმა, თმაზე მიეფერა და უთხრა:
ნუნუკას კარგად ახსოვდა „ქოსას“ მუქარა-შეხსენება და ნარკოტიკს არ გაჰკარებია. პირველ რიგში, საათის მექანიზმიანი ექვსი გაზის პაკეტი სამალავიდან გამოიღო  და ჩანთაში შეინახა, ცოტა „წაიტრენაჟორა“ კიდეც და მას მერე, რაც წყლის პროცედურები ჩაიტარა, სახლიდან გავიდა. სპორტული „მერსედესი“ დაძრა და „DB ბანკისკენ“ აიღო გეზი. ნუნუკას საქმეზე წაყვანის ნამდვილი მიზეზი კი გაზის ბალონების შენობაში დამალვა იყო, რომლებიც შუაღამეზე უნდა ამოქმედებულიყო. ბანკში მისვლის საბაბი კი, „ქოსასთან“ შეთანხმებული სცენარით, ნუნუკას ქმრისთვის საშოპინგო ფულის გამორთმევა უნდა ყოფილიყო.
სანამ მეუღლის კაბინეტამდე მივიდოდა, ნუნუკამ ექვსივე ბალონი მოხერხებულად მოათავსა წინასწარ შერჩეულ ადგილებზე და „სირიკოს“ შეშფოთებული სახით „გამოეცხადა“.
– მოხდა რამე, საყვარელო? – იკითხა შემცბარმა მმართველმა, როცა ნუნუკას „ამჟავებული“ სახე იხილა.
– არ გრცხვენია, რომ ორასი დოლარის მეტი არ დამიტოვე? ხომ გითხარი, საშოპინგოდ მივდივარ-მეთქი.
– ბოდიში, ჩემო კუდრაჭა. ჯიბეში მეტი არ მქონდა. აი, ჩემი „გოლდენ“ ბარათი წაიღე და გამოიყენე.
ბანკიდან გამოსულმა ნუნუკამ კი „ქოსას“ მესიჯი მისწერა: თაფლიანი კასრები დავაბინავეო, რაც იმას ნიშნავდა, რომ გაზით სავსე პატარა ბალონები უკვე ადგილზე იყო.
***
  ზუსტად საღამის ათ საათზე, რიტა ბრუნსის აგარაკიდან კარგად გამართული მიკროავტობუსი გავიდა, რომელშიც ბანკის მძარცველთა ხუთეული იჯდა. გზაში მას ნუნუკაც შეუერთდა, რომელიც სხეულზე შემოტმასნილ ელასტიკებში იყო გამოწყობილი და მიკროავტობუსში ჩაჯდომისთანავე თქვა:
– ჩემი ქმარი მივაძინე. შამპანიურში წამალი გავურიე და დილამდე გვერდსაც ვერ შეიცვლისო.
„DB ბანკი“ საბურთალოზე მდებარეობდა. მძარცველებმა მიკროავტობუსი ახლომდებარე პარკინგზე გააჩერეს და დაელოდნენ. ღამის პირველის თხუთმეტ წუთზე კი ერთ-ერთი მცველის მობილურზე დარეკეს და კარგა ხანს რომ არ უპასუხა და გაითიშა, „ქოსამ“ თქვა:
– სძინავთ. შევედით!
  მძარცველთა ექვსეულმა „DB ბანკში“ უპრობლემოდ შეაღწია და ექვსივე დაძინებული დარაჯი, ყოველი შემთხვევისთვის, გაკოჭეს. შემდეგ საცავში ჩავიდნენ და პირველი ზღუდე დაუბრკოლებლად გადალახეს. უზარმაზარ, ჯავშნიან სეიფ-ოთახთან რომ  მივიდნენ, მამა თომამ ზურგჩანთა მოიხსნა, იქიდან ელექტრომოწყობილობები ამოალაგა და სეიფის კოდის ძებნას შეუდგა. ერთ-ერთი ელექტრომოწყობილობა მას სეიფის კარზე ჰქონდა მიწებებული და ამგვარად საქმიანობდა. ხელში კი მინიატურული დისტანციური პულტი შეუმჩნევლად ეკავა, ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი ძარცვაში სწორედ ეს პულტი იყო. მას მერე, რაც კარზე მიმაგრებული ელექტრომოწყობილობა სეიფის კოდს ამოიცნობდა, ეს კოდი მინიპულტზე უნდა დაფიქსირებულიყო და ღილაკზე თითის დაჭერით სეიფის კარი გაიღებოდა. მამა თომამ სეიფის კოდი იპოვა და პულტზე გადაიტანა. შემდეგ თვალის ასახვევი მოძრაობები გააკეთა და ყველას მოაჩვენა, რომ სეიფი კარზე დამაგრებული მოწყობილობით იღებოდა. შეუმჩნევლად კი პულტის ღილაკს მიაჭირა თითი და დაჯავშნული კარი უხმოდ, სწრაფად გაიღო. ოთახი განათდა და რკინის თაროებზე შემოწყობილი ფულის დასტები და ოქროს ზოდები გამოჩნდა.
– თოთხმეტ წუთზე ნაკლები დარჩა. აბა, ჩქარა, საქმეს მიხედეთ! – თქვა მამა თომამ.
„ქოსა“, „გორილა“, ოთო მიქაძე, მძღოლი და ნუნუკა წინასწარ გამზადებული ტომრებით შეცვივდნენ სეიფ-ოთახში, რომ შიგთავსი გამოეზიდათ. მამაომ კი სეიფ-ოთახის დაჯავშნილი კარი სწრაფად მიხურა, პულტს თითი მიაჭირა და მძარცველი ხუთეული შიგნით გამოამწყვდია.
– „ზარო“! გააღე, თორემ მიწიდან ამოგთხრი, – დაიღრიალა სასოწარკვეთილმა „ქოსამ“, რაზეც მამაომ უთხრა:.
– ჯერ ის მითხარი, კოტიკო სადაა.
– რიტას აგარაკზე, რიტასთან, – სხაპასხუპით უპასუხა „ქოსამ“ და დააყოლა, – ახლა კი გააღე.
– სხვები გააღებენ. მშვიდობით! – თქვა მამა თომამ და საცავიდან წამოვიდა. გასასვლელისკენ მიმავალს კი სეიფ-ოთახში გამოკეტილი ხუთეულის განწირული წივილ-კივილი ესმოდა, რომელთა შორის განსაკუთრებით „ქოსასა“ და ნუნუკას ხმები გამოირჩეოდა.
***
  „DB ბანკიდან“ გამოსული მამა თომა ერთხანს მერყეობდა, ვერ გადაეწყვიტა, პოლიციაში მისულიყო და მათთვის ეთხოვა დახმარება თუ თავად წასულიყო კოტიკოს გამოსახსნელად. ბოლოს ისევ მარტო წასვლა ამჯობინა და მიკროავტობუსში ჩაჯდა, მავთულები ამოყარა, მანქანა დაქოქა და წყნეთისკენ, რიტა ბრუნსის აგარაკისგენ გაემართა. მამაომ მიკროავტობუსი მოშორებით გააჩერა. ფეხით განაგრძო გზა და რაც შეეძლო, უხმაუროდ შევიდა შიგნით. სახლი ჩაბნელებული იყო და მამაო ძალიან ფრთხილად მიიკვლევდა გზას. მეორე სართულზე რომ ავიდა და ხუთიოდე მეტრი გაიარა, უცებ მისაღებ ოთახში შუქი აინთო და მამაომ ნახევრადშიშველი რიტა ბრუნსი დაინახა. ქალს კოტიკოსთვის თმებში ჩაევლო ხელი და მის კეფაზე პისტოლეტი ჰქონდა მიდებული. ბავშვისთვის პირზე წებოვანი ლენტი აეკრა და ხელები ზურსუკან გაეკოჭა.
– დანარჩენები  სად არიან? – იკითხა რიტამ.
– „DB ბანკის“ სეიფში გამოვკეტე.
– იცოდე, არ გაინძრე, მღვდელო, თორემ ამ ნაბიჭვარს კეფას გავუხვრეტ! – კბილებში გამოსცრა რიტა ბრუნსმა.
– ბავშვს რას ერჩი, გაუშვი და თუ გინდა, მე მომკალი, – რაც შეეძლო მშვიდად უთხრა მამაომ ქალს. მკვლელობა დიდი ცოდვაა.
– მკვლელობა დიდი ცოდვაა ხომ? – გაიმეორა რიტამ და შეშლილივით გადაიხარხარა, შემდეგ ჯერ კოტიკოს დააჭირა თავზე პისტოლეტის ლულა, შემდეგ მამაოს მიუშვირა და ბოლოს პირში ჩაიდო. სასხლეტს თითი გამოჰკრა და თავის ქალა აიხადა.
მამა თომამ კოტიკოს ჯერ ხელები გაუთავისუფლა, შემდეგ წებოვანი ლენტი მოხსნა, ხელები თვალებზე ააფარა და კარისკენ ისე წავიდა, – ბავშვს ძირს დაგდებული, სისხლში მცურავი რიტა ბრუნსის დანახვა არ დაანება. გასვლისას კიდევ ერთხელ შეავლო თვალი ქალის უსულო ცხედარს და ჩაილაპარაკა:
– თვითმკვლელობაც დიდი ცოდვაა.

скачать dle 11.3