№37 როგორ გააცურა ლავრენტი ბერიამ „დამხმარე ოპერაციით“ შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

ეგრეთ წოდებულ „ეშერის ბუნკერში“ მოხვედრა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო და იქ დაცვის უმაღლესი კატეგორიის სისტემა მოქმედებდა. თუმცა, „ცეერუსა“ და „მი 6-ს“ უკვე ჰქონდათ ინფორმაცია კავკასიაში მიმდინარე ატომური სამუშაოების შესახებ და ჯერ ადგილმდებარეობის მიგნებაზე, შემდგომ კი საიდუმლო ობიექტში შეღწევაზე მიმდინარეობდა მუშაობა. მთავარი კი ის იყო, რომ არც ამერიკელებს და არც ბრიტანელებს აზრადაც არ მოსვლიათ საბჭოთა ატომური ბომბის კვალი შორეულ ურალში ეძებნათ. სოხუმს უცხოურმა დაზვერვებმა ინფორმაციის მიღებიდან ორ თვეში მიაგნეს და ვაშინგტონსა და ლონდონში სულ მოკლე ხანში ჰქონდათ სოხუმში მდებარე ზესაიდუმლო ატომური ობიექტის სურათები. პავლე სუდოპლატოვი იხსენებდა: „საბჭოთა ატომური პროექტის დეზინფორმაციულ ნაწილს გენერალი სერგო გოგლიძე კურირებდა და სწორედ ის ხელმძღვანელობდა „დამხმარე ოპერაციას“. კონტრდაზვერვის ღონისძიებები უმაღლეს პროფესიონალურ დონეზე მიმდინარეობდა და ვაშინგტონსა და ლონდონში რომ „ეშერის ბუნკერის“ სურათები მიიღეს, ჩვენ ეს უკვე ვიცოდით. მოსკოვში ამის თაობაზე ბერიამ თათბირი გამართა და გვითხრა:
– ახლა „დამხმარე ოპერაციის“ მეორე ეტაპი იწყება. მოწინააღმდეგეები უნდა დავარწმუნოთ, რომ მცდარ გზაზე ვდგავართ და ამ შეცდომის აღმოფხვრას მინიმუმ 15 წელი დასჭირდება. მაგრამ იცოდეთ, არ გადაამლაშოთო.
ნამდვილად არაფერი გადაგვიმლაშებია, აწყობილი მექანიზმი წარმატებით მუშაობდა. „ცეერუსა“ და „მი-6-ის“ აგენტებმა მოახერხეს, ეშერაში მომუშავე გერმანელი ფიზიკოსების, ოტო კრაუსისა და ოტო ვერნერის, მოხელთება. მათ გერმანიაში გადაყვანას შეჰპირდნენ და ცოლ-შვილის სურათებიც კი უჩვენეს, რომლებიც დასავლეთ გერმანიაში ცხოვრობდნენ. კრაუსი და ვერნერი კი პატიოსნად აწვდიდნენ საიდუმლო მასალებს და წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ მათ საბჭოთა კონტრდაზვერვა აკონტროლებდა. მათ არც ის იცოდნენ, რომ მათი ატომური სამუშაოები მცდარი გზით მიმდინარეობდა. ერთი სიტყვით, ჩვენ მოვახერხეთ და სრული დამაჯერებლობის სურათი შევქმენით, რამაც ამერიკის შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი დაარწმუნა, რომ საბჭოთა კავშირი, მინიმუმ, 1960-1962 წლებში შეძლებდა სწორ „ატომურ“ გზაზე გასვლას და ეს ჩვენი დაზვერვისა და პირადად ბერიას დიდი გამარჯვება იყო.“
როდესაც სემიპალატინსკში პირველი საბჭოთა ბომბი გამოსცადეს და ამის შესახებ ცნობილი გახდა, „ცეერუს“ ლეგენდარულმა შეფმა თავის დღიურში ჩაწერა: „რა თქმა უნდა, ეს ბერიას ხრიკებია და მან კვლავ ბავშვებივით გაგვაცურა...“
„დამხმარე ოპერაციისთვის“ ბერია და მისი გუნდი პირადად სტალინმა გულუხვად დააჯილდოვა“.