№37 რა ხერხები გამოიყენა სტალინმა ომში ადამიანთა დიდი მასების სამობილიზაციოდ
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
მრავალთა მიერ გავრცელებული ვერსიით, იოსებ სტალინი შოკში იყო, როდესაც ჰიტლერმა ომი დაიწყო, რაც მტკნარი სიცრუეა... ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი ეგორ პაპანოვი წერს: „1941 წლის 22 ივნისს სტალინი არანაირ შოკში არ ჩავარდნილა – ფაშისტების შემოჭრა მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. საბჭოთა ბელადს შესაბამისი განკარგულება ჰქონდა გაცემული ფაშისტური აგრესიის მოსაგერიებლად და ეს დირექტივა, უბრალოდ, ყველამ ვერ შეასრულა. ამის გამო, რამდენიმე გენერალი უმკაცრესად დაისაჯა კიდეც. ერთი სიტყვით, სტალინი სრულად აკონტროლებდა საკუთარ თავს, პანიკა მას ახლოც არ გაჰკარებია და ეს უკვე დადასტურებული ფაქტია, რაზეც არავინ დაობს (რა თქმა უნდა, ტენდენციური ადამიანების გარდა). სხვა საკითხია ის, რომ ჰიტლერული არმია ძალიან ძლიერი იყო და აგრესორის დასამარცხებლად სტალინს დიდი ძალების მობილიზაცია დასჭირდა. ამ ამოცანის შესასრულებლად კი საბჭოთა ბელადმა ყველა ხელმისაწვდომი ხერხი გამოიყენა, მათ შორის, რუსული – საბჭოთა პატრიოტიზმი და აგრეთვე, რელიგიაც... კონსტანტინე სიმონოვი ყვებოდა: „სტალინი საუცხოოდ იცნობდა რუსი ადამიანის ბუნებას, მის ფსიქოლოგიას, პატრიოტიზმსა და რელიგიურობას. ამიტომ მან (სტალინმა) ყოველივე ამის გამოყენებით უმძლავრესი პროპაგანდისტული მანქანა აამოქმედა, რამაც ნამდვილად გაამართლა. ისევე, როგორც ნაპოლეონის შემოჭრისას, ჰიტლერთან ომი წმიდათაწმიდა სამამულო ომად გამოცხადდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მტერს მთელი ერი უნდა აღდგომოდა წინ.
სტალინი ქართველი იყო და სიღრმისეულად ჰქონდა გააზრებული წმიდა ქართული მოწოდება – ქუდზე კაცი! სწორედ ქუდზე კაცს მოუწოდებდა სტალინი. პროპაგანდას ისიც აძლიერებდა, რომ ჰიტლერი ნაპოლეონივით 22 ივნისს შემოიჭრა რუსეთში... სტალინმა ძალიან მალე დააბრუნა არმიაში რუსული სამხედრო ფორმის ატრიბუტიკა ეპოლეტები და სამხედრო წოდებები, რაც აგრეთვე, უმნიშვნელოვანესი რამ იყო და იმ ადამიანების გული მოიგო, ვინც მაინცდამაინც არ გაურბოდა საბჭოთა წყობას. ამ ყველაფრის გვირგვინი კი ხალხისთვის რელიგიის დაბრუნება იყო და სწორედ ამ გარემოებამ შეასრულა გადამწყვეტი როლი ტოტალური, აბსოლუტური მობილიზაციის საქმეში...“ რელიგიის ფაქტორის შემოყვანა საბჭოთა წყობის რეალობაში, რა თქმა უნდა, ომით იყო გამოწვეული და მხოლოდ და მხოლოდ ქრისტიანობით არ შემოიფარგლებოდა. აქ იყო სხვა რელიგიებიც. რელიგიის გაცოცხლება საბჭოთა პროპაგანდის ნაწილი გახდა, მთელი ქვეყანა მოიცვა და დიდი როლი შეასრულა. ძალიან ზუსტად განსაზღვრა ეს პროცესი თავად ჰიტლერმა თავისი „ბუნკერის დღიურებში“, სადაც მან 1945 წლის 13 აპრილს დაწერა: „ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ სტალინი ერთ სანგარში დააყენებდა და ჩემს წინააღმდეგ ერთად აომებდა ქრისტიანს, მუსლიმანსა და იუდეველს...“ მართლაც რომ, წარმოუდგენელი რამ გააკეთა სტალინმა და საგულისხმო ფაქტია, რომ არანაირ ძალდატანებას არ ჰქონია ადგილი და ეს ყველაფერი ნებაყოფლობით მოხდა. კონსტანტინე სიმონოვი ყვებოდა: „მას მერე, რაც სტალინმა, თუ შეიძლება ითქვას, რელიგიური მობილიზაცია გამოაცხადა, ადამიანებს თავიანთი რელიგიური რიტუალების შესრულების უფლება დაუბრუნეს, მოხალისეთა ჯგუფები პირდაპირ ეკლესიებში, სინაგოგებსა და მეჩეთებში ყალიბდებოდა. ყაზარმებში კი მათი შერწყმა ხდებოდა და არავინ აცხადებდა პრეტენზიას, რომ განსხვავებული რელიგიის წარმომადგენელთან უწევდა მჭიდრო ურთიერთობა. ძალიან ხშირი იყო შემთხვევები, რომ იუდეველს მუსლიმანი გადაურჩენია და პირიქით. ნიშანდობლივი იყო ისიც, რომ ციხეებიდან გათავისუფლებული რელიგიის მსახურები სამხედრო მეთაურებად ინიშნებოდნენ რელიგიურ ნაწილებში და მათ სამხედრო წოდებები ენიჭებოდათ. პირადად მე ვიცნობ სამ რელიგიის მსახურს (შესაბამისად, ქრისტიანს, იუდეველსა და მუსლიმანს), რომლებმაც გენერლობას მიაღწიეს. შემდგომ კი თავიანთ რელიგიურ საქმიანობას დაუბრუნდნენ“.
აღსანიშნავი ფაქტია, რომ სწორედ სტალინის ინიციატივით გაფორმდა კონკორდატი სახელმწიფოსა და რელიგიურ კონფესიებს შორის და საბჭოთა კავშირში ნებისმიერ მოქალაქეს (გარდა პარტიის წევრისა) თავისუფლად შეეძლო, ყოფილიყო რელიგიური მორწმუნე. „პერესტროიკის“ დროს ჩაწერილ ინტერვიუში ვიაჩესლავ მოლოტოვმა ასეთი ისტორია გაიხსენა: „უბრალოდ რომ ვთქვათ, რელიგიის თავისუფლება სტალინმა ხალხს ომამდე ბევრად ადრე დაუბრუნა, ვიდრე რუსეთის ეკლესიის ფუნქციონირება ოფიციალურად აღდგა და პატრიარქი აირჩია. იმ დღეს, როდესაც სტალინმა ბერიას დაავალა მღვდლებისა და რელიგიური მოღვაწეების ციხეებიდან გათავისუფლება და ეკლესიების, სინაგოგებისა და მეჩეთების გახსნა, მეც სტალინის კაბინეტში ვიყავი. სტალინი კარგ გუნება-განწყობაზე იყო და უცებ მითხრა:
– პირჯვრის გადაწერა თუ იცი სწორად?
მე არასწორად გადავიწერე და სტალინმა ხელი ჩაიქნია. ბერიას შეხედა, მან (ბერიამ) კი უხმოდ, სწორად გადაიწერა და სტალინმა მითხრა.:
– აი, ასე უნდა. შენ კი აურიე.
– სასულიერო პირი ხომ არ ვარ, კობა? – ვუთხარი სტალინს, მან კი მითხრა:
– არც ბერიაა არქიმანდრიტი, მაგრამ იცის, – შემდეგ პაუზა გააკეთა და ნაღვლიანად თქვა, – ცხონებულ დედაჩემს კი ძალიან უნდოდა, რომ მღვდელი გამოვსულიყავი, მაგრამ იმედები გავუცრუე.
ერთი სიტყვით, სტალინმა კარგად იცოდა ადამიანების სულიერი მდგომარეობა და რომ იტყვიან, სწორი სვლა გააკეთა.“
ვის ვის, მაგრამ სტალინის მარჯვენა ხელს, მოლოტოვს ნამდვილად არ ეშლებოდა იმის განსაზღვრა და შეფასება, თუ როგორ სვლებს აკეთებდა სტალინი, მით უმეტეს, რომ ხშირად თავადაც მონაწილეობდა მათ შემუშავებაში.“