№37 ჭეშმარიტების გზაზე
როდესაც მამა ეპიფანე ერთობლივ ლიტურგიაში იღებდა მონაწილეობას, წინამძღვრის ადგილს ყოველთვის უთმობდა ახალი თაობის მღვდლებს, თავის სულიერ შვილებს. როდესაც ჰკითხეს, თუ რატომ იქცეოდა ასე, მამა ეპიფანემ მიუგო:
– მე დიდ სიხარულს მგვრის, როცა რაღაცით ვემსახურები ჩემს სულიერ შვილებს.
***
ვიღაცამ მამა ეპიფანეს ჰკითხა:
– მამაო, იქნებ ეგოისტურად იქცევით, როდესაც ეპისკოპოსობის ქიროტონიას მუდმივად გაურბიხართ?
მოძღვარმა უპასუხა:
– შვილო ჩემო, მე ახლა ოცდაჩვიდმეტი წლის ვარ – საკმაოდ ახალგაზრდა... მე რომ ეპისკოპოსი გავხდე და ღმერთმა მომცეს შესაძლებლობა, სამოცდაათი-ოთხმოცი წელი ვიჯდე კათედრაზე, პორფირითა და ბისონით შემოსილი, ვიღებდე დიაკონთაგან კმევას, ბრძანებებს ვაძლევდე მღვდლებს (რომელთაც ხშირად დიდი ოჯახი აქვთ), ვკითხულობდე ეკლესიაში წმიდა სახარებას, რომელიც დიაკვნებს უჭირავთ, ვისმენდე მგალობლების „მრავალთა წელთას“, წარვდგე წმიდა ტრაპეზის წინ ათობით მღვდლის გარემოცვაში... როგორ გგონია, მაშინ უეჭველად უფრო დიდი საფრთხე არ შემექმნებოდა საკუთარი თავისადმი სიყვარულისა, ვიდრე ახლა?
მოსაუბრე დადუმდა.
***
ერთხელ ერთმა ადამიანმა მამა ეპიფანეს აღსარებაზე უთხრა:
– გერონდი, ვფიქრობ, თქვენგან მეუფე ვერ დადგება.
მას სახე გაუბრწყინდა და მიუგო:
– უფალმა გაკურთხოს, შვილო ჩემო, ამ სიტყვებისთვის.
***
– გერონდი, ეპისკოპოსი რომ ყოფილიყავით, ხომ უფრო მეტად შეძლებდით, დახმარებოდით ხალხს. რატომ არ თანხმდებით ქიროტონიაზე?
– მომისმინეთ, რას გეტყვით: ხალხი თავისი მთავრობისგან, ჩვეულებრივ, ითხოვს პურსა და სანახაობას. არ ვიცი, შევძლებ თუ არა, მივცე ადამიანებს პური (ცხადია, მამა ეპიფანეს სულიერი პური ჰქონდა მხედველობაში), რაც შეეხება სანახაობებს, მათ ნამდვილად ვერავის შევთავაზებ.
***
გერნოდი, ნუთუ საერთოდ არ გელახებათ თავმოყვარეობა, როცა ეპისკოპოსები თქვენზე უფრო ახალგაზრდა და ნაკლებ ნიჭიერი მღვდლები ხდებიან?
– სულაც არა, შვილო ჩემო, რატომ უნდა განვიცადო მსგავსი რამ? რა მაკლია? მიტრა თავზე? ამისთვის არ გამოვდგები და არც არასოდეს დამწყვეტია გული. მე ყველაფერი მაქვს. ვარ მღვდელი და საიდუმლოებებს აღვასრულებ: ვაკუურთხებ პურსა და ღვინოს და ისინი ქრისტეს ხორცად და სისხლად გარდაიქმნებიან; მორწმუნეებს ვუკითხავ შენდობის ლოცვას და მათ ცოდვები მიეტევებათ, ვაკავშირებ მეუღლეებს ერთობლივი ცხოვრებისთვის. მე მხოლოდ ხელდასხმის უფლება არ მაქვს. მაგრამ ეს უფრო უპირატესობაა, ვიდრე ნაკლი. იცით, როგორი პასუხისმგებლობა აკისრიათ ეპისკოპოსებს და რა პასუხი უნდა აგონ აღსრულებულ ქიროტონიათა გამო? ჩემთვის მეტისმეტად ბევრს ნიშნავს ისიც, რომ მღვდელი ვარ.
მამა ეპიფანეს ცხოვრებიდან