№37 რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ილია ჭავჭავაძე და ნოე ჟორდანია
ნინო კანდელაკი ეკა პატარაია



ნუ დამწამებთო, ასე იუარა მარქსმა, იმისთანა მარქსისტები, როგორიც დღეს ჩვენში ბ-ნი ჟორდანია და მისი წილადობილნი არიან“. ნოე ჟორდანიას კრიტიკას ილია ისევ განაგრძობდა „ივერიის“ შემდეგ ნომრებშიც. „ივერიის“ 1900 წლის 65-ე ნომერში დაიბეჭდა ილიას წერილი სათაურით – „პატარა საუბარი“. ამ წერილში, წინა წერილის მსგავსად, ილია არ ერიდება ნოე ჟორდანიას დახასიათებას: „ამ უმეცრების ვეშაპს, შაქრის ქაღალდის ლახტი დაუჭერია და ჰგონია, რომ ამით ქვეყანა უნდა შევძრაო და მოპირისპირეები მოვიგერიოო, მას არ გააჩნია საკუთარი აზრი“. ილია ჟორდანიას ბრალს სდებს, რომ მან „საქართველოს მოამბეში“ გამოთქმული აზრები დაიჩემა, მიისაკუთრა და თავის პროგრამად გამოაცხადაო. ილია, გარდა ზემოთხსენებული ბრალდებებისა, ნოე ჟორდანიას შემდეგ ბრალდებასაც უყენებს – ეს არის საკუთარი ნათქვამის გადათქმა. მაგალითად, „კვალის“ 1898 წლის პირველ ნომერში გამოცხადებული პროგრამა, ჟორდანიას თქმით, თავისი ხელმოწერილი არ იყო, მაგრამ ილია ამტკიცებს, რომ „კვალის“ რედაქტორობაში ნოე ჟორდანიას ხელიც ურევია და მას საქვეყნოდ რომ ეღიარებინა, მე წილი არ მიდევს სარედაქციო წერილშიო, მისი თანამშრომლები დაინახავდნენ, თუ რა სანდო კაცი ყოფილაო. „ივერიის“ 1900 წლის 84-ე ნომერში დაიბეჭდა ნოე ჟორდანიას კრიტიკული წერილი ილიას მიმართ. სტატიის სათაურია „წერილი „ივერიის“ რედაქციის მიმართ“. ამ წერილში ნოე ჟორდნია ილია ჭავჭავაძეს ბრალს სდებს იმაში, რომ ილიამ ასერთ ქართველ მოსამსახურეს ნულები უწოდაო. „თუნდა მართლა კირვალიძეები, მერკვილაძეები და მათი ამყოლი ას ერთი კაცი ნულებად ჩამეთვალოს, რად გიკვირთ? თქვენ განა ის კაცი არ ბრძანდებით, რომელმაც თქვით, რომ არამც თუ ას ერთი კაცი, არამედ მთელი ერი, მთელი ხალხი უგუნურია“. მართლაც, ნოე ჟორდანია წერილში „ინტელიგენცია“, რომელიც „კვალის“ 1898 წლის ნომერში დაიბეჭდა, წერდა: „გონიერება, საზოგადოდ, იშვიათი რამ არის, ის სანთლით საძებარია, ხოლო უგუნურება ყოველგან და ყოველთვის მისაგნებია. ცხადია, პირველის ჭურჭელი – ინტელიგენციაა, ძლიერ ცოტა, სულ ერთი მუჭა, მეორის კი – მთელი ხალხი, მთელი ერი“. ილიას ბრალდება, თითქოს ჟორდანიამ მთელ ხალხს უგუნური უწოდა, მან უარყო და ილიას დააბრალა, ცილი დამწამაო. იგი ამბობს: „მე თუ ეს მართლა ჩავიდინე, არა თუ მწერლობიდან, არამედ თვით საზოგადოებიდანაც გამოვირიცხავ თავს სამუდამოდ“. მართალია, ნოე ჟორდანია პირდაპირ ერიდებოდა ილია ჭავჭავაძის კრიტიკას, მაგრამ მისი მისამართით

მაინც აქვეყნებდა პოლემიკურ წერილებს. ამ მხრივ, ძალიან საინტერესოა 1898 წლის „კვალის“ 24-ე ნომერში გამოქვეყნებული სტატია, სათაურით – „საზოგადოების საყურადღებოდ“. „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ მიმართ ნოე ჟორდანია წერს: „ეს 19 წელიწადია, ჩვენში არსებობს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. ამ ხნის განმავლობაში მისი მოღვაწეობა ისე ნელი ნაბიჯით წარმოებს, რომ კაცს ჰგონია, აღარც კი მოღვაწეობსო“. ამ წერილში ნოე ჟორდანია ბრალს სდებს საზოგადოების წევრებს იმაში, რომ ისინი გულგრილად ეკიდებიან საქმეს, რომ მათ არც საწევრო ფული შემოაქვთ. „საზოგადოებას“ უწუნებს გამგეობის მუშაობას, „გამგეობა დაწვრილებითი ანგარიშის მაგიერ ძალიან მოკლე, მშრალი ციფრებისგან შემდგარ „ანგარიშს“ აცნობებს წევრთა კრებას“. ამის მაგალითად მოჰყავს სენაკის სკოლის საქმე, სადაც მასწავლებლებსა და ინსპექტორებს შორის უსიამოვნება მოხდა. ეს ამბავი კი გამგეობამ კრებას დაუმალა. „კვალში“ რომ არ ყოფილიყო ამაზე დაწერილი, საზოგადოებას ამის შესახებ არ ეცოდინებოდა. გამგეობა ვერ ახდენს ინფორმაციის გაჟღერებას და ცხრაკლიტულში ინახავს. შესაბამისად, კრება ვერ ფუნქციონირებს“. თუმცა ამ წერილის ბოლოს, ნოე ჟორდანია აღიარებს, რომ „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ ერთადერთი სასარგებლო დაწესებულებაა და თუ არ მიიღეს სათანადო ზომები, სამუდამოდ გაქრებაო. „კვალის“ 1898 წლის ნომერში დაიბეჭდა ნოე ჟორდანიას წერილი, სადაც იმდროინდელ ქართველ საზოგადოებას ბრალს სდებს იმაში, რომ არ შეუძლია, ახალი იდეიის, აზრის მიღება. „ჩვენს საზოგადოებას აშინებს ახალი იდეა, აზრი. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ არსად ისე არ იდევნება ახალი აზრი, როგორც საქართველოში, და რომ მას უფლება ჰქონდეს, თითოეულ ასეთ მოაზრეს ისეთსავე კოცონზე გაგზავნიდა, როგორც ოდესმე რომის ღვთისმეტყველნი მოწინააღმდეგეთ ანადგურებდნენ ხოლმე“. ამ წერილში ნოე ჟორდანია ახასიათებს ქართველ საზოგადოებას: „გასაშტერებელი მიუკარებლობა, გონებრივი თვითმპყრობელობა, თავისთავის გაკერპება და სხვისადმი მძულვარება, ეს არის თვისებები ქართული საზოგადოებისა. ეს არის ერთიანი ჯაჭვი, რომლის თითოეულ რგოლს, თითო ასეთი პირი შეადგენს და ასე გარსშემორტყმული აქვს მთელს ხალხს. ჩვენი საზოგადოების აზრის განვითარება და აღორძინება ამ ჯაჭვის მსხვრევას მოითხოვს.“ ასე წარმოუდგენია მას ქართველი საზოგადოება. მიუხედავად პოლემიკისა, ილია ჭავჭავაძეც და ნოე ჟორადნიაც აფასებდნენ ერთმანეთს და მათი ეს კრიტიკა ერთმანეთის მიმართ არც შეიძლება ჩაითვალოს პირად დაპირისპირებად. ნოე ჟორდანია, თავის მხრივ, აღნიშნავდა კიდეც, რომ მე ილიას კი არ ვებრძვი, არამედ მის იმ შეხედულებებს, რომელიც მოძველებულიაო.