№36 დათო დარჩია: მამაომ ისე ამიხსნა სიკვდილი, კი არ შემეშინდა, პირიქით, მომინდა
ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე
სახელი: დათო.
გვარი: დარჩია.
პროფესია: მსახიობი.
– ბავშვობა...
– როცა ბავშვობაზე ვსაუბრობ, მახსენდება ტრავმა, რომელიც წლების წინ შემემთხვა. პატარა ვიყავი და ძალიან ბევრი „ვიჩალიჩე“, რომ ველოსიპედი ეყიდათ. ბოლოს დიდი ოვაციებით მომიყვანეს. მაშინ, ნახალოვკაში ვცხოვრობდით და საკუთარი სახლი გვქონდა, ქუჩა დაღმართი იყო და ისე დავიმტვერი, აღარც ველოსიპედი ვარგოდა და აღარც მე (იცინის). ველოსიპედი გადასაგდები გახდა და მეც სამკურნალო გავხდი. ეს მომენტი მახსენებს ბავშვობას – დამტვრევა და რაღაც უბედურება. ისე, ცუდი ბავშვობა არ მქონია. იმ სახლის მერე კორპუსებში მომიწია ცხოვრება, რასაც მე კუბიკებს ვეძახი და იმის მერე ნოსტალგია მაქვს – მინდა, სიბერისკენ მაინც დავიბრუნო საკუთარი სახლი.
– მაღიზიანებს...
– ძალიან მაღიზიანებს ტყუილი. ტყუილს მირჩევნია, მწარე სიმართლე მითხრან. ამ დროს შეიძლება, ვინერვიულო და განვიცადო, მაგრამ ეს სჯობს, ვიდრე ამ ტყუილს ცუდი რაღაცები მოჰყვეს. ასევე, არ მიყვარს დაგვიანება. ხუთი წუთით ადრე მივდივარ ხოლმე ან ზუსტად დანიშნულ დროს. მე თუ ასე ვაკეთებ, მინდა, სხვაც ასე მოიქცეს. არაპუნქტუალობა არ მიყვარს. ამ პატარ-პატარა რაღაცებით ხდება ადამიანის ჩამოყალიბება. როცა უკვე ცოტ-ცოტა დარღვევებს იწყებ, სრულყოფილი ადამიანი აღარ ხარ. ჩვენ კი სრულყოფილ ქვეყანაში ცხოვრება გვინდა და მსგავსი ადამიანების გამო ეს ქვეყანაც აღარ გამოდის სრულყოფილი.
– მეშინია...
– სიკვდილის. თუმცა, ერთმა მამაომ ისე ამიხსნა ეს სიკვდილი, კი არ შემეშინდა, პირიქით, მომინდა, რომ მენახა, დამაინტერესა. ამის შემდეგ აღარ მეშინია, თუმცა მაინც მაქვს რაღაც დარჩენილი, ალბათ, იმიტომ, რომ არ ვიცი, რა არის.
– ბედისწერის გჯერათ?
– კი, მჯერა. ბევრი ისეთი დამთხვევაა, რომ ის არ შეიძლება, თავისდაუნებურად ხდებოდეს. ზოგი რამ ისე ლოგიკურად გამოდის, ხვდები, რომ ეს ასე უნდა მომხდარიყო, თუ გინდათ, ამას დაარქვით ბედისწერა. მგონია, რომ ყველაფერი წინასწარ დაწერილი და დაგეგმილია. რაღაც არსებობს, განსაზღვრული თითოეულ ადამიანზე. ალბათ, უფალი განაგებს ამ ყოველივეს, თუმცა კეთილთან ერთად ბოროტი ძალებიც ხომ არსებობს და მათ შორის მიდის ჭიდილი. ამიტომ ხდება ცუდი რამეებიც, თორემ უფალი ცუდს არავის დაუგეგმავს. თან, ადამიანიც უნდა მიეხმაროს უფალს თავისი სიყვარულით, რაც არ ხდება ხოლმე და პირიქით, ბოროტებას „უგორებს კოჭს“. აქედან გამომდინარე, ძალიან რთულია უფლისთვის, ყველაფერი მოაწესრიგოს. ადამიანი თავად ეწინააღმდეგება საკუთარ ბედს.
– სიზმრების გჯერათ?
– კი. ზოგჯერ ხდება ხოლმე, ვინც დამესიზმრება მოულოდნელად ვნახავ ან, სრულიად შემთხვევით, სადღაც მისი სახელი გაჟღერდება. არ ვიცი, ეს რატომ ხდება. ამას წინათ გარდაცვლილი ადამიანი დამესიზმრა და სრულიად დაუგეგმავად იმ ადამიანზე ჩამოვარდა საუბარი. ცოტა გაურკვეველია, რა და როგორ ხდება, ამიტომ რაღაცებს ვიჯერებ. ერთი პერიოდი ხშირად მესიზმრებოდა, ახლა – ნაკლებად. რაღაც-რაღაცები მიხდება.
– სიყვარული – ეს არის...
– სიყვარულია პატივისცემა, რიდი, მოფერება. მე ყველაფერს სიყვარულით ვაკეთებ, მინდა, ოჯახიც სიყვარულით მყავდეს და მყავს კიდეც. ჩემი ცხოვრება
სულ სიყვარულით არის, ამაში ყველას შევეჯიბრები. ადამიანის ცხოვრება სიყვარულია და დაბადებიდან გარდაცვალებამდე სიყვარულში უნდა განლიოს. ყველა ადამიანს აქვს ამის უნარი, ბოროტსაც კი.
სულ სიყვარულით არის, ამაში ყველას შევეჯიბრები. ადამიანის ცხოვრება სიყვარულია და დაბადებიდან გარდაცვალებამდე სიყვარულში უნდა განლიოს. ყველა ადამიანს აქვს ამის უნარი, ბოროტსაც კი.
– სიყვარულს წესები აქვს?
– ქალისა და კაცის სიყვარულზე თუ ვისაუბრებთ, ზოგჯერ შეიძლება, ისეთი ძლიერი იყოს, რომ ყველანაირ ჩარჩოს გასცდეს. შეიძლება, ისე ძალიან უყვარდეთ ერთმანეთი, ჩარჩოში ვერ მოაქციონ და სისულელეებიც კი ჩაიდინონ. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ სიყვარულს წესები აქვს.
– ყველაფრის პატიება შეიძლება?
– ღმერთისთვის – კი. ბევრ რამეს ვაპატიებ ადამიანს, იმასაც კი, რაც ვიღაცისთვის უპატიებელია. აქაც ვცდილობ, სიყვარული ვიპოვო და მის მიმართ დადებითად განვეწყო, მაგრამ არის შემთხვევები, როცა არ გამომდის. ძალიან ცუდია ღალატი, ოღონდ ქალისა და მამაკაცის ღალატს არ ვგულისხმობ. დავუშვათ, როცა ოცკაციანი ბრიგადაა და იქედან ერთი მოღალატეა. ეს ბევრად დიდი ღალატია, ვიდრე ქალისა და კაცის. როცა შენი კეთილდღეობისთვის სხვა ადამიანებსა და სამშობლოს გაწირავ, ეს უპატიებელია.
– თქვენი ცხოვრების მთავარი შეხვედრა.
– ჯერ არ მქონია ასეთი. მინდა, რომ შევხვდე ტარანტინოს. ხომ შეიძლება, რომ ერთ დღესაც შევხვდე? ამიტომ მიმაჩნია, რომ ჯერ არ მქონია ჩემი ცხოვრების მთავარი შეხვედრა. წინ მაქვს ეს ყველაფერი.
– შეგშურებიათ?
– კეთილი შურით კი, ოღონდ არა ბოროტულად. მითქვამს: რა კარგი იქნებოდა, აქ მეც მეთამაშა, აქ მეც ვყოფილიყავი... ოღონდ, არა ბოღმით. ზოგჯერ ჩემი შვილებისთვისაც მითქვამს, ნახე, ისინი რა კარგები არიან, რა კარგად იქცევიან, ოღონდ ჩემს ნათქვამში რამე ბოროტული არ ყოფილა. ამ შურს ვგულისხმობ და არა ბოღმას. ზოგადად, შური შურია, მაგრამ ის, რასაც მე ვამბობ, არ არის დამაზიანებელი სხვისთვის. ვიღაცას რომ მაგარი ქვეყანა, მაგარი ჰონორარი და მაგარი რეჟისორი ჰყავს, მეც მინდა. რატომაც არა? იქნებ ბრეტ პიტზეც კარგი ვარ (იცინის).
– გიღალატიათ?
– ქვეყნისთვის და ჩემი საქმისთვის არ მიღალატია. მეგობრობაში შეიძლება, რაღაც შეცდომა დამიშვია, თუმცა ღალატი არ ყოფილა. არ მახსენდება, ვინმეს რამე ტრაგედია მიეღო ჩემი ქმედებით.
– სამაგიერო გადაგიხდიათ?
– ისევ სიყვარულით... და მითქვამს, რომ ეს იყო მისი დასჯა. კარგი გამიკეთებია და სიტუაცია დადებითი კუთხით დამინახვებია.
– თქვენთან ურთიერთობა მარტივია?
– კი, მარტივია. ისეთი ხასიათი მაქვს, თუ ადამიანი გამიგებს, მერე მარტივად მეწყობა. ისე, შეიძლება, მარტივად ავფეთქდე, მაგრამ მალევე ვმშვიდდები. რაც მთავარია, ბოღმა არ ვარ და კვირები და თვეები არ ვიდებ გულში.
– როდის ტირით?
– ამ ბოლო ხანებში ყველაფერზე ვტირი. ეტყობა, ასაკის ბრალია. არ აქვს მნიშვნელობა, კომედიას ვუყურებ თუ ტრაგედიას – ვტირი. თავისით მომდის ცრემლები, მგონი დაავადება მჭირს, მრცხვენია ხოლმე (იცინის).
– როდის ყვირით?
– ყოველთვის, მაგრამ ყველაფერს ვათანაბრებ ხოლმე. ყვირილთან ერთად დიდ სიყვარულსაც გავცემ და ეს აბალანსებს. დღეში რამდენიმეჯერ რომ არ „წავიყვირო“, არ არსებობს. ამ დროს ემოციებისგან ვიცლები და საკუთარი სხეულიდან ცუდი ენერგეტიკა გამომაქვს.
– ბილწსიტყვაობთ?
– სხვათა შორის, ეს ცუდი რაღაცები ჩემმა თაობამ და ცოტა უფრო ზემოთამ შემოიტანა. მაშინ დაიწყო დედაზე დაგინებები და ასე შემდეგ. უბნიდან გამომდინარე, მეც მოვექეცი ამ ყველაფრის ქვეშ. ეს არ იყო სასიამოვნო. ასაკთან ერთად, ვცდილობ, რომ ნაკლებად ვთქვა ცუდი სიტყვები. თავისდაუნებურად მოდის ხოლმე და უცებ ჩემი დედა რომ წამომცდება, გადავიტან ხოლმე და ხმამაღალი ტონით ვამბობ ჩემი დედამიწა (იცინის).
– ვემალები...
– ბანკირებსა და მიკროსაფინანსოებს. ისე – არაფერს, რა მჭირს დასამალი.
– ვემტერები...
– ისეთს არაფერს, არასწორი ცხოვრებით მცხოვრებ ადამიანებს, თუმცა ვემტერები არა, უფრო ვეწინააღმდეგები.
– ბოდიშის მოხდა გიჭირთ?
– არა. თუ საჭიროა, ბოდიშს ძალიან მარტივად ვიხდი. როცა ვხვდები, რომ არასწორად ვიჩხუბე ან ვუსაყვედურე ვინმეს, აუცილებლად ვუხდი ბოდიშს.
– მიკვირს...
– ის ქართველობა, რაც მახსოვს, დღეს აღარაა. საბჭოთა კავშირის დროსაც კი ძალიან ბევრი კარგი და მოღიმარი ადამიანი იყო. ახლა კარგ ადამიანს რომ ვნახავ, ეს მაკვირვებს. ამდენი შური და ბოღმა საიდან მოვიდა, ეს მიკვირს. თავისუფლების მოპოვებიდან რამ შეცვალა ერი ასე, რამ გააბოროტა, ვერ ვხვდები. ასეთ გარემოში სიყვარულით სავსე ადამიანს რომ დავინახავ, ეს მართლა მიხარია და მიკვირს.
– ჭორაობთ?
– ისე არა, რომ დავჯდე და ვინმე გავჭორო, მერე კიდევ, ამ ჭორებმა ვინმეს ზიანი მიაყენოს. ადრე ჩემი მისამართითაც აგორებულა ჭორები, თუმცა, იუმორით ვუდგები ამ ყველაფერს.
– რას ერიდებით?
– ვალის აღებას (იცინის). სხვა რამეს – ნაკლებად.
– რას ნანობთ?
– ადამიანების მიმართ, რომლებიც ჩემ გვერდით აღარ არიან, უფრო მეტი სითბო და სიყვარული უნდა გამომეჩინა. თუნდაც ჩემი მამების ძმაკაცების მიმართ. მეტი შემეძლო მათთვის გამეკეთებინა.
– ღმერთის არსებობა გიგრძნიათ?
– კი, როგორ არა. 90-იანი წლების ახალგაზრდა ვარ და მაშინ ყოველი მეორე იარაღით დადიოდა ქუჩაში, ერთი სამჯერ ისე გადავრჩი სიკვდილს, თუ არა ღმერთი, დღეს აღარ ვიქნებოდი. ყოფილა ორმხრივი სროლა და მე გადავრჩენილვარ.
– რა არ მოგწონთ საკუთარ თავში?
– ყველაფერი მიმაქვს გულთან და ეს არ შეიძლება, რადგან ორი სტენდი მაქვს გულში. ემოციური ადამიანი ვარ და ყველაფერს განვციდი. ეს ვერ დავალაგე ჩემში და ვერ ავუკრძალე ჩემს თავს, რომ ყველაფრის გულთან მიტანა არ შეიძლება. ამაზე ვბრაზდები ხოლმე.
– ქალს ალამაზებს...
– ქალს ბევრი რამ ალამაზებს, ყველაზე მეტად თავის მოვლა, კარგი ჩაცმა და კარგი საუბარი. ქალს ყოველთვის უნდა რჩებოდეს დრო, რომ საკუთარ თავს მოუაროს. ეს იმას ნიშნავს, რომ ის წარმატებულიც არის და ბედნიერიც.
– კაცის ბედნიერებისთვის ქალი აუცილებელია?
– კი, აუცილებელია. თუმცა, თუ არის ვიღაც გეი, მისთვის ქალი სულ არ არის მნიშვნელოვანი – კაცი აბედნიერებს. ჩემი გადმოსახედიდან, ქალი კაცის ბედნიერებისთვის ნამდვილად აუცილებელია.
– როდის ზარმაცობთ?
– ხომ ვშრომობ, მაგრამ იდეაში, ყველაფერში ზარმაცი ვარ. თუმცა, ჩემს თავს ვაიძულებ და ყველაფერს ვაკეთებ. ისე, ძალიან ზარმაცი ვარ. ახლა რომ ფინანსები მქონდეს, მოშვებული ვიქნები.
– სამართალდამცველებთან პრობლემა თუ გქონიათ?
– 1994 წელს მქონდა, კარგად მახსოვს. წამიყვანეს და ერთი დღე მაყურყუტეს ციხეში. მამაჩემი ჩაერია, ისე არ მიშვებდნენ.
– ვნება და სიყვარული ერთი და იგივეა?
– არა, ვნება უფრო მონდომებაა და შეიძლება, უსიყვარულოდაც მოხდეს, თუმცა, ახლოსაა სიყვარულთან. თუ ორივე ერთადაა, მაშინ იდეალურია.
– ადამიანი რისთვის იბადება?
– რომ გარდაიცვალოს და ვიდრე გარდაიცვლება სიყვარულით იცხოვროს, ეს არის მისი მისია.
– ბოლო თეთრს რაში გადაიხდიდით?
– ამ ბოლო ხანებში ქვეყანაზე ვარ გულნატკენი და მინდა, რომ წამოიწიოს. თუ ქვეყანას გამოადგებოდა, ამაში გადავიხდიდი.
– სიყვარული და დრო...
– სიყვარული დროსთან ერთად არ ქრება, ნელდება რაღაც მომენტები. ადამიანი უნდა იყოს ძალიან ძლიერი და არ გაუშვას ეს სიყვარული. არიან ადამიანები, რომლებსაც ბრილიანტის ქორწილი აქვთ, ეს ძალიან ბევრია თანაცხოვრებისთვის. გვინახავს მოხუცები, როგორ უყვართ ერთმანეთი. მათ დაჭერილი აქვთ ეს გრძნობა.
– უფალს რომ პირისპირ შეხვდეთ, რას ეტყოდით?
– ეს ბანკები და ფული რატომ გააჩინე-მეთქი (იცინის). ვერც ვერაფერს, თავს ჩავხრი და რასაც თვითონ მეტყვის, ის იქნება ჩემთვის მნიშვნელოვანი.