№36 რისი დალაშქვრის შემდეგ გახდა სოფო თვარაძე პირველი ქართველი ალპინისტი ქალი
ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე
ალპინისტი, 39 წლის სოფიო თვარაძე, პირველი ქართველი ქალია, ვინც ჰიმალაი დალაშქრა. ამბობს, რომ პირველობის განცდა არ აქვს, უბრალოდ, ოცნება აიხდინა და ამით ბედნიერია. სოფო პროფესიით გარემოსდამცველია და ამჟამად, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში, ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირში მუშაობს დაცული ტერიტორიების განვითარების მიმართულებით.
სოფო თვარაძე: ექსტრემალი ბავშვი არა, მაგრამ აქტიური და მოძრავი ყოველთვის ვიყავი. მიყვარდა სპორტი, ხეებზე ძრომიალი, ფეხბურთსაც ვთამაშობდი ბიჭებთან ერთად. სკოლას რომ ვამთავრებდი, იმდენად ვიყავი კლდეზე ცოცვით გატაცებული, კონკრეტული სურვილი არ მქონდა, რომ რამე სპეციალობა ამერჩია. მთელი ჩემი თავისუფალი დრო სპორტის ამ სახეობას ეთმობოდა. 15 წლის ასაკიდან ალპინიზმი ჩემი ცხოვრების მთავარ გატაცებად იქცა. სულ ბუნებაში ვიყავი, მთებში დავძვრებოდი, ვოცნებობდი მწვერვალების დაპყრობაზე და ზუსტად ამის გამო ავირჩიე ისეთი პროფესია, რომელიც ბუნებასთან კავშირშია.
– საიდან გაგიჩნდა ალპინიზმის და კლდეზე ცოცვის ინტერესი? სპორტის ეს სახეობა გოგონებისთვის საქართველოში, მაინცადამაინც არ არის პოპულარული?
– 15 წლის ასაკში სკოლიდან ექსკურსიაზე წაგვიყვანეს ბოტანიკურ ბაღში. იქ არის კლდე, სადაც ყველა ალპინისტი და კლდეზე მცოცავი ვარჯიშობს. შემთხვევით იმ ადგილას გავიარე, მოვკარი თვალი მოვარჯიშეებს და მომინდა, მეც მეცადა, თუ გამომივიდოდა. ვთხოვე, ვცადე და გამომივიდა. მწვრთნელმა მითხრა, თუ სურვილი გაქვს, ჩვენთან, კლდეზე ცოცვის სპორტულ სკოლაში იარეო. აქედან დაიწყო ჩემი სერიოზულად გატაცება ამ სპორტით. დავიწყე კლდეზე ცოცვის სკოლაში სიარული, ბევრს ვვარჯიშობდი, დავდიოდი შეჯიბრებებზე, სპორტულ ბანაკებში. თანდათან უფრო მეტად მიტაცებდა მთა და კლდეები... ჯერ ყაზბეგში მოვხვდი, მერე მყინვარწვერზე... ამას მოჰყვა სხვადასხვა მწვერვალი საქართველოში და ბოლოს ჰიმალაიზეც ამოვყავი თავი (იცინის). 2002 წელს ავედი ჰიმალაის ერთ-ერთ ულამაზეს და ურთულეს მწვერვალ ამა-დაბლამზე, რომელიც ზღვის დონიდან 6 852 მეტრია. მდებარეობს ნეპალში, ჰიმალაის მასივში, ევერესტის მახლობლად. სწორედ ჰიმალაის მასივის დალაშქვრამ მომანიჭა პირველი ქართველი ალპინისტი ქალის წოდება.
– რამდენი ხანი დაგჭირდა ჰიმალაის დალაშქვრისთვის, რომელმაც ეს ტიტული მოგანიჭა?
– სამი კვირა დამჭირდა, ჰიმალაის მასივი რომ დამელაშქრა. ჯერ, ჩავფრინდით კატმანდუში, შედგა ექსპედიცია. ეს არის ალპინისტების მექა. ყველა, ვინც მიდის მაღალი მწვერვალების დასალაშქრად, მათ შორის ევერესტის, იქ იკრიბება. კატმანდუდან უნდა გადაფრინდე ჯერ ლუკლაში, ეს არის მაღალმთიანი სოფელი, რომელიც ყველა ალპინისტის შემკრები პუნქტია. ამის იქით, სამანქანო გზა არ არის, თუმცა არის დასახლებული პუნქტები, სოფლები. ლუკლადან საბაზო ბანაკამდე მისასვლელად სამი-ოთხი დღე დაგვჭირდა. ფეხით გავიარეთ სოფლები და მივადექით იმ ადგილს, საიდანაც ჰიმალაის დალაშქვრა დავგეგმეთ.
– ამბობენ, ყველა მთასა და მყინვარწვერს თავისი ხასიათი აქვს, ის ადამიანს ან იღებს, ან არაო...
– დიახ, ყველა მთასა და მყინვარს, გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, თავისი ხასიათი აქვს. მაგალითად, ევერესტი, რომლის სიმაღლეც 8 848 მეტრია, უფრო დამთმობი და რბილია, ვიდრე გაცილებით დაბალ დონეზე მდებარე ზოგიერთი მწვერვალი. შეიძლება, დაბალ მწვერვალზე ასვლა უფრო გაგირთულდეს, ვიდრე ევერესტზე. მთა ადამიანს გშიფრავს, გიყალიბებს მიზანდასახულ და მტკიცე ხასიათს. მთაში სიარულმა ჩამოაყალიბა ჩემი ხასიათის გარკვეული შტრიხებიც, მაგალითად, ის, რომ ვარ მეტად მიზანდასახული, დაბრკოლებები არ მაშინებს და ვიცი, რომ შესაძლებელია თითქმის ყველანაირი სირთულის გადალახვა არა მარტო მთაში, არამედ, ზოგადად, ცხოვრებაშიც და კარიერაშიც. მთაში ყოფნა სხვა თავისუფლებაა, ყოველდღიური რუტინიდან მოწყვეტა. რაც მეტად ზევით ადიხარ, მით მეტად იხიბლები არამიწიერი ხედებით. ხოლო, სხვადასხვა, მაგრამ შენნაირი ინტერესების მქონე ადამიანებთან ურთიერთობა კიდევ სხვა ექსტრემია. მოკლედ, ყველაფერი ეს იმდენად მიმზიდველი და საინტერესოა, მთლიანად ჩამითრია ამ საქმემ. ამიტომაც, სკოლას რომ ვამთავრებდი, პრინციპში, სულ ერთი იყო, სად ჩავაბარებდი და ტექნიკური უნივერსიტეტი ავირჩიე, რომ მშობლების დაჟინებული თხოვნით, დიპლომიანი სარძლო ვყოფილიყავი (იცინის). შემდეგ კი, მაგისტრატურაც დავამთავრე და ახლა სერბეთში ვმუშაობ.
– რამდენი ხანია, რაც სერბეთში ცხოვრობ და სად მუშაობ?
– წელიწად-ნახევარია სერბეთში ვცხოვრობ და ჩემი პროფესიით ვმუშაობ გარემოს დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციაში, დაცული ტერიტორიების განვითარების მიმართულებით. მაგისტრატურა ამ განხრით მაქვს გავლილი. უბრალოდ, ვაკანსია იყო გამოცხადებული, გავაგზავნე ჩემი მონაცემები, დაინტერესდნენ და ამიყვანეს. აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მიწევს მუშაობა, დაცული ტერიტორიების კუთხით.
– სულ მთასა და ბარში ხარ და პირადი ცხოვრებისთვის როდისღა იცლი?
– ქმარი არ მყავს, მყავს 12 წლის შვილი და მისთვის სულ მცალია. სერბეთში, ჩემთან ცხოვრობს და აქ სწავლობს. ყველა მეკითხება: შენი შვილი თუ არის გატაცებული ალპინიზმით, დედის კვალს ხომ არ გაჰყვებაო. ჯერ ამაზე ფიქრი შორსაა. იმდენი რამით არის გატაცებული, ნამდვილად ვერ ვუწინასწარმეტყველებ მომავალს.
– შენი უცხოელი კოლეგები ამბიციურ ალპინისტად მოგიხსენიებენ და რატომ?
– ამბიციური ვიყავი და ვარ იმ საქმეში, რასაც ვაკეთებ. მინდა, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვიყენო და წარმატებაც ასე მოდის – რისკის, ბევრი შრომისა და თავდადების შედეგად. არ ვიცი, რამდენად ამბიციური, მაგრამ მიზანდასახული ნამდვილად ვარ. პრინციპში, ისეთი სირთულეების წინაშე არ ვიხევ უკან, ისეთი ადგილები დავლაშქრე, რომ არა ამბიცია, იქ ფეხს ვერ დავადგამდი. თუ არ გაქვს ამბიცია, ისე ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწევ.
– ამინდის ცვალებადობა, გაუთვალისწინებელი მოვლენები... ეს ალპინისტების თანმდევია. სუსტი სქესის წარმომადგენლისთვის ამ ყველაფრის გააზრება, გადალახვა და რისკზე წასვლა ცოტა რთული არ არის?
– რასაკვირველია, როცა მთაზე ადიხარ და კლდეზე თოკით ეკიდები, რისკია და გაუთვალისწინებელი შემთხვევისგან არ ხარ დაზღვეული, თუმცა, სიკვდილისთვის თვალებში არასდროს ჩამიხედავს. რასაკვირველია, მქონდა ექსტრემალური შემთხვევები, როცა ფეხი დამიცდა და უფსკრულში ჩავვარდი, მაგრამ თოკმა დამიჭირა. მთაში ყველაფერი შეიძლება, მოხდეს, თუმცა სიკვდილის ზღვარზე არ მივსულვარ და არც შემთხვევით გადავჩენილვარ. ბევრს უკვირს, ამდენი მეტრიდან იფრინე ძირს, ნაპრალში ჩავარდი და რა მშვიდად ყვებიო (იცინის). იმდენად შეჩვეული ვარ ამ ყველაფერს, შიში არ გამაჩნია. ვიცი, თოკზე რამდენიმე ადამიანია ჩაბმული და ერთი თუ ჩავარდა, სხვები დაიჭერენ, უშველიან და ამოიყვანენ. შიშზე რომ ვიფიქრო, კლდეს ვერ გავეკარები.
– კი ამბობ, მიშველიანო, მაგრამ თოკმა რომ გიმტყუნოს?
– თოკი არ გიმტყუნებს. ის თოკი, რომლსაც ალპინისტები ვიყენებთ, 2-3 ტონას უძლებს და მე ვერ გამიძლებს? (იცინის) ჩემი თავი მიყვარს და ამიტომ, რისკებიც გათვლილი მაქვს, ფრთხილი ვარ. ამინდი თუ ცუდია, არ გავრისკავ... ისე, ზოგადად, ადამიანი უფრო გიმტყუნებს, ვიდრე თოკი. ბევრი მეუბნება: რა განცდაა, რომ აცნობიერებ პირველი ქართველი ქალი ხარ, ვინც ჰიმალაი დალაშქრაო... ჩვეულებრივი განცდაა. როცა კლდეზე ცოცვა დავიწყე, მინდოდა, მეტი და მეტი სიმაღლეები დამეპყრო და მწვერვალზე რომ აღმოვჩნდი და ჩემი ოცნება ავიხდინე, ეს მახარებდა. პირველობისა და ერთადერთობის განცდა ჰიმალაის დაპყრობის დროს ნამდვილად არ მქონია. მაშინ, როცა დავიწყე კლდეზე ცოცვა, არ მქონდა გაცნობიერებული, ეს ყველაფერი რა რისკთან არის დაკავშირებული. თუმცა ვიცოდი, რომ ამ საქმიანობას ზოგჯერ ფატალური შედეგებიც მოაქვს. არ ვთვლი, რომ ძალიან მამაცი და რისკიანი ვარ. ზომიერად რისკიანი – კი, ბატონო. ასაკს მოაქვს ის სიფრთხილე და რისკის გათვლა, რაც აუცილებელია ალპინისტისთვის. 15 წლის რომ ვიყავი და მყინვარწვერზე ავდიოდი, მძაფრი შეგრძნებები მქონდა. ახლა რომ ავდივარ, განსხვავებული შეგრძნება მეუფლება. ასაკის მატებასთან ერთად, ყოველ ნაბიჯზე რისკს ხედავ. სპორტის ამ სახეობას, ბევრი ფიქრი და გათვლა სჭირდება. სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღო, რადგან ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუმცა, რისკი ყოველთვის არის და მიუხედავად დიდი მცდელობისა, შეიძლება, მაინც მოხდეს უბედურება, რადგან მთაა და ბუნებრივ კატაკლიზმებს ადამიანი ვერ გათვლი. ბევრისთვის გაუგებარი ფენომენია, რატომ რისკავ საკუთარ ცხოვრებას, თუმცა ამას ადრენალინის გამო არ აკეთებ. როცა ყოველდღიურ საქმიანობად გექცევა, ადრენალინი უკვე აღარ არის, უბრალოდ, მოგწონს ეს ყველაფერი.