კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 დიდი ცოდვა

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #34-35 (974)

  მამაო მოეფერა ბავშვს. დაამშვიდა. შეჰპირდა, რომ სახლში მალე წაიყვანდა. ოთო მიქაძემ ის კვლავ ქვევით ჩაიყვანა. მამაომ კი გივი გეგეშიძეს უთხრა:
– როდის აპირებ ამ საქმის გაკეთებას?
– ეს შენზეა დამოკიდებული. როგორც კი სეიფის გასახსნელად იქნები მზად, მაშინ. ანუ, სიტყვა შენზეა „ზარო“.
– სეიფის გახსნა სამი, მაქსიმუმ; ოთხი დღის მერე იქნება შესაძლებელი. მანამდე კი კოდის გასაგებად და სეიფის გასახსნელად სხვადასხვა ელექტრომოწყობილობა უნდა დავამზადო. ამ მოწყობილობებს კი რვა-ათი ათასი დოლარი სჭირდება და „მაყუთი“ გაქვს, რომ დამაფინანსო? – უთხრა მამაომ „ქოსას“ ჟარგონის ენაზე. მამა თომა ძველი „პაძელნიკების“ ყურადღების მოდუნებასა და მათი ნდობის მოპოვებას ამგვარად ცდილობდა.
„ქოსას“ არ გამოჰპარვია, რამდენად რადიკალურად შეიცვალა მამაომ მეტყველების სტილი და უთხრა:
– მასე რა, შე კაი კაცო, თორემ ძალიან სასაცილოდ გამოიყურებოდი მღდვლის როლში. რაც შეეხება მაყუთს, რა თქმა უნდა, დაგაფინანსებთ.
– მაშ, კარგი. რაც უფრო მალე მომცემ მაყუთს, მით უფრო მალე მოვამზადებ ყველაფერს. როდის შეძლებ?
– პრობლემა არაა, ახლავე მოგცემ და ყველაფრის ყიდვაში „გორილა“ დაგეხმარება, – თქვა „ქოსამ“ და ოთო მიქაძეს ანიშნა, – ფული მომეციო.
მიქაძემ „ქოსას“ ასდოლარიანების ორი დასტა შემოუტანა და მაგიდაზე დაუდო. „ქოსამ“ კი ფული მამა თომას მისცა და უთხრა:
– აი, „მაყუთი“, აქ ოცი ათასი დოლარია და თუ არ გეყოფა, კიდევ დაგიმატებ.
– მეყოფა, – თქვა მამაომ.
– მაშინ, ახლავე წადით საყიდლებზე. „გორილა“ და ოთო გამოგყვებიან.
– მე არ მენდობი, „ქოსა“? – ჩაეცინა მამა თომას.
– კი, მაგრამ ბიჭებთან უფრო საიმედოდ იქნები.
– ესე იგი, ეს დღეები ამ სახლში უნდა ვიყო?
– კი. აქ უნდა იყო.
– ჩემი ძმა და რძალი გაგიჟდებიან, ოთხი–ხუთი დღე რომ არ გამოვჩნდები და შეიძლება, პოლიციას შეატყობინონ.
– ჰოდა, ასე რომ არ მოხდეს, დაურეკე და უთხარი, რომ ბავშვს ხუთ დღეში მიუყვან, – უთხრა მამაოს „ქოსამ“ და მობილური ტელეფონი მიაწოდა, რომელზეც უკვე თემურ ჯიბლაძის ნომერი იყო აკრეფილი.
– გისმენთ, – ტელეფონში მამაოს უმცროსი ძმის შეშფოთებული ხმა გაისმა.
– მე ვარ, თემო. არაფერზე ინერვიულო, ყველაფერი რიგზეა. კოტიკო ჩემთან ერთადაა და კარგად არის. ხუთი დღის შემდეგ მოგიყვან. მანამდე კი სიმშვიდე შეინარჩუნე და თამარიც დააწყნარე. აბა თქვენ იცით. შეხვედრამდე! – უთხრა მამა თომამ უმცროს ძმას და ტელეფონი გათიშა.
***
  მამა თომა იმავე ხალხმა იმავე მეთოდითა და გზით წაიყვანეს საყიდლებზე და როგორც კი წავიდნენ, „ქოსა“ მეორე სართულზე დაეშვა და ორმოცდაათიოდე წლის, მაგრამ კარგად „შენახულ“ ქალს, საძინებელში მიაკითხა, რომელიც სახის მასაჟს იკეთებდა და უთხრა:
- რიტაჩკა, საყვარელო, გიყურებ და არ მჯერა, რომ ნახევარი საუკუნის  ხარ, ოცდაათზე მეტს ვერ მოგცემს კაცი.
  ორმოცდაათიოდე წლის ქალი რიტა ბრუნსი იყო. ცნობილი პლასტიკური ქირურგი და წყნეთის ფეშენებელური აგარაკიც მას ეკუთვნოდა. ქალს ქმარ-შვილი არ ჰყავდა და მხოლოდ ერთხელ იყო გათხოვილი. თუმცა, მისი ქმარი შორეულ წარსულში ციმბირის კოლონიაში ჭლექით გარდაიცვალა, სადაც ის ძარცვა-ყაჩაღობისთვის იხდიდა სასჯელს. იქ იჯდა „ქოსაც“ და პატიმრობიდან რომ გათავისუფლდა და თბილისში ჩამოვიდა, სწორედ რიტას ესტუმრა და მისი ქმრის ამბავი მოუყვა. ქალს ამის გამო ერთი ცრემლიც კი არ გადმოვარდნია და ამბის მომტანი კი იმავე ღამეს საწოლში ჩაიგორა. „ქოსა“ საყვარლად გაიხადა და გივი გეგეშიძე, თუ „სვაბოდაზე“ იყო და საქართველოში იმყოფებოდა, ყოველთვის რიტასთან ცხოვრობდა. ამასობაში რიტა მაღალი კლასის პლასტიკური ქირურგი გახდა, ბევრი ფული იშოვა, რამდენიმე ფეშენებელურ სახლთან ერთად წყნეთის აგარაკიც შეიძინა და უდარდელად ცხოვრობდა. სამყუდროვე არც მაშინ დარღვევია, როდესაც ტოტალურად ძებნილმა „ქოსამ“ მის აგარაკს შეაფარა თავი, საკუთარი ამალაც იახლა და ბოლოს კი გატაცებული კოტიკოც იქ გამოამწყვდია. „ქოსას“ ისე ჰყავდა „შეკერილი“ რიტა ბრუნსი, რომ ქალი მზად იყო, მისთვის ნებისმიერ სისაძაგლეში შეეწყო ხელი და მას ქვეყნის დასალიერშიც კი გაჰყოლოდა. „ქოსას“ მიერ მოფიქრებული გეგმით, რომელსაც რიტაც იზიარებდა, მას მერე, რაც ბანკის საცავს გაძარცვავდნენ, „ქოსას“ ამ საქმის ყველა მონაწილე უნდა მოეკლა და პატარა კოტიკო გაეშვა. შემდგომ კი რიტას მისთვის ფარულად უნდა გაეკეთებინა პლასტიკური ოპერაცია და გარეგნობა შეეცვალა. ამის მერე „ქოსა“ ახალი საბუთებით უნდა გამოჩენილიყო, რიტაზე  ექორწინა და წყვილს თავის გემოზე ეცხოვრა. სინამდვილეში კი „ქოსა“ პატარა კოტიკოს მოკვლასაც აპირებდა. პლასტიკური ოპერაციის გაკეთების შემდეგ კი თავად რიტაც უნდა „გაესაღებინა“ და ნაძარცვი ქონებით თავის გემოზე ეცხოვრა.
 „ქოსა“ მტკიცედ იყო დარწმუნებული თავის წარმატებაში და რიტასთან ურთიერთობაში ზოგჯერ „ამლაშებდა“ კიდეც. ქალს ყველაფერზე მეტად მისი ასაკის ხსენება აღიზიანებდა და როდესაც „ქოსამ“ ეს კვლავ გაუმეორა, გაბრაზებით უთხრა:
– რამდენჯერ უნდა გითხრა, ჩემი ასაკი არ მიხსენო-მეთქი. ნუთუ ვერ იმახსოვრებ?
– ჰო. კარგი, რა მოგივიდა. ხომ იცი, როგორ მიყვარხარ. ბოდიშს გიხდი. სულ მალე ჩვენს გეგმას განვახორციელებთ და წინ ვეღარავინ გადაგვეღობება, – მიუგო რიტა ბრუნსს „ქოსამ“.
– ნუთუ გული არ დაგწყდება, „პაძელნიკებს“, მათ შორის მღვდელსაც რომ მოკლავ?– უთხრა რიტამ „ქოსას“.
– რას იზამ. ასეა საჭირო და საქმე მსხვერპლს მოითხოვს, – ხელები გაშწალა „ქოსამ“.
– არც იმ ძუკნა ნარკომანკაზე დაგწყდება გული? – თქვა რიტამ.
– ბანკების სირი მმართველის ცოლზე? – ჩაეცინა „ქოსას“.
– ჰო.
– არა. რატომ უნდა დამწყდეს.
– მაინც ქალია და იმიტომ.
– ქალი კი არა, ძუკნაა, შენ თვითონ არ ამბობ? თანაც, ნარკომანკა. ნამდვილი ქალი კი აქ მყავხარ. მოდი, საყვარელო, – უთხრა „ქოსამ“ რიტას. თავისკენ მიიზიდა და კოცნა დაუწყო.
***
მამა თომა და კამპანია ოთხი საათის მერე დაბრუნდნენ და სხვადასხვა ძვირად ღირებული ელექტრომოწყობილობა მოიტანეს. მათ შორის ორი მძლავრი ელექტროშოკიც იყო და როდესაც ისინი „ქოსამ“ ნახა, მამაოს ჰკითხა:
– ესენი რაღაში გჭირდება?
– ელექტრომუხტების გასაძლიერებლად დისტანციურ პულტებზე. ამ მოწყობილობებს ერთი დეტალი აქვთ, რომელიც მჭირდება, – მიუგო მამაომ წინასწარ მოფიქრებული, აბსოლუტურად აბსურდული პასუხი, რადგან იცოდა, რომ არც „ქოსას“ და არც მისი ამალის წევრებს ელექტრობაში არაფერი გაეგებოდათ.
სინამდვილეში კი ელექტროშოკები მამაოს პირდაპირი დანიშნულებისთვის სჭირდებოდა. სპონტანურად შემუშავებული გეგმის მიხედვით, მამა თომას ელექტროშოკების მეშვეობით უნდა გაეთინა ბოროტმოქმედები. შემდეგ კი კოტიკოსთვის დაევლო ხელი და გაქცეულიყო. ამიტომ, მამა თომა შესაბამის მომენტს არჩევდა თავისი გეგმის განსახორციელებლად.
– თუ კიდევ რამე დაგჭირდება. „გორილას“ უთხარი და გაგიკეთებს. შენი ოთახი ესაა და აქ იმუშავე, – უთხრა „ქოსამ“ მამაოს. „გორილა“ კი ჩუმად გააფრთხილა:
– ამ მღვდელს რომ უყურებ, მართლა მღვდელი არ გეგონოს და წამით არ მოაცილო თვალი. ადრე ტყვიას ტყვიაში აჯენდა და არც ახლაა არიფი. ამიტომ ძალიან ყურადღებით იყავი.
– დარდი ნუ გაქვს, შეფ, ვერაფერს გამომაპარებს, – მიუგო „ქოსას“ „გორილამ“.
34 წლის „გორილა“ ადრე სამთავრობო დაცვის სპეცსამსახურში მუშაობდა. საგანგებოდ იყო გაწვრთნილი. უმაღლესი კვალიფიკაცია გააჩნდა და ყველაზე მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეებს იცავდა. ხელისუფლების შეცვლის მერე „გორილა“ უმუშევარი დარჩა. მეტიც, ერთი წელი ციხეშიც კი აყურყუტეს აბსურდული ბრალდებით, რაც ახალი მთავრობის მხრიდან ძველი მთავრობის მიმართ სიძულვილით იყო გამოწვეული და ჯოხი უდანაშაულო „გორილასა“ და მისთანებზე გადატეხეს. სწორედ ციხეში გაიცნო „გორილამ“ ოთო მიქაძე, რომელმაც გათავისუფლების შემდეგ თავისთან წაიყვანა და სხვადასხვა საჭიროებისთვის იყენებდა. ხოლო როდესაც თბილისში რუსეთიდან გამოქცეული „ქოსა“ დაბრუნდა, „გორილა“ მისი პირადი მცველი და კერძო დავალებების შემსრულებელი გახდა, რაშიც იმაზე გაცილებით მეტ ფულს უხდიდა, ვიდრე სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობის დროს იღებდა.
მამა თომამ ელექტრომოწყობილობები უზარმაზარ მაგიდაზე განალაგა და ნელ-ნელა შეუდგა მუშაობას. „გორილა“ კი იქვე, სავარძელში იჯდა და მამაოს თვალს არ აშორებდა. პირველ დღეს მამაომ ვერაფერი გააწყო, თავისი გეგმის განხორციელება ვერა და ვერ მოახერხა და ღამის ორ საათზე დაძინების სურვილი გამოთქვა. „გორილამ“ მამაო ბორკილის მეშვეობით ცალი ხელით რკინის საწოლის რიკულს მიაბა. თავად სავარძელში მოკალათდა და ჩათვლიმა. თუმცა, საკმარისი იყო, მამა თომას საწოლში გვერდი ეცვალა, რომ „გორილა“ თვალს ახელდა და მამაოს ათვალიერებდა. ერთი სიტყვით, ნათელი იყო, რომ „გორილას“ ხელიდან გასხლტომა ურთულესი საქმე იქნებოდა და მამა თომას დიდი ძალისხმევით დასჭირდებოდა თავისი გეგმის განსახორციელებლად. აშკარა იყო, რომ პირველ რიგში, „გორილა“ იყო გასანეიტრალებელი და შემდეგ კი – ყველა დანარჩენები. თუმცა, არც ისინი იყვნენ ადვილად დასაძლევი და მოხერხებასთან ერთად, მამა თომას უნდა გამართლებოდა კიდეც. მეორე დღეს მამა თომა უთენია შეუდგა მუშაობას და „გორილას“ უთხრა:
– შენი დახმარება მჭირდება. ძალიან მნიშვნელოვან დეტალს ვამზადებ და ის ისე უნდა დამიჭირო, რომ ხელები არ აგიკანკალდეს. მე კი მას მიკროჩიპს მივუერთებ. შეძლებ?
– შევძლებ, – მიუგო „გორილამ“ მამაოს და ორივე ხელით უზარმაზარ ძრავას დასწვდა, რომელიც მამა თომამ მხოლოდ და მხოლოდ თვალის ასახვევად და თავისი გაქცევის გეგმის განსახორციელებლად შეიძინა.
მამა თომამ დრო იხელთა. „გორილას“ ორივე მძლავრი ელექტროშოკი მიადო კისერზე და აამოქმედა. გოლიათი პროფესიონალი პირადი მცველი მოწყვეტით დაეცა იატაკზე. მამაომ კარი ფრთხილად გააღო და დერეფანში გავიდა. მიაყურადა. დაელოდა და ერთი წუთიც არ იყო გასული, რომ ელექტროშოკებით უკვე „ჯიპის“ მძღოლი და ოთო მიქაძე მითიშა. მამაოს შემდეგი მსხვერპლი „ქოსა“ უნდა გამხდარიყო და მამა თომა მისი საძინებლისკენ ფეხაკრეფით გადაადგილდებოდა. სამზარეულო უნდა გაევლო და როგორც კი ჩუმად შეიჭყიტა, პისტოლეტმომარჯვებულ რიტა ბრუნს შეეჩეხა. ქალმა იარაღი მიუშვირა მამაოს და ირონიით უთხრა:
– საით გაგიწევიათ, წმიდა მამაო? „ქოსას“ ხომ არ ეძებთ? ახლავე მოვა ჩემი ბიჭი. თქვენ კი აი, აქ დაჯექით და განძრევა არ სცადოთ, თორემ ტვინს გაგასხმევინებთ. ელექტროშოკები კი ფრთხილად დააწყვეთ იატაკზე.
მამა თომა სკამზე ჩამოჯდა და ელექტროშოკები იატაკზე დააწყო. ორიოდე წუთის შემდეგ „ქოსაც“ მოვიდა, რომელიც ეზოში, ორთქლის აბანოში იყო და ჯერ კოპებშეკრულმა შეავლო თვალი მამაოს, მერე კი ცინიკურად ჩაიცინა და რიტას უთხრა.
– გარბოდა, ხომ, ეს ნაბოზარი?
– როგორც ეტყობა, – თქვა რიტამ და დაამატა, – სავარაუდოდ, შენი სამი „პაძელნიკი“ მითიშა „გორილიანად“ და შენ გეძებდა. მე კი გავაჩერე.
– ყოჩაღ, რიტოჩკა, საყვარელო! – უთხრა რიტას „ქოსამ“ და პისტოლეტი  გამოართვა. შემდეგ მამა თომას ძლიერად ჩაჰკრა კეფაში და გონება დააკარგვინა.
გონსმოსულმა მამა თომამ თვალები გაახილა თუ არა, „ქოსას“ ხმა მოესმა
– „ზარო“, შე ბოზო, ხომ ხედავ, რომ ჩვენს ხელში ხარ და ვერსად გაგვექცევი. ხოლო, თუ გინდა, გაპატიო და შენი ძმისშვილი ვირთხასავით არ ჩავახრჩო ამ წყლიან კასრში, მუშაობას სერიოზულად შეუდექი და გაქცევაზე ფიქრიც კი არ სცადო. რას იტყვი, მოსულა?
– მოსულა, „ქოსა“, მოსულა. ღმერთს ვფიცავ, რომ ორ დღეში ყველაფერს „მოვაყომარებ“
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3