№36 ნიღბები გარუჯვის შემდეგ კანის მოვლის განუყოფელი ნაწილია
ნინო კანდელაკი ანი რევია
რუჯის მიღება რთული არ არის, მაგრამ შემდეგ მისი და ასევე, კანის სიჯანსაღის შენარჩუნება გაცილებით ძნელია. იმისათვის, რომ შეინარჩუნოთ რუჯი, საჭიროა სწორად მოუაროთ კანს. ნუ მიიღებთ ცხელ აბაზანას – ცხელი წყალი არღვევს კანის დამცავ შრეს, რამაც შესაძლოა, აქერცვლა და გაღიზიანება გამოიწვიოს. ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილებაა 5-10-წუთიანი თბილი ან გრილი შხაპი. ასევე, კარგია თბილი და ცივი წყლის მონაცვლეობაც. კონტრასტული პროცედურები ძალიან სასარგებლოა არა მარტო კანისთვის, არამედ მთელი ორგანიზმისთვის. რუჯის მიღების შემდეგ, განსაკუთრებით უნდა ერიდოთ კანის გამოშრობას, ამიტომ გამოიყენეთ ზეთოვან საფუძველზე დამზადებული საშხაპე გელი.
გარუჯვის შემდეგ კანის მოვლის მომდევნო ეტაპია კვება და დატენიანება. ამისთვის შესანიშნავია საბავშვო ზეთი ან გარუჯვის შემდეგ წასასმელი სპეციალური კრემ-ბალზამი. ის ამშვიდებს კანს, თავიდან აგაცილებთ აქერცვლას და დიდხანს გინარჩუნებთ რუჯს. გარუჯულ კანზე დილა-საღამოს წაისვით დამატენიანებელი კრემი. უმჯობესია ისეთი, რომელიც შეიცავს E ვიტამინს, ჰიალურონის მჟავას და თერმულ წყალს. გარუჯული კანისთვის ძალიან სასარგებლოა ავოკადოს ზეთი და გლიცერინი, ასევე, დამატენიანებელი კოსმეტიკური საშუალება, რომელიც შარდოვანას საფუძველზეა დამზადებული. შარდოვანა ახანგრძლივებს რუჯს და არბილებს კანს.
სახეზე და დეკოლტეს ზონაში კანი ნაზი და სათუთია, ამიტომ მათზე განსაკუთრებულად უნდა იზრუნოთ და მხოლოდ დამატენიანებელი საცხი არ იქნება საკმარისი. აუცილებელია, სპეციალური მარეგენერირებელი კრემი UV-ფილტრით, რომელიც კანს მავნე ულტრაიისფერი სხივებისგან იცავს. ასეთი კრემის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს ვიტამინები და მკვებავი ნივთიერებები. კარგი იქნება, თუ შეიძენთ პეპტიდებით გამდიდრებულ, ბრინჯის ექსტრაქტის საფუძველზე დამზადებულ მარეგენერირებელ კრემს. პეპტიდები ხელს უწყობს კანის უჯრედების განახლებას. ზოგადად, მარეგენერირებელი კრემები, აჯანსაღებს სახისა და დეკოლტეს ზონის კანს, უბრუნებს მას ელასტიკურობასა და სიმკვრივეს. ასეთი კრემი საღამოობით უნდა წაისვათ.
კანის მოვლის განუყოფელი ნაწილია ნიღბები გარუჯვის შემდეგ. ნიღაბი უნდა გაიკეთოთ კვირაში 2-3-ჯერ. სპეციალური მარეგენერირებელი ნიღბები E ვიტამინით, ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას. ნიღაბი უნდა წაისვათ 10-15 წუთით და შემდეგ ნელ-თბილი წყლით ჩამოიბანოთ.
გაითვალისწინეთ, რომ გარუჯულ კანზე იკრძალება ისეთი ნიღბები, რომელთა შემადგენლობაშიც შედის ლიმონი, გვირილა და კიტრი. ეს კომპონენტები იწვევენ კანის გათეთრებას. რუჯის შესანარჩუნებლად გამოიყენეთ ის კოსმეტიკური საშუალებები, რომლებიც შეიცავენ ქაცვის ექსტრაქტს.
გარუჯვიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, გამოიყენეთ ბალზამი ავტორუჯის მსუბუქი ეფექტით. ის გაამკვეთრებს, თანაბარ ფერს მისცემს რუჯს და თავიდან აგაცილებთ ღია ფერის ლაქებს, რომლებიც რუჯის გადასვლის დროს ჩნდება. ტანისა და სახისთვის ერთი და იგივე ავტორუჯი გამოიყენეთ, რათა კანის ფერი თანაბარი იყოს.
კაროტინი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბუნებრივი აქტივატორი და რუჯის შემანარჩუნებელია. იმისათვის, რომ კანს დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდეს ჯანსაღი შეფერილობა, თქვენი კვების რაციონს ყოველდღიურად დაუმატეთ: გარგარი, სტაფილო, პომიდორი, საზამთრო, ატამი და ნესვი.
მზეზე გარუჯვის შემდეგ ნუ მიმართავთ სოლარიუმს – ეს უფრო მეტად გამოაშრობს კანს. ნურც მზის აბაზანები გაგიტაცებთ, რადგან, ჭარბი ინსოლაცია კანისთვის მავნებელია და მის ნაადრევ დაბერებას იწვევს.