კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 საქორწილო კაბა

ნინო კანდელაკი ბაია თაბაგარი

დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #33-35(974)

– თვალდახუჭული. მაგრამ, ჩემი აზრით, ჯობია, ორივეს ერთად დაველაპარაკოთ. ერთმანეთის ცოდვების გამოსამჟღავნებლად, ასე მგონია, ყველა საიდუმლოს თვითონვე ახდიან ფარდას, – დარო ისე იყო აღტყინებული, არაფერზე უკან აღარ დაიხევდა.
მას რომ შევხედე, ვიგრძენი, რომ მთლად სწორად არ ვიქცეოდი – არ ვიყავი მართალი, უპირველესად, ჩემი მეგობრის წინაშე, მაგრამ შეჩერება აღარ შემეძლო. მერე გულში თავის მართლება დავიწყე: „რატომ უნდა დავინდო, სავარაუდოდ, ორი ნაძირალა ადამიანი, რომელთა წყალობითაც (დიდი ალბათობით) დედაჩემი ახლა აპარატზეა მიერთებული და, კაცმა არ იცის, გადარჩება თუ არა? დიახაც, მე უფლება მაქვს, ვათქმევინო სიმართლე, მით უფრო, რომ ამის გაკეთება მათ საკუთარ შვილსაც სურს!“
ამ თვითშეგონებით გამხნევებული, დავეთანხმე დაროს და მაინც ცოტათი შემკრთალი (სადღაც შიგნით სინდისი ისევ მქენჯნიდა), უკან გავყევი. დარო საბრძოლველად შემართული ამორძალის სახით ადიოდა კიბეებზე და აშკარად შინაგანად ემზადებოდა შეტაკებისთვის. კარი შეაღო თუ არა, ქალის ისტერიული ხმა გავიგონეთ:
– შვილის დაკარგვასაც რომ მე მაბრალებ, შე ჩმორო, შე არაკაცო, ასე ძალიან თუ გადარდებდა მისი ბედი, ვერ დარეკე ან ვერ მიხვედი ჩემს ჩუმად?! როგორც ვიცი, დღემდე არც ტელეფონის ნომერი შეუცვლია იმ ქალბატონს და არც მისამართი. ეს თვითონაც ძალიან კარგად იცი, მაგრამ არ წაბრძანდი და არაფერი გაიგე, რადგან მსხვერპლისა და დაჩაგრულის როლში ყოფნა უფრო გაწყობს – ასე უფრო ადვილია და ხელსაყრელიცაა, შენი ქვეშაჯვიობა სხვას გადააბრალო!
  ჩვენ გაშტერებულები ვიდექით ოთახის კარში და ყურებს არ ვუჯერებდით. ცოლ-ქმარმა დაგვინახა, მაგრამ ყურადღებაც არ მოგვაქცია. ქმარი რამდენიმე წამს გაჩუმდა, როგორც ჩანს, ენიშნა და გულზე მოხვდა ცოლის ბრალდება, ამიტომ, შეეცადა, რამე უფრო მწარე ეთქვა მისთვის და მიაგნო კიდეც საჭირო ფაქტებს:
– შენ? შენ ვინ ბრძანდები? რა უფლება გაქვს, ვინმეს მორალი უკითხო? შენ არ იყავი, შენს კლიენტს ჯერ საქორწილო კაბა რომ შეუკერე და მერე საქმრო წაართვი?! შენ არ იყავი, ყოველ პრიმერკაზე, ვითომ ხუმრობით, „ჩუმად“ რომ ეუბნებოდი – უშნო ტანი კი გაქვს, მაგრამ ჩემი კაბა ყველა ნაკლს ისე დაგიფარავს, შენს ქმარს თვალი აებმება და მზეთუნახავად მოეჩვენებიო?! შენ არ იყავი, ჩვენი ყოველი მოსვლისას უკანალს რომ მიქიცინებდი და თვალებს მიჟუჟუნებდი?! შენ ამიბნიე თავგზა, შენ დამიბინდე გონება და ორსული საცოლე მიმატოვებინე! მართალი ხარ, გამოთაყვანებული და იდიოტი რომ არ ვყოფილიყავი, შენ როგორ უნდა მომწონებოდი! ესეც არ იკმარე, საცოდავი, მოტყუებული გოგოსთვის შეკერილი კაბა თვითონ ჩაიცვი ქორწილში!..
– მე იმ გომბიოს კაბის ორმაგი საფასური გავუგზავნე! – გაწიწმატდა მაგდა, – ფაქტობრივად, ის კაბა შევისყიდე, ასე რომ, მისი ვალი არ დამიდევს... – მაგრამ, ეს სიტყვები უკვე ისეთი უმწეო და, ამავე დროს, ცინიკური თავის მართლება იყო, რომ ქალი თვითონვე მიხვდა თავისი საქციელის ამაზრზენობას და იგრძნო, რომ დამარცხდა ქმართან უთანასწორო ორთაბრძოლაში – ეს ხმაზე შეეტყო.
ქმარმა იგრძნო ეს და აღარ დაუთმო:
– ეგეც შენი ცინიზმისა და არაქალობის უმაღლესი გამოხატულება იყო, მაგრამ ისე მქონდა თვალი აბმული, ყურადღებაც არ მიმიქცევია. ახლა კი ვხვდები, როგორი დაუნდობელი იყავი: ის არ აკმარე, რომ მომავალი დაუნგრიე, ბოლომდე გადაუარე გოგოს! გინდოდა, დაგემცირებინა და ისე გაგესრისა, რომ სამაგიეროს გადახდის აღარც სურვილი და აღარც ძალა აღარ შერჩენოდა. აბა, თვალებში შემომხედე და მიპასუხე – იქნებ ასე არ იყო? ორმაგი თანხა გავუგზავნეო, რომ ტრაბახობ, იმას რატომ არ ამხელ, რომ ბოლომდე მაინც არ გაგივიდა ნომერი: იმ საწყალმა გოგომ ფულიც უკან გამოგიგზავნა, საქორწილო საჩუქარიც და ღია ბარათზე დაწერილი მისალოცი ტექსტიც: მართალი ხარ, თქვენ უფრო ფერი-ფერს ხართ; ღმერთმა ისე შეგაბეროთ ერთმანეთს, როგორც დაიმსახურეთო. ასე არ იყო? იქნებ რამე მეშლება, ჰა?! – მერე კი, თავისი მჭევრმეტყველებით აღფრთოვანებულმა, ბოლოსთვის მოტოვებული ყველაზე გამანადგურებელი არგუმენტი თუ ბრალდება ახალა: – შენ რა ქალი ხარ, შვილის ვერც გაჩენა შეძელი და არც მისი აღზრდისთვის მოგიკლავს თავი! ნათქვამია, ზოგი ჭირი მარგებელიაო – ეტყობა, იმიტომაც გაიზარდა შენზე ათასჯერ უკეთესი!
– რაო?! – მომიბრუნდა დარო, – აბა, ვინ გამაჩინა?
– ყოველ შემთხვევაში, შენდა საბედნიეროდ, არა ამ პირანიამ, – ამაში ნამდვილად გაგიმართლა, – ჩაიქირქილა შოთამ.
– აბა, აქ საიდან გავჩნდი, შენი შვილი ვარ, სხვა ქალთან გაჩენილი?
– არა, ბავშვთა სახლიდან წამოგიყვანეთ. მაშინ უკვე ორი წლის იყავი ამ ვამპირს შვილი კი არ უნდოდა, ჩემს შესანარჩუნებლად გადადგა ეს ნაბიჯი – შეეშინდა, საკუთარი შვილი არ მომეძებნა.
– და, ეს არის ის საიდუმლო, რასაც თითქმის ოცდახუთი წელია, მიმალავდით?
– ჰო, ეს არის. ახლა შენ ყველაფერი იცი. უკვე დიდი გოგო ხარ და უფლება გაქვს, იცოდე, – დაღლილი ხმით თქვა შოთამ, სკამზე ჩამოჯდა, სიგარეტს მოუკიდა და მხოლოდ ამის შემდეგ შემომხედა, – ეს ვიღაა? – იკითხა გაღიზიანებულმა.
– მაგას ცოტა ხანში გაიგებ, ახლა კი მომისმინე, შე ჩმორო და უვარგისო! ეს ის საიდუმლოა, რომელსაც ბავშვს ვუმალავდით, ახლა კი ორ საიდუმლოს გაგიმხელთ ყველას, – მაგდამ საზეიმო სახით გადახედა თავის სამკაციან აუდიტორიას.
„ინტრიგის შეგდება არც კი დაგვჭირდა, ისე თავისთავად მოხდა ყველაფერი, მაგრამ ამისთანა შედეგს ყველაზე უარეს შემთხვევაშიც ვერ წარმოვიდგენდი“, – გავიფიქრე გულში და გავეშებულ მაგდას მივაჩერდი.
– პირველი საიდუმლო იმაში მდგომარეობს, – განაგრძო ქალმა და ქმარს გამანადგურებლად შეხედა, – რომ დარო ნამდვილად ჩემი შვილია. თუ არ გჯერა, შეგიძლია, დნმ-ის ანალიზი გაუკეთო. რადგან გულახდილობაა, გულახდილობა იყოს: მდიდარი კაცისგან დავორსულდი. შემპირდა, ცოლ-შვილს მივატოვებ და შენ შეგირთავო, მაგრამ, მე მიმატოვა. მის ლოდინში აბორტის გაკეთება დაგვიანდა და იძულებული გავხდი, შვილი გამეჩინა, მაგრამ მაშინვე ბავშვთა სახლში დავტოვე უსახსრობის მიზეზით. თუმცა, ხანდახან მაინც ვაკითხავდი, რომ არ გაეშვილებინათ. მერე კი შენ გამოგიჭირე და, რადგან შვილი „არ მიჩნდებოდა“, დაგითანხმე, უკვე წამოზრდილი გოგონა აგვეყვანა ბავშვთა სახლიდან. ასე დავიბრუნე დარო. როგორი დედა ვიყავი, ეს თავად დარომ განსაჯოს...
  მეც, დაროც და შოთაც გაოგნებულები ვიყავით მოსმენილით. დარო ისე ცუდად გახდა, ძლივს მოვასულიერე, მაგრამ ყველას ძალიან გვაინტერესებდა, რა იყო მეორე საიდუმლო, ამიტომ, დარჩენილი ნერვები, ძალ-ღონე და ნებისყოფა მოვიკრიბეთ და ქადაგად დაცემულ და როლში შეჭრილ მაგდას მივაჩერდით.
– გისმენთ, ქალბატონო მაგდა, ბარემ მეორე საიდუმლოს გამხელითაც გაგვაბედნიერეთ და მეტს აღარასოდეს შეგაწუხებთ. გვითხარით, კიდევ რა საშინელება მოიმოქმედეთ? – ძალიან მშვიდად ჰკითხა გონს მოსულმა დარომ და ფეხი ფეხზე გადაიდო.
მაგდა მაშინვე მიხვდა, რომ სამუდამოდ დაკარგა ერთადერთი შვილიც, მაგრამ უკან აღარ დაიხია და, მართალია, ნაკლები რიხითა და სულაც არასაზეიმო პათოსით, მაგრამ საკმაოდ ირონიული სახით, ქმარს შეხედა და უთხრა:
– ხომ გინდოდა შენი ბიოლოგიური შვილის გაცნობა? ვითომ გინდოდა, მაგრამ მის მოსაძებნად თითიც კი არ გაგინძრევია. ხომ ხედავ, ამაში მაინც გამოგადექი. აი, შენი შვილი, გაიცანი – და საჩვენებელი თითი ჩემკენ გამოიშვირა.
მე უკვე იქ მისვლამდე ვიყავი ყველაფერს მიხვედრილი, მაგრამ ეჭვის დასაზუსტებლად დადასტურება მჭირდებოდა. ამიტომ დიდად არ გამკვირვებია, თუმცა მაინც ავღელდი. დარო კინაღამ ისევ გაითიშა, შოთა კი უცებ აკანკალდა და იატაკზე მოადინა ბრაგვანი. ისევ მე მოვიფიქრე სასწრაფო დახმარების გამოძახება. ექიმებმა დაროს ნემსი გაუკეთეს და წვეთები დაალევინეს, შოთა კი საავადმყოფოში წაიყვანეს ინსულტის დიაგნოზით.
– როგორ მიხვდით? – ცივად ვკითხე მაგდას მისი ბინის დატოვებისას.
– ძალიან ჰგავხარ ლანას თვალებით. იმის თვალებს რა დამავიწყებს...
დაუმშვიდობებლად წამოვედი ამ საშინელი ოჯახიდან. მაგდა ცრემლიანი თვალებით უყურებდა შვილს, რომელიც ხალისით ალაგებდა ჩემოდანში პირად ნივთებს. არც ის დამშვიდობებია დედამისს, მხოლოდ ის უთხრა, არასდროს გაბედო ჩემთან დაკავშირებაო.
დარო ჩემთან გადმოვიყვანე. გადასარევად შევეწყვეთ ერთმანეთს.
  ყველაზე ტრაგიკომიკური კი (უფრო ბედის ირონიას დავარქმევ) ამ ისტორიაში ის იყო, რომ დედაჩემი და შოთა ერთ საავადმყოფოში, ერთ ინტენსიურ თერაპიაში, გვერდიგვერდ მდგარ უზარმაზარ რკინის საწოლებზე  წვანან, ერთი საერთო მკურნალი ექიმი ჰყავთ და ერთად ებრძვიან სიკვდილს. მხოლოდ თხელი შირმა ჰყოფთ ერთმანეთისგან და არცერთს წარმოდგენაც არ აქვს, ვისი პულსი წიკწიკებს მათგან ერთ მეტრში მდგარი მონიტორის ეკრანზე.
სიმართლე გითხრათ, სულაც არ გამხარებია, რომ ჩემი ნანატრი მამა შოთა აღმოჩნდა, მაგრამ, ეტყობა, ბიოლოგია მაინც თავისას შვრება – შოთასაც ისეთსავე ყურადღებას ვაქცევ, როგორც დედაჩემს და ორივეს ერთნაირად ვუსურვებ გამოჯანმრთელებას, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ გადარჩენის შემთხვევაში, არა მგონია, ჩემი ბიოლოგიური მამა ჩემთან წავიყვანო – ამას ლანას ვერ ვაკადრებ. ალბათ, ისევ მაგდას მოუწევს მისი მიხედვა, რადგან შოთას ნაყიდ ბინაში ცხოვრობს. დაროს კი როდის მოულბება გული მათ მიმართ, ნამდვილად არ ვიცი.
და, რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, ამდენი საშინელება ჩემთვის ერთი დიდი ბედნიერებით დაგვირგვინდა: შევიძინე და, რომელიც ჩემი ოჯახისა და ჩემი გულის ნამდვილი და სრულუფლებიანი წევრი გახდა და ამ დას სახელად დარო ჰქვია.
ასე რომ, ყველა საშინელებას, თურმე, თავისი დადებითი მხარეც გააჩნია.
დასასრული

скачать dle 11.3