№36 მკვლელობის პასუხისმგებლობა
ლოურენს ბლოკი
– უფრო ახალგაზრდა რომ ვიყო, ამას თავად გავაკეთებდი, – თქვა ჯონ ჰარპერმა და ახალგაზრდა მამაკაცს გამომცდელად შეხედა, – მაგრამ ასაკთან ერთად, ადამიანი უკეთესობისკენ არ იცვლება. სისხარტეს, მოქნილობას კარგავს. იმიტომაცაა ცუდი სიბერე, რომ შენ მხოლოდ ორგანიზატორი ხდები. ძირითადი საქმის სხვაზე გადაბარება გიწევს, იგი ხმადაბლა და გარკვევით ლაპარაკობდა.
მამაკაცი დუმდა.
– უფრო ახალგაზრდა რომ ვიყო, – განაგრძო ჰარპერმა, – არავინ დამჭირდებოდა. მაგათ თავად დავხოცავდი, ავიღებდი რევოლვერს და სანადიროდ გავიდოდი. სათითაოდ მოვძებნიდი და ჩავაძაღლებდი. ალბათ, შენს თვალში ცოტა უცნაურად გამოვიყურები – ჯონ ჰარპერი, ბანკის პრეზიდენტი, ორი კლუბის მფლობელი და სავაჭრო პალატის ყოფილი წევრი და უცებ, ვიღაცების მოსაკლავად ხელები ექავება, სისხლი სწყურია.
– ამიტომაც მქირაობთ მე, არა? – ჰკითხა კასლმა.
– დიახ, გქირაობთ. უფრო ზუსტად მარტო მე კი არა, ჩვენ გქირაობთ. უკვე ყელში ამოგვივიდა. წყნარი, მშვიდი ქალაქი, ჩვენ თვალწინ, ვიღაც მოყვარული ბანდიტების სათარეშო ადგილად იქცა. ადგილობრივი პოლიცია კი უძლურია. მეტის მოთმენა აღარ შეიძლება.
ჰარპერმა ამოიოხრა. ბრენდი მოსვა და დაფიქრდა. თითქოს საჭირო სიტყვებს არჩევდა.
– პროსტიტუცია! – უცებ წამოიძახა მან, – აზარტული თამაშები, რეკეტი. მაღაზიების მეპატრონეები იძულებული არიან, ფული გადაიხადონ იმისთვის, რომ თავისსავე მაღაზიის მეპატრონეებად დარჩნენ. ვიღაც ოთხმა კაცუნამ მთელი ქალაქი ხელში ჩაიგდო.
კასლმა თავი დააქნია. მას უკვე გაგონილი ჰქონდა ეს ამბავი, მაგრამ სიტყვაუხვობის გამო მოხუცზე არ ბრაზობდა. მტკიცედ სჯეროდა ჭეშმარიტების – არასოდეს არის ზედმეტი კიდევ ერთხელ შეისწავლო ვითარება და საქმის არსი. იმისთვის, რომ სამუშაო კარგად შეასრულო, საერთო სურათზე წარმოდგენა უნდა გქონდეს. ამიტომ მოსაუბრეს ყურადღებით უსმენდა.
– სამწუხაროა, რომ მათ საკუთარი ძალებით ვერ ვუმკლავდებით, – აგრძელებდა ჰარპერი, – ამიტომ გადავწყვიტეთ თქვენი დაქირავება. ასეთი პრეცედენტებიც არსებობს. გაგიგიათ, ალბათ?
– ქალაქების „მშვიდობისმყოფელი“, – ჩაიბურტყუნა კასლმა.
– ზუსტად. ველური დასავლეთის მოვლენაა. ადამიანი, რომელსაც ფულს უხდიან, ამის სანაცვლოდ კი ქალაქს ყველანაირი სიბინძურისგან წმენდს. არღვევს კანონს, როდესაც ეს გარდაუვალია. იყენებს პისტოლეტს, პოლიციელის მოწმობის მაგივრად, როდესაც ამ მოწმობისგან არანაირი ხეირი არაა.
– ფულს უხდიან, – ხაზი გაუსვა კასლმა.
– ფულს უხდიან, დიახ, – ექოსავით გამოეპასუხა ჯონ ჰარპერი, – ამ სამუშაოსთვის ათი ათას დოლარს მიიღებთ. ათი ათასს მიიღებთ იმისთვის, რომ არლინგტონი და მთელი დანარჩენი სამყარო ოთხი კაცუნასგან, ოთხი ავთვისებიანი სიმსივნისგან გაათავისუფლოთ. თქვენც ხომ იცით ისინი – ლუ ბრონი, ჯო მილენი, ალბერტ ჰოლანი და მაიკ როსი.
– მხოლოდ ოთხია მოსაკლავი?
– მხოლოდ ოთხი. მათი მოკვლით ბანდას წელში გავტეხავთ. მერე წვრილფეხობა თავისით დაიფანტება. ქალაქი ისევ თავისუფლად ამოისუნთქავს. თქვენ კი არა მარტო მშვენიერ ჰონორარს მიიღებთ, არამედ მთელ კაცობრიობასაც კარგ სამსახურს გაუწევთ.
კასლმა მხრები აიჩეჩა.
– არ ვხუმრობ, – აგრძელებდა ჰარპერი, – მე ვიცი, როგორი სახელი გაქვთ. თქვენ, უბრალოდ, დაქირავებული მკვლელი არ ხართ, არამედ მეოცე საუკუნის ქალაქების მშვიდობისმყოფელი. ამიტომაც გცემთ პატივს ისე, როგორც ვერასდროს ვცემდი პატივს უბრალო, დაქირავებულ მკვლელს. ნამდვილად უმნიშვნელოვანეს საქმეს აკეთებთ და საზოგადოებისთვის სარგებელი მოგაქვთ.
კასლმა სიგარეტს მოუკიდა.
– ჩემი ჰონორარი... – შეახსენა მოსაუბრეს.
– როგორც უკვე გითხარით, ათი ათასი დოლარი. ფულს წინასწარ გადაგიხდით. ვიცი, ასეთ დროს ჯერ ნახევარს უხდიან, ხოლმე და სამუშაოს შესრულების შემდეგ – მეორე ნახევარს, მაგრამ თქვენ ისეთი რეპუტაცია გაქვთ, გენდობით. მთელ ფულს წინასწარ მოგცემთ. ხომ შეიძლება, სამუშაოს შესრულების შემდეგ იძულებული გახდეთ ან, უბრალოდ, მოგინდეთ და არლინგტონი დატოვოთ?
კასლმა კონვერტი აიღო და გულის ჯიბეში ჩააცურა.
– ბრონი, მილენი, ჰოლანი და როსი, – გაიმეორა მოხუცმა, – ოთხი დიდი თევზი. ჩააძაღლეთ ისინი, მისტერ კასლ. ისინი გადამდებ დაავადებასავით არიან, შავი ჭირივით.
კასლმა თავი დააქნია.
– სულ ესაა?
– დიახ.
საუბარი დასრულებული იყო. კასლი ადგა და კაბინეტიდან გამოვიდა. ოთხი ტიპი, რომელიც მოხუცმა დაუსახელა, ნანახი არ ჰყავდა, მაგრამ თითოეულ მათგანზე ინფორმაცია ჰქონდა. ისინი წვრილი ბანდიტები იყვნენ, რომლებსაც დიდ ქალაქებში, ჩიკაგოში ან ნიუ-იორკში არავინ გააჭაჭანებდა. მათაც იცოდნენ თავიანთი გაქანების საზღვრები, პატარა ქალაქს მოასხდნენ და ნელ-ნელა პირად საკუთრებად აქციეს.
კასლი სასტუმროში მივიდა, ათი ათასი დოლარი ჩემოდანში ჩადო, იქიდან ორმოცდახუთკალიბრიანი პისტოლეტი ამოიღო და იმ ჯიბეში ჩაიცურა, სადაც ცოტა ხნის წინ ფული იდო. გარეთ გამოვიდა და ცენტრალურ ქუჩას გაუყვა. ახლა ის უკვე სამსახურში იყო. ოთხი კაცი უნდა მოეკლა. გადაწყვიტა ბრონით დაეწყო.
კასლი მის სახლთან მივიდა, ბნელი ადგილი იპოვა და დაელოდა. ათი იყო დაწყებული, ბრონი სახლიდან რომ გამოვიდა. მსუქანი იყო, დონდლო, ძვირფას კოსტიუმში გამოწყობილი. მძიმე ნაბიჯით გრძელი, შავი მანქანისკენ მიაბიჯებდა. კასლი დაელოდა, ვიდრე მის სამალავს ჩაუვლიდა და ჯიბიდან პისტოლეტი ამოიღო.
– ბრონ...
მსუქანა მობრუნდა. კასლი რბილად დააწვა სასხლეტს. გაისმა გასროლის ხმა. ტყვია ბრონს პირში მოხვდა და კეფიდან გამოუვიდა. კასლი სიბნელეში გაუჩინარდა.
სირთულეები არც მილენთან დაკავშირებით შექმნია. იგი ცოლიანი იყო და საკუთარ ხის სახლში ცხოვრობდა. ამან კასლი ცოტათი გააკვირვა და გაამხიარულა კიდეც. რატომღაც ვერ წარმოედგინა, რომ მილენს შეიძლებოდა, არლინგტონში უძრავი ქონება ჰქონოდა. მსხვერპლი სახლში დახვდა. კასლმა ზარი დარეკა. მილენმა თავიც არ შეიწუხა, რომ სათვალთვალოში გაეხედა. ის ხომ მაგარი ტიპი იყო და ვერავინ ვერაფერს გაუბედავდა, კარი თამამად გამოაღო და შუბლში ტყვიაც მიიღო.
ჰოლანი ცივსისხლიანი მკვლელი იყო. ჩიკაგოში პირად მცველად მუშაობდა. ადამიანების დახოცვა ჰობივით ჰქონდა, უყვარდა. პისტოლეტის გარეშე თავს უხერხულად, გაშიშვლებულივით გრძნობდა. საკუთარი სახლი არ გააჩნდა. მარტო ცხოვრობდა ერთ პატარა ბინაში. კასლმა კარზე დააკაკუნა. სათვალთვალო გაიხსნა და მაშინვე დაიხურა. ჰოლანმა ცეცხლი პირდპაირ კარს უკნიდან გახსნა, თუმცა ყველა ააცილა. კასლმა საკეტს ესროლა და კარი ფეხით შელეწა. ჰოლანმა ისევ ააცილა. კასლის ტყვია კი ყელში მოხვდა.
სამი უკვე მზად იყო. რჩებოდა ერთი.
– ჩვენ შეგვეძლო შევთანხმებულიყავით, – უთხრა მაიკ როსმა, – თქვენი ფული ხომ უკვე მიიღეთ და ოთხიდან სამიც მოკალით. მე თავს რატომ არ დამანებებთ?
კასლი დუმდა. ისინი მარტონი იყვნენ. არლინგტონის სინდიკატის მეთაური სავარძელში იჯდა და სახეზე ღიმილი შეჰყინვოდა. როსმა უკვე იცოდა ბრონის, მილენისა და ჰოლანის ამბავი.
– თქვენ დავალება შეასრულეთ, – განაგრძო მან, – თქვენ ამისთვის გადაგიხადეს. კიდევ გინდათ ფული? გინდათ თხუთმეტი ათასი? მოგცემთ და ქრებით.
კასლმა თავი გააქნია.
– რატომ ამბობთ უარს? ჰარპერი სასამართლოში ხომ არ გიჩივლებთ? აიღებთ მის ათი ათასს, ჩემს თხუთმეტსაც დაამატებთ და გაემგზავრებით. უკან არავინ დაგედევნებათ, რომ ანგარიში გაგისწოროთ. სიმართლე გითხრათ, მიხარია კიდეც, ის სამი ფეხებში რომ აღარ გამეჩხირება.
– მე დავალება უნდა შევასრულო.
– ოცი ათასი... ოცდაათი... თქვენი აზრით, რამდენი ღირს ადამიანის სიცოცხლე, კონკრეტულად ჩემი? დაასახელეთ ფასი!
– მე არ ვვაჭრობ.
მაიკ როსმა გაიცინა.
– თავისი ფასი ყველაფერს აქვს, ადამიანსაც. მათ შორის თქვენც. მე შემიძლია, თქვენც გიყიდოთ.
მაგრამ განგსტერმა სიცოცხლე კი არა, სიკვდილი იყიდა. თანაც მხოლოდ ერთი ტყვია და მომენტალურად მოკვდა. კასლმა პისტოლეტი გაწმინდა, იატაკზე დააგდო და ოთახიდან გავიდა.
ჩიკაგოში ტელეფონმა დარეკა. მამაკაცმა ყურმილი აიღო:
– კასლი ვარ.
– საქმე გაკეთებულია?
– ასი პროცენტით.
– რამდენი მიაწვინე?
– ოთხი, – უპასუხა კასლმა, – მეთაურები.
– და ახლა რა გვაქვს?
– დაზგა, რომელზეც არავინ მუშაობს, – თქვა კასლმა, – პატარა, უპატრონო ქალაქი.
კაცმა ჩაიცინა.
– ყოჩაღ, – შეაქო კასლი, – ყოჩაღ! დაგველოდე, ხვალ მანდ ვიქნებით.
– კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, – უპასუხა კასლმა, – აქ, ტბაში წყალი ისეთია, უკეთესს ვერ ინატრებ.
თარგმნა
ნინო წულუკიძემ