№36 როგორ გამოიყენა სტალინმა ამერიკული პრესა ტროცკის დასამარცხებლად
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

– დილა მშვიდობისა, ამხანაგო სიმონოვ. აბა, ვის და რისთვის უნდა ჩემთან შეხვედრა?
– ჟურნალ „თაიმსის“ კორესპონდენტს, ჯულია კოქსს თქვენთან ინტერვიუს ჩაწერა უნდა და პროტექცია მთხოვა, – რაც შემეძლო, მშვიდად ვუთხარი სტალინს.
– დღეს, საღამოს რვაზე ორივეს კრემლში გელოდებით. საშვები დაგხვდებათ. შეხვედრამდე, ამხანაგო სიმონოვ, – მითხრა სტალინმა და ტელეფონი გათიშა.
კოქსთან ერთად ზუსტად დანიშნულ დროს მივედით კრემლში. სტალინმა ჩემი ამერიკელი კოლეგა ძალიან გალანტურად მიიღო და მის ყველა კითხვას უპასუხა. ეს შეხვედრა 3 საათს გაგრძელდა და კრემლიდან ძალიან კმაყოფილები წამოვედით. სულ მალე სტალინი, „თაიმსის“ გამოკითხვით, „წლის ადამიანად“ გამოცხადდა. იქვე დაიბეჭდა კოქსის ინტერვიუ, რომელიც 6 გვერდზე იყო გაშლილი...“
საგულისხმო ფაქტია, რომ სტალინის „წლის ადამიანად“ გამოცხადების მთავარი კრიტერიუმები იყო ამერიკის შეერთებულ შტატებთან დიდპლომატიური ურთიერთობების დამყარება, სტალინის მიერ განხორციელებული ინდუსტრიალიზაცია და საბჭოთა ბელადის მშვიდობისმოყვარე მოღვაწეობა. პუბლიკაციის ბოლოს „თაიმსის“ რედაქცია სურვილს გამოთქვამდა, რომ იოსებ სტალინი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გამხდარიყო და ამის გაკეთებას მოუწოდებდა ნობელის კომიტეტს... ნიშანდობლივია ისიც, რომ სტალინს ჯულია კოქსმა ისეთი კითხვა დაუსვა, რასაც საბჭოთა ბელადი არავის აპატიებდა, თუმცა კოქსს მასზე სევდანარევი ღიმილით უპასუხა. კოქსმა სტალინს ჰკითხა: ბოდიშს გიხდით ამ კითხვისთვის, მაგრამ იქნებ მითხრათ რამე თქვენი მეუღლის გარდაცვალების შესახებ – ამერიკულ პრესაში ამ საკითხზე უამრავი ვერსია არსებობს...“ სტალინმა კოქსს სიტყვა-სიტყვით უთხრა: „თქვენთან წერენ, რომ თითქოს ნადიუშა (ნადეჟდა ალილუევა) ტრაგიკული სიკვდილი ჩემ მიერ მიყენებული შეურაცხყოფის ბრალია. ესაა სიცრუე. ნადიუშა მე ძალიან მიყვარდა და დღემდე მტკივნეულად განვიცდი მის სიკვდილს, მის ტრაგიკულ სიკვდილს...“ კოქსს სტალინმა, ფაქტობრივად, დაუდასტურა ის, რაზეც საბჭოთა კავშირში არ წერდნენ, ანუ ის, რომ ნადეჟდა ალილუევამ თავი მოიკლა და ბრმა ნაწლავის გამო არ მომკვდარა, როგორც ეს გაზეთმა „პრავდამ“ და სხვებმა დაწერეს...
მეორედ, სტალინი „თაიმსმა“ „წლის ადამიანად“ 1943 წელს დაასახელა და ეს დაკავშირებული იყო დიდ გარდატეხასთან მეორე მსოფლიო ომში და თეირანის კონფერენციაზე მიღებულ გადაწყვეტილებებთან. ამერიკული ჟურნალი წერდა, რომ სწორედ სტალინისა და საბჭოთა ხალხის დამსახურებით გადატყდა წელში ჰიტლერული გერმანია, მალე კი დამარცხდება და მსოფლიოში დიდი ხნის ნანატრი მშვიდობა დაისადგურებსო. ჩაწერა ინტერვიუც, თუმცა შედარებით მცირე ზომის და მისი ავტორი სემუელ ბარტონი იყო. მას, კოქსისგან განსხვავებით, სტალინისთვის უხერხული შეკითხვები არ დაუსვამს, საუბარი, ძირითადად, მეორე მსოფლიო ომსა და მშვიდობიან მსოფლიო წესრიგს ეხებოდა. სტალინმა თავის ინტერვიუში ასეთი რამ თქვა: „1939 წელს რომ წლის რჩეული გავხდი, ეს ტროცკის ეწყინა და სულ მალე ამ ქვეყნიდან წავიდა. ახლა ესტაფეტას ჰიტლერი მიიღებს და მისი დღეებიც დათვლილია...“
საინტერესო ფაქტია, რომ მიუხედავად „ცივი ომისა“, „თაიმსს“ მესამედ უნდოდა სტალინის დასახელება „წლის ადამიანად“, თუმცა, როგორც კონფიდენციალური წყარო ამბობს, გადაიფიქრეს, რადგან „თეთრი სახლის“ ნეგატიურ რეაქციას მოერიდნენ.