№36 ექიმის რჩევები
კითხვა: ექოსკოპიაზე მითხრეს, რომ შარდის ბუშტზე მაქვს ტიხარი, შეიძლება, დაბადებიდანო. ასევე, დამიდგინდა ცისტიტი, მქონდა ტკვილები და შებერილობა. მაინტერესებს, ასეთი შარდის ბუშტი რატომ მაქვს, ანუ მართლა დაბადებიდან მაქვს თუ შეიძლება, ახლა ჩამომიყალიბებოდა?
პასუხი: როგორც ჩანს, გაქვთ შარდის ბუშტის გაორება, თანდაყოლილი პათოლოგია. ამ დროს შარდის ბუშტში ჩამოყალიბებულია ძგიდე, ტიხარი, რომელიც მას ორ ნაწილად ჰყოფს. შარდის ბუშტის გაორება შეიძლება იყოს სრული და არასრული. სრული გაორების დროს შარდის ბუშტის თითოეული ნახევარი წარმოდგენილია, როგორც დამოუკიდებელი ორგანო, არასრული გაორების დროს შარდის ბუშტის ორივე ღრუ ერთმანეთთან ფანჯრით არის დაკავშირებული.
კითხვა: ორსულად ვარ და ხაჭოს ვერ ვჭამ. შეიძლება, პიტნიანი ნადუღით ჩავანაცვლო?
პასუხი: ნადუღი არ შეიძლება, ყოველდღიური რაციონის ნაწილი იყოს, რადგან ის დიდი ოდენობით შეიცავს მაღალი კონცენტრაციის ცილას. ნადუღის ხშირი და უხვი მიღებისას უჯრედებს უჭირთ ცილის დამშლელი ფერმენტების გამოყოფა, ცილა ორგანიზმში გროვდება და სათავეს უდებს ტოქსიკური მჟავების წარმოქმნას.
კითხვა: 90 წლის ქალს ფეხიდან (კოჭის ზევით) სდის სითხე უკვე ერთი თვეა. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
პასუხი: შესაძლოა, ეს არის კანის ტროფიკული წყლული (კანის ხანგრძლივად შეუხორცებელი დეფექტი), რომელიც, ძირითადად, აღმოცენდება სისხლისა და ლიმფის მიმოქცევის დარღვევისა და მსხვილი ნერვების ან ზურგის ტვინის დაზიანების შედეგად. ტროფიკული წყლულის მკურნალობა მხოლოდ ადგილობრივი საშუალებებით ვერ იქნება ეფექტური, თუ მისი გამომწვევი დაავადება არ დამარცხდება. მართალია, შეიძლება წყლული დროებით დაიხუროს, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ კვლავ იჩენს თავს. აუცილებელია ქირურგის კონსულტაცია.
კითხვა: მაინტერესებს ადამიანის ფრჩხილის გაკაწვრით თუ გადადის ჰეპატიტი?
პასუხი: ამ გზით ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირება არ ხდება.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე