№36 რატომაა მოცვი ძალიან მნიშვნელოვანი
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
მოცვი აფერხებს სიბერის პროცესს – გარდა გენეტიკური ფაქტორებისა, რასაც აშკარაა, რომ წინ ვერ აღვუდგებით, უნდა განვიხილოთ თავისუფალი რადიკალების ნეგატიური გავლენა ორგანიზმზე, როგორც სიბერის ხელშემწყობ ძირითად ფაქტორზე. ამ შემთხვევაში მოცვი ჩვენთვის იმედის სხივია, რათა რაც შეიძლება, დიდხანს დავრჩეთ ახალგაზრდები და მომხიბვლელები. ეს სუპერსაკვები ანტიოქსიდანტების რაოდენობით პირველ ადგილს იკავებს, რაც ძირითადად, ლურჯი ფერის პიგმენტ ანტოციანინის წყალობით ხდება, რომელიც გარდა მაღალი ანტიოქსიდანტური თვისებისა, იცავს მხედველობის ნერვს დეგენერაციული პროცესებისგან.
ვიტამინ C-ს სიუხვე კიდევ ერთი მტკიცებულებაა მოცვის სიბერის საწინააღმდეგო თვისების ეფექტურობისა – ხელს უშლის თმის ცვენას, ნაოჭების, ასაკობრივი ლაქების, კატარაქტის, დემენციისა და ალცჰეიმერის დაავადების განვითარებას. ამიტომ, მიირთვით მოცვი, ამით თქვენს ორგანიზმს ანტიოქსიდანტებით სრულად უზრუნველყოფთ!
შეუძლია, მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა – თუ რეგულარულად იღებთ მოცვს, მოწიფულ ასაკში აღარ დაგჭირდებათ სათვალე, კონტაქტური ლინზები, თვალის წვეთები, მედიკამენტები. ამ მცენარეს შეუძლია, ხელი შეუშალოს და შეაყოვნოს ასაკთან კავშირში მყოფი ისეთი დაავადებები, როგორიცაა მაკულარული დეგენერაცია (ქრონიკულად პროგრესირებადი დაავადება, რომლის დროსაც ხდება თვალის ბადურის ცენტრალური უბნის დაზიანება), კატარაქტა, მიოპია (ახლომხედველობა), ჰიპერმგრძნობელობა, თვალის სიმშრალე და ინფექციები, რომელიც განსაკუთრებით თვალის ბადურასთან არის კავშირში.
მაკულარული დეგენერაცია სერიოზული პრობლემაა, რომლის დროსაც თვალის ბადურა თანდათან დეგენერაციას განიცდის, რაც საბოლოოდ იწვევს ნაწილობრივ ან სრულ სიბრმავეს. მსგავსი დაავადებების თავიდან ასაცილებლად, მიიღეთ ეს სასარგებლო პროდუქტი – შეიცავს ანტიოქსიდანტების განსაკუთრებულ ჯგუფს, სახელად კაროტეოიდებს, ფლავონოიდებს და სხვა ანტიოქსიდანტურ ნაერთებს, როგორიცაა: ვიტამინები C, E, A, სელენი, თუთია და ფოსფორი – თითოეული მათგანი არსებითად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი მხედველობის ჯანმრთელობის საქმეში.
მოცვი კურნავს საშარდე გზების ინფექციებს – საშარდე გზების კედლებზე ისეთი ბაქტერიების ფორმირება, როგორიცაა E-coli, იწვევს სხვადასხვა სახის ინფექციებს, რის შედეგადაც იწყება ანთებითი პროცესები, ტკივილისა და წვის შეგრძნება შარდის გამოყოფის დროს და სხვა გართულებები. ასეთ ვითარებაში მოცვს შეუძლია სერიოზული დახმარება გაუწიოს პაციენტს, რადგან მის შემადგენლობაში შედის რთული ნაერთი, პოლიმერის მსგავსი მოლეკულები, რომელიც აფერხებს ანთების გამომწვევი ბაქტერიების გამრავლებას. ამასთან, აქვს გამოხატული ანტიბიოტიკური თვისებები, რაც უფრო აძლიერებს მის ეფექტს. ეს ძლიერი მოლეკულები ასუფთავებს საშარდე გზების კედლებს ბაქტერიებისგან და ხელს უშლის ინფექციის განვითარებას. დღემდე, აღნიშნული ნაერთი მხოლოდ შტოშსა და მოცვშია აღმოჩენილი.
აუმჯობესებს ტვინის მუშაობას – მოცვის ანტიოქსიდანტური თვისებები ამ შემთხვევაშიც კვლავ დიდ როლს ასრულებს. მოცვში შემავალი ანტოციანინი, სელენი, ვიტამინ B-ს კომპლექსი, ვიტამინები A, C, E, თუთია, ნატრიუმი, კალიუმი, სპილენძი, მაგნიუმი, ფოსფორი, მანგანუმი ხელს უშლის და კურნავს ნერვულ დარღვევებს ნეირონების დეგენერაციისა და კვდომის პრევენციის წყალობით. რთულია დაიჯერო, რომ ამ კენკრას შეუძლია მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიოს ორგანიზმს ისეთი სერიოზული პრობლემის მოგვარებაში, როგორიცაა ალცჰეიმერის დაავადება. მოცვს აქვს უნარი, უმკურნალოს დაზიანებულ ტვინის უჯრედებს და ადამიანს ხანდაზმულ ასაკშიც შეუნარჩუნოს კარგი მეხსიერება.