№36 ღმერთს მიანდე, გიწინამძღვროს!
მონასტრის სალარო
ერთ-ერთი სულიერი შვილი მოგვითხრობს:
– იცით, – მითხრა ერთხელ მამა ეპიფანემ, – რომ მონასტრის სალარო არასოდეს არის ცარიელი. რამდენსაც გავიღებთ მოწყალებისთვის, იმდენსვე უგზავნის ჩვენს ხაზინას ღმერთი.
როდესაც ისიხასტერია ჯერ კიდევ შენდებოდა, მამა ეპიფანეს სამშენებლო მასალების საყიდლად უნდა გავეგზავნე და რადგანაც ფული არ გვქონდა, თავისი სულიერი შვილისგან ისესხა. როდესაც ფული ავიღე და დავბრუნდი, მითხრა:
– გახსოვს, ვამბობდი, რომ მიმადლებული ღვთისმშობლის მონასტრის სალარო არასოდეს არის ცარიელი?
– დიახ, – მივუგე მე, – მაგრამ ის რომ ცარიელია.
– არა, – მითხრა მოძღვარმა, – ცარიელი არ არის. როგორც კი გაემგზავრე, ერთმა ძმამ დამირეკა და მითხრა, რომ ისიხასტერიისთვის მას 60 000 დრაქმა აქვს კაბინეტში შენახული. წადი მასთან და ფული წამოიღე – ღვთისმშობელმა ისევ შეავსო ჩვენი სალარო.
უსამართლობის სარგებელი
მოხდა ისე, რომ მონასტერში მომუშავე მუშებმა მოითხოვეს იმაზე მეტი გასამრჯელო, რაზედაც მორიგდნენ. მონაზონმა, რომელიც ფულის გაცემაზე იყო პასუხისმგებელი, არ მოისურვა მათი თხოვნის შესრულება. საქმე მამა ეპიფანემდე მივიდა, რომელმაც ბრძანა, გადაეხადათ მუშებისთვის იმდენი, რამდენსაც ითხოვდნენ.
– მაგრამ, გერონდა, – შეეპასუხა მონაზონი, – ისინი ხომ უსამართლოდ გვექცევიან!
– შვილო ჩემო, – მიუგო ბერმა, – შენ კიდევ ვერ გაიგე, ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის, რა სარგებელი მოაქვს ჩვენ მიმართ ჩადენილ უსამართლობას?
საკუთარი თავის მიმართ უნდობლობა და გადარჩენა
თუ გადარჩენა გვინდა, არასოდეს ვენდოთ საკუთარ თავს.
მორჩილება და ლოგიკა
მორჩილება უნდა ხდებოდეს გულით და არა ლოგიკით, არ იფიქროთ: „მამა ეპიფანემ ასე კი გვითხრა, მაგრამ მხედველობაში სულ სხვა რამ ჰქონდა ან არასწორად თქვა“. ასეთი მსჯელობით თქვენ ბოროტ ძალას უხსნით გზას თქვენკენ.
***
მორჩილების სათნოებას მხოლოდ მაშინ აქვს ფასი, როდესაც მისი გულისთვის ჩვენი ლოგიკის საწინააღმდეგოდ ვიქცევით. თუ მორჩილება ჩვენსავე საკუთარ განზრახვებს პასუხობს, მაშინ ეს მორჩილება კი არა, თანხმობა იქნება. და ამ შემთხვევაში უცნაურიც კი იქნებოდა, ვინმეს გამოემჟღავნებინა ურჩობა.
ნება ღვთისა
ერთ თავდაჯერებულ ახალგაზრდას, რომელმაც შეადგინა გეგმა, როგორ დახმარებოდა ეკლესიას და სურდა გაეგო, იყო თუ არა ღვთის ნება მის აღსასრულებლად, მოძღვარმა ურჩია:
– შვილო ჩემო, ნუ ერწმუნები საკუთარ ლოგიკას. ღმერთს მიანდე, გიწინამძღვროს. თუ ადამიანი ისწრაფვის, აღასრულოს ნება ღვთისა, მაშინ უფალი თავად იპოვის შესაძლებლობას, განუცხადოს მას თავისი სურვილი. ღმერთს ჩვენ არ ვჭირდებით. ის ზრუნავს თავის ეკლესიაზე და შეუძლია, ქვიდანაც კი შექმნას ადამიანები, რომლებიც გაუძღვებიან ხალხს უფლისას.
ეპიფანე თეოდოროპულოსის
ცხოვრებიდან