№36 ქალს სწყინს – მამაკაცს არ ესმის
ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე
კვლევებით დადგენილია, რომ ქალი მამაკაცზე ბევრად უფრო კომუნიკაბელურია. ის უფრო ისწრაფვის სხვების აზრის მოსმენისკენ და თან, უფრო ხშირად ეთანხმება ამ აზრს. ძალიან სწყინს, როცა მისი არ ესმით. ნერვიულობს და იბუტება. ქალებს ყოველთვის ავიწყდებათ, რომ მამაკაცები მინიშნებებს ვერ ხვდებიან. უფრო მეტიც, მამაკაცებს აცოფებთ სწორედ ეს მოთხოვნა ქალის მხრიდან – მიუხვდეს გულისნადებს ნახევარი სიტყვიდან.
ქალები ურთიერთობაში მამაკაცებზე უფრო გახსნილები არიან და ხანდახან ზედმეტიც მოსდით. კაცი ღიზიანდება, როცა მის საყვარელ ქალს უნდა, ისეთ საუბარში ჩაერიოს და ისეთ თემაზე გამოთქვას საკუთარი აზრი, რომელშიც საერთოდ ვერ ერკვევა. ქალს კი ეს არ ესმის – რა პრობლემაა?!
არსებობენ ქალები, რომლებიც ვერ ხვდებიან, რომ ყველაფერი მათზეა დამოკიდებული, რომ საკუთარი ცხოვრება მათსავე ხელშია. რატომღაც უფრო მოსახერხებლად მიაჩნიათ, ყველაფერი სხვებს გადააბრალონ. ასეთი ქალები მამაკაცების გაღიზიანებას იწვევენ.
როდესაც ქალი დახმარებას გთხოვს, ეს ნორმალურია. როდესაც მამაკაცი სწრაფად მირბის დასახმარებლად – ესეც ნორმალურია. როდესაც ქალი მინერალური წყლის ბოთლს გამოგიწვდის და გეტყვის, რომ ვერ ხსნის, ეს ნუ გაგაბრაზებთ. ქალებს ყველაფერი შეუძლიათ, მაგრამ ამით მიგანიშნებენ, რომ სჭირდებით.
არავინ იცის, საიდან აქვს ქალს რწმენა, რომ თუ მამაკაცი უყვარს, ის თვითონ მიხვდება ამას. გამოიცნობს, რა მოსწონს მას და რა – არა, რა არის მისთვის საინტერესო, რა სიამოვნებს. მამაკაცი ამას ვერ მიხვდება. ამიტომ ყველაფერი პირდაპირ უთხარით.
სულ ცოტა
ბედნიერებისთვის
სინამდვილეში, ქალებს სულ ცოტა რამ სჭირდებათ ბედნიერებისთვის. მამაკაცებს კი ეს მიუღწეველი რაღაც ჰგონიათ.
„რეცეპტი“ საკმაოდ მარტივია: საჭიროა, გიყვარდეთ და პატივს სცემდეთ მას. თუმცა, ამავე დროს ქალისთვის აუცილებელია ახალი ფეხსაცმელები, კაბები, ჩანთები, სიმპათიური პარტნიორი, ბილეთები პარიზში სამოგზაუროდ, ტანის იდეალური ფორმები, საკრედიტო ბარათი და შთამბეჭდავი ფასდაკლებები მაღაზიებში, რომ შეეძლოს გემრიელობების ჭამა და იმავდროულად, სიგამხდრის შენარჩუნება. თანაც, ეძინოს იმდენი, რამდენიც სურს და სამსახურის გარეშე ერიცხებოდეს კარგი ხელფასი. მუდმივად ლამაზად გამოიყურებოდეს, ტელეფონზე ანგარიში არასდროს უმთავრდებოდეს. სახლი თავისით უნდა ლაგდებოდეს, საჭმელიც თავისით კეთდებოდეს და ჭურჭელიც თვითონვე ირეცხებოდეს. ყოველ დილით კი თმამოწესრიგებულმა, მაკიაჟით გაიღვიძოს.
ქალი შეიძლება, იყოს ლამაზი, ეფექტური, ეშხიანი, შარმიანი... არიან ქალები, ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეულები, მაგრამ შეხედავ და ერთი ნახვითვე იხიბლები. აქვს მას რაღაც ისეთი, რასაც ენით ვერ გადმოსცემ. მოგწონს უზომოდ და ვერ ხვდები, რის გამო. ზოგს ხმა აქვს მომაჯადოებელი, ზოგს – გამოხედვა, ზოგს – თმა, მანერები. ისეთი შარმიანი ქალებიც არსებობენ, რომ ვერ დაასახელებ, რის გამო მოგწონს და ბევრ ლამაზ, დახვეწილ ქალს გირჩევნია.
თუმცა, ერთი შარმიანი ქალი ვიღაცისთვის რომ ასეთი მომხიბლავია, სხვა მასში საერთოდ ვერაფერს ამჩნევს და არც ესაა გასაკვირი. ყველა ადამიანში ხომ სხვადასხვა ფასეულობაა მომწიფებული და ყველას თავისი არჩევანი აქვს.
პრინციპში, მეტი არაფერი. სულ ესაა, რაც ქალებს ნამდვილად სჭირდებათ ბედნიერებისთვის.
დააკვირდი და
მიხვდები
ქალები კაცებთან შედარებით უფრო მეტად გრძნობენ, რომ ურთიერთობაში რაღაც პრობლემაა. ისინი ამას მაშინაც კი ხვდებიან, თუ ამას პარტნიორი პირდაპირ არ ეუბნება.
ადამიანს ყველაფერი, ნაკლიც კი, მოსწონს იმის, ვინც უყვარს. შეყვარებული კაცისთვის ყოველთვის ლამაზი იქნებით, გაწეწილ თმაშიც და სახლის ტანსაცმელშიც. ის ვერ შენიშნავს, თუ თქვენ რამდენიმე კილოგრამს მოიმატებთ, თუკი ამას თავად არ ეტყვით.
თუ პარტნიორი ხშირად გიმეორებთ, რომ კაბაში ვეღარ ეტევით, ან მიგანიშნებთ, რომ პლასტიკური ქირურგი გჭირდებათ, მის გრძნობაში დარწმუნებული ნუ იქნებით. როგორ ლამაზადაც უნდა გამოიყურებოდეთ, ნაკლს მაინც მოგიძებნით.
მოსიყვარულე ადამიანი ცდილობს, ყურადღება პარტნიორის კარგ თვისებებზე გაამახვილოს და არა ნაკლზე. სანდო კავშირის შექმნა კი ურთიერთპატივისცემის გარეშე შეუძლებელია.
ქალებს უყვართ დაქალებთან გაუთავებლად ჭორაობა, მაღაზიებში საათობით სიარული, ხშირად ფულის ტყუილუბრალოდ ხარჯვა. როგორც წესი, მოსიყვარულე მამაკაცი ამ ყველაფერს ხმისამოუღებლად იტანს ან იუმორით რეაგირებს. თუ პარტნიორი მუდმივად გაკრიტიკებთ, ყველა პატარა დეტალზეც კი, ეს იმას ნიშნავს, რომ ის თქვენ მიმართ უკვე მხოლოდ გაღიზიანებას გრძნობს და არა სიყვარულს.
კაცს არ შეუძლია საყვარელი ქალის ცრემლების ატანა. როცა ქალი ტირის, ერთადერთი, რაც კაცს სურს, გაქცევაა. თუმცა, თუ უყვარხართ, ყველანაირად ეცდება, თავი უკეთ გაგრძნობინოთ, მაშინაც კი, როცა თქვენი ტირილის მიზეზი მისთვის უმნიშვნელოა. თუ მამაკაცს არ უყვარხართ, თქვენი ცრემლები კიდევ ერთი მიზეზი იქნება მის გასაბრაზებლად.
P.S. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ კაცს მხოლოდ 6 წუთის განმავლობაში შეუძლია ყურადღებით უსმინოს ქალს. ამიტომაც, ქალბატონებო, გაითვალისწინეთ – როცა კაცთან ლაპარაკს დააპირებთ, სათქმელი მოკლედ და გარკვევით გადმოეცით. ასევე, უნდა იცოდეთ: მამაკაცებს განსაკუთრებით უჭირთ კონცენტრირება ისეთ თემებზე, როგორიცაა უცნობი ხალხი, სელებრითები, შოპინგი, მოდა და დიეტები. სჯობს, ამ თემებზე მეგობრებთან ისაუბროთ.
და მაინც, თუ კაცს უყვარხართ, უყურადღებოდ არ დაგტოვებთ.