№36 როგორ უცვლიდა პუტინი სააკაშვილს ცხინვალის რეგიონს მაგისტრალურ გაზსადენში და რატომ ათქმევინეს უარი ამერიკელებმა
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
ანაკლიის პორტის შესახებ კვლავ არ არსებობს ეკონომიკური გათვლები, რასაც ექსპერტების ნაწილი იმთავითვე უჩიოდა და დასძენდნენ, რომ უკვე არსებულ პორტებსაც დაასუსტებდა, მართალია, მათი ნაწილი დღეს ანაკლიის ეკონომიკურ მომგებიანობაზე საუბრობს, თუმცა ეკონომიკური გათვლები ისევ არ არსებობს, მაგრამ, სამაგიეროდ, იმას მაინც მოეფინა ნათელი, რომ ახალ პორტს სამხედრო-პოლიტიკური დანიშნულება აქვს, რის გამოც მისი წინააღმდეგია რუსეთის ფედერაცია. ამის მიუხედავადაც, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-ს არ სურს პორტში ფულის დაბანდება და მიაჩნია, რომ ყველა ხარჯი საქართველომ უნდა გაიღოს, მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების ჩათვლით. მეორე მხრივ, ანაკლია მაინც თურქეთის პორტების კონკურენტიცაა (როგორც ეკონომიკურად, ისე სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით) და თუ მის რთულ ურთიერთობას გავიხსენებთ „ნატოსთან“, შესაძლებელია, შავ ზღვაში თურქეთის ფუნქციის დიდი ნაწილი ჩვენ ჩავანაცვლოთ (და ამერიკელი პარტნიორების დარწმუნებაც შეიძლება, რომ ხარჯი და ზარალი თანაბრად მაინც გავიყოთ). აკაკი ასათიანთან ერთად ვიმსჯელებთ, თუ როგორ შეიძლება, გამოვიყენოთ ანაკლიის პორტი, რისთვის სჭირდებათ ის ამერიკელებს და თუ სჭირდებათ, რატომ არ უნდათ ხარჯის გაღება?!
– ახლახან მეთიუ ბრაიზამ თქვა, რომ ანაკლია შესაძლოა, გამოიყენონ სამხედრო ტვირთების გადასატანად ავღანეთისკენ, მანამდე იგივე უთქვამს ახალქალაქი-ყარსის რკინიგზაზეც. ეს ცოტა შორეული პერსპექტივაა, რადგან მხოლოდ საქართველოს მონაკვეთი არასაკმარისია ამისთვის, მაგრამ, როდესაც ასე სჭირდებათ, რატომ არ აბანდებენ ფულს?
– უპირველესად, სამხედრო დანიშნულებისაა ეს პორტი და ამიტომაც ატყდა ის ამბავი, რაც ატყდა. რაც შეეხება იმ ექსპერტებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ ეკონომიკურად დაუსაბუთებელი იყო პორტის მშენებლობა, რაკი ახლა იმათ კმაყოფაზე არიან, შფოთავენ, რომ დავიღუპებით და ამის გამო ამერიკასთან ურთიერთობა დაიკარგებაო. ანაკლიის პორტს სამხედრო-პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, იმდენად, რამდენადაც ამერიკელები ოდესასთან რუსეთის მიერ ყირიმის დაკავების შემდეგ აშენებენ სამხედრო-საზღვაო ბაზას. ანაკლიაშიც თუ აშენდება იგივე, რკალი გაკეთდება და თქვა კიდეც ამერიკის აქ ჩამოსულმა წარმომადგენელმა, რომ წყალქვეშა ნავებისთვის სჭირდებათ ღრმაწყლოვანი პორტი. რკალი იქმნება, რომელიც ჩაკეტავს ყირიმს და რუსებს ოხრად დარჩებათ მთელი სევასტოპოლი და სამხედრო-საზღვაო ძალები ყირიმში.
– მკითხველისთვის უფრო გასაგები რომ იყოს, ჩრდილო კავკასიისთვის შექმნა ზურგი ყირიმის მიერთებით, რასაც გაანეიტრალებს ანაკლია-ოდესის პორტების ტანდემი.
– დიახ და, მეორე, სააკაშვილის დროს ლაპარაკი იყო სამხედრო ტვირთების გატანაზე ავღანეთიდან, გატანაზე იქნებოდა თუ შეტანაზე, ცალკე თემაა, მაგრამ ლაზიკის იდეაც აქედან წამოვიდა. ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი. ამერიკა ჰეგემონია და ავღანეთს დიდი მნიშვნელობა აქვს მისთვის, რადგან ავღანეთის ტერიტორიის გარშემოა შტატებისთვის საინტერესო ქვეყნები. იქიდან ჩინეთზეც გადის, ინდოეთზეც, პაკისტანზეც და, ამდენად, ძალიან დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ავღანეთს, რასაც ჯერ კიდევ ალექსანდრე მაკედონელი მიხვდა, თუმცა ძალიან გაუჭირდა იქ ბრძოლა. არც მე და თქვენ ვშიფრავთ, თუმცა რუსმაც იცის და ამერიკელმაც, რისთვისაა საჭირო ანაკლია, ეს ჩვენს მოსახლეობას აბრუებენ, რომელიც ვეღარ გაერკვა, რა ხდება. იმთავითვე ცხადი იყო, რომ ჯერჯერობით ეკონომიკურად ეს მომგებიანი ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ ასეთი ტვირთნაკადი საქართველოში არ არის.
– რომც იყოს, ჩვენი გზები, რკინიგზა ვერ გაატარებენ.
– ეს არ არის პრობლემა, მეორე ლიანდაგი დაიგება რკინიგზაზე და ამას სიამოვნებით დააფინანსებენ საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები, ირანიც დააფინანსებს, რადგან მისთვის მოკლე და მომგებიანი იქნება სომხეთიდან ბათუმზე გასვლა, სომხეთიც დაინტერესებულია და მისი დიასპორაც დააფინანსებს.
– დაინტერესებული ბევრია, მაგრამ ამ შემთხვევაში ფინანსები და პოლიტიკა განუყოფელია და ესაა პრობლემა.
– მივადგები მაგ საკითხსაც. ანაკლიის აშენებას აზრი აქვს და ახლა რომ დავიწყებდეთ, სწორედ იმ დროისთვის დავამთავრებთ, როდესაც აქტუალური გახდება და ანაკლია, ფოთი და ბათუმი კი არადა, სუფსასა და ყულევშიც რომ ავაშენოთ პორტები, არ გვეყოფა, იმდენი ტვირთი იქნება. იმიტომ რომ მთელი აზია გავა ევროპაზე ჩვენი მეშვეობით და ამას დაამატეთ ჩინეთის „ერთი სარტყელი – ერთი გზა“. სხვათა შორის, სიტყვამ მოიტანა და, ჩინეთი ამბობდა, მე ავაშენებ, ტვირთსაც მე მოვიტან და გავიტანო.
– მაგრამ ამერიკელებმა, არაო, ჩინეთს არ ააშენებინოთო.
– ამერიკელებმა ჩვენ გვათქმევინეს უარი, როგორც იციან ხოლმე, თავად უარს არასდროს ამბობენ. გაგახსენებთ, სააკაშვილის დროს ჩვენზე გამავალი გაზსადენის შემოსავლების სანახევროდ გაყოფაზე იყო ლაპარაკი რუსებთან და ამერიკელებმა სააკაშვილს ათქმევინეს უარი, არადა ცხინვალს იძლეოდა რუსეთი სანაცვლოდ. ახლა უკვე შეიძლება ამის თქმა.
– მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვაზე რომ ლაპარაკობდნენ სააკაშვილი და ბენდუქიძე, იმას ამბობთ?
– დიახ და ნახევარი-ნახევარზე უნდა გაყოფილიყო შემოსავალი ან ფულად, ან გაზით. მაგრამ უარი ათქმევინეს სააკაშვილს. მასაც სხვა გზა არ ჰქონდა მათ იქით და ოღონდ ძალაუფლება შეენარჩუნებინა, ამიტომ უარი თქვა უკვე შეთანხმებულ ვარიანტზე. პუტინი რომ ამბობდა, პირობებს შესრულება უნდაო, აი, ამას გულისხმობდა. დღეს ტრამპის ადმინისტრაცია ისეთი აქტიური აღარ არის, მაგრამ ის ძალები, რომლებიც სტრატეგიულად მართავენ ამერიკის პოლიტიკას, ანაკლიას მაინც სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით უყურებენ. ისევ მნიშვნელოვანი ადგილია საქართველო: პირველი ნახტომია, როდესაც ატლანტის ოკეანეს გადმოახტები, შემდეგ კიდევ სადღაც უნდა დაარტყა ფეხი დედამიწას, რომ ცენტრალურ აზიას მიაღწიო და ის ფეხის დასადგმელი ადგილი ჩვენი ტერიტორიაა. არც ამერიკაშია მარტივი ურთიერთობა ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის. ბიზნესმა მოითხოვა გარანტიები, რისკების დაზღვევა, თუ თავიდან მოგება ვერ იქნებაო. ამიტომ მოგვთხოვეს, რომ ჩვენ გამოგვესყიდა მიწის ნაკვეთები მოსახლეობისგან. კვირიკაშვილის დროს გამოისყიდა მთავრობამ და აჩუქა ხაზარაძესა და ჯაფარიძეს. აი, ასე იყო ეს ამბავი. ასევე, რკინიგზა და საავტომობილო გზა პორტამდე ჩვენ უნდა მივიყვანოთ, ინფრასტრუქტურა ჩვენ უნდა შევქმნათ.
– აი, ეს პოზიცია არ მესმის სწორედ, ანგარიში ხომ ჩვენზე უკეთესი იციან?
– ანუ პირდაპირ გეუბნებიან, წამგებიანი იქნება და მე რომ არ წავაგო, შენ უნდა იხადო წამგებიანობის საფასური. ასეთი პირობა თავის დროზე საბჭოთა კავშირისგანაც არ მახსოვს. მაგრამ, რადგან აქამდე ყველაფერში ემორჩილებოდნენ, ესეც მუქთად მოისურვეს. არადა საქმე მარტივადაა – თუ შავ ზღვაში რუსეთის გადაკეტვის ამოცანაა, ეს მათაც სჭირდებათ და ჩვენც და თანახმა ვარ, მაგრამ დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი და მაშინ, მოდი, საქართველოსა და ამერიკის სახელმწიფომ ააშენონ თანაბარ წილებად და შემდეგ, თუ უნდა გაყიდოს ამერიკის მთავრობამ. თორემ სად სდიოს ჩვენმა სახელმწიფომ ბიზნეზმენებს და რატომ უნდა აუნაზღაუროს ხარჯი?! სახელმწიფოები კი ადვილად შეთანხმდებიან. აი, ესაა ანაკლიის პრობლემა და არა ის, რომ ვითომ ჯაფარიძესა და ხაზარაძეს პრობლემები შეუქმნეს. ის კიდევ სხვა თემაა, თავად ისინი რას „ჩალიჩობდენ“ იქ. ბოლოს, ისე წავიდა საქმე, რომ 50-პროცენტიანი მეწილე გახდა კომპანია, რომელსაც არაფერში მიუღია მონაწილეობა და რა ენაღვლება, თუ რისკსაც საქართველოს მთავრობა დააზღვევს და ამას 4 მილიონი ქართველი გადაიხდის თუ არა. არადა ჩვენი სახელმწიფო ყველა ვალდებულებას იხდის და ვერავინ იტყვის, რომ არღვევს რამე შეთანხმებას. ეს ცუდი არ არის, იმიტომ რომ ანაკლიის პორტი თავის დროზე გამოადგება ქვეყანას და არსად გვეჩქარება. პრობლემა სხვა რამაა – ასეთი დიქტატია მიუღებელი. ჩვენ ვართ ამერიკის მოკავშირეები და, ცხადია, დასავლური საზოგადოება უფრო პროგრესულია, ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ მათი ბრძანებით უნდა ვიმოქმედოთ. მე ვფიქრობდი, ჩინეთი იქნებოდა ყველაზე იდეალური პარტნიორი ანაკლიის პორტში, თუ სამხედრო საშიშროების კუთხით განვიხილავთ, იმიტომ რომ, რასაც რუსეთი გაუბედავს ვითომ კერძო კომპანიის მიერ აშენებულ ნავსადგურს, ვერ გაუბედავს ჩინელების მიერ აშენებულს, რადგან თავად მთლიანად ჩინელებზე არიან ჩამოკიდებული და ამ საუკუნის მეორე ნახევარში შორეულ აღმოავლეთს რომ წაიღებს ჩინეთი, მგონი, ამაში აღარავის ეპარება ეჭვი, რუსებსაც კი. ვერ ჰყოფნიან იმ ტერიტორიას და ვერც ეყოფიან. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, განვითარების ტემპითა და პერსპექტივით, ჩინეთი უკვე ამერიკას ეჭიდავება.
– და ჩვენთვის გამოსავალი რა არის?
– მე მგონია, ჩვენმა სახელმწიფომ თავიდან ბოლომდე თავის თავზე უნდა აიღოს პორტის მშენებლობა, თუ მოძებნის ისეთ პარტნიორს და არიან ძალიან სერიოზული ამერიკული ჯგუფები, რომლებიც მზად არიან, შემოვიდნენ ამ საქმეში, რაც მოხსნის რისკების დაზღვევის მოთხოვნას და ნელ-ნელა ამ საქმეს მივხედავთ. ოდესმე კი არა, შეიძლება, საკმაოდ მალე აფხაზეთიც დაბრუნდება, ის რკინიგზაც გაიხსნება და კვანძი შეიქმნება საქართველოში. სააკაშვილს რომ ბიძამისის კარნახით ბათუმის აეროპორტი არ მიეყიდა, მთელი კავკასიის ფრანკფურტი იქნებოდა – საზღვაო, სარკინიგზო, საჰაერო გზები მოიყრიდა თავს, რაც ტურიზმთან ერთად დიდი პოტენციალია. ქვეყანას აქვს უდიდესი პერსპექტივა, თუ უნდა ვინმეს და თუ ეს არ უნდათ, გაიზრდება თაობა, რომელიც ამას თვალნათლივ დაინახავს. დღეს, სამწუხაროდ, ნაკლებადაა ჩვენი ხალხი ასეთი რამით დაინტერესებული, მაგრამ მომავალი თაობა მიხვდება, რომ ტარანა თვლითაა.