№36 შფოთი – ოსურ-რუსულად
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
ანუ დაზვერვა ულტიმატუმით
რაკი ოსური მხარეა ისე გათავხედებული, რომ ქართლის ჩრდილოეთი „ოსეთად“ მინათლა, თუმცაღა ნათლიის, ანუ რფ-ის ძალისხმევით, მოულოდნელი არ ყოფილა, რომ სოფელ ჩორჩანაში (რომელსაც ოკუპანტების ლოგიკითაც კი, თბილისი უნდა აკონტროლებდეს, იმიტომ რომ საოკუპაციო ხაზის, რასაც ისინი „სახელმწიფო საზღვარს“ უწოდებენ მოშორებითაა, საქართველოს სიღრმეში) აგვიკრძალა საგუშაგოს მშენებლობა.
მეტიც, არათუ აგვიკრძალა, ულტიმატუმიც წამოგვიყენა (გასული პარასკევის დილის ექვს საათამდე) და შეუსრულებლობის შემთხვევაში „ყველა კანონიერი საშუალების“ გამოყენებით დაგვემუქრა (ის კიდევ სხვა თემაა – უკანონოს რა შეიძლება, ჰქონდეს კანონიერი). რთული სათქმელია, რა გახდა ოს სეპარატისტთა მიერ ასე ტანზე შემოხევის მიზეზი, თუმცა, როგორც ჩემთვისაა ცნობილი, „იუჟნაია ოსეტიელებს“ არწმუნებენ, რომ საქართველომ მათი „სახელმწიფო საზღვარი“ „დაარღვია“ და მათ ტერიტორიაზე აშენებს საგუშაგოს, ოღონდ ჰპირდებიან, რომ აუცილებლად დაიცავენ „აგრესორი ქართველებისგან“. რაც მიანიშნებს, რომ პანიკას განზრახ თესავენ და ჯერჯერობით (ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის) გაუგებარია, რა მიზნით.
გაუგებარი, ვინაიდან, წესითა და რიგით, რფ-ისთვის არ არის ხელსაყრელი ამ ეტაპზე, როდესაც დიდ რვიანშიც ეპატიჟებიან და ევროპელები და ამერიკელები ენას უჩლექენ, ახალი კონფლიქტის გაჩაღება, მით უფრო, რომ სამართლებრივად ჩვენ მართლები ვართ.
აქედან გამომდინარე კი, ჩნდება ეჭვი, რომ მომხდარის მიზანი იყო, მოესინჯა ქართველი საზოგადოებისა და მთავრობის რეაქცია, რა თქმა უნდა, საერთაშორისო თანამეგობრობისაც. ანუ, თუ გავიხსენებთ, რომ სამხედრო საქმეში არის ასეთი ცნება „დაზვერვა ბრძოლით“, რაც გულისხმობს თავდასხმის იმიტაციას მოწინააღმდეგის რეაქციის ნახვის მიზნით, ესეც სხვა არაფერი იყო, თუ არა „დაზვერვა ულტიმატუმით“!