№35 ვისგან იცავენ ერთმანეთს ბაბი კირკიტაძე და თათა გიორგობიანი
ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე
მომღერლები, ბაბი კირკიტაძე და თათა გიორგობიანი, დიდი ხანი არ არის, რაც ახლო მეგობრები გახდნენ. ისინი „იმედის“ არხზე, გადაცემაში –„ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან ერთად“, სცენაზე გვერდიგვერდ დგანან და როგორც თავად ამბობენ, ერთმანეთს თავიანთი განსხვავებული ხასიათებითა და ხმის ტემბრით ავსებენ.
ბაბი კირკიტაძე: ერთმანეთი რამდენიმე თვის წინ გავიცანით, თუმცა, მალევე დავახლოვდით და ახლა ახლო მეგობრები ვართ.
თათა გიორგობიანი: მანამდე, ტელეეკრანიდან ვიცნობდი ბაბის, ვაფასებდი და მომწონდა, როგორც ლამაზი გოგო და ნიჭიერი მომღერალი. ვინც არ იცნობს, მისი გარეგნობიდან გამომდინარე, ცივი და უკარება გოგო ჰგონია. ბევრს უთქვამს კიდეც: რაღაცნაირი, უკარება გოგოა, ხო? (იცინის) მართალია, თუ ადამიანს არ ვიცნობ, არ მიყვარს მასზე დასკვნების გაკეთება და „იარლიყების“ მიწებება, მაგრამ ვაღიარებ, მეც ასეთი მეგონა – ცივი და კონსერვატიული.
ბაბი: (იცინის) მიკვირს, ასე რატომ ფიქრობენ. არადა, არ მიჭირს ადამიანებთან კონტაქტში შესვლა, კომუნიკაცია და საიდან დაასკვნეს, რომ ცივი და უკარება ვარ?
თათა: შოუში ერთად რომ უნდა გვემუშავა, გამაფრთხილეს, მაგ გოგოს უფრთხილდიო (იცინის). არადა, რომ გავიცანი, ასეთი ენერგიული, მხიარული და პასუხისმგებლიანი ცოტა მეგულება. იცით როგორია? არაფრისგან რაღაცას გამოიყვანს და შექმნის.
ბაბი: თათა, მგონი ზედმეტად მაქებ (იცინის), მაგრამ ენერგიული, მხიარული და პასუხისმგებლიანი ნამდვილად ვარ. და, შენგან განსხვავებით, არსად, არასდროს ვიგვიანებ (იცინის). თათას უყვარს ბევრი ფიქრი, ჩაღრმავება, ხანდახან ზედმეტიც მოსდის. არადა, როცა მარტივად შეგიძლია, „გადააგორო“ რამე, რად უნდა ამდენი ფიქრი? ამ დროს თათას მიმართ „დედობრივი ინსტინქტები“ მერთვება და ვეუბნები: მოდი, რა, მარტივად გაატარე რაღაცები-მეთქი. თან, ზედმეტიც რომ არ მომივიდეს, ხშირად ვუმეორებ ჩემს თავს: თათა ჩემზე დიდია ასაკით! (იცინის) თუმცა, მე უფრო დიდი შეხედულება მაქვს.
– მართალია, რომ ბიჭები ერთმანეთთან „საქმეების ჩაწყობას“ გთხოვენ?
თათა: კი, როგორ არა! ხშირად, მეუბნებიან, ბაბისთან საქმე ჩაგვიწყვეო (იცინის). მეც გადავხედავ, „გავფილტრავ“ და მერე ვეუბნები ბაბის: აუ, კარგი ბიჭია და იქნებ დაფიქრდე-მეთქი. თუმცა, მისგან ყოველთვის ცივი უარია.
ბაბი: ქასთინგი ჰქონდა გამოცხადებული, საუკეთესოებს მირჩევდა და ბოლოს, ჩემგან უარი რომ მიიღო, დამანება თავი. სამაგიეროდ, შენმა პირადმა ჩემზე გადაიარა (იცინის).
– ეს რას ნიშნავს?
– რას და, თათაზე ბევრი ბიჭი მთხოვდა, იქნებ ეს გოგო გამაცნო, ძალიან მომწონსო. ჰოდა, მე მიწევდა მათი გულის ტკენა და თქმა – იცით, თათას გული
დაკავებულია, შეყვარებული ჰყავს-მეთქი.
დაკავებულია, შეყვარებული ჰყავს-მეთქი.
– იმასაც ამბობენ, რაც თათას შეყვარებული ჰყავს, მისმა თაყვანისმცემელმა ბიჭებმა, ბაბისკენ გადაინაცვლეს და ახლა, შენი გულის მოგებას ცდილობენ. ეს სიმართლეა?
– მე და თათა, იმდენად განსხვავებული ტიპაჟები ვართ, გამორიცხულია ერთი კატოგორიის ბიჭებს მოვეწონოთ.
თათა: რა ვქნა, ჩემი შერჩეული ბიჭები არ მოსწონს და დადის მარტო. იმედია, ამის ცხოვრებაშიც მალე გამოჩნდება ის ერთადერთი და გამორჩეული. მანამდე ვფიქრობ, გიშერი დავკიდო, ავი ბიჭებისგან თვალი არ ეცეს (იცინის).
ბაბი: კი. გიშერი მინდა, თვალი რომ არ მეცეს, მაგრამ თუ ბედს გამიხსნის, არ მინდა. ჯერ საბედოსთვის არ მცალია (იცინის). ზოგადად, ადამიანებთან პირად ცხოვრებაზე ჩაღრმავება არ მიყვარს. ამიტომ, თათასთანაც, მიუხედავად სიახლოვისა, ამ თემაზე იშვიათად ვსაუბრობ.
– გასაგებია, რომ სცენაზე ერთად დგახართ, მეგობრები ხართ და ერთმანეთსაც ენდობით. მაგრამ ერთმანეთს თუ ეჯიბრებით და რაში?
– ვინ უფრო მაღალ ნოტს ასწევს, ამაში ვეჯიბრებით (იცინის).
თათა: ჩვენ შორის კონკურენცია და შეჯიბრი არ არსებობს. თუმცა, ვეთანხმები, ვინ უფრო მაგრად იმღერებს – ამაში ვეჯიბრებით ერთმანეთს და ეს ბუნებრივია.
– გოგონებო, უამრავი თაყვანისმცემელი გყავთ და მათი ზედმეტი ყურადღების გამო უხერხულ სიტუაციებში თუ ხვდებით?
ბაბი: არ დამავიწყდება – რესტორანში, სიმღერის დროს, ერთმა შემომითვალა: სიმღერას რომ მორჩები, ჩემს მაგიდასთან გელოდები, გვერდი დამიმშვენე, მაგიდა გამილამაზეო. მე, იმისთვის ვარ, კონკრეტულ ადგილას რომ ვიმღერო, კარგი განწყობა შევქმნა და არა – სუფრა გავულამაზო. ძალიან მეწყინა ასეთი უხეშობა და უტაქტობა. ცოტა ხნის წინ, ბათუმში გვქონდა კონცერტი. სცენაზე სამი გოგო ვიყავით და დაბლა, თათას მხარეს, სულ ბიჭები იდგნენ ტელეფონებით ხელში. იცით როგორი გამომეტყველებით? ერთი სული რომ აქვთ, თათას ფეხი დაუცდეს უხერხულ პოზაში დაეცეს ან ქარმა კაბა აუფრიალოს (იცინის). სხვათა შორის, თათას ვეუბნები, დროა დაცვა აიყვანო, თორემ, მე უკვე ვეღარ გავუმკლავდები-მეთქი.
თათა: იმ დღეს ერთი ბიჭი ვარდების თაიგულით მოდიოდა სცენისკენ და რომ მომიახლოვდა, ფეხი წამოჰკრა და ისე გაიშხლართა ჩემს წინ, სხვა გზა არ მქონდა, უხერხული პოზისა რა გითხრათ, მაგრამ ვეცი და ავაყენე – ჩემი დასახმარებელი გახდა (იცინის).
ბაბი: აი, ასე ეცემიან თათას ფეხებთან მისი თაყვანისმცემელი ბიჭები (იცინის). თათას მართლა განსაკუთრებული შარმი აქვს, ეფექტურია, მომხიბვლელი და ამის გამო, მე მიწევს მისი „დაცვა“ (იცინის).
თათა: მარტო შენ რატომ? მეც ხომ მთხოვენ, ბაბის ნომერი გვინდა, შეგვახვედრეო? ვაკავებ, მაგრამ როდემდე შევძლებ? ხანდახან ვფიქრობ: აღარ დავაკავებ, გავუშვებ, იქნება, ბედი გაეხსნას-მეთქი (იცინის).
– ჭორები თუ გსმენიათ თქვენზე?
– სხვათა შორის, ერთხელ ჭორი გაავრცელეს, თითქოს, ერთად ვიყავით მე და იმ დაწესებულების მენეჯერი, სადაც ვმუშაობდი. იმდენად იმოქმედა ამ ჭორმა, გავიგე თუ არა, ეგრევე წამოვედი იქიდან.
ბაბი: ჩემზე კი მსგავსი ჭორი არ გამიგია, მაგრამ ამბობენ „სწერვააო“ და ეს მაცოფებს.