№35 რატომ აპროტესტებდა გიორგი სურმავას შვილი ძმის სქესს და როდის უწევს მას მეუღლის წარმოუდგენელი სურვილების შესრულება
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
მსახიობი გიორგი სურმავა მეორე შვილის მამა გახდა. ტონი ოჩიგავა კი – მისი პერსონაჟი სერიალიდან, „ჩემი ცოლის დაქალები“, შვილის მოლოდინშია. ეს ორი ამბავი ერთმანეთს ძალიან საინტერესოდ დაემთხვა.
გიორგი სურმავა: სერიალთან დაკავშირებით გეტყვით, რომ აუცილებლად გაგრძელდება, დაახლოებით, ოქტომბრიდან, თუმცა რომელ არხზე და რა მოხდება, ამის შესახებ ჯერჯერობით არაფერი ვიცი.
– დიდი ამბებია თქვენი პერსონაჟის თავს და თურმე, რეალურ ცხოვრებაშიც იგივე ხდება.
– პატარა იოანე 15-ში შეგვეძინა და უკვე სახლში გვყავს. მე ძალიან მაგარი ბიჭი მყავს და ვნახოთ, ტონის ვინ ეყოლება (იცინის). ისე, ზუსტად არც მახსოვს, პირველად სერიალში გავიგე, რომ ტონი მამა გახდებოდა თუ რეალურ ცხოვრებაში – მე. მგონი, პირველად – სახლში და შემდეგ – სერიალში (იცინის). ვნახოთ, იქ როგორ გაგრძელდება ჩვენი ამბავი.
– იქ გიყურებენ, როგორი ქმარიც ხართ და რეალურად ჰგავხართ?
– ტონი ჩემგან განსხვავდება. რაღაცებში მსგავსება არის, მაგრამ ის უფრო სხვანაირ ტიპს თამაშობს. დოჩი ალიშბაიას ქმრობა არ არის პატარა ამბავი და საქმე. მოგეხსენებათ, მისი გავლენის ქვეშ არის, მაგრამ არც ტონი ჩანს ნაკლები. რეალურ ცხოვრებაში კი, ბავშვს ველოდით და ბუნებრივია, მეუღლე განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მყავდა. 15-ში, დილით გავიქეცით. სამწუხაროდ, ფოთში სამშობიარო სახლი აღარაა და ჩვენი პატარა იოანე სენაკში დაიბადა.
– ხომ არ დაესწარით მშობიარობას?
– შემომთავაზეს, მეუღლესაც უნდოდა, ექიმებმაც მითხრეს, მაგრამ ასე ვერაფრით მოვიქცეოდი. არ შემიძლია მსგავსი რამეები, მეშინია და რა ვქნა?! (იცინის) ცუდად გავხდებოდი და მე ვიქნებოდი მოსასულიერებელი. რა აზრი ჰქონდა ასეთ ყოფნას, ხელი შემეშალა ექიმებისთვის?! სურვილი კი მქონდა, მაგრამ ამას ვერ გავაკეთებდი. საბედნიეროდ, ყველაფერმა გადასარევად ჩაიარა. იოანე სამი კილოგრამი და ორასი გრამი დაიბადა, 51 სანტიმეტრი. ახლა ან მიირთმევს ან სძინავს. ჯერ მამას ვამსგავსებდით, მერე – დედას, მერე – თავის უფროს დაიკოს. რა მნიშვნელობა აქვს, ვის ჰგავს, მთავარია, ჯანმრთელია.
– პატარა დაიკო როგორ შეხვდა მის დაბადებას?
– დიდი მოლოდინი ჰქონდა. სამშობიაროში ელოდა ძმის დაბადებას და ერთი სული ჰქონდა, როდის ნახავდა. რომ შეხვდა, გაგიჟდა და გადაირია. რადგან სახლში პატარას ხედავს, ახლა საკუთარი თავი დიდი გოგო ჰგონია. შვიდი წლისაა და უკვე დედას ეხმარება ბავშვის მოვლაში. სპეციალური წიგნებიდან სწავლობდა, რა და როგორ უნდა გააკეთოს. ყველაზე დიდი მეგობარი შეიძინა. მოკლედ, დიდი ამბავი გვაქვს.
– აქამდე ოჯახში ერთადერთი პატარა იყო და ცოტას არ ეჭვიანობს?
– რა თქმა უნდა, ეგ მომენტი ყველა ბავშვს აქვს, თუმცა ჯერჯერობით დიდად არ ეტყობა. ვნახოთ, რაღაც-რაღაცებში უკვე გამოვიჭირე, მაგრამ დიდი დოზით არა.
– როგორია ბიჭის მამობა, მამებს უფრო ბიჭი უხარიათ ხოლმე.
– ცოტა შტერული ამბავი მგონია ეგ. შვილი შვილია და რა მნიშვნელობა აქვს, გოგო იქნება თუ ბიჭი? პირველი გოგო მყავს და მის თავს ვინ უნდა მერჩივნოს?! მეორე ბიჭი შეგვეძინა, მაგრამ გოგო რომ ყოფილიყო, რა, ამაყი არ ვიქნებოდი?! მთავარია, ორივე ჯანმრთელი მყავდეს. ბიჭი, ჰაერში თოფის სროლა და მსგავსი გამოხატულებები გაბერილ და უშნო ტრადიციად მიმაჩნია.
– ეხმარებით მეუღლეს მათ მოვლაში?
– შეძლებისდაგვარად. ყველაფერს ვაკეთებ, რაც შემიძლია. მაგრამ ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, ცოტა რთულია. თუმცა სულ ვცდილობ, როცა სახლში ვარ, მეუღლეს ყველაფერში მივეხმარო. პამპერსის გამოცვლაც შემიძლია და საჭმლის მომზადებაც.
– დატვირთული გრაფიკი ახსენეთ და ზაფხულში არ ისვენებთ?
– არა. თეატრში კვლავ აქტიურად ვმუშაობთ ახალ პროექტზე. ესაა „ერთხელ საქართველოში“. მიუხედავად იმისა, რომ ფოთის თეატრს შენობა არ აქვს და კულტურის სახლში ვართ შეხიზნულები, მაინც ვწვალობთ და ვშრომობთ. სამწუხაროდ, შვებულება არ გვაქვს.
– დავუბრუნდეთ თქვენს გმირს სერიალში. როგორი რეაქცია გქონდათ, დოჩის ორსულობის ამბავი რომ გაიგეთ?
– ძალიან გამიხარდა. ყველაზე მეტად ეგ გამიხარდა, იმიტომ რომ ვაშლის ჭამას დავანებე თავი. იმდენი ვაშლი მაჭამეს გადაღებაზე, მგონი, მთელი ცხოვრება აღარ შევჭამ (იცინის).
– მეუღლე რას ამბობს ტონიზე?
– ტონისნაირი ქმარი არ ჰყავს ჩემს მეუღლეს და ეღიმება ამ ყველაფერზე. ფილმში ბევრი რამ უტრირებულადაა და ზოგჯერ მეუბნებოდა, რატომ ხარ იქ ეგეთი. მინდა, ისეთი იყო, როგორიც რეალურ ცხოვრებაშიო. საბედნიეროდ, მეუღლეს რეალური გიორგი უფრო მოსწონს. თუმცა, სიტუაციის შესაბამისად, ზოგჯერ ცხოვრებაშიც გვიწევს თამაში. სერიალში კი დოჩისნაირი ქალი, მთელ ქვეყანას რომ აზანზარებს, მოხიბლო და ცოლად მოიყვანო რთული ამბავია. ტონის აქვს ამის უნარი, პატარ-პატარა აფერისტობებიც იცის და ალბათ, მის შესახებ მერე მეტი გამოჩნდება, თუმცა, მის ხასიათში დევს. გადაღების პირველივე დღეს მითხრა გიორგი ლიფონავამ, რომ ამ გმირში ეს არის ჩადებული. ჯერ არ ჩანს, მაგრამ იგრძნობა.
– დოჩისნაირი ცოლი წარმოგიდგენიათ?
– ყველა ამას მეკითხება. არ მინდა დოჩისნაირი ცოლი და რატომ წარმოვიდგინო, ჯვარი მწერია! (იცინის) გადასარევი ცოლი მყავს, შედარებაც არ მინდა.
– როგორ ემზადებოდით იოანესთან შესახვედრად?
– ძალიან ყურადღებით ვიყავით. მისთვის სპეციალურად მოვაწყვეთ ოთახი. სამივე ვღელავდით. სახელი დაიკომ შეურჩია. ამაზე მთელი ამბები იყო. თავიდან უნდოდა, რომ დაიკო ჰყოლოდა – ჩემი მეგობარი იქნებაო და რთულად შეეგუა იმ ამბავს, რომ ძამიკო ეყოლებოდა. ძალიან აპროტესტებდა, სანამ ექიმთან არ მივიყვანეთ და ყველაფერი არ აუხსნა. შემდეგ შეეგუა და სახელზე დაიწყო ფიქრი. არჩევანი იოანეზე შეაჩერა, რადგან აღმოჩნდა, რომ ეს სახელი არცერთ მის მეგობარს არ ჰქვია. არაფერი გამოუტოვებია. „ექოზეც“ ესწრებოდა, საყიდლებზეც ერთად დავდიოდით და ყველაფერში მონაწილეობდა. ბარბარე საკმაოდ განებივრებული გოგოა. პირველი შვილია, თან, შვიდი წელი მარტო იყო და ხომ წარმოგიდგენიათ, რა ამბებში იქნებოდა.
– ფეხმძიმე მეუღლეებს საკმაოდ ბევრი სურვილები აქვთ ხოლმე, რაც არც ისე მარტივი შესასრულებელია.
– ნამდვილად ეგრეა. განსაკუთრებულ და ყველაზე კარგ მდგომარეობაში მყოფ ქალებს თავიანთი მოთხოვნები და კაპრიზები აქვთ, რომელსაც აყოლა უნდა. ჩემი გამოცდილებით ვეუბნები იმ მამებს, ვისაც ასეთი ამბები ელოდებათ, რომ მშვიდად და წყნარად ყველაფრის მოგვარება და ყველა კაპრიზის ატანა შეიძლება. მთავარია, არ აჰყვეთ და ყველაფერი კარგად იქნება. თავისთავად, უნდა შეუსრულოთ ის, რაც სჭირდებათ. ზოგჯერ ისეთი რამე უნდათ, რაც არ არსებობს, მაგრამ უნდა მიუტანო, თან ტკბილად. ან ისეთი რამით ჩაანაცვლოთ, რომ ეს მდგომარეობა მისთვის უფრო საინტერესო გახდეს (იცინის). ეგეთი ამბებიც გადამიტანია, უკვე – ორგზის. დოჩისთანაც თუ ასეთი კაპრიზები გაგრძელდა, მე არ ვიცი, როგორ ვიქნები (იცინის).